ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

იუსტიციის სახლთან პარკინგის ადგილი „ალიანსს“ 49 წლით გადასცეს – რას აშენებს კომპანია

06.12.2023 • 5824
იუსტიციის სახლთან პარკინგის ადგილი „ალიანსს“ 49 წლით გადასცეს – რას აშენებს კომპანია

ბათუმში, იუსტიციის სახლსა და „ალიანს პალასს“ შორის მდებარე 4 224 კვადრატული მეტრი ტერიტორია, სადაც ავტოპარკინგი იყო, შემოღობილია. ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და ის „იუსტიციის სახლის“ სარგებლობაში იყო, თუმცა 2023 წლის აგვისტოში ეს ადგილი სახელმწიფომ 49 წლით შპს „ალიანს მენეჯმენტს“ აღნაგობის უფლებით გადასცა.

ბათუმი/ იუსტიციის სახლთან პარკინგის ტერიტორია 49 წლით „ალიანსს“ გადასცეს / ორდონიანი ავტოსადგომის მოსაწყობად კომპანიამ ტერიტორია შემოღობა / 2.12.2023

აღნაგობის ხელშეკრულებით „ალიანსი“ ვალდებულია 2024 წლის ივნისამდე ამ ტერიტორიაზე „უზრუნველყოს არანაკლებ 200 ავტომანქანაზე გათვლილი ორდონიანი [მიწისზედა და მიწისქვეშა] ავტოსადგომის მოწყობა, სრულად აღჭურვა [უსაფრთხოების ჯებირების, ავტოსადგომის ინფრასტრუქტურის, მათ შორის შესასვლელებსა და გამოსასვლელებში შლაგბაუმების, განათებისა და ვიდეო კონტროლის სისტემების მოწყობა], კანონით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღება და ავტოსადგომის ფუნქციონირება.“

რენდერი პროექტიდან / ორდონიანი ავტოსადგომი / ფოტოზე ჩანს მიწისზედა სივრცე და მიწისქვეშა ავტოსადგომში ჩასასვლელი

პროექტი, რომლის განხორციელებაზე იუსტიციის სახლიც თანახმაა, „მოიცავს არსებული ღია ავტოსადგომის გადაგეგმარებას და 1 მიწისქვეშა დახურული ავტოსადგომის დამატებას, რათა მოხდეს მეტი ავტომობილის გაჩერება დღის თუ ღამის პერიოდში.“

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მოეწყობა მიწისქვეშა ავტოსადგომი 143 ავტომობილზე და აღიჭურვება თანამედროვე სისტემებით. ხოლო ღია ავტოსადგომის გადაგეგმარების შედეგად შესაძლებელი იქნება 154 ავტომანქანის გაჩერება. „ტერიტორიაზე შეიქმნება გამწვანებული ზონები და იქნება ადაპტირებული შშმ პირებზე“.

პროექტის მიხედვით, მიწისქვეშა ავტოსადგომში მანქანების შესასვლელ-გამოსასვლელი გორგილაძის ქუჩის [შარტავას ქუჩის მიმდებარედ] მხრიდან იქნება. მოეწყობა ასევე კიბე, რომელიც მიწისქვეშა ავტოსადგომს „ალიანს პალასის“ შენობის შესასვლელთან დააკავშირებს.

მიწისქვეშა [მარცხნივ] და მიწისზედა [მარჯვნივ] ავტოსადგომის გეგმა პროექტიდან

„გაცნობებთ, რომ იუსტიციის სახლისთვის მისაღებია აღნიშნული პროექტი და თანახმა ვართ, მიმართოთ მისი განხორციელებისთვის საჭირო, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემდგომ ქმედებებს, მათ შორის, მოიპოვოთ შესაბამისი ნებართვები“, – წერს 2023 წლის 6 ოქტომბრით დათარიღებული წერილით სსიპ იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჟანიძე შპს „ალიანს მენეჯმენტის“ დირექტორს.

შპს „ალიანს მენეჯმენტი“ 2020 წელს არის რეგისტრირებული და მისი მესაკუთრე და დირექტორი აკაკი სონგულიაა. აკაკი სონგულია არაერთ კომპანიაში ფლობს წილს და ის „ოცნების“ შემწირველიცაა.

ავტოსადგომთან „ალიანსის“ მიერ აშენებული მრავალსართულიანი, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლიც [„ალიანს პალასი“] დგას. რეესტრის ბოლო ამონაწერით შპს „ალიანსის“ მეწილეები არიან: ნიკოლოზ თევზაძე [15%],  მედეა ბოჭორიშვილი [43%], იბრაიმ შალიკაძე [15% ], აკაკი სონგულია [12%], ბესიკ ჟღენტი [15%]. ამ კომპანიის დირექტორიც აკაკი სონგულიაა.

„ალიანს მენეჯმენტმა“ ტერიტორია შემოღობა და სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყო. აქვს თუ არა კომპანიას მშენებლობის ნებართვა? – ამ კითხვაზე პასუხი ქალაქის მერიიდან ამ დრომდე არ მოგვაწოდეს.

„ალიანს მენეჯმენტმა“ სამუშაოები უკვე დაიწყო / 6.12.2023

საექსპერტო დასკვნაში აღნიშნულია, რომ დღეს მოქმედი შესაბამისი ნორმების დაცვით ავტოსადგომის მშენებლობა და შემდგომში მისი ექსპლუატაცია შესაძლებელია.

ამასთან „სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, რომელიმე არსებულ შენობაში [ალიანს პალასი / იუსტიციის სახლი] რაიმე სახის დაზიანების გამოვლენის შემთხვევაში, შეწყდეს სამუშაოები, ვიდრე არ აღმოიფხვრება შემდგომი დაზიანების რისკები“, – აღნიშნულია დასკვნაში.

 

„ალიანსისთვის“ 49 წლით გადაცემული ტერიტორია ბათუმის იუსტიციის სახლთან [მონიშნულია წითელი ფერით]

„ქალაქ ბათუმის ადეკვატური პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია ქალაქის მაცხოვრებლების და ვიზიტორების მზარდი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავს გაუმკლავდეს პარკირების ობიექტის ირგვლივ მზარდ მოთხოვნილებას ურბანულ ლანდშაფტზე ზემოქმედების შემცირებაში.

წარმოდგენილი მიწისქვეშა პარკინგის შენობების მშენებლობა არა მხოლოდ შეამსუბუქებს მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილ საცობებს, არამედ ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის მთლიან განვითარებას და მიმზიდველობას“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

„ალიანს მენეჯმენტმა“ სამუშაოები უკვე დაიწყო / 6.12.2023

მიწისქვეშა და მიწისზედა  მრავალდონიანი პარკინგების მოწყობას ითხოვს ბათუმის საკრებულოს ოპოზიციაც. ამაზე მათ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის შენიშვნებში დაწერეს. იმ განსხვავებით, რომ ოპოზიციის მოსაზრებით მრავალდონიანი პარკინგების მოწყობა თავად მერიამ უნდა უზრუნველყოს და ისინი ყველასთვის მისაწვდომი უნდა იყოს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთი მხრივ, ბათუმის მერიაც აღიარებს ქალაქში პარკირების ადგილების ნაკლებობას, როგორც გამოწვევას, თუმცა, მეორე მხრივ, საზოგადოების პროტესტის მიუხედავად საკრებულოსთან ერთად ამტკიცებს სამშენებლო პროექტებს, რომლებიც პარკინგების ადგილების მოწყობას, ბინების რაოდენობის პროპორციულად, არ ითვალისწინებს.

ამ თემაზე ვრცლად:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/504457/

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: