მთავარი,სიახლეები

ბათუმში გამოავლინეს კვების 9 ობიექტი, სადაც ქართული მენიუს გარეშე მუშაობენ

28.11.2023 • 856
ბათუმში გამოავლინეს  კვების 9 ობიექტი, სადაც ქართული მენიუს გარეშე მუშაობენ

„კვების ობიექტებში შესულ მომხმარებლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიეღოთ ინფორმაცია… საცნობარო [კვების] მენიუ შედგენილი და განთავსებული იყო მხოლოდ არასახელმწიფო ენაზე,“ – აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს მიერ დღეს, 28 ნოემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონკურენციის სააგენტომ ბათუმში კვების 9 ობიექტს დარღვევა დაუდგინა და მოვაჭრეებს დაავალა, ერთ თვეში სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

კონკურენციის სააგენტომ 11 ობიექტში შეისწავლა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტები. დარღვევა 9 ობიექტს დაუდგინდა.

„სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალებიდან დადგინდა, რომ შპს „ქიზილ 2023“-ის, შპს „გრილ ფუდის“, შპს „ჰარვიდენტის“, შპს „დარიას“, ი/მ ანდრეი ხარბედიას,  ი/მ ვლადისლავ კირიაკოვის, ი/მ ალექსანდრ ვასილევის, შპს “ინვესტ ინ ჯორჯიას” და ი/მ მარია კალუსტიანის კუთვნილ ობიექტებში საცნობარო (კვების) მენიუ შედგენილი და განთავსებული იყო მხოლოდ არასახელმწიფო ენაზე.

ამასთან, შპს „დანოს“ და შპს „მაქსი სედვიჩ ჩიქენის“ მხრიდან ზემოხსენებული დარღვევის ფაქტი არ დადასტურდა.

საკითხის შესწავლის პროცესში, რელევანტური გარემოებების დადგენა-დაზუსტების მიზნით, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობისთვის,  შპს „გრილ ფუდს“ და შპს „ჰარვიდენტს“ ჯარიმა დაეკისრათ, თითოეულს 500 ლარის ოდენობით. დღეის მდგომარეობით, შპს „გრილ ფუდის“ მიერ ხსენებული ჯარიმა გადახდილია,“ – აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსულენოვან ბარებზე, სადაც მომსახურებას სტუმრები ქართულ ენაზე ვერ იღებდნენ, „ბათუმელები“ 2023 წლის ივლისში წერდა.

ამავე თემაზე: 

რა ხდება ბარებში, რომლებიც მობილიზაციას გამოქცეულმა რუსებმა გახსნეს ბათუმში – VIDEO

გადაბეჭდვის წესი


ასევე: