მთავარი,სიახლეები

აბორტი გაუპატიურების შემდეგ – ომბუდსმენის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში

05.12.2023 • 727
აბორტი გაუპატიურების შემდეგ – ომბუდსმენის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში

სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში იმ სამართლებრივი ნორმის არაკონსტიტუციურად მიჩნევას ითხოვს, რომლის მიხედვითაც ორსულობის შეწყვეტა ნაყოფის 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის პერიოდშიც შეიძლება, თუ ქალი დაორსულდა „სასამართლოს მიერ დადგენილი გაუპატიურების შედეგად“ .

კანონით ორსულობის შეწყვეტა 12 კვირის შემდეგ შესაძლებელია სამედიცინო ჩვენების დროს. ორსულობის შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული მეორე საფუძველი კი, სადავო შემთხვევაა და რომლითაც პრაქტიკულად ვერავინ სარგებლობს, რადგან სასამართლოს სისხლის სამართლის საქმის განხილვის 9-თვიანი ვადა აქვს.

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა შესაძლებელია ნებისმიერი მიზეზით, თუ ორსულობის ვადა არ აღემატება 12 კვირას. ამავე კანონის 140-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების არსებობისას.

„დასახელებული სამართლებრივი ნორმა, 12 კვირის შემდეგ, გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის სავალდებულო საფუძვლად სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს განსაზღვრავს.

სწორედ აღნიშნული სავალდებულო საფუძველი ქმნის პრობლემას, რადგან საერთო სასამართლოებში სამართალწარმოების ხანგრძლივობა, როგორც წესი, აღემატება არა მხოლოდ აბორტისთვის დასაშვებ, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ 22-კვირიან ვადას, არამედ ზოგჯერ ორსულობის მთლიან პერიოდსაც კი. შედეგად, უმრავლეს შემთხვევაში, გაუპატიურების მსხვერპლი ქალებისთვის შეუძლებელი ხდება, მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ სავალდებულო საფუძვლის – გამამტყუნებელი განაჩენის წარდგენა ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით,“ – ვკითხულობთ სარჩელში.

სარჩელში აღწერილია შემთხვევებიც, რის გამოც, მსხვერპლი შესაძლოა დროულად არ მიმართავდეს სამართალდამცავ ორგანოებს:

„ამგვარი პრობლემის სამართლებრივი მოწესრიგებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლის მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობას, რაც შეიძლება ხშირ შემთხვევაში ძალადობის შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მყისიერად მიმართვის ხელშემშლელი/შემაფერხებელი მიზეზი იყოს, განსაკუთრებით ტრადიციული/კონსერვატიული შეხედულებების მქონე საზოგადოებში მცხოვრები ქალებისათვის.

ძალადობიდან მოკლე პერიოდში, ხშირად, მსხვერპლს უჭირს გადაწყვეტილების მიღება და სამართალდამცავი ორგანოებისთვის ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. რაც დამატებითი, შემაყოვნებელი ფაქტორია გამოძიებისთვის და სასამართლოსთვის, სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში,“ – აღნიშნულია სარჩელში.

შემაფერხებელი ფაქტორები, განსაკუთრებით თვალსაჩინოა, როდესაც სექსუალური ძალადობა, ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა – პარტნიორის, ქმრის ან ოჯახის სხვა წევრის მხრიდან. კვლევების მიხედვით, პარტნიორი/ქმარი ხშირად მსხვერპლს ემუქრება, უზღუდავს გადაადგილებას, სერვისებზე წვდომას, რის გამოც, მსხვერპლი მოკლებულია შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე მიაკითხოს შესაბამის სერვისებს. მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ასევე განგრძობითი ძალადობა, როდესაც მოძალადე მსხვერპლს ემუქრება, როდესაც მსხვერპლი, სხვადასხვა ფორმით დამოკიდებულია მოძალადეზე. დასახელებული კვლევის თანახმად, შესწავლილი შემთხვევების უმეტესობა ეხებოდა, სწორედ ოჯახის წევრის ან ახლობლის მიერ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტებს, რამაც არასასურველი ორსულობა გამოიწვია. ყველა ამ შემთხვევაში, დაზარალებულმა ქალებმა ორსულობა გაამჟღავნეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ვიზუალურად გამოიკვეთა.

საგულისხმოა, რომ, მაგალითად, არასრულწლოვანის შემთხვევაში, პირველი 12 კვირის დროს, მსხვერპლი შესაძლებელია საერთოდ ვერ მიხვდეს ორსულად რომ არის. მართალია ჩვენი კანონმდებლობა, როგორც გამონაკლის შემთხვევას განიხილავს 15 წლამდე ბავშვის ორსულობას, მაგრამ, ეს პრობლემა შეიძლება შეექმნას 16-17 წლის გოგონებსაც, რომლებსაც შეიძლება არ ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია ორსულობის ნიშნების თაობაზე.

ორსულობის დაგვიანებით აღმოჩენა სრულწლოვან ქალებშიც ხშირია, თუ ქალს აქვს გინეკოლოგიური პრობლემები, კერძოდ მენსტრუალური ციკლის დარღვევა. გარდა, ამისა გადატანილი სტრესის ფონზე ხშირად ირღვევა მენსტრუალური ციკლი, რის გამოც შესაძლოა მსხვერპლმა ეჭვიც ვერ შეიტანს ორსულობაზე. ხშირია შემთხვევები, როდესაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლს, გადატანილი ტრავმის ფონზე, ასევე უქვეითდება განცდები, ხდება საკუთარი სხეულისგან მისი გაუცხოება, ასეთ შემთხვევაში, ხშირად, იგი ემოციურად უარყოფს რეალობას, რომ ის ორსულადაა,“ – ვკითხულობთ სარჩელში.

ომბუდსმენს შეუგროვებია სტატისტიკაც: რა დრო სჭირდება საშუალოდ სასამართლოებს სქესობრივი დანაშაულებზე განაჩენის მისაღებად?

„2017 წლის პირველი ივნისიდან 2019 წლის პირველ მაისამდე პერიოდში მიღებული განაჩენების თანახმად, მაგალითად, სქესობრივი დანაშაულის, კერძოდ გაუპატიურების სსკ-ის 137-ე მუხლი, დანაშაულზე გამოძიება და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება საშუალოდ 4 თვიდან 19 თვემდე გრძელდება. კერძოდ, 2017 წლის პირველი ივნისიდან 2019 წლის პირველ მაისამდე პერიოდში, გაუპატიურების დანაშაულზე საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენებიდან ყველაზე მოკლე დრო, რაც გაუპატიურების ფაქტიდან სასამართლოს განაჩენის მიღებას დასჭირდა 4 თვეა (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის N1/136-18 განაჩენი), ხოლო ყველაზე დიდი დრო – 1 წელი და 7 თვე (ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის N1/658-17 განაჩენი). თუმცა, საქმეების უმრავლესობაში, სასამართლომ განაჩენი მიიღო 6 თვიდან 9 თვემდე პერიოდში.

2021-2022 წლებში გაუპატიურების დანაშაულზე საერთო სასამართლოების მიერ მიღებული განაჩენებიდან ყველაზე მოკლე დრო, რაც გაუპატიურების ფაქტიდან სასამართლოს განაჩენის მიღებას დასჭირდა 3 თვე და 17 დღეა (სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის N1/57 განაჩენი[23]), ხოლო ყველაზე დიდი დრო – 20 თვე და 13 დღეა (ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის N1/258-2020 განაჩენი), თუმცა საქმეების უმრავლესობაში, სასამართლომ განაჩენი მიიღო 8 თვიდან 9 თვემდე პერიოდში,“ –  აღნიშნულია განაჩენში.

სახალხო დამცველი ამ სამართლებრივ ნორმას დისკრიმინაციულად აფასებს:

„მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმები დისკრიმინაციულია, ვინაიდან მათი მოქმედების პირობებში თანაბარი მოპყრობაა დადგენილი არსებითად უთანასწორო პირებს შორის. ამასთანავე, სადავო წესი თანაბარ პირობებს უდგენს პირებს, რომლებიც არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში იმყოფებიან.

კერძოდ, მიუხედავად იმისა რომ სადავო ნორმები ფორმალურად, დასაშვებად მიიჩნევს 12 კვირაზე მეტი ვადის სქესობრივი დანაშაულის შედეგად დამდგარი ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას [12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია სოციალური ჩვენებების მიხედვით], კანონმდებლობით დადგენილი მოწესრიგება [სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არარსებობის შემთხვევაში აბორტის გაკეთების აკრძალვა] არაპირდაპირ გამორიცხავს იმ მსხვერპლი ქალების მისაწვდომობას აბორტზე ორსულობის 12 კვირის შემდგომ, რომელთა საქმეებზეც სამართალწარმოება არ დასრულებულა.

ფორმალურად, კანონმდებელმა სხვადასხვა შესაძლებლობები დაადგინა პირთა არსებითად უთანასწორობის გამო.

კერძოდ, ძალადობის მსხვერპლ ორსულ ქალებს შესაძლებლობა მისცა 12-დან 22 კვირამდე ვადაში გაიკეთონ აბორტი, მაშინ როდესაც იმ ორსულ ქალებს, რომლებიც ნებაყოფლობითი სექსუალური ურთიერთობის შედეგად დაორსულდნენ, მხოლოდ 12 კვირამდე ვადაში აქვთ აბორტის გაკეთების უფლება [გარდა გამონაკლისი სამედიცინო და სოციალური ჩვენებებისა].

…ფაქტობრივი მოცემულობით ამ ორ ჯგუფს შორის არის თანაბარი მოპყრობა დადგენილი – იმ შემთხვევაში თუ სასამართლო 22 კვირის ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, სქესობრივი დანაშაულის შედეგად დაორსულებული ქალის ლეგალური აბორტის ვადა უთანაბრდება 12 კვირას, სხვა ორსული ქალების მსგავსად. რადგან, კანონმდებლობა საგამონაკლისო შემთხვევას ავრცელებს მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენის არსებობისას და 12-დან 22 კვირამდე ვადაში ლეგალურ აბორტზე წვდომა ეზღუდება მსხვერპლებს, რომლებმაც განაცხადეს გაუპატიურების შესახებ, თუმცა მათ საქმეზე ჯერ არ არის მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება.

შესაბამისად, მიუხედავად ფორმალური ჩანაწერისა, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლი ორსული ქალის განსაკუთრებულ სოციალურ საჭიროებებს და მის მიმართ, იმ პირების მსგავს მოპყრობას ადგენს, რომელთა ორსულობა სექსუალური ძალადობის შედეგად არ დამდგარა,“ – ჩაუწერია სარჩელში სახალხო დამცველს.

რა რისკი არსებობს, თუ გაუპატიურების საქმეებზე ექიმი სასამართლოს განაჩენს არ დაელოდება?

„…გაუპატიურების თაობაზე ცრუ ინფორმაციის მიცემის ჰიპოთეტური საფრთხე ვერ გადაწონის ზემოაღნიშნულ პირობებში რეალურად მყოფი ქალის აბსოლუტურად ლეგიტიმურ ინტერესს, მაქსიმალურად ეფექტურად განთავისუფლდეს ძალადობის, ფსიქო-ემოციური თვალსაზრისით, უმძიმესი შედეგებისგან.

ამდენად, ვთვლით, რომ აშკარად დარღვეულია სამართლიანი ბალანსი დაპირისპირებულ საჯარო და კერძო ინტერესებს შორის და სადავო შეზღუდვა ვერც ამ მხრივ აკმაყოფილებს პროპორციულობის მოთხოვნას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლს [პიროვნული თავისუფლების განვითარების უფლება] და მე-15 მუხლის პირველ პუნქტს [პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცის უფლება“, – აღნიშნულია სარჩელში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: