მთავარი,სიახლეები

„ქობულეთის მუსლიმური პანსიონის საქმეზე“ ევროსასამართლომ დარღვევა დაადგინა

30.11.2023 • 902
„ქობულეთის მუსლიმური პანსიონის საქმეზე“ ევროსასამართლომ დარღვევა დაადგინა

ევროპის ადამიანის უფლების დაცვის საერთაშორისო სასამართლომ „ქობულეთის მუსლიმური პანსიონის საქმეზე“ ქართველი მუსლიმების მიმართ დარღვევა დაადგინა.

ქობულეთში მუსლიმ თემს პანსიონით სარგებლობის უფლება 2014 წელს არ მისცეს, მაშინ პანსიონის კარზე ადგილობრივებმა ღორის თავი მიაჭედეს.

2016 წელს ამ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დისკრიმინაცია დაადგინა, თუმცა დისკრიმინაცია დადგინდა ფიზიკური პირების, ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ და არა – სახელმწიფოს და კონკრეტულად შსს-ს მიმართ.

მუსლიმმა თემმა სტრასბურგის სასამართლოს კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლების დარღვევის დადგენის მოთხოვნით მიმართა, რაც დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, ასევე, დისკრიმინაციის აკრძალვას გულისხმობს.

„…სახელმწიფომ მუსლიმი თემის უსაფრთხოების და უფლებების დაცვაზე დემონსტრაციული უარი თქვა და ამ დრომდე უკვე 9 წელია იმავეს აკეთებს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დარღვევა დაადგინა და მიიჩნია, რომ სახელმწიფომ მოსარჩელეების მიმართ დაარღვია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და რელიგიის თავისუფლება, დისკრიმინაციასთან ერთად, ასევე საკუთრების უფლება.

ეს საქმე ყველას გვახსოვს იმ შემზარავი ისლამოფობიური აქტით, როცა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა პანსიონატის ჭიშკართან ღორი დაკლა და მისი თავი შენობის კარზე მიაჭედა. მომდევნო თვეები კი პანსიონატის შენობასთან ორგანიზებული აქციებით და მორიგეობით ავიწროებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ სასულიერო პირებს და პანსიონატის თანამშრომლებს. ეს აქტი ისლამოფობიის კლასიკური შემთხვევა იყო და უმძიმესი გამოცდილების გამოვლა მოუწიათ ადამიანებს.
ძალიან მიხარია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სამართლის სისტემის შიგნით ჩვენი მოქალაქეები ვერ იღებენ დარღვეული უფლებების აღდგენის შესაძლებლობას, ამას ვახერხებთ ევროპული სასამართლოს გზით და მართლმსაჯულება მაინც ზეიმობს,“ – წერს სოციალურ ქსელში თამთა მიქელაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია სასამართლოებში მუსლიმი თემის ინტერესებს იცავს.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ევროსასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 [პირადი ცხოვრების უფლება] და მე-9 მუხლების [აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება] დარღვევა, მე-14 მუხლთან [დისკრიმინაციის აკრძალვა] ერთობლიობაში და მიიჩნია, რომ პოლიციამ არ შეაჩერა კერძო პირების დისკრიმინაციული ქმედებები რელიგიური პანსიონატის წინააღმდეგ და ამასთან ერთად, რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული შევიწროების აქტზე, გამოძიების ფორმალური ჩატარების მიუხედავად, შესაბამისი სამართლებრივი შედეგი არ დადგა.

ევროპული კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლებთან და მათთან კავშირში მე-14 მუხლთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლების ორგანოების მხრიდან განმცხადებლების პირადი ცხოვრება, ღირსება და რელიგიური მრწამსი სათანადოდ არ იქნა დაცული. განმცხადებლები აგრესიულად განწყობილი ჯგუფის მიერ ორგანიზებული აქციის დროს სიძულვილის ენის, მუქარისა და დამამცირებელი მოპყრობის სამიზნეები იყვნენ, აღნიშნულმა კი, პოლიციის უმოქმედობასთან ერთად, შიშისა და დაუცველობის განცდა ჩამოაყალიბა, რის გამოც განმცხადებლებმა პანსიონატის გახსნისგან თავი შეიკავეს.

კონტექსტის გააზრებისა და გარემოებების ობიექტური შეფასების ფონზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ ძალადობრივი ქმედებები, განმცხადებლების რწმენის წინააღმდეგ იყო მიმართული, კერძოდ კი, მათ დასამცირებლად და შესაშინებლად. ამიტომ, არსებითი იყო შესაბამის ეროვნულ ორგანოებს გაეღოთ ყველა შესაძლო ზომა, მათ შორის სპეციფიკური კონტექსტის გათვალისწინებით გამოძიების ჩატარება რელიგიით მოტივირებული ძალადობრივი ქმედებების გამოვლენის მიზნით.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეროვნულმა ორგანოებმა სათანადოდ ვერ უზრუნველყვეს პოზიტიური ვალდებულება, დაედგინა რელიგიურ მრწამსთან მიმართებით ზიანი, რაც უნდა ყოფილიყო ამ მოვლენების გამოძიების ცენტრალური ყურადღების საგანი.

განმცხადებლები ასევე სადავოდ მიიჩნევდნენ კონვენციის მე-3 მუხლის [წამებისა და არასათანადო მოპყრობის აკრძალვა] დარღვევას და მათ მიმართ ღირსების შემლახავ მოპყრობას.

ევროსასამართლომ არ უარყო შენობის კარზე ღორის თავის დაკიდების ფაქტი, რამდენად დამამცირებელი შეიძლება ყოფილიყო მუსლიმი თემის წარმომადგენლებისათვის, თუმცა დაადგინა, რომ მოცემულ საქმეზე გამოვლენილი სისასტიკის ზღვარი არ უახლოვდება კონვენციის მე-3 მუხლით დადენილ სტანდარტს და ღირსების შელახვის შეფასება კონვენციის მე-8 მუხლის [პირადი ცხოვრების უფლება] ქვეშ მოახდინა.

სასამართლომ განმარტა, რომ „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობებს“ ჰქონდა დაქირავებული შენობის თავისუფლად გამოყენებისა და მფლობელობის უფლება. სასამართლომ მიუთითა კერძო პირების მიერ ჩადენილ არაკანონიერ ქმედებებსა და სახელმწიფოს მხრიდან მიღებული არასაკმარის ზომებზე და აღნიშნა, რომ შპს „ქობულეთის წყლისა“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ სკოლის შენობის საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირების განზრახ შეფერხებით, „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობებმა“ ფაქტობრივად დაკარგა თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, იმდენად, რამდენადაც, მას მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში არ მიეცა შესაძლებლობა, მისი სურვილის შესაბამისად, შენობა მუსლიმური სკოლის გასახსნელად გამოეყენებინა.

საყურადღებოა, რომ ამ ნაწილში სასამართლომ არ გაიზიარა სახელმწიფოს პოზიცია,რომ განმცხადებლისათვის თავისი უფლებების ეფექტური დაცვის საშუალების მინიჭების გზით, სახელმწიფომ მასზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება შეასრულა.

ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ სკოლის შენობით სარგებლობის უფლების დაკარგვა, მისი თანმდევი შედეგებით, ვერ იქნება მხოლოდ კერძო პირების არაკანონიერი ქმედებების შედეგი, იმდენად, რამდენადაც, პასუხისმგებელმა სახელმწიფო ორგანოებმა, დისკრიმინაციული ქმედებებისა და მუქარის წნეხის ფონზე, ვერ შეძლეს დროულად შეეჩერებინათ სკოლის ბლოკადა, რაც სასამართლომ სახელმწიფოს მიერ მასზე დაკისრებული უარყოფით ვალდებულებების შეუსრულებლობად მიიჩნია,“ – აღნიშნულია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ მომზადებულ განცხადებაში.

ევროსასამართლომ საქართველოს ასევე დააკისრა კომპენსაციის სახით 5 ათასი ევროს გადახდა. სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ამ პროცესზე ზედამხედველობა დაწესდება.

„ქართველ მუსლიმთა ურთიერთობების“ და სხვა შვიდი მუსლიმური თემის წარმომადგენლის სახელით განაცხადი ევროპულ სასამართლოში „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ „ევროპის ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ცენტრთან“ (EHRAC) ერთად 2019 წელს წარადგინა.

ამ თემაზე: 

რამდენად შეიცვალა ადგილობრივების განწყობა ქობულეთში მუსლიმურ პანსიონზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: