მთავარი,სიახლეები

5 წელი ვმუშაობდი ერაყში, ქმარი იქ დამეღუპა – ემიგრანტი ქალი ჩოხატაურიდან

30.11.2023 • 5114
5 წელი ვმუშაობდი ერაყში, ქმარი იქ დამეღუპა – ემიგრანტი ქალი ჩოხატაურიდან

„შემოსავალი არ აქვს ქალს საქართველოში. აქ რომ ოდნავი გასაქანი ყოფილიყო, არ წავიდოდა ამდენი ქალი უცხოეთში. ახლა მე საქმე მომეცა და ამიტომ დავბრუნდი საქართველოში, თორემ დავბრუნდებოდი სხვებივით ემიგრაციაში“ – ამბობს ნონა ბერიძე, 53 წლის ემიგრანტი, რომელმაც ერაყში 5 წელი გაატარა, მერე კი სახლში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურაში დაბრუნდა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩხაკოურა

„ემიგრაციის შემდეგ ვფიქრობდი, როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება საქართველოში. ავიღე ჩემი მზითვის საკერავი მანქანა და კერვა დავიწყე. კერვა და ქსოვა ადრეც ვიცოდი, მაგრამ არ მეგონა, რომ ეს საქმე ასე გამომადგებოდა. უამრავი შეკვეთა მაქვს. ბევრ რამეს ვკერავ და საკმაოდ კარგადაც გამომდის ხელსაქმე.

რაღა ემიგრაციაში დავბრუნდე უკან-მეთქი ვიფიქრე და დავრჩი სახლში.

მერე მიგრაციის მსოფლიო ორგანიზაციის პროექტის შესახებ შევიტყვე და ბიზნესგეგმა დავწერე., აღვწერე, როგორ გამოვიმუშავებდი ხელფასს ჭრა-კერვით და რომ მინდოდა გამეუმჯობესებინა ჩემი საქმიანობა.

მიგრაციის მსოფლიო ორგანიზაციამ 7000 ლარის ღირებულების საქსოვი და საკერავი მანქანა გადმომცა. ისევ გრძელდება ეს პროექტი და ჩავრთე ჩემს სოფელში დაბრუნებული ყოფილი ემიგრანტი ქალებიც საქმეში, ვუამბობ მათ ამ პროექტის შესახებ და ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას. სოფელში ცხოვრება და საქმის დაწყება რთულია და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ეს დამატებითი რესურსი ბევრ რამეს ნიშნავს ჩვენთვის“ – ამბობს ყოფილი ემიგრანტი.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია – გაეროს მიგრაციის სააგენტო -IOM – 1993 წლიდან მოქმედებს საქართველოში, 2003 წლიდან კი სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნებასა და რეინტეგრაციაში დახმარებას. დღემდე IOM-ი დაეხმარა 8096 დაბრუნებულ მიგრანტს რეინტეგრაციაში – სულ 6361 ოჯახს.

ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამით სარგებლობს საქართველოს მოქალაქე, რომელიც საზღვარგარეთ ყოფნის დროს აღმოჩნდა მოწყვლად მდგომარეობაში, მაგალითად: არ აქვს ლეგალური სტატუსი ან სამგზავრო დოკუმენტები, გახდა თაღლითობის ან ტრეფიკინგის მსხვერპლი, უარი ეთქვა თავშესაფარზე და/ან არ აქვს თავისი ხარჯებით სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) სამშობლოში ნებაყოფლობითი დაბრუნების და რეინტეგრაციის პროექტი ფინანსდება ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ.

ნონა ბერიძე ფონდ „ტასოს“ ბენეფიციარიცაა. მან 2 საკერავი და საქსოვი მანქანა შეიძინა ამ ფონდის დახმარებით და „ტასოს“ პროგრამის ფარგლებში ჭრა-კერვის კურსებიც გაიარა ოზურგეთში.

„ტასო“ ქალთა ეროვნული ფონდია, რომლის საქმიანობებიც მიმართულია ქვეყანაში ქალთა გაძლიერებისა და მძლავრი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ.

„ტასოს“ დონორები არიან ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC), ქალთა საერთაშორისო ასოციაცია (IWA), ქალთა გლობალური ფონდი, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, ღია საზოგადოება საქართველო და სხვები.

ნონა ბერიძე ერაყში 5-წლიანი ემიგრაციის განმავლობაში პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში. ლეგალურად იყო დასაქმებული და მისვლა-მოსვლის უფლება ჰქონდა, თუმცა, მისი თქმით, ერაყში მუშაობდნენ არალეგალურად მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც.

ემიგრაციიდან დაბრუნებული ნონა ბერიძე შვილიშვილებთან ერთად/ჩოხატაური, სოფელი ჩხაკოურა, 2023 წელი

„ჩემი ქმარი ხის სახერხ საამქროში მუშაობდა, მერე დაიკეტა ეს საამქრო და დარჩა უმუშევარი. უსახსროდ ვიყავით. მრავალშვილიანები ვართ, 13 ვიყავით სახლში, შვილებით, შვილიშვილებით… ჩემმა ქმარმა შემომთავაზა ერაყში წავსულიყავით ერთად სამუშაოდ. ჩემი ძმა იყო იმ დროს ერაყში და მან გაგვიგო ყველაფერი. გამოჩნდა ოჯახი, სადაც ჯერ მე წავედი სამუშაოდ და მერე ჩემი მეუღლეც ჩამოვიდა“ – იხსენებს ნონა ბერიძე.

ის გვიყვება, რომ ერაყში ბევრი ქართველი ემიგრანტი მიდის შრომით ემიგრაციაში. კორპუსში, სადაც ნონას და მის მეუღლეს ჰქონდათ ბინა ნაქირავები, სულ ქართველები ცხოვრობდნენ. პანდემიის პერიოდშიც ემიგრაციაში იყვნენ, ძირითადად უმუშევრები და ჩაკეტილები.

ყოფილი ემიგრანტი ამბობს, რომ 4 საათში 25 დოლარს უხდიდნენ ერაყელი ოჯახები ქართველ ემიგრანტებს დალაგება-დასუფთავებასა და სადილ-ვახშმის მომზადებაში. იყვნენ ემიგრანტები, რომლებსაც 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი ჰქონდათ, ოჯახებშივე ცხოვრობდნენ და თვეში 600 დოლარი ჰქონდათ ხელფასი.

ნონას თქმით, ქართველი ემიგრანტები ერაყის საავადმყოფოებშიც არიან დასაქმებულები.

ნონას თავიდან დიდი ხელფასი არ ჰქონდა, მაგრამ ცოტა დრო რომ გავიდა, 1200-1300 დოლარს უხდიდნენ სახლის საქმეებში.

ემიგრაციაში დაიღუპა ნონას მეუღლე.

„ჩემი მეუღლე ავარიით დაიღუპა. ქართველებთან ვიყავით სტუმრად და საღამოს შინ ვბრუნდებოდით, ტრასა გადავჭერით და ჩემს ქმარს მანქანამ დაარტყა, ადგილზევე გარდაიცვალა.

მძღოლი დაიჭირეს. იქ ასეთი წესია, თუ ვინმე ვინმეს შემთხვევით კლავს, ოჯახს კომპენსაციას უხდიან. სასამართლოსთვის არ მიგვიმართავს, საჩივარი არ შეგვიტანია მძღოლის წინააღმდეგ, არ გაქცეულა, მანქანა გააჩერა და გვეპატრონა. ოჯახი გვთხოვდა, დაგვესახელებინა თანხა, რაც მათ შეეძლოთ გადაეხადათ დანაშაულისთვის. ვერაფერს ვამბობდი, ქმარი დამეღუპა და ფული როგორ ავიღო-მეთქი, ვფიქრობდი, მაგრამ ბანკის ვალების გამო ვიყავით წასული და გადავწყვიტე, დავთანხმებოდი, მიგვეღო ამ ხალხისგან 20 ათასი დოლარი“ – იხსენებს ნონა ბერიძე.

პანდემიის მერე ერაყში სამსახურის პოვნა ჭირდა და ნონაც ჩოხატაურში დაბრუნდა. ეს ჩემი ემიგრაციის დასასრულია, ამ წლებმა ოჯახთან ყოფნის ძვირფასი შესაძლებლობა და მეუღლე წამართვაო, ამბობს.

ნონას 4 შვილი ჰყავს, 3 ბიჭი და ერთი გოგო. ორი ბიჭს ოჯახი აქვს, შვილებიც ჰყავთ, გოგო მეათეკლასელია. ნონა  პენსიონერ მამამთილსაც უვლის. ყოფილი ემიგრანტის ოჯახში ახლა 9 წევრია.

ნონას შვილმა და რძალმა ცალკე მოაწყვეს საკალმახე მეურნეობა, ლიფსიტებიც გამოჰყავთ და რეალიზაციას ეწევიან. ნონა ფიქრობს, რომ თუ შესაძლებლობა ჩნდება, სჯობს საკუთარ ქვეყანაში მოეკიდოს ადამიანი საქმეს, მაგრამ ყველას ეს საწყისი მოცემულობა არ აქვს. მას და მის ოჯახს გაუმართლა. ორი ბიზნესით, ჭრა-კერვითა და საკალმახე მეურნეობით ნონას დიდი ოჯახი თავის გატანას ახერხებს.

ნონას შვილისა და რძლის საკალმახე მეურნეობაც ფონდი „ტასოს“ დაფინანსებითაა შექმნილი.

„ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ, მაგრამ ჩემი ყურადღება პარლამენტში ატეხილმა დავიდარაბამ მიიპყრო. რუსული კანონის მიღებას აპირებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიების შესავიწროებლად.

ეს ორგანიზაციები ხალხისთვისაა, ხალხს გვეხმარება, გვერდით გვიდგას. ძლივს რაღაც საშველი დაგვადგა გლეხ ქალებს, შეგვიძლია პროექტი, ბიზნესგეგმა დავწეროთ და იდეის განხორციელება შევძლოთ, უცებ კი იწყებენ საუბარს ამ კანონზე. არ შეიძლებოდა ასეთი რამ, ხალხს თუ ვინმე გვერდით დაუდგება, რატომ უნდა ვდევნოთ, არ ვფიქრობთ იმაზე, თუ რას აკეთებენ ეს ორგანიზაციები, არ ვფიქრობთ ხალხზე, ვისაც ისინი ეხმარებიან“ – ამბობს საქართველოში დაბრუნებული ყოფილი ემიგრანტი.

ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში საქართველოდან ემიგრაციაში წამსვლელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს საქართველო დატოვა 80 351-მა მოქალაქემ. იმავე პერიოდში, საქსტატის თანახმად, ქვეყანაში ემიგრაციიდან დაბრუნდა 39 526 მოქალაქე. შესაბამისად, უარყოფითი მიგრაციული სალდო იყო 25 966.

2022 წელს, საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან ემიგრაციაში წავიდა 108 590 ადამიანი.

ნახეთ ვიდეო:

გადაბეჭდვის წესი


ასევე: