მთავარი,სიახლეები

„ლარიანი შოკოლადი 7 რატომ უნდა ღირდეს?“ – 14 წლის ბიჭი, რომელსაც კანონთან კონფლიქტი აქვს

28.11.2023 • 12448
„ლარიანი შოკოლადი 7 რატომ უნდა ღირდეს?“ – 14 წლის ბიჭი, რომელსაც კანონთან კონფლიქტი აქვს

„ლარიანი შოკოლადი შვიდი რატომ უნდა ღირდეს?“ – მეკითხება 14 წლის თომა [სახელი შეცვლილია], რომელიც ქურდობის ფაქტზე პოლიციელებმა რამდენჯერმე დააკავეს. თომა კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდია.

„შოკოლადიც ბევრჯერ მოვიპარე,“ – დასძენს თომა, იგი განრიდების პროგრამაშია ჩართული. ორი წელია თომა სკოლაში არ დადის. ამბობს, რომ არ უფიქრია, რატომ აღარ სურს სკოლაში დაბრუნება. თომას ბიზნესმენობა სურს, რომ, პირველ რიგში, იმ ბავშვებს დაეხმაროს, ქუჩაში ცხოვრება რომ უწევთ.

„პური და „ბულკი“ არ მომიპარავს, ზოგს მაგიც უჭირს… ვინც უყურებს ამ საქართველოს რა, ისე უნდა გააკეთოს, რომ ხალხი არ ცხოვრობდეს ასე,“ – კატეგორიულია თომა. – ზოგიერთი რომ ქუჩაში იძინებს და ჭამს, ხომ შეიძლება, რამე გააკეთონ, ხალხს დაეხმარონ? ლარიანი შოკოლადიც ლარი უნდა იყოს, მესმის, რომ ფასები გაძვირდა, იქ დოლარის კურსიო, მე მაგაში ვერ ვერკვევი…

არც ომი არ უნდა იყოს რა,“ – ეს 14 წლის თომას სიტყვებია, რომელსაც ბათუმში, ერთ-ერთი ქუჩის სკვერში ვესაუბრეთ.

თომას მეგობარიც ახლავს – ლევანი. ისიც 14 წლისაა. მეგობრების თქმით, მათ ხშირად აჩერებს ქუჩაში პოლიცია და ფოტოებს უღებს, ზოგჯერ კი, იძულებით პოლიციის მანქანაში სვამენ და სახლთან ახლოს ტოვებენ. თომა ამბობს, რომ შესაძლოა, კანონი დაარღვია, მაგრამ პოლიციაც ცუდად იქცევა, როცა მოზარდებს იარლიყს აკრავს და ყველა დანაშაულზე თავის მართლებას სთხოვს.

თომა გვიყვება, როგორია იყო მოზარდი, ვისაც კანონთან კონფლიქტი აქვს? სადღაც 11, ან 12 წლის ვიყავი, პირველად ველოსიპედები რომ მოვიპარეო, იხსენებს თომა. მას აღარ ახსოვს, ქურდობის ზუსტად რამდენ ფაქტზე დააკავეს.

„პირველად მოვიპარე ველოსიპედები, ბევრი მოვიპარე, სადღაც 10 ცალი… ყველგან ვიცოდი, სად რა ველოსიპედი ეყენა, ისეთ ველოსიპედები კი არა, სკამი რომ ძვრება, ძვირადღირებული ველოსიპედები.

მერე ვყიდდი ამ ველოსიპედებს. თავიდან ვერაფერი გაიგეს, საჩივრები შედიოდა თურმე პოლიციის განყოფილებაში…

ერთხელ, დილის 6 საათი იყო, როცა ველოსიპედს ვიპარავდი, ქალი მიყურებდა თურმე აივნიდან, იქიდან აგორდა ყველაფერი… დედაჩემი მეუბნება დილით, სკოლაში ვართ მისასვლელებიო, მეც მოვდივარ შენთან ერთადო. თურმე, პოლიცია მელოდა უკვე“, – გვიყვება თომა.

„არ უნდა გიჭირდეს. თუ გამიჭირდა, მაშინ ვაშავებ, თუ არ გაგიჭირდა, მაშინ დააშავებ?“ – საუბარში ლევანი ერთვება და სკვერში მოსეირნე ადამიანებს აკვირდება. – „თუ არ იბრძოლე, ისე ვერაფერს მიაღწევ ცხოვრებაში,“ – ასკვნის მალევე და სკვერში გასეირნებას ამჯობინებს.

„მერე მაღაზიებში შევდიოდით, ოფისებს ვტეხავდით…. იმის დაბრუნებას გვთხოვდნენ, რაც მოვიპარეთ, მაგრამ არცერთი ნივთი უკვე აღარ მქონდა, რაც წავიღე. პროკურატურა იყო ძალიან აგრესიული, ეს არ არის სწორი. შეიძლება, რაღაც შეიცვალოს მათი მხრიდან, ან ჩვენი მხრიდან… გეუბნებიან, დაგიჭერთ, გცემთ, გაიძულებენ, თქვა ისეთი რამ, რაც არ გინდა თქვა: ვინ იყო? ვისთან ერთად იყავი? ამას არ ეუბნები და ფიზიკურად გადმოდიან შენზე.

პოლიციელმა რომ ხელი დამარტყა, 14 წლის ვიყავი უკვე. პოლიციის მანქანაში დამარტყეს ხელი და მერე განყოფილებაშიც. ისიც დამინახია ბევრჯერ, ვიღაცას რომ ურტყამდნენ.

მაშინ 4 ბიჭი დაგვაკავეს ერთად. შემოვიდა ერთი კაცი, ჯანიანი იყო, მე ჩემ თავზე ავიღე ყველაფერი და „ვსო“, არავისთვის მითქვამს ეს ამბავი, ექსპერტიზა უნდა მომეთხოვა მაშინ… ვიფიქრე, გაჩერდებიან-მეთქი, მაგრამ არ გაჩერდნენ. აგრესიით არიან: გემუქრებიან, „გაგსროკავთ“ და ნახავ, რასაც გიზამთო.

ადრე როცა მაკავებდნენ, 12 წლის ვიყავი, 13 წლის, მაშინ ხელი არ მოუკიდიათ ჩემთვის. 14 წლის რომ გავხდი, განყოფილებაში მითხრეს, შენზე ყველანაირი კანონი იხსნება აწიო. კაი-მეთქი.

თუ ღამით ხარ ქუჩაში, ფოტოებს გიღებენ. შეპასუხებას აზრი არ აქვს… ხდება ისეც, რომ პირველი განყოფილება გიღებს ფოტოებს და მერე მესამე განყოფილების ტერიტორიაზე თუ მოხვდები, ისიც გიღებს,“ – ეცინება თომას.

„სულ რამდენჯერ დაგაკავეს?“ – ვეკითხები თომას.

„ბევრჯერ, მაგრამ სასამართლო არ მქონია,“ – მპასუხობს ის. თომა ამბობს, რომ სიღარიბე მთავარი მიზეზია, რის გამოც ქურდობის ჩადენა მოუხდა.

„ორი და მყავს, ერთი ჩემზე უფროსია, მეორე – ჩემზე პატარა. დედასთან ერთად ვცხოვრობ და დეიდაჩემთან, ნაქირავებში ვართ. დედა მუშაობს რესტორანში, პლუს სოციალური…

მამასთან ურთიერთობა არ მაქვს, არც ვიცნობ. არ მაქვს სურვილი, რომ მამა დავინახო. როცა გადაწყვეტ, რომ ოჯახი უნდა შექმნა და ბავშვები გყავს, არ უნდა წახვიდე. ცოლ-ქმარს შორის ურთიერთპატივისცემა უნდა იყოს, ერთმანეთის უნდა სჯეროდეთ,“ – ამბობს თომა და პაუზის შემდეგ ამატებს:

„ბიზნესმენი მინდა გავხდე, აი, ყველაზე მაღალი შემოსავალი რომ მქონდეს. ყველაფერს კარგს გავაკეთებდი, დავეხმარებოდი ბავშვებს, რომლებიც ქუჩაში არიან… დედამისს, ან მისი ოჯახის წევრს დავასაქმებდი, რომ კარგი შემოსავალი ჰქონოდა. აი, ჩემთან დავაწყებიებდი მუშაობას.

როცა ერთ საკითხზე დაგიჭერენ, ერთხელ დიდი არაფერი, მაგრამ სისტემატური სახე ეძლევა, სხვანაირად გიყურებს ყველა, ზოგჯერ ისე ყოფილა, რომ რაღაც მომხდარა, შენ იქ არ ყოფილხარ, მაგრამ არა, შენ იქნებოდიო, არა და თხლაშან?“ – გაშლილი ხელს გვაჩვენებს ისევ თომა და იცინის.

თომა არ გვიდასტურებს, რომ ქუჩაში მოზარდების ცხოვრება შეიძლება უკავშირდებოდეს „ქურდული სამყაროს“ ავტორიტეტებს, ან ვინმე უფროსობდეს, თუმცა მის მიერ აღწერილი ამბავი ზოგიერთ შემთხვევაში ორგანიზებულობის შთაბეჭდილებას ტოვებს:

„ერთხელ 1800 ლარი გამოვიტანეთ მაღაზიიდან და გვიხაროდა… რომ გამოგაქვს ამხელა ფული, გიხარია, ფიქრობ, რომ აი, ავიწყვე ცხოვრება. სულ 8 ბიჭი ვიყავით ერთად. როგორ ხდება იცით? – ყველამ თანაბრად უნდა გაიყოს ეს ფული. იმანაც უნდა მიიღოს თანაბრად, ვინც შიგნით არ ყოფილა, მაგრამ გარეთ იდგა და უყურებდა სიტუაციას, რადგან ვიდრე მე გარეთ არ გამოვალ, ის არ უნდა წავიდეს იქიდან. მაგას ჰქვია „ატასა“ – სანამ მე არ გამოვალ, შენს „ატასაზე“ უნდა იდგე.

მერე, აქედან რომ გადიხარ, კამერებით ყველგან გეძებენ, ან გამოგყვნენ შეიძლება სახლამდე. ტანზეც რაც მაცვია, უნდა მოვიცილო ეგრევე, და ისე გავიდე… ქუჩაში როცა ხარ, სწავლობ ამ ყველაფერს რა.

ზოგადად, ფულია საჭიროა რა, ისე თუ ასე, ფული გჭირდება, შეიძლება, სხვა გზითაც იშოვო, შრომით… ისეთ ადამიანს არ უნდა წაართვა და არ უნდა მოჰპარო, ვისაც არ ერგება. როცა ადამიანს 10 გაქვს და ერთს არ მოგცემს, ეს უკვე „ნაგლობაა“. მე მაგალითად, სამი მაღაზია მქონდეს და ადამიანმა მითხრას, რომ მჭირდება ფული, ავდგები და მივცემ. ზოგიერთი ხალხი ფულზეა შეყვარებული და იმიტომ აკეთებს ასეთ რაღაცას – ძუნწობს.

როცა 18 წლის გავხდები, ასე აღარ ვიქნები.

სულ ქუჩაში ვერაფერს იზამ, რაღაც შეიძლება სწავლამ, ან ბიზნესმა მოგცეს. ჩემი ცხოვრება ახლა კარგისკენ მიდის,“ – ასრულებს თომა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: