ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რატომ არ აკონკრეტებს მთავრობა, ვის და როდის გადასცემს ბინებს „ოცნების ქალაქში“

10.12.2023 • 1484
რატომ არ აკონკრეტებს მთავრობა, ვის და როდის გადასცემს ბინებს „ოცნების ქალაქში“

აჭარის მთავრობა დღემდე არ სცემს პასუხს კითხვას, კონკრეტულად როდის დაიწყებს ბინების გადაცემას „ოცნების ქალაქში“. მთავრობა არც იმას ამბობს, როდის ჩაიბარებს „ოცნების ქალაქში“ აშენებულ სოციალურ სახლებს, რომლებშიც ჯამში 582 ბინაა.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები ითხოვენ იმ 582 ოჯახის სიას, ვისაც ამ ბინებს გადასცემენ, დანარჩენი ოჯახები კი საგარანტიო ხელშეკრულებების გაფორმებას ითხოვენ. აჭარის მთავრობა არც სიას აქვეყნებს და არც ხელშეკრულებებს აფორმებს.

„ოცნების ქალაქში“ 1740 ოჯახია რეგისტრირებული, რომელთა ნაწილი ზემოთ აღნიშნული მოთხოვნებით პერიოდულად აქციებსაც კი მართავს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ჯაბა ფუტკარაძეს ბინების გადაცემის ვადებზე და სიის შედგენაზე კითხვა ოპოზიციამ უმაღლეს საბჭოში 8 დეკემბერს, ბიუჯეტის კანონპროექტის წარდგენის დროსაც დაუსვა. მინისტრმა ვადები არც აქ დააკონკრეტა.

„რაც შეეხება ბინების გადაცემას, ყველა, ვინც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მიიღებს ბინას. იცით, რომ კრიტერიუმებით პრიორიტეტი ენიჭება ოჯახს, სადაც არის მაგალითად შშმ პირი, მრავალშვილიან ოჯახს და სხვა. ეს კრიტერიუმები არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამა თუ იმ ოჯახის მდგომარეობა ამ კრიტერიუმებთან მიმართებაში, ამიტომ, დღეს რომ სია შევადგინოთ, ხვალ შეიძლება ის შესაცვლელი გახდეს… შესაბამისად, ვიდრე არ დასრულდება მშენებლობა და არ გაფორმდება მიღება-ჩაბარება, სიაც არ იქნება“, – განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.

აჭარის უმაღლეს საბჭოში ენმ-ს ფრაქციამ მთავრობას ანალოგიური კითხვა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნის სახითაც გადაუგზავნა.

ენმ-ს შენიშვნა მთავრობას „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით:

„2019 წელს ქართული ოცნების ხელისუფლება აცხადებდა, რომ 2022 წელს დასრულდებოდა ოცნების დასახლებაში საცხოვრებელი ბინების მშენებლობას ყველა მაცხოვრებლისთვის, თუმცა ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში 582 საცხოვრებელი ბინა, მაშინ როცა მცხოვრებთა რაოდენობა 1700-ზე მეტია.

ჩვენ ვაცხადებდით, რომ წარმოდგენილი გეგმა და პროგრამის ბიუჯეტი არარეალისტური იყო, თუმცა სახელისუფლებო გუნდი არ ითვალისწინებდა ჩვენ შენიშვნებს.

ასევე კითხვის ნიშნები ჩნდება წარმოდგენილ ბიუჯეტზე, რომელიც ითვალისწინებს 582 საცხოვრებელი ბინის გადაცემის შემდეგ დარჩენილ ოჯახებისათვის ბინების მშენებლობას.

აუცილებლად მიგვაჩნია დაიგეგმოს ბენეფიციართა გადამზადებისა და დასაქმების პროგრამა… დღემდე უცნობია 582 საცხოვრებელი ბინის ბენეფიციართა ნუსხა.“

აჭარის მთავრობის პასუხი:

„ქალაქ ბათუმში მეჯინისწყლის დასახლებაში ე.წ „ოცნების ქალაქი“-ს მშენებლობა მიმდინარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ სატენდერო პროცედურით მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე, სოციალური
და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში.

პროექტით განსაზღვრულია სამშენებლო მოედანზე სამი დამოუკიდებელი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომლებშიც განთავსდება 582 საცხოვრებელი ბინა. პროექტი იძლევა შესაძლებლობას განხილულიყო ცალკე მდგომი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის დასრულებისას, მათი ეტაპობრივად ექსპლუატაციაში გაშვება, რაც შესაბამისად გულისხმობდა მშენებლობა დამთავრებულ კორპუსში ბენეფიციარებისათვის საცხოვრებელი ბინების გადაცემას საცხოვრებლად გამოყენებისათვის.

ვინაიდან ეტაპობრივი შესახლება წინააღმდეგობრივ საკითხებთან კავშირს წარმოადგენდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საცხოვრებელი ბინების გადაცემა დაგეგმილიყო კომპლექსის სრულად დასრულების შემდგომ. საკითხის მეტად ორგანიზებულად წარმართვის, სამართლიანობის პრინციპების დაცვისა და შემდგომში აღნიშნული კვარტლის ჯანსაღი ურბანული განვითარების უზრუნველსაყოფად სამინისტროს მიერ შესყიდულ იქნა მითითებული ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმა.

შესყიდვის საგანს წარმოადგენდა როგორც ქალაქმშენებლობითი დოკუმენტის შემუშავება, ასევე ერთ-ერთ კვარტალში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მეორე ეტაპის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა, რომლის მშენებლობით სრულად დაკმაყოფილდება სამიზნე ოჯახების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა.

მეორე ეტაპის განხორციელებით დაგეგმილია 1 000-ზე მეტი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა. პირველი ეტაპის (582 ბინა) საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. კონტრაქტორ კომპანიას ნაკისრი ვალდებულებების ვადაგადაცილებით შესრულებისათვის ეკისრება პირგასამტეხლო.“

ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის და შენიშვნებზე პასუხების მიღებიდან, როგორც ოპოზიცია ამბობს, მალევე [ისე, რომ მათ პროექტის გაცნობაც ვერ მოასწრეს], დაინიშნა რიგგარეშე სხდომა, რომელზეც უმრავლესობამ აჭარის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

აჭარის 2024 წლის ბიუჯეტში „სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის“ პროგრამისთვის კი, 108 მილიონი ლარია გაწერილი:

  • 2024 წელს – 17 მილიონი
  • 2025 წელს – 35 მილიონი
  • 2026 წელს – 35 მილიონი
  • 2027 წელი – 21 მილიონი

პროგრამა ითვალისწინებს „ე.წ „ოცნების ქალაქი“-ს ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით“, – აღნიშნულია ბიუჯეტის კანონში.

2024 წლის ბოლოსთვის მოსალოდნელი შედეგების გრაფაში კი, ჩაწერილია შემდეგი:

  • „დასრულებულია ე.წ „ოცნების ქალაქი“-ს ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის პირველი ეტაპის მშენებლობა (582 ბინა);
  • შემუშავებულია ქალაქ ე.წ „ოცნების ქალაქი“-ს ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მეორე ეტაპის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი;
  • დაწყებულია ქალაქ ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში ე.წ „ოცნების ქალაქი“-ს ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მეორე ეტაპის მშენებლობა“.

ამავე პროგრამის მიხედვით 2027 წლის ბოლოსთვის აჭარის მთავრობის პროგნოზი ასეთია: „2027 წელი – გაუმჯობესებულია სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობები – 1077 ოჯახი“.

ანუ, მთავრობის პროგრამის მიხედვით 582 ოჯახს ბინებს საარჩევნო, 2024 წელს გადასცემენ, დამატებით 1077 ოჯახს კი – 2027 წელს.

„ოცნების ქალაქში“ სოციალური სახლების მშენებლობასთან დაკავშირებით ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

ვინ [ვერ] მიიღებს ბინას „ოცნების ქალაქში“ – აჭარის მთავრობამ კრიტერიუმები განსაზღვრა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: