მთავარი,სიახლეები

სად არიან ქალები აჭარის მუნიციპალიტეტების მერიებსა და საკრებულოებში

07.12.2023 • 797
სად არიან ქალები აჭარის მუნიციპალიტეტების მერიებსა და საკრებულოებში

აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერი კაცია, ისევე, როგორც ამ მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები.

მერებს ჯამში 14 მოადგილე ჰყავთ და სამი მათგანია მხოლოდ ქალი. ხულოს, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ამ პოზიციაზე ქალს არ ვხვდებით. შუახევის მერს 3 მოადგილე ჰყავს და მათგან ერთი ქალია, 2 ქალი მოადგილე ჰყავს ბათუმის მერს, თუმცა ქალაქის ვიცე-მერის თანამდებობა კაცს უკავია.

აჭარაში მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეებს სულ 18 მოადგილე ჰყავთ და აქედან მხოლოდ ორია ქალი – ქობულეთსა და ბათუმში.

ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ბათუმის საკრებულოებს ჯამში სულ 160 წევრი ჰყავთ, მუნიციპალიტეტების ოფიციალურ ვებგვერდებზე დაყრდნობით, მათ შორის მხოლოდ 32 ქალია.

ხულოს საკრებულოს 24 წევრიდან 4 ქალია, შუახევში 21-დან 3, ქედაში 21-დან 3, ხელვაჩაურში 10-დან 2, ქობულეთში 39-დან 8, ხოლო ბათუმში 35-დან ცხრა ქალია.

რა არის ასეთი გენდერული დისბალანსის მიზეზი აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებსა და მერიებში?

ხულოს მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარის, ხულოს საკრებულოს წევრის, ნარგიზ დეკანაძის თქმით, გასულ წლებთან შედარებით ახლა უფრო გათვალისწინებულია გენდერული თანასწორობის დაცვის საკითხი საკრებულოებში. ქალების რაოდენობა შედარებით რომ გაიზარდა, კარგია, თუმცა არ ვფიქრობ, რომ საკმარისიაო – დასძინა მან „ბათუმელებთან“.

„მაგალითად, საკრებულოს თავმჯდომარეს უკვე სამი მოადგილე ჰყავს და ერთ-ერთი ქალი რომ ყოფილიყო, ძალიან კარგი იქნებოდა და ასევე, [ხულოს] მერის მოადგილეების შემთხვევაშიც რომ ერთი ქალი იყოს გათვალისწინებული.

2014 წლიდან ვარ საკრებულოს წევრი და მაშინ მარტო მე ვიყავი ქალი,  მეორე მოწვევაში ორნი ვიყავით და ახლა, მესამე მოწვევაში, ოთხი ქალი ვართ საკრებულოში, ორი სახელისუფლებო  პარტიიდან და ორი – ოპოზიციიდან“, – გვითხრა ნარგიზ დეკანაძემ.

ნარგიზ დეკანაძე დარწმუნებულია, რომ შემდეგში კიდევ უფრო მეტი ქალი იქნება საკრებულოსა და სხვადასხვა თანამდებობაზე.

თითქმის იგივე მდგომარეობაა შუახევის საკრებულოშიც.

„საკრებულოს 21 წევრი ვართ და აქედან სამია ქალი. 2 ვართ „ქართული ოცნებიდან“ და 1 – „ნაციონალური მოძრაობიდან“.

რა თქმა უნდა, სურვილი არის დიდი, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს გადაწყვეტილების მიმღებთა რიგებში“, – გვითხრა ფატი ჭაღალიძემ, რომელიც შუახევის საკრებულოს წევრია 2014 წლიდან.

მისი თქმით, სასურველია ბალანსი – თუ ერთი აღმასრულებელი წარმომადგენელი, მაგალითად, მუნიციპალიტეტის მერი მამაკაცია, სასურველია, რომ იმავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ქალი იყოს.

„ხშირად ამბობენ, რომ კვოტირებით მოსული ქალი შეიძლება არ იყოს დამსახურებულად მოსული და რატომ მაინცადამაინც კვოტირებით, იბრძოლოს მანაც და მოვიდესო. არ არის ადვილი ბრძოლა. რაღაც გარკვეული წარმატება არის ამ კუთხით და რომ არა კვოტირება, დღესაც არ იქნებოდა მსგავსი წარმატება.

რა თქმა უნდა, წარმომადგენლობით ორგანოებში აუცილებლად უნდა გაიზარდოს ქალთა რიცხვი და ვფიქრობ, სწრაფად ვიზრდებით.

მთავარია, პარტიების გადაწყვეტილება, სადაც სიები იწერება. გადაწყვეტილების მიმღები ხშირად არიან კაცები და უნდა გაჩნდნენ ქალები, რომ ქალების მხარდამჭერები გახდნენ.

ისევ და ისევ ვფიქრობ, რომ კანონის ფარგლებში უნდა დარეგულირდეს ეს, თორემ რთული იქნება“, – ამბობს ფატი ჭაღალიძე.

ფატი წლების განმავლობაში იყო საკრებულოს ერთადერთი ქალი წევრი.

„პირველად, როცა ერთი ქალი ვიყავი საკრებულოში, ისეთი დისკომფორტი იყო…. კომპლექსი მქონდა მეც. ახლა აღარ მაქვს კომპლექსი, იმიტომ, რომ მეც გავიზარდე და სხვებმაც დაინახეს, რომ არ ყოფილა ეს საშინელება. მიხვდნენ, რომ საჭიროა. უცილებლად უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტი ქალი გადაწყვეტილების მიმღებთა რიგებში“.

საკრებულოებსა და მერიებში გენდერულ უთანასწორობაზე „ბათუმელები“ ქედის საკრებულო წევრს, ჯემალ დავითაძესაც ესაუბრა. ის საკრებულოში წარმოადგენს პარტიას – „გახარია – საქართველოსთვის“.

„ეს მე კი არ უნდა მკითხოთ, „ოცნებას“ უნდა ჰკითხოთ.

„სია როგორც გააკეთეს, ისეა. ყველა ქალი შესულია სიით საკრებულოში. პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“ მხოლოდ მე ვარ სიით გასული, „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი ქალი ჰყავს, დანარჩენები „ოცნების“ წევრები არიან და როგორც სია შეადგინეს, ისეა დაცული ბალანსი“, – ამბობს ჯემალ დავითაძე და დასძენს, რომ აუცილებელია მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში.

„ბათუმელები“ ხელვაჩაურის საკრებულოსაც დაუკავშირდა, თუმცა, როგორც საკრებულოს პრესსამსახურში გვითხრეს,  „ხელვაჩაურის საკრებულოს არც ერთმა კაცმა წევრმა არ გამოთქვა კომენტარის გაკეთების სურვილი“.

ნათია თხილაიშვილი ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. ის მიიჩნევს, რომ თუ კანონი დაავალდებულებს მსგავს ორგანოებს ყველა მეორე წევრი იყოს ქალი, ასეც იქნება.

„ახლა რასაც კანონი ავალდებულებს, რომ ყოველი მესამე იყოს ქალი, ზუსტად ისეა შეყვანილი და ყოველი მესამეა ქალი. „ზედმეტი“ მაჟორიტარი ქალი არსად არ არის. ქალების, მათი ცოდნისა და შესაძლებლობების მიმართ უნდობლობა არ არის, უბრალოდ პროპორციული სიით მოხვდა და დამთავრდა, ასე არ არის“, – ამბობს ნათია თხილაიშვილი.

ბათუმის საკრებულოში 35 წევრიდან ცხრა ქალია.

„გაცხადებული გვაქვს ჩვენ, რომ გენდერული თანასწორობა უნდა იყოს. კი იცით, მივდივართ აქეთკენ და ნელ-ნელა მოვა ის დრო, რომ გათანაბრდება, იმედია“, – გვითხრა ზურაბ ნაკაიძემ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთმა მოადგილემ.

მას ვკითხეთ, თუ ხედავს საჭიროებას, ქალებიც რომ იყვნენ გადაწყვეტილების მიმღები პირები.

„მთავარია, მისაღები პიროვნება იყოს თავმჯდომარე, თორემ ქალი იქნება თუ კაცი, ჩემთვის სულ ერთია. რა მნიშვნელობა აქვს?

ჩვენს შემთხვევაში, მე მგონია, რომ საკრებულოში ძალიან ბევრი მანდილოსანია, რამდენია ახლა, ასე ვერ დავთვლი, მაგრამ თითქმის თანაბარია, ხომ? არაა დიდი განსხვავება, ბათუმის საკრებულოს შემთხვევაში“, – გვითხრა ზურაბ ნაკაიძემ.

 

ამავე თემაზე: 

ყველა მერი კაცია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: