ბათუმი,განათლება,მთიანი აჭარა,სიახლეები

მახინჯაურის სკოლის ეზოში ახალ კორპუსს ააშენებენ – გამოყოფილია 2,6 მილიონი ლარი

10.12.2023 • 7860
მახინჯაურის სკოლის ეზოში ახალ კორპუსს ააშენებენ – გამოყოფილია 2,6 მილიონი ლარი

ხელვაჩაურის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ეზოში დამატებით ახალი სასწავლო კორპუსისა და სპორტული დარბაზის აშენებაა დაგეგმილი.

მშენებლობაზე ტენდერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 2 635 873 ლარია.

ტენდერს თან ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც ახალი შენობა შედგება ორი ბლოკისაგან: პირველი ბლოკი – ძირითადი სკოლის სამსართულიანი შენობა; მეორე ბლოკი — სპორტული დარბაზი.

მახინჯაურის საჯარო სკოლის ახალი კორპუსი / ესკიზი პროექტიდან

პროექტის შინაარსობრივი აღწერიდან:

  • „სასწავლო კორპუსი სამსართულიანია, რომელთანაც შერწყმულია სპორტული ბლოკი, ასევე პროექტით ტერიტორიაზე განთავსებულია საინჟინრო ნაგებობები და 7 ადგილზე გათვლილი ავტოსადგომი.
  • სასწავლო კორპუსის პირველ სართულზე მოხვედრა შესაძლებელია ჩრდილოეთ მხარეს შენობის შესასვლელებთან მოწყობილი კიბეებისა და პანდუსების საშუალებით. სასწავლო კორპუსი ასევე უკავშირდება ეზოს, კიბის უჯრედებში მოწყობილი ორი გასასვლელით.
  • თავის მხრივ სპორტული ბლოკიც დაკავშირებულია ეზოსთან.
  • შენობა ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლე შშმ პირების მოთხოვნებისადმი. მათ პირველ სართულზე მოხვედრა შეუძლიათ შენობაში შესასვლელი პანდუსებით.
  • I სართულის სარეკრეაციო სივრცისა და დერეფნების საშუალებით მისაწვდომია ასევე სპორტული ბლოკი, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია შიგა ეზოსთან პანდუსის მეშვეობით.
  • ყველა სართულზე მოხვედრას უზრუნველყოფს მისაწვდომი ლიფტი.
  • პირველ, მეორე და მესამე სართულებზე გათვალისწინებულია შშმ პირების სან-კვანძი.
  • ინტერიერში ვიტრაჟებთან უსაფრთხოებისათვის მოწყობილია ანოდირებული მეტალის დამცავი მოაჯირები. დაპროექტებისას გათვალისწინებულია ინსოლაცია, რაც გეგმარებაშია გამოხატული, კერძოდ კი, საკლასო ოთახები განთავსებულია სამხრეთ აღმოსავლეთ მხარეს, ხოლო ჩრდილოეთით მხოლოდ კლას-კაბინეტები.“

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 31 დეკემბერს დაიწყება და 2024 წლის 5 იანვარს შეწყდება.

მშენებლობა კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 24 თვეში უნდა დასრულდეს.

პირობაში აღნიშნულია, რომ „ვადის ცვლილების (გაზრდის) საფუძველს არ წარმოადგენს მეტეოროლოგიური მოვლენები (მოწოდების ვადა განისაზღვრა მსგავსი გარემოებების გათვალისწინებით), ასევე ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები. აღნიშნულ ვადაში გათვალისწინებულია ზამთრის პერიოდიც.“

მახინჯაურის საჯარო სკოლა – არსებული [მარჯვნივ] და ახალი [მარცხნივ] სასწავლო კორპუსები / ფოტომონტაჟი პროექტიდან

ტენდერის მთავარი მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილებაზე არის ის, რომ მას „2020 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში, საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი) შესრულებული უნდა ჰქონდეს შენობის/ნაგებობის მშენებლობის/რეაბილიტაციის სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 4 მილიონი ლარის, მათ შორის ერთი შესყიდვის ფარგლებში არანაკლებ 1 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები“.

ამასთან, „გამოცდილებაში არ ჩაითვლება გზების, ხიდების, გაბიონების, საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხების, ეზოების, ქუჩების მოწყობის/რეაბილიტაციის და მსგავსი სამუშაოები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს სამუშაოები სხვა ძირითადი სამუშაოების თანმდევი სამუშაოებია.“

მთავარი ფოტო: მახინჯაურის საჯარო სკოლის ახალი და არსებული კორპუსები / ფოტომონტაჟი პროექტიდან

აჭარის განათლების სამინისტროს ბოლო პერიოდში ბათუმის №14 და №18 საჯარო სკოლების დამატებითი კორპუსებისა და სახელოვნებო სკოლის მშენებლობაზეც ჰქონდა ტენდერი გამოცხადებული 37 944 034 ლარით, თუმცა ეს ტენდერი არ შედგა.

სამინისტრო ახალი კორპუსის მშენებლობას ბათუმის მე-3 საჯარო სკოლის ტერიტორიაზეც გეგმავს.

ამავე თემაზე ვრცლად:

გოროდოკში გადაიტანენ ბათუმის ხელოვნების, ბალეტის, სამხატვრო და სამუსიკო სკოლებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: