მთავარი,სიახლეები

ემიგრანტი ქალები შვილიშვილებისთვისაც აგრძელებენ შრომას ემიგრაციაში – კვლევა

29.11.2023 • 1166
ემიგრანტი ქალები შვილიშვილებისთვისაც აგრძელებენ შრომას ემიგრაციაში – კვლევა

„ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთ ვითომ, მაგრამ ყველაზე მთავარს ვაფუჭებთ – შვილებს ვკარგავთ, ახლობლებს ვკარგავთ, მეგობრებს… ყველაფერს ვკარგავთ, აბსოლუტურად. ჩემი შვილი 14 წლის გათხოვდა – აი, ეს გააკეთა ჩემმა აქ წამოსვლამ… ამას ვერანაირი ფული ვერ აანაზღაურებს“- ციტირებს ერთ-ერთი ემიგრანტი ქალის ნათქვამს კვლევა, რომელიც წელს, 10 ნოემბერს გამოქვეყნდა.

კვლევა ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) – საქართველო“, გაეროს განვითარების პროგრამის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით.

კვლევა – „საქართველოს შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა“ მიზნად ისახავდა ქართველი შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის საკითხების შესწავლას, დაბრუნებისა და რეინტეგრაციის კონტექსტში.

კვლევა აჩვენებს, რომ საკუთარ ოჯახთან, სახლსა და ქვეყანასთან განშორება უზარმაზარი სტრესია მიგრანტი ქალებისთვის, განსაკუთრებით კი, არასრულწლოვანი შვილების დედებისთვის.

„დედის ემიგრაცია, ერთი მხრივ, აუმჯობესებს შვილების მატერიალური კეთილდღეობისა და განათლების მიღების შესაძლებლობებს, მეორე მხრივ კი, ეს იწვევს ფიზიკური და ემოციური ზრუნვის დეფიციტს, რაც უარყოფითად აისახება დატოვებული ბავშვების სოციალიზაციისა და რეალიზაციის პროცესებზე.

ოჯახისა და სახლისგან შორს ყოფნის ტკივილს თან ერთვის შესრულებული სამუშაოს ფიზიკური და ემოციური სირთულეები, რაც ხშირად უარყოფითად აისახება ქალების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე“ – ნათქვამია კვლევაში.

აქვე საუბარია იმაზე, რომ ემიგრანტი ქალების სამუშაო სტრესულია, რადგან გულისხმობს მუდმივად სხვის ოჯახში, „სხვისი ცხოვრებით“ ცხოვრებას და თან სდევს შრომითი უფლებების დარღვევა.

გარდა ამისა, ხანგრძლივი ემიგრაცია თითქმის გარდაუვალად იწვევს ოჯახთან და საზოგადოებასთან გაუცხოების პრობლემას, რაც ქალებს თავს „ზედმეტად“ აგრძნობინებთ საქართველოში და რეემიგრაციის მიზეზიც ხშირად ხდება.

ამავე კვლევის მიხედვით, 2020 წლისთვის საქართველოდან 861 ათასი ადამიანი წავიდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23 პროცენტია და რომლის 51 პროცენტი არის ქალი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, კი, 2021 წლისთვის ემიგრანტების რაოდენობამ 99 974 შეადგინა, რომელთა 38 პროცენტი ქალია.

„ემიგრაციიდან დაბრუნებული რესპონდენტები წარმოადგენენ ქალებს, რომლებიც 1-8 წლის წინ დაბრუნდნენ საქართველოში, უსარგებლიათ ან არ უსარგებლიათ ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო ან არასახელმწიფო პროგრამებით, მათ შორის, დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამებით და დასაქმდნენ ან ვერ დასაქმდნენ ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ.

როგორც შრომით ემიგრაციაში მყოფი, ისე დაბრუნებული ქალები წარმოადგენენ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს (32-იდან 72 წლის ჩათვლით), არიან როგორც თბილისიდან, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქალაქებიდან და სოფლებიდან, მათი ოჯახური მდგომარეობა განსხვავებულია.

ყველა მათგანი ემიგრაციაში დაკავებულია ან დაკავებული იყო დაბალკვალიფიციური, დაბალანაზღაურებადი საქმით, ძირითადად, შინ შრომით (მოხუცისა თუ ბავშვის მოვლა, დალაგება, და ა.შ.)“ – წერია კვლევაში.

რესპონდენტების ემიგრაციის ქვეყნებს წარმოადგენს: ამერიკის შეერთებული შტატები, ესპანეთი, თურქეთი, იტალია, ისრაელი, პორტუგალია, რუსეთი და საბერძნეთი.

ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოში დარჩენილი ოჯახის წევრების საჭიროებები მუდმივად იზრდება და ემიგრანტი ქალები შვილების შემდეგ შვილიშვილების კეთილდღეობისთვის აგრძელებენ შრომას ემიგრაციაში.

„ვამბობდი, რომ პრობლემებს მოვაგვარებ და დავბრუნდები, მაგრამ პრობლემა პრობლემას ემატებოდა ეკონომიკის მხრივ, უკან-უკან წავიდა ქართული ყოფიერება…“ – ამბობს 48 წლის ერთ-ერთი ემიგრანტი კვლევაში.

„ეს სურათი მიუთითებს მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, რომლის გამოც ოჯახები თაობათა ცვლის პროცესშიც კი რჩებიან ფულად გზავნილებზე დამოკიდებულნი.

მართლაც, საქართველოს ეკონომიკაზე ფულადი გზავნილების გავლენა ყოველწლიურად იზრდება.

ეროვნული ბანკის უახლესი მონაცემებით, ემიგრანტების გზავნილებმა 2022 წელს 2.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ს დაახლოებით 9 პროცენტია.

წინა წლებს, განსაკუთრებით პანდემიამდე პერიოდს თუ შევადარებთ, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 916.3 მლნ აშშ დოლარი იყო, მშპ-ს დაახლოებით 5 პროცენტი“ – ნათქვამია კვლევაში.

კვლევის თანახმად, ემიგრანტების საქართველოში დაბრუნების მიზეზებიც განსხვავებულია, თუმცა უფრო ხშირად პირად და ოჯახთან დაკავშირებულ ვალდებულებებს უკავშირდება, ვიდრე ფინანსური თვითკმარობის მიღწევას.

„ზოგიერთ შემთხვევაში, ქალები ბრუნდებიან ფიზიკური ან ემოციური რესურსის ამოწურვის გამო, ზოგჯერ – მოხუცი მშობლის ან შვილიშვილის მოსავლელად. უფრო იშვიათად კი ბრუნდებიან ემიგრაციის „მიზნის“ მიღწევის შემდეგ, რაც შესაძლოა, მაგალითად, ვალების გასტუმრებას, უძრავი ქონების შეძენას გულისხმობდეს.

თუმცა ეს დაბრუნების შემდეგ ფინანსური კაპიტალის არსებობას და მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკურ სტაბილურობას არ ნიშნავს.

დაბრუნებული მიგრანტი ქალების ეკონომიკური სტაბილურობის ხელის შემშლელად, პირველ რიგში, სამუშაო ადგილების ნაკლებობა და დაბალი ანაზღაურება დასახელდა“ – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევაში გამოიკვეთა, რომ დაბრუნებული მიგრანტი ქალებისთვის ღირსეული ანაზღაურებით სამუშაო ადგილის პოვნას ხშირად აფერხებს გამოცდილების ნაკლებობა. საერთაშორისო პრაქტიკის მსგავსად, ქართველი ემიგრანტი ქალებიც, ძირითადად, შინ შრომაში არიან ჩართულები – უვლიან ბავშვებს ან მოხუცებს, ალაგებენ სახლებს.

„საშინაო შრომა კი, საქართველოში დაუფასებელი და მინიმალურად ანაზღაურებადია, ვერ უზრუნველყოფს ოჯახების ეკონომიკურ უსაფრთხოებას და დაბრუნებული ემიგრანტი ქალები გამოსავალს ისევ ემიგრაციაში პოულობენ.

„თუ ჩემი ქვეყანა მთავაზობს და სხვა საშუალება ვერ ვნახე, რომ ვიყო ისევ დამლაგებელი… მაშინ მირჩევნია ვიყო დოლარად ანაზღაურებადი დამლაგებელი“- ამბობს 57 წლის ემიგრანტი ქალი კვლევაში.

ხშირად, ბანკის ვალი და მისი გადაუხდელობის გამო საცხოვრებლის დაკარგვის რისკი ის ბოლო წვეთია, რომელიც ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილებას განაპირობებს.

საქართველოში ჩატარებული სხვა კვლევებიც ადასტურებს, რომ ვალის გადაუხდელობის გამო საცხოვრებლის დაკარგვა ხშირად უკავშირდება იძულებით ემიგრაციას სარჩოსა და თავშესაფრის საძიებლად.

2019-2022 წლების განმავლობაში სხვა პროგრამებით ჯამში დაახლოებით 350 მიგრანტი დაბრუნდა საქართველოში, საიდანაც 55 პროცენტი იყო ქალი.

„მხოლოდ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში, 2021-2022 წლის მონაცემებით, საქართველოს 26 610 მოქალაქეს წარედგინა გადაწყვეტილება ქვეყნის დატოვების შესახებ, საიდანაც, იძულებით თუ ნებაყოფლობით, ჯამში 11 145 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა, რომელთა 23% ქალი იყო.

დაბრუნებისა და რეინტეგრაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, ბოლო სამი წლის განმავლობაში სერვისი მიიღო 1706-მა დაბრუნებულმა მიგრანტმა, საიდანაც 48% იყო ქალი“- ნათქვამია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ შრომითი მიგრანტი ქალები კიდევ ერთ გამოწვევას აწყდებიან – ინფორმაციის ნაკლებობას მათთვის განკუთვნილი სახელმწიფო პროგრამების, დასაქმების, განათლებისა თუ დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ.

კვლევაში ნათქვამია, რომ იმისათვის, რომ ქალები ემიგრაციიდან დაბრუნდნენ, საჭიროა ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური სისტემის რეფორმირება, მათ შორის, ზრუნვის ინფრასტრუქტურის გაძლიერება, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სერვისებზე, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: