მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა [არ] უნდა ვუთხრათ ადამიანს, რომელსაც დეპრესია აქვს – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

06.12.2023 • 3684
რა [არ] უნდა ვუთხრათ ადამიანს, რომელსაც დეპრესია აქვს – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

დეპრესია ფსიქიკური ჯანმრთელობის გავრცელებული მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს ხანგრძლივი მწუხრების განცდა და ცვლილებები აზროვნებასა და ქცევაში. დეპრესია განკურნებადია, თუმცა „კლუბი სინერგიას“ ფსიქოლოგი ლუკა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ დეპრესიის მქონე ადამიანები იშვიათად ეძებენ დახმარებას.

„საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დაახლოებით 75% არ მიმართავს სპეციალისტს, რაც კოლოსალურად მაღალი რიცხვია” – ამბობს ლუკა გაფრინდაშვილი. ფსიქოლოგის განმარტებით, ამის ერთ-ერთი მიზეზი დეპრესიისთვის დამახასიათებელი უიმედობაა, არანაკლები მიზეზია – სერვისებზე დაბალი ხელმისაწვდომობა.

ფსიქოლოგი ლუკა გაფრინდაშვილი „ბათუმელებთან“ საუბრობს დეპრესიის ნიშნებზე, როგორ უნდა ვესაუბროთ დეპრესიაში მყოფ ადამიანს და, ასევე – რა დახმარება არსებობს ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად.

  • რა მდგომარეობაა დეპრესია?

ეს სიტყვა ლათინურიდან ითარგმნება დაახლოებით როგორც გვალვა, გამოშრობა; მეორენაირად – აღნიშნავს მდგომარეობას, როდესაც რაღაც, მაგალითად ლურსმანი არის ჩარჭობილი. ეს ორივე ახსნა მეტაფორულად ძალიან კარგად მიესადაგება დეპრესიულ მდგომარეობას. გვალვა/გამოშრობა იმ მხრივ, რომ დეპრესიის დროს ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომია ფსიქიკური ენერგიისგან დაცლა, უენერგიობა; მეორე განმარტება კი, ვიზუალურად რომ წარმოვიდგინოთ, ადამიანის სხეულში თითქოს შერჭობილია რაღაც, რასაც მოჰყვება სისხლდენა, ოღონდ სისხლის ნაცვლად უნდა წარმოვიდგინოთ ფსიქიკური ენერგიის გამოდინება, ორგანიზმის დაცლა. 

ამიტომაც არის, რომ წამყვანი მომენტი ამ დროს არის ფსიქიკური ენერგიის ნაკლებობა, გადაღლა, უუნარობა. დეპრესიაში მყოფ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს რაღაცის გაკეთების სურვილი, მაგრამ არ აქვს რესურსი, ის დაცლილია ფსიქიკური ენერგიისგან.

  • როგორ უნდა განვასხვაოთ დეპრესია სევდისგან, უგუნებობისგან?

ემოციებზე საუბრისას ადამიანები ხშირად იყენებენ სიტყვა დეპრესიას, როგორც სევდის სინონიმს, მაგრამ დეპრესია მხოლოდ ემოცია არ არის.

პირველი რითაც შეიძლება გავმიჯნოთ დეპრესია სხვა მდგომარეობისგან, ეს არის:

  • დრო – მინიმუმ ორ კვირაზე მეტ ხანს უნდა გრძელდებოდეს გუნება განწყობის დაქვეითება, ანუ სევდიანობა და მწუხარებაში ყოფნა; 
  • გარდა ამისა დეპრესია გულისხმობს ინტერესის დაკარგვას, მაგალითად, მომავლისადმი, აწმყოსადმი – იმ საქმეებისადმი, რასაც აკეთებ; 
  • ასევე, დაკარგული გაქვს სიამოვნების მიღების უნარი, რასაც ფსიქოლოგიაში ანჰედონია ქვია. ამას მოჰყვება კვებასთან დაკავშირებული ცვლილებები, მადის დაქვეითება;
  • დეპრესიაში მყოფ ადამიანებს დარღვეული აქვთ ძილის რეჟიმი, ეღვიძებათ ღამე და უჭირთ ძილის შებრუნება, ეს კიდევ უფრო ამწვავებს გადაღლილობას, რადგანაც სწორედ ძილი საშუალებით ახერხებს ორგანიზმი დასვენებასა და განტვირთვას;
  • მომავლის ვერ ან ძალიან ნეგატიურად წარმოდგენა, რასაც გარკვეულ შემთხვევებში მივყავართ სუიციდურ ფიქრებამდე.

ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი შეიძლება დეპრესიაში იყოს და ჩვენ ვერც კი ვამჩნევდეთ, ანუ მისი მდგომარეობა ვიზუალურად გამოხატული არ იყოს.

  • თუ შეიძლება დეპრესია დაკავშირებული იყოს სხვა დიაგნოზებთან?

ეს მდგომარეობა ახლავს ძალიან ბევრ მენტალურ მდგომარეობას. მაგალითად, ბიპოლარული აშლილობის დროს ხდება დეპრესიული და მანიაკალური ეპიზოდების ცვალებადობა; ვიცით, რომ დეპრესია ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს ძალიან ბევრ აშლილობასთან, მაგალითად გენერალიზებულ შფოთვით აშლილობასთან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია; ასევე, ობსესიურ კომპულსიური აშლილობის შემთხვევათა დაახლოებით 70 პროცენტში იწყება დეპრესია.

კვლევითი ფონდი hopefordepression: დეპრესიის ქოლგა მოიცავს დიდ დეპრესიულ აშლილობას და მასთან დაკავშირებულ განწყობის აშლილობას, მათ შორის ბიპოლარულ აშლილობას, მშობიარობის შემდგომ დეპრესიას, პოსტტრავმული სტრესის სინდრომს, შფოთვით აშლილობას და სუიციდს.

  • რა იწვევს დეპრესიას?

ზუსტად არ არის ცნობილი რა იწვევს დეპრესიას, ეს კითხვა პასუხგაუცემელია.

ფსიქიატრია და ნეირომეცნიერება პასუხებს უფრო ჰორმონებში ეძებს, მაგრამ მხოლოდ ჰორმონებსა და ნეირონებში ფსიქიკური პროცესების ახსნის ძიება არ არის გამართლებული. ბევრი ფსიქოანალიტიკოსი და ნეირომეცნიერი მიიჩნევს, რომ ეს დიდწილად არის ფარმაცევტული ბიზნესის გავლენაც.

როგორც ბევრი ფსიქიკური აშლილობის შემთხვევაში, აქაც შეიძლება ჩართული იყოს მრავალი ფაქტორი. 

ერთ-ერთია გენეტიკური ფაქტორი. გენეტიკური კვლევები აჩვენებს, რომ არსებობს მოწყვლადობა და მიდრეკილება ადამიანში დეპრესიისკენ

კიდევ ერთი ფაქტორია ცხოვრების პირველი ეტაპი, ანუ ადრეული გამოცდილება, რამდენად სტრესული იყო, რამდენად მატრავმირებელი მოვლენები ხდებდა, რამდენად ჰქონდა ადამიანს განვითარებული სტრესებთან გამკლავების სტრატეგიები და მექანიზმები. თუ ასეთი მექანიზმები მწირი აქვს ადამიანს, მაშინ უფრო მეტი აქვს შანსია განვითარდეს დეპრესიული აშლილობა. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეულ ბავშვობაში თუ სკოლის პერიოდში ბავშვების გაძლიერებას ამ მიმართულებით.

მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს სოციალური ფაქტორებიც. მაგალითად, ადამიანს გარდაეცვალოს ოჯახის წევრი, დაკარგოს სამსახური, დაშორდეს შეყვარებულს, გაჭირვებასა და უპერსპექტივობაში უწევდეს ცხოვრება და ამის შემდეგ განვითარდეს დეპრესია.

ცნობილია, რომ გაცილებით მაღალია დეპრესიის მაჩვენებელი დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში, თუმცა დეპრესიას მაღალი გავრცელება აქვს განვითარებულ ქვეყნებშიც. ძალიან ბევრი ნიუანსია გასათვალიწინებელი, მაგალითად მზესთან ექსპოზიცია, რაც ძალიან მნიშვენლოვანია და რის გამოც სკანდინავიის ქვეყნებში დეპრესიის მაღალი მაჩვენებელია.

  • ამბობენ, რომ დეპრესიის დროს თავის მოვლა, თვითზრუნვა ძნელდება. რა ხდება ამ დროს?

დეპრესიის დროს ხშირად თავის მოვლის ინტერესი ქრება. ფროიდი ამბობს, რომ დეპრესიულ ადამიანს აღარ აინტერესებს მასზე რას ფიქრობენ სხვები ვიზუალურად, მისთვის სხეული და ჩაცმულობა კარგავს ნარცისული ტკბობის ელემენტს, სიამოვნებას ვეღარ იღებს აქედან. ხშირ შემთხვევაში თერაპიულ პროცესებში ერთ-ერთ პრედიქტორი იმისა, რომ ადამიანი გამოდის დეპრესიიდან არის სწორედ ის ფაქტი, რომ ის იწყებს მოწესრიგებას, დაბანას, დავარცხნას, თავისი თავისთვის რაღაცის შეძენას.

  • რა შეგვიძლია გავაკეთოთ მეგობრისთვის, ოჯახის წევრისთვის, რომელსაც დეპრესია აქვს?

დეპრესიული მდგომარეობა თავის თავში გულისხმობს სუბიექტურ აღქმას. სუბიექტი თავის თავს აღიქვამს ასე, ასეთ დროს მსმენელი, ოჯახის წევრი, მეგობარი ანალიზს არ უნდა უკეთებდეს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას.

 მაგალითად: „რა გინდა, სამსახური გაქვს, მეუღლე გყავს, შვილები გყავს, ის გაქვს, ეს გაქვს, მეტი რა გინდა“ – ასე არ უნდა მოხდეს ადამიანის გამხნევება. შეიძლება პირიქით, უკუშედეგი გამოიღოს და ადამიანმა საერთოდ აღარ გააზიაროს თქვენთან საკუთარი გამოცდილება, რადგან ის გიზიარებთ საკუთარ წუხილს და თქვენგან აწყდება უგულებელყოფას.

საქმე ის არის, რომ მშფოთვარე ადამიანისგან განსხვავებით, რომელიც აზიარებს თავის პრობლემას და დახმარებისთვის მიმართავს სხვას, დეპრესიაში მყოფი ადამიანის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ის შველას არ ითხოვს, ასე მოქმედებს ის უიმედობა, რაც მას აქვს. 

დაძალება არ გვინდა, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ სოციალურ ცხოვრებაში დავაბრუნოთ ადამიანი, რადგან ამ პროცესში შეიძლება უფრო მოახერხოს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. ცხადია, აუცილებელია გარშემო ისეთი ადამიანების ყოფნა, ვისაც ვენდობით და ვისთანაც შეგვიძლია საკუთარ გრძნობებზე, ემოციებსა და საკუთარ პრობლემებზე ლაპარაკი – ეს არის წამალი, ჩათვალეთ.

აქტივობას რაც შეეხება, ეს ძალიან ინდივიდუალურია, მაგრამ თუ არის ამის საშუალება, კარგი იქნება მასთან ერთად დავიწყოთ სეირნობა, ფიზიკური ვარჯიში, მოვაწყოთ განტვირთვა ერთად. ადამიანი თავადაც მიხვდება ამა თუ იმ სიტუაციაში რომელი ხერხი შეუწყობს ხელს მის მეგობარს იმაში, რომ დაეხმაროს ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში. მაგრამ გვახსოვდეს, რომ მხარდაჭერა არ ნიშნავს რაღაცების თავსმოხვევას. 

სასურველი იქნება, მოვუკლოთ ასეთ პერიოდში საკუთარ თავთან მარტო დარჩენას. შეიძლება ეს რისკფაქტორი აღმოჩნდეს. დეპრესიის დროს, ბუნებრივია, რომ ადამიანს გარე სამყაროსთან არ სურს კონტაქტი, იკეტება საკუთარ თავში. წამყვანი ფიქრები ამ დროს არის ნეგატიური, ამიტომ უმჯობესია, რომ გადავრთოთ ყურადღება სხვა საკითხებზე, რადგან ამ დროს ფიქრები, იმის ნაცვლად, რომ პრობლემების გადაჭრისკენ მივყავდეთ, პირიქით, უფრო აღრმავებს პრობლემებს.

  • რა არ უნდა ვუთხართ ამ დროს ადამიანს?

არ უნდა ვიყოთ კატეგორიული, არ უნდა ვესაუბროთ ტექსტებით, რომლითაც ხდება მისი მდგომარეობის უგულებელყოფა – „კარგი რა გჭირს“, „შენხელა რომ ვიყავი, დეპრესია რა იყო არ ვიცოდი“, „რანაირად გამოიყურები, ხალხი გიყურებს…“

მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ ადამიანს, რომ გული შეგვტკივა იმის გამო, რომ ის ასე გრძნობს თავს. უმჯობესია ვკითხოთ, რით შეგვიძლია დახმარება, რადგან ეს უბრალო კითხვა არ არის, ეს არის ადამიანის დახმარების მცდელობა, ნიშანი იმისა, რომ გული შეგტკივა, გინდა, რომ რაღაცით დაეხმარო, რომ მარტო არ არის, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დროს ის შეიძლება ფიქრობდეს, რომ აზრი არ აქვს ამ ძალისხმევას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უიმედობა დეპრესიისთვის დამახასიათებელი მდგომარეობაა.

  • ფიზიკური აქტივობა სომატური დაავადებების დროს ძალიან სასარგებლოა, რა მნიშვნელობა აქვს მას დეპრესიის დროს? სხვა რა აქტივობებია ამ დროს სასარგებლო?

ამ დროს მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა და ძალიან კარგი მტკიცებულებები არსებობს იმისა, რომ ვარჯიში ძალიან ეხმარება ადამიანს დეპრესიასთან გამკლავებაში.

ასევე, ძალიან სასარგებლოა, დილის საათებში მზესთან ექსპოზიცია. 

ფიზიკური აქტივობის პროგრამა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სეირნობას, აერობიკას ან სხვა სახის ფიზიკური ვარჯიშს, გათვალისწინებულია დეპრესიის მკურნალობის გაიდლაინებშიც. blackdoginstitute: ვარჯიშმა შეიძლება გაზარდოს ტვინში სეროტონინის დონე, ნეიროტრანსმიტერი, რომელიც დაკავშირებულია განწყობის რეგულირებასთან, ძილთან, ლიბიდოსთან, მადასთან და სხვა ფუნქციებთან. ვარჯიშს ასევე შეუძლია გაზარდოს მოცირკულირე ენდორფინების დონე, რომლებსაც გააჩნიათ განწყობის ამაღლების თვისებები.

  • რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს დეპრესია?

შეიძლება გაგრძელდეს ქრონიკულად, შეიძლება იყოს პერიოდულობით. მაგალითად, გარკვეული დროის განმავლობაში იყოს დეპრესია, შემდეგ უკეთესად იგრძნოთ თავი, რადგან ჩვენი ორგანიზმი საკუთარი თავის განკურნებას ახდენს. მერე შეიძლება ისევ განმეორდეს. 

  • შეიძლება ქრონიკულად გაგრძელდეს, მაგრამ არ პროგრესირდეს?

დიახ, დისთიმია ჰქვია ამას, დეპრესიული მდგომარეობა რომელსაც ჰორიზონტალური ტრაექტორია აქვს და არ ღრმავდება, მიდის მსუბუქად. ფუნქციონირებ, მაგრამ ზოგადად ამჩნევ შენს თავს, რომ ცუდად ხარ. ეს არის სიმპტომების ცოტათი ნაკლები სიმძიმე, მაგრამ ქრონიკული მიმდინარეობა.

  • რა უნდა ვიცოდეთ დეპრესიის მკურნალობის შესახებ?

ამ ეტაპზე გავრცელებულია ასეთი მკურნალობა – ადამიანი მიდის ფსიქიატრთან, ის ნიშნავს მედიკამენტებს, ხშირ შემთხვევაში ანტიდეპრესანტებს, რომელიც ზოგ ადამიანს ძალიან ეხმარება, ზოგს – ნაკლებად.

აქვე უნდა ვახსენოთ ფსიქოთერაპიები (მაგალითად: ბიჰევიორალური, კოგნიტურ-ბიჰევიორალური და მაინდფულნესზე დაფუძნებული თერაპიები), რომელთაც აქვთ საკმაოდ მაღალი ეფექტურობის მტკიცებულება.

მკურნალობის კარგი ვარიანტია, როდესაც მედიკამენტები და ფსიქოთერაპია პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

მაგრამ ასევე არიან მკურნალობისადმი მედეგი პაციენტები, რომლებთანაც შესაძლოა ანტიდეპრესანტებიც და თერაპიაც უშედეგო იყოს

თუმცა ახლა ძალიან კარგი მტკიცებულებები მოდის „ფსიქოდელიკების“ შესახებ, კეტამინისა და ფსილოციბინის კვლევებიდან ჩანს, რომ საიმედო შედეგებია დეპრესიასთან მუშაობაში.  აშშ-ის საკვების და წამლის მარეგულირებელმა სააგენტომ FDA-მ უკვე გამოაქვეყნა ამ საშუალებებზე კვლევის ნებართვა, რომელიც შესაძლოა ახალი სიტყვა გახდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში

უნდა გვახსოვდეს, რომ თუ კონკრეტული სპეციალისტი არ მოგეწონა, ეს არ ნიშნავს რომ სხვაც ვერ დაგვეხმარება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: