მთავარი,სიახლეები

გარემოსდაცვის ექპერტი: ხელოვნური კუნძულის გზშ-მ ბევრი კითხვა გამიჩინა

07.12.2023 • 3354
გარემოსდაცვის ექპერტი: ხელოვნური კუნძულის გზშ-მ ბევრი კითხვა გამიჩინა

„შეიძლება, კუმულაციურად რისკის ქვეშ დააყენოს სხვა ტერიტორიები, ვგულისხმობ იმას, რომ ზღვის დინამიკა შეიცვალოს მთლიანად და აქ თუ არ მოხდა დაწოლა, სხვაგან მოხდეს დაწოლა… მიზანშეწონილობა უნდა გამოვიდეს აქედან: კუმულაციურად ამან ხომ არ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული კოლაფსი ბათუმის განვითარებაში?“ – კითხულობს ნინო ჩხობაძე, ექსპერტი გარემოსდაცვით საკითხებში და არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი.

ნინო ჩხობაძეს გარემოს დაცვის შეფასების [გზშ] დოკუმენტზე ვესაუბრეთ, რომელიც ბათუმის ხელოვნური კუნძულის შესახებ უკვე გამოქვეყნდა.

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტთან დაკავშირებით, კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიში წარადგინა. „ამბასადორი ბათუმი აილენდზე“ ბათუმის აკვატორიაში, 65 წლის ვადით, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემულია 1 443 223 კვ.მ ტერიტორია ზღვაში. კომპანიას აღებული აქვს ვალდებულება, შექმნას ორი ხელოვნური ნახევარკუნძული და ერთი ხელოვნური კუნძული და მოაწყოს მათზე ინფრასტრუქტურა. ხელშეკრულების მიხედვით, „ამბასადორმა“ არანაკლებ 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ნინო ჩხობაძე აპირებს ბათუმის ხელოვნური კუნძულის შესახებ მომზადებული გზშ-ს საჯარო განხილვას დაესწროს, რადგან მას ამ დოკუმენტმა ბევრი კითხვა გაუჩინა. ექსპერტი შოვის ტრაგედიას გვახსენებს და ხაზს უსვამს იმას, რომ თანამედროვე კვლევებით შესაძლებელია მკაფიო პროგნოზის დადება: რა შეიძლება მოხდეს. მომზადებულ დოკუმენტში კი, გარემოსდამცველისთვის მკაფიო არ არის, რა შეიცვლება ხელოვნური კუნძულის მოწყობით.

„საბჭოთა კავშირის დროს უნდოდათ მდინარეების კალაპოტის შეცვლა, არაერთი მდინარის კალაპოტი შეიცვალა, რამაც გამოიწვია ტრაგედია, მაგალითად, შოვი – ბუბისწყლის კალაპოტის პატარა შეცვლამ გამოიწვია უდიდესი ტრაგედია, თანაც, ეს მოხდა 60-იან წლებში. ეს პროგნოზირებადია დღეს და ეს ყველაფერი უნდა იყოს დადებული მაგიდაზე. ეს ყველაფერი შეფასებადია დღეს, მაგრამ ამას დასჭირდება შესაბამისი კვლევები.

ნაპირების წარეცხვა საკმაოდ სერიოზული პრობლემაა ბათუმისთვის. ხომ არ გამოიწვევს ეს ინტენსიურ წარეცხვას? შეიძლება მოხდეს ასეც და ეს დინამიკა უნდა ვიცოდეთ. აქ მთელს ინფრასტრუქტურაზეა ლაპარაკი, იგივე საკანალიზაციო სისტემაზე, გამწმენდ ნაგებობაზე, 14 ათასი კაცის დასახლება რომ დატვირთვას გაზრდის, ეს ფაქტია. ეს რომ მოახდენს ზემოქმედებას ბათუმის განვითარებაზე, ესეც ფაქტია,“ – გვიყვება ნინო ჩხობაძე.

ნინო ჩხობაძე რამდენიმე მიმართულებაზე ამახვილებს ყურადღებას, მისი ერთ-ერთი მთავარი აქცენტი კლიმატური ცვლილებებია – მსოფლიო მასშტაბით ოკეანეების და ზღვის დონეები იმატებს. რატომ არ არის გათვალისწინებული ეს რისკი გზშ-ში?

„პროგნოზის მიხედვით, ერთ მეტრამდე აიწევს ზღვის დონე, რაც არის რისკის შემცველი, ეს პროგნოზი უნდა იყოს გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში. ვიცით, რომ მე-20 საუკუნეში დაახლოებით 20 სანტიმეტრით მოიმატა ოკეანის დონემ, შავ ზღვაზე არის პროგნოზი, რომ სანაპიროს ინტენსიური დატბორვა გაგრძელდება. კლიმატის ცვლილების ფონზე ველოდებით, რომ შტორმები შესაძლოა ინტენსიური გახდეს და ტალღებიც გაიზარდოს.

ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ 9-მეტრიანი ტალღებიც კი იყო შავი ზღვის აკვატორიაში. ეს გათვლები, რაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, ამ დოკუმენტში არ ჩანს. რაღაც კვლევები ჩატარებულია, მათემატიკური მოდელირებაც თითქოს გაკეთებულია, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს,“ – ამბობს ნინო ჩხობაძე.

გარემოსდამცველს გზშ-დან განსაკუთრებით ის ნაწილი დაამახსოვრდა, სადაც აღნიშნულია, რომ კუნძულის ირგვლივ ხამანწკები და მიდიები გამრავლდებიან.

„საიდან ვიცით ეს, რომ ასე იქნება? სადაც არის მოწყობილი კუნძული, ის სხვა ზღვაა, ასე მიდიები ჩვენთანაც არის. რამდენად მოახდენს ზემოქმედებას ხელოვნური კუნძული იხტიოფაუნაზე? – ამის ცოდნა გვჭირდება ჩვენ,“ – ამბობს ნინო ჩხობაძე.

გარემოსდამცველს ავტორებისგან ასევე აინტერესებს განმარტება: როცა კუნძულის მოწყობა შუა ქალაქში იგეგმება, რატომ არ აისახა ეს ბათუმის გენგეგმაში?

„ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება ტურიზმის მიმართულებით, რადგანაც შეიძლება შეიქმნას ნაკადის პრობლემა. იქ მყოფი ადამიანები ხომ ვერ ჩაიკეტებიან? საინტერესოა, რამდენად არსებობს ამ კუნძულის სინერგია ბათუმის გენგეგმასთან მიმართებით, რადგან იქონიებს ზემოქმედებას ბათუმის განვითარებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ასახული გენგეგმაში. ეს შუა ქალაქია და კუნძული  ვერანაირად განცალკევებული ვერ იქნება.

საკითხავია, ასევე: რამდენად არის ეს კუნძული. სინამდვილეში კუნძული არის მხოლოდ ერთი პატარა მონაკვეთი, დანარჩენი არის ნახევარკუნძული, ანუ მიშენება ხდება. აქ ჩნდება სხვა კითხვები, მაგალითად, რამდენად გაუძლებს ფსკერი ამას? რამდენად სწორად არის დათვლილი ტალღების მოძრაობა?

საკმაოდ რთული იქნება ეკონომიკური ზემოქმედების ნაწილი. ცხადია, ეს იქონიებს ძალიან დიდ გავლენას ბათუმის განვითარებაზე. ალტერნატივა უნდა ყოფილიყო განხილული ასეთივე დასახლების მოწყობა ხმელეთზე, იყო ამის შანსი და არსებობს კიდეც იგივე რაოდენობის ტერიტორია, სადაც შეიძლება განაშენიანება მოხერხდეს. რამდენად საჭიროა მაინცდამაინც ზღვაში გაკეთდეს ეს?“ – კითხულობს გარემოსდამცველი.

სპეციალისტის კიდევ ერთი აქცენტი პორტი და სანაოსნოა:

„გარდა ამისა, არ ვიცით, როგორ იმოქმედებს ეს კუნძული შავი ზღვის სანაოსნოზე, პორტზე რა ზემოქმედებას მოახდენს, ან თამარის დასახლებაზე.

ეს ყველაფერი უნდა გამოჩნდეს. ეს ასე მარტივი არ არის, როგორც ფიქრობენ და არ მგონია ეს დაჯდეს მხოლოდ 100 მილიონი. ეს საკითხები სულერთი არ არის საქართველოსთვის. ბათუმი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი კუთხეა საქართველოში და მისი განვითარება სულერთი არ უნდა იყოს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის,“ – მიიჩნევს ნინო ჩხობაძე.

ექსპერტი გარემოსდაცვით საკითხებში ყურადღებას ამახვილებს ინერტულ მასალაზეც, რომლითაც ხელოვნური კუნძული უნდა მოეწყოს:

„ამას საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური ეფექტი ექნება იმ თვალსაზრისით, რომ საიდან მოაქვთ ინერტული მასალა, კარიერებიდან მოგვაქვსო წერენ, მაგრამ ქვიშა საიდან მოაქვთ, მოცულობაში რამდენია? ტექნიკური პროექტი არ ახლავს დოკუმენტს და, შესაბამისად, პასუხებს მოკლებული ვართ. ამას დასჭირდება შესაბამისი კვლევები და დოკუმენტის არსებობა,“ – გვითხრა „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელმა, ნინო ჩხობაძემ.

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტთან დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] ანგარიშის საჯარო განხილვა ბათუმში 2024 წლის 12 იანვარსაა დაგეგმილი.

___

ამ თემაზე:

რიჟვაძე: ბათუმში აშენდება პალმის მსგავსი ხელოვნური კუნძული

გადაბეჭდვის წესი


ასევე: