მთავარი,სიახლეები

„ვნახე ქართველები, მანქანებში რომ ცხოვრობენ სახლში გასაგზავნი ფულის დასაზოგად“ – გზა აშშ-მდე

05.10.2023 • 78441
„ვნახე ქართველები, მანქანებში რომ ცხოვრობენ სახლში გასაგზავნი ფულის დასაზოგად“ – გზა აშშ-მდე

33 წლის ეთო ბეგლარაშვილი  შვილთან, 5 წლის ლიკასთან ერთად, ამერიკამდე მექსიკის გზით ჩავიდა 2023 წლის ოქტომბერში. ეთომ და ლიკამ რთული და გრძელი გზა გაიარეს ირაკლისთან ჩასვლამდე. ირაკლი ლიკას მამაა, რომელმაც საქართველო წელიწად-ნახევრის წინ დატოვა და სამუშაოდ წავიდა ამერიკაში, ასევე მექსიკის რთული გზით.

ამერიკამდე გასავლელ გზაზე ეთომ საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ 5 წლის ლიკას ოდნავადაც არ უნდა ეგრძნო გზის სირთულე, უნდა ჰგონებოდა, რომ სამოგზაუროდ დადიან პარიზი, მექსიკაში, არიზონას ცივ უდაბნოში მდინარის გავლით, არიზონადან ნიუ-იორკამდე და ნიუ-იორკიდან კონექტიკუტში, შიგადაშიგ კი საემიგრაციო მოსაცდელებში ღამისთევით.

ეთო ბეგლარაშვილი „ბათუმელებთან“ ვრცლად ჰყვება საკუთარ გზაზე თბილისიდან ნიუ-ჯერსამდე.

  • „რატომ წავედი“

ძალიან ბევრი სამსახური გამოიცვალა ჩემმა ქმარმა, ბევრს შრომობდა და დაუფასებლად. ხელფასი საარსებოდაც კი არ გვყოფნიდა, ემიგრაციაში მყოფი ჩვენი მშობლების დახმარება გვჭირდებოდა სულ.

ირაკლიმ გადაწყვიტა ამერიკაში წასულიყო და ჩვენი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე დაეწყო ზრუნვა.

მე ამ დროს მაგისტრატურის კურსს გავდიოდი საფრანგეთში და სტაჟირებისთვის ვემზადებოდი, ირაკლიმ წასვლის გადაწყვეტილება რომ მიიღო, მერე ჩამოვედი საქართველოში. ბავშვი ჩემი სწავლის პერიოდში მამასთან იყო, რომ დავბრუნდი, ბავშვი დარჩა ჩემთან და ირაკლი ამერიკაში გავაცილეთ, მექსიკის გზით გადავიდა.

ამ დროს სამაგისტრო თემას ვამზადებდი და პარალელურად წინანდლის მუზეუმში დავიწყე მუშაობა. სწორედ მაგისტრატურის გამო ვერ მივიღე გადაწყვეტილება, ერთად წავსულიყავით ამერიკაში და შევთანხმდით, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ირაკლი საქართველოში დაბრუნდებოდა და აქ გავაგრძელებდით ცხოვრებას.

ირაკლიმ ამერიკაში დარჩენა გადაწყვიტა. ლიკას ძალიან ენატრებოდა მამა, მეც ძალიან მიჭირდა უკვე ცხოვრების მარტო გაგრძელება ირაკლის გარეშე საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად უკეთ ვიყავით, ამიტომ გადავწყვიტეთ ამერიკაში წასვლა. ვიდრე მექსიკის გზას დავადგებოდით, ამერიკის ვიზის ლეგალურად მოპოვება ვცადე.

  • „მინდოდა ჩემი მშობლიური მხარის განვითარებისთვის გამომეყენებინა საფრანგეთში მიღებული ცოდნა“

საქართველოში ფრანგი მომხმარებლების მომსახურების სპეციალისტად ვმუშაობდი „ჯორჯიან სერვის გრუპში“. მანამდე 2 წელი ემიგრაციაში ვიყავი საფრანგეთში, ვსწავლობდი და ვმუშაობდი.

ჩემი ბოლო სამსახური საქართველოში იყო წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმი, სადაც სტაჟირების პარალელურად ვწერდი სადიპლომო ნაშრომს. ფრანგულენოვანი გიდი ვიყავი.

საქართველოში ანაზღაურების შესახებ არაფრის თქმა არ მინდა, ამ სამსახურებში ისევ მუშაობენ ჩემი ყოფილი თანამშრომლები, რომლებსაც დავუმეგობრდი. ეს იყო მიზერული ხელფასი, არაფერში რომ არ გყოფნიდა და ისევ გვიწევდა ემიგრაციაში მყოფი ჩვენი მშობლების შეწუხება.

მინდოდა ჩემი მშობლიური მხარის განვითარებისთვის გამომეყენებინა საფრანგეთში მიღებული ცოდნა. ჩემს რაიონში გამოჩნდა ჩემთვის სასურველი სამსახური, სადაც მიუხედავად ბევრი დისკომფორტისა მაინც ვიმუშავებდი, თუმცა ამაოდ ველოდი დადებით გადაწყვეტილებას და ესეც ერთ-ერთი იმედგაცრუება იყო.

ყველა ეს პატარა ამბავი დაგროვდა. ოჯახიც უკვე ცალ-ცალკე ვიყავით და ასე ვერ გაგრძელდებოდა.

ჯერ წავედი გერმანიაში, ბერლინში შევედი ამერიკის საელჩოში, მაგრამ ვიზა ვერ მივიღე, არ მომცეს.

სწორედ ამის მერე გადავწყვიტე მექსიკის გზით წავსულიყავი ამერიკაში 5 წლის შვილთან ერთად.

  • „არასდროს გამომიცდია რას ნიშნავს, როცა შენი ეროვნების გამო გხსნიან ფრენიდან, ეს ძალიან დამამცირებელი იყო“

სანამ მექსიკის გზას დავადგებოდი წავედი ევროპის ერთ-ერთ ქალაქში და მოვიპოვე ამ ქვეყნის ვიზა და სამუშაო უფლება ჩემს შვილთან ერთად რომ მექსიკაში შესვლის უფლება მქონოდა. ვიცოდი, რომ მექსიკაში საქართველოს მოქალაქეებს არ სჭირდებათ ვიზა, მაგრამ მექსიკის სახელმწიფო საზღვარზე ამის მიუხედავად აღარ უშვებენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს პასპორტით.

მექსიკამდე გზა იყო ძალიან რთული, მოიცავდა ოთხ ქვეყანას, ხუთ ქალაქს და 30-საათიან ფრენებს.

ასე დაიგეგმა ჩემი მოგზაურობა მექსიკაში. ჯერ პარიზში ჩავფრინდი, საიდანაც ფრენა გვქონდა მექსიკის ქალაქ კანკუნში. კანკუნში მე და ლიკამ 6 დღე გავატარეთ და ველოდებოდით მითითებებს, თუ როდის და საით უნდა წავსულიყავით.

კანკუნიდან ერთ-ერთ ფრენაზე ბორტიდან მომხსნეს, რახან საქართველოს მოქალაქე ვიყავი. სხვა მიზეზი არ უთქვამთ ჩემთვის, ფრენამდე 10 წუთით ადრე გამომიყვანეს და დამტოვეს ქუჩაში ბავშვთან ერთად. კითხვის დასმას აზრი არ ჰქონდა. დავბრუნდი სასტუმროში და დაველოდე ისევ შემდეგ ფრენას, რომ გავფრენილიყავი სხვა ქალაქში, იმ სხვა ქალაქიდან კიდევ სხვა ქალაქში და მივსულიყავი რომელიმე სასაზღვრო ქალაქამდე.

დიდ გზაზე ბევრი რთული მომენტი იყო. მექსიკის ერთ ერთი ქალაქის აეროპორტში ცუდი ამინდის და ტურბულენტობის გამო თვითმფრნავმა ვერ შეძლო დაჯდომა და სამჯერ, ოთხჯერ მოუწია მყისიერად დაჯდომა და აფრენა. ამ დროს ლიკას ეძინა და ვცდილობდი არ შემშინებოდა, ხალხის სახეები რომ დავინახე გარშემო, მივხვდი, რაღაც ვერ იყო კარგად და მაგ დროს გავიფიქრე, შეუძლებელია რამე ცუდი მოხდე, აქამდე ჩამოვაღწიე და ახლა წარმოუდგენელია აქ დასრულდეს ჩვენი გზა-მეთქი.

მამშვიდებდა მხოლოდ ის, რომ ლიკას ეძინა და რამე რომ დაგვმართოდა, ვერაფერს გაიგებდა. ყველა საზღვარი, ყველა შემოწმება იყო უზარმაზარი შიში.

არასდროს გამომიცდია რას ნიშნავს, როცა შენი ეროვნების, ნაციონალური იდენტობის გამო გხსნიან ფრენიდან. მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქე ხარ. ეს ძალიან დამამცირებელი შეგრძნება იყო.

არასოდეს არ მქონია შიში, რომ სადმე ვერ გავფრინდებოდი, გადაადგილებას თავისუფლად ვერ შევძლებდი. ლიკასთან ერთად გარეგნულად ყველა ეს სტრესი უნდა დამებლოკა. ვერ უნდა მიმხვდარიყო ჩემი გოგო, რომ მე მეშინოდა. ყველა საკონტროლო და სასაზღვრო პუნქტი გავიარეთ სიცილ-კისკისით, მაგრამ შინაგანად დაძაბული ვიყავი, უცხო თვალით რომ გენახეთ, მხიარულ, მოგზაურ ტურისტ დედა-შვილს ვგავდით, სინამდვილეში კი ეს ასე არ იყო. მე ვდგამდი ამ სპექტაკლებს. ყველა სასტუმრეოში, ყველა წერტილში სადაც ვიყავით, მიწევდა უზარმაზარი შიშის შეფუთვა.

ეთო და ლიკა

  • „ამერიკამდე მექსიკის გზით ჩასასვლელად ერთი სახლის ფული სჭირდება ოჯახს“

მქონდა სამი ფრენა და სამანქანო გრძელი გზა, რომ მივსულიყავი დანიშნულების ადგილამდე. დანიშნულების ადგილი არიზონას სასაზღვრო სოფელი იყო, სადაც 7-8 საათი გავატარე პატარა სახლში. ჩემთან ერთად იყო 70-80 ადამიანი.

იმ პატარა სახლში იყვნენ კოლუმბიელები, ფილიპინელები და ბევრი სხვადასხვა ქვეყნიდან ადამიანები. დაახლოებით 6 ქართველი იყო, რამაც ძალიან გამახარა. მთელი ათი დღე ვიმგზავრე ისე, რომ ერთი ქართველიც არ შემხვედრია, არადა ყველგან მათ ვეძებდი თვალებით, ჩემი და ლიკას მარტო სიარული ძალიან მაშინებდა ხანდახან.

ყველანი ველოდებოდით შესაფერის მომენტს, რომ საზღვრამდე გადავეყვანეთ.

სანამ არიზონას საზღვრამდე მივიდოდით, მოგვიწია რამდენიმე საათი ქვიშიან, ცივ უდაბნოში ლოდინი და წყლის გადალახვა. ლიკა წყალში ვერ ივლიდა. გაგვიმართლა და ქართველმა ბიჭმა, ირაკლიმ, რომელიც დღესაც არ გამოსულა საემიგრაციოდან, ისევ დაკავებულია, აიყვანა ლიკუნა ხელში და ასე გადაიყვანა, სამწუხაროდ ვერ ჩავინიშნე ამ ადამიანის გვარი, რომ მერე მომეძებნა და მადლობა გადამეხადა სიკეთისთვის.

ასე მივაღწიეთ საზღვრამდე და არიზონას კედელთან აღმოვჩნდით. ეს საემიგრაციო საზღვარი იყო.

გახსოვთ ფილმი Arizona Dream? მეც ამ ფილმიდან ვიცოდი არიზონას შესახებ, ჩემი საყვარელი ფილია. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ არიზონაში ასე და ამ ფორმით მოვხვდებოდი.

არიზონაში სასაზღვრო პატრული დაგვხვდა, გადაგვანაწილეს ავტობუსებში და საემიგრაციო განყოფილებაში. მე და ლიკა ქალებთან და ბავშვებთან ერთად გადაგვიყვანეს.

ეს იყო უზარმაზარი სივრცე, სადაც იატაკზე გვეძინა, რეზინის გაშლილ ლეიბებზე, ფოლგებში გახვეულებს, რადგან იქ მუდმივად არის ჩართული კონდიცირება და ფოლგა გეხმარება სხეულის ტემპერატურა შეინარჩუნო და არ შეგცივდეს. ამ დროს ტელეფონები ჩამორთმეული გვქონდა, მერე დაგვიბრუნეს.

არიზონადან გადავფრინდით ნიუ იორკში, სადაც შევხვდით ირაკლის.

ძალიან ძვირი ღირს მექსიკის გზით ამერიკამდე ჩამოღწევა, ოჯახს ეს გზა ერთი სახლის ფული უჯდება.

ამერიკაში წამოსვლამდე ძალიან ცუდად ვიყავი ფსიქოლოგიურად, წასვლამდე ერთი თვით ადრე დამეწყო საშინელი დეპრესია იმის წარმოდგენაზე, რომ მიწევდა ჩემი საყვარელი სახლის, საყვარელი ადამიანების დატოვება, საყვარელი გარემოს, მეგობრების, რადგან ძალიან ვიყავი მიჯაჭვული ჩემს კომფორტის ზონას, ამ ყველაფერს უნდა გამოვთიშვოდი. ეს არ იყო მარტივი და უკან დასახევი გზა აღარ მქონდა.

ერთადერთი, რაც მეხმარებოდა ამ დროს, 5 წლის ლიკას განწყობა იყო, ხშირად ვუხსნიდი რამხელა არჩევანის წინაშე ვიდექით, ხშირად ვეკითხებოდი რა ერჩივნა, საქართველოში თავის მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან ყოფნა თუ მამასთან წასვლა. ერთადერთი პასუხი იყო – მამა. სასწორის ერთ მხარეს იყო მამა, მეორე მხარეს ყველაფერი დანარჩენი, რაც საქართველოში უნდა დაგვეთმო და დაგვეტოვებინა. მამამ გადაწონა. არც დაფიქრებულა ლიკუნა. რთულ პერიოდში სწორედ ეს მიმანიშნებდა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

  • „აქ ვნახე ქართველები, რომლებიც ცხოვრობენ მანქანებში, ქირაში არ ხარჯავენ ფულს, რომ ოჯახებში გაგზავნონ“

სანამ წამოვიდოდით ხშირად იმეორებდა ლიკა, არ მინდა საჩუქრები, მამასთან მინდაო. ვცდილობდით სურვილების ასრულებით, საჩუქრებით გაგვენეიტრალებინა მისი მონატრება, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

ჩვენ ახლა კონექტიკუტში ვცხოვრობთ. როცა საქართველო მოგვენატრება, ბრუკლინში წავალთ ხოლმე, სადაც უამრავი ქართველია, მაღაზიებით დაწყებული, ბანკებით დამთავრებული – ყველგან მუშაობენ ქართველები. ყოველ ნაბიჯზე გაიგონებ ქართულად საუბარს, ქართული დროშებია გამოფენილი ბრუკლინში, ქართული წარწერებია მაღაზიებზე, საქართველო თუ მოგენატრება, ბრუკლინში ნოსტალგიას გაიქრობ.

ჯერ ერთი თვეა რაც ჩამოვედი. საბედნიეროდ მე აქ დამხვდა ოჯახი, სახლი, ყველაფერი, რაც ნორმალურად ცხოვრებისთვისაა საჭირო, მაგრამ ვნახე ქართველები, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან გადარჩენისთვის, არ აქვთ საბუთები და მუშაობენ არანორმალურად, ცხოვრობენ მანქანებში, რომ არ დაეხარჯოთ ქირაში ფული და ეს ფული გაგზავნონ საქართველოში, ოჯახის წევრებთან, რამაც ძალიან დამთრგუნა.

ჩემს გარშემო მყოფი უამრავი ადამიანი მხოლოდ იმიტომ წამოვიდა ემიგრაციაში, ჩემი ოჯახი მათ შორის, რომ ბევრი შრომის მიუხედავად, ბევრი სამსახურის გამოცვლის მიუხედავად საქართველოში ვერ დასაქმდნენ ისე, რომ ნორმალური ანაზღაურება ჰქონოდათ და ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება შეძლებოდათ.

  • „საქართველოში დავბრუნდებით მხოლოდ მაშინ, როცა ჩემს ქვეყანაში გამოჩნდება რეალური ევროინტეგრაციის ხელშემწყობი ძალა“

წარმოუდგენელი და შეუძლებელია ადამიანი მუშაობდეს 10-11 საათი და ჰქონდეს ისეთი დაბალი ანაზღაურება, რომ თვიდან თვემდე მიღწევა, გადასახადების გადახდა და შვილებისთვის, ოჯახისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა, ბანკის გადასახადების გადახდა უჭირდეს. ადამიანები საკუთარ ქვეყანაში უსაფრთხოდ არ გრძნობენ თავს და ემიგრაციაში მიდიან.

არ ვგულისხმობ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო მიდიან ემიგრაციაში. ვგულისხმობ უმცირესობებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ვერ რეალიზდებიან, საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ, არ აქვთ სამსახურები და მუდმივად იდევნებიან. ამ რეალობის შესაცვლელად ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს ჩვენმა სახელმწიფომ.

ნორმალური ანაზღაურება, სამუშაო ადგილები და უსაფრთხო გარემო ის მთავარი საყრდენებია, რაც გვჭირდება ჩვენ და ჩვენს შვილებს, ყველას, ქვეყანაში რომ დაგვედგომებოდეს.

მთავარი ჩვენი ქვეყნის განვითრებისთვის ევროინტეგრაცია და სწორი ევროპული კურსია, ძალიან განვიცდი, რომ დღეს მიზანმიმართულად ხდება საქართველოს რუსიფიკაცია. ჩვენი ხელისუფლება ყველა კარს უღებს რუსეთს.

ყველა საპროტესტო აქციაზე დავდიოდი საქართველოში, გავრილოვის აქციიდან დაწყებული, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებით დამთავრებული.

საქართველოში დავბრუნდებით მხოლოდ მაშინ, როცა ჩემს ქვეყანაში გამოჩნდება ნორმალური ძალა, რომელიც ხელს შეუწყობს რეალურ ევროინტეგრაციას.

ტურიზმის სპეციალისტი ვარ და ამერიკაში ვაპირებ ჩემი პროფესიით ვიპოვო სამსახური. თავიდან ვაპირებ ადგილზე მიტანის სერვისში ვიმუშაო, ეს აქ ძალიან გავრცელებული და სახელდახელო სამსახურია. როცა ჩემს ინგლისურს სრულვყოფ, აუცილებლად დავიწყებ ტურიზმის მიმართულებით სამსახურის ძებნას და ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი გამომივა.

ზუსტად ვიცი ისიც, რომ მე დავბრუნდები ჩემს სამშობლოში და გავაკეთებ იმას, რაც სულ მინდოდა, მივიღებ მონაწილეობას იმ ადგილების განვითარებაში, სადაც დავიბადე და გავიზარდე.

ძალიან ამაყად მეჭირა თავი საქართველოდან ამერიკამდე მექსიკის გავლით, შიშს არ ვიმჩნევდი, მაგრამ ჩამოსვლის მერე მივხვდი, რომ ეს ძალისხმევა, რაც აქ ჩამოსასვლელად გამოვიყენე, იმდენად დიდი იყო, რომ ერთიანად გამომაცალა ყველა ძალა და ენერგია, მოვიცელე. ერთი თვეა აქ ვართ და ახლა ვიწყებ გამოფხიზლებას. ნელ-ნელა ვიწყებ გარემოსთან შეგუებას.

მთელი ამ რთული გზის მანძილზე ერთი წუთითაც არ მინანია გადაწყვეტილება, რაც მივიღე. ზუსტად ვიცოდი, რომ ამ გზას გავივლიდი და მივიდოდი იქ, სადაც უნდა მივსულიყავი.

როდის ჩავალთ მამასთან? – მთელი გზა ამას მეკითხებოდა ლიკა. მოთმინებით იტანდა ყველაფერს, მე მსგავსი რამ არ მინახავს, არც მსმენია 5 წლის ბავშვს ამდენი სირთულისთვის გაეძლოს. მტკიცედ აეტანა ყველაფერი, რაც გავიარეთ.

ყველაფერს ვეცადე, რომ ეს დღეები არ ყოფილიყო მისთვის დამთრგუნველი და რთულად გასახსენებელი. მგონი გამომივიდა კიდეც. ლიკას ეს დღეები არასდროს გაახსენდება როგორც საშიში ფილმის კადრი.

ამერიკაში გახდა ჩემი გოგო ექვსი წლის და შეხვდა მამას, რომელიც წელიწად-ნახევარი არ ჰყავდა ნანახი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: