მთავარი,სიახლეები

სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ნაწილი 9 დეკემბრამდე ჩაიკეტა – გზების დეპარტამენტი

27.11.2023 • 1331
სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ნაწილი 9 დეკემბრამდე ჩაიკეტა – გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2023 წლის 27 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე პერიოდში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აღნიშნული 10-კილომეტრიანი მონაკვეთი, 2022 წლის დეკემბერში გაიხსნა. ეს გზა გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფლების – ხაჯალიას და ახალსოფლის ჩრდილოეთით, კვეთს სოფელ სუფსის გარკვეულ ნაწილს [თუმცა გვერდს უვლის სუფსის ცენტრს] და უერთდება სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის არსებულ გზას გრიგოლეთთან.

გზაზე დაწესებული შეზღუდვის განმავლობაში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ძველი, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ45-კმ55 მონაკვეთის [ხაჯალია-ახალსოფელი-სუფსა-გრიგოლეთი] გავლით.

დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე, „ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების საგარანტიო ვადის დასრულების გამო მიმდინარეობს დეპარტამენტისთვის პროექტით შესრულებული სამუშაოების გადაბარების პროცესი“.

„პროცედურის ფარგლებში, 2023 წლის 27 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე დაგეგმილია ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების ინსპექტირება, საჭიროების შემთხვევაში კი, შესაბამისი ღონისძიებების გატარება. გეგმიური ინსპექტირება და შესაბამისი ღონისძიებები ჩატარდება კონტრაქტორი კომპანიის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო პერიოდის ფარგლებში.“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი.

ეს მონაკვეთი არის „4-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, სადაც აშენდა 2 პარალელური გზაგამტარი და 1 სატრანსპორტო კვანძი. სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით მიმდინარეობდა, რომლის ღირებულებამაც 113 მილიონი ლარი შეადგინა.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: