მთავარი,სიახლეები

რკინა მოვიპარე, ჯართში ჩავაბარე და ფეხსაცმელი ვიყიდე სკოლაში რომ მევლო – 16 წლის მოზარდი

29.11.2023 • 11972
რკინა მოვიპარე, ჯართში ჩავაბარე და ფეხსაცმელი ვიყიდე სკოლაში რომ მევლო – 16 წლის მოზარდი

„თითქმის ერთი თვე ვერ დავდიოდი სკოლაში უფეხსაცმლოების გამო. არც არავინ იყო ისეთი, ვინც დამეხმარებოდა. მეგობარს ვთხოვე ფეხსაცმელი, მაგრამ მეც ერთი მაქვსო, მითხრა. არც სხვებს ჰქონდათ რაიმე.

ვერც ოჯახი დამეხმარა. იმ პერიოდში დედა ავად იყო, ბაბუაც ახალგარდაცვლილი იყო და ფინანსური პრობლემები გვქონდა ოჯახში. მაგრად გაგვიჭირდა. მამამ მითხრა, როცა მექნება ფული, მერე გიყიდი ფეხსაცმელსო.

რა უნდა მექნა? თუ არ წავიდოდი, სკოლაში ძალიან დიდი პრობლემები შემექმნებოდა. შემაჯამებელი მქონდა, ჩათვლები, გამოცდები, თანაც ძალიან ბევრი „არა“ დამიგროვდა.

გაცდენების გამო მეათეში ჩამტოვეს და ექსტერნის ჩაბარება მომიწია. აღარ მინდოდა იგივე განმეორებულიყო“, – ამბობს 16 წლის გიორგი (სახელი შეცვლილია) „ბათუმელებთან“.

ბევრი ფიქრის შემდეგ, გიორგიმ არასასურველი ნაბიჯი გადადგა და ერთ-ერთი ობიექტიდან რკინა მოიპარა. მოპარული მასალა ჯართში ჩააბარა, 120 ლარი აიღო და ამ ფულით ფეხსაცმელი იყიდა.

„სადაც გავიხედე, ყველგან „არ მაქვს“ მესმოდა. სკოლაში ვერ მივდიოდი და უბანში ვბოდიალობდი, რა უნდა გამეკეთებინა? ყველა სკოლაში დადიოდა, მეც ხომ უნდა წავსულიყავი ბოლოს და ბოლოს“, – გვეუბნება გიორგი.

კანონთან კონფლიქტი მისთვის სასიამოვნო არ აღმოჩნდა. პოლიციასთან ურთიერთობას ახლაც უსიამოვნოდ იხსენებს.

„ძალიან უხეშად მელაპარაკა პოლიციელი. პირველად შემეშინდა, მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია. მკითხა, სად წაიღე ფული, წილში ვინ გყავდაო. სიმართლე ვუთხარი, არ მყავდა თანამზრახველი და ისიც ვუთხარი, რისთვის მინდოდა.

მერე მშობლებს ვერ სთხოვე ფული, ფეხსაცმელი თუ არ გქონდაო? – მითხრა.

ვუთხარი, რომ მშობლებსაც არ ჰქონდათ. მერე მეპატრონეს მიუბრუნდა და უთხრა, – „ამისთვის დაგვირეკეო?“

რა ექნა იმასაც, ისიც ზარალში ჩავარდა“, – ამბობს გიორგი.

ვკითხეთ, რა უთხრეს სკოლაში, როცა გაიგეს, რომ უფეხსაცმლოების გამო აცდენდა. გიორგი ამბობს, რომ გულგრილობა იგრძნო და გული ეტკინა.

„დამრიგებელმა მითხრა დირექტორთან გაარკვიეო. ისიც თქვა, შვილისთვის როგორ არ უნდა გაიმეტო 50-60 ლარიო. მეწყინა ასე რომ მითხრა. ისე გამოდიოდა, თითქოს ჰქონდათ და არ ემეტებოდათ“, – გვეუბნება გიორგი.

მშობლებს რა რეაქცია ჰქონდათ, როცა გაიგეს? – ვკითხეთ გიორგის.

ამბობს, რომ მშობლები გაოგნებული იყვნენ. „ეეჰ… დედაჩემი სამი დღე აზრზე არ იყო. მამაჩემიც ხმას ვერ იღებდა. მაგრამ, რა უნდა ეთქვათ, ბავშვი ვიყავი“, – გვეუბნება ის.

ნანობ? – ისევ ვკითხეთ გიორგის.

„მაშინ იმიტომ გადავდგი ასეთი ნაბიჯი, რომ ასე მეგონა სწორი. მაშინ არ მიფიქრია, რა იყო სწორი და რა არასწორი. არ ვნანობ, რადგან მაშინ რომ არ მომეპარა სერიოზული პრობლემების წინაშე დავდგებოდი სკოლაში. თუმცა მაგის მერე, მოსაპარად ხელი არ წამიღია და ეს ვისწავლე ცხოვრებაში. მანამდეც ვიცოდი, მაგრამ… ძალიან გამიჭირდა. პატიოსნებას არაფერი სჯობია“, – საბოლოოდ ასკვნის გიორგი.

ამ ინციდენტამდე გიორგის პოლიციასთან ჩხუბის გამოც მოუხდა შეხება.

შეყვარებული იყო, თუმცა რაღაც საკითხზე უთანხმოება მოუვიდა გოგოსთან.

„ერთი ბიჭი შემომივარდა ჩატში და თითქოს ამ გოგონას დაცვას ცდილობდა. არ მომეწონა მისი მიმოწერები და ვუთხარი გარეთ შემხვედროდა.

„მოგვივიდა ჩხუბი. მეც მახლდნენ მეგობრები და იმასაც. სასიკვდილოდ არ გაგვიმეტებია ერთმანეთი, მაგრამ მაგრად ვიცემეთ. შემდეგ უფროსებმა გაგვაშველეს და ხელიც ჩამოვართვით, მეორე დღეს კი კიდევ შევხვდით ერთმანეთს, ახლა უფრო ბევრი ვიყავით და იმაზე მაგრად ვიჩხუბეთ.

პოლიციამ საიდან გაიგო არ ვიცი, ან დარეკა ვინმემ, ან დაგვინახეს. ყველანი წაგვიყვანეს. ვიღაცები გაიქცნენ, მაგრამ მაინც დაგვიჭირეს. არ გავტყდით, პოლიციაში ერთმანეთს ვაფარებდით ხელს, არასრულწლოვნებიც ვიყავით, ამიტომ მალე გამოგვიშვეს“, – გვეუბნება გიორგი.

როცა კლასში ჩატოვეს, ის ბიჭი, ვისთანაც კონფლიქტი ჰქონდა, მისი კლასელი გახდა. ამბობს, რომ ვერც კლასში ეგუებოდნენ ერთმანეთს, თუმცა საქმე პოლიციამდე აღარ მისულა.

„ექსტერნი როცა ჩავაბარე, ისევ ჩემს კლასში დავბრუნდი“, – გვეუბნება გიორგი.

როგორც გვეუბნება, ახლა სკოლას აღარ აცდენს. ოჯახს სოციალური შემწეობა დაენიშნა და მამაც ახერხებს მუშაობას.

ამბობს, რომ ორი მიზანი აქვს, ან ბიზნესს მოკიდებს ხელს და თავისი საქმე ექნება, ან კომპიუტერულ მეცნიერებებს შეისწავლის.

„მინდა ჩემი ფული მქონდეს, რომ არასდროს მომიწიოს სხვებისთვის თხოვნა. ვნახოთ, დრო გვიჩვენებს ყველაფერს“, – გვეუბნება გიორგი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: