მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ჩემი მადლიერების დღესასწაული – არის თუ არა დიაგნოზი განაჩენი

26.11.2023 • 3864
ჩემი მადლიერების დღესასწაული – არის თუ არა დიაგნოზი განაჩენი

ავტორი: ნათია კაპანაძე

ამ დილით ონკანიდან წამოსული წყლის წვეთების ხმა რომ დავითვალე, ჩემ მოულოდნელობებს სიხარულის კიდევ ერთი ნაკადი შეუერთდა. პირველი მადლიერების დღეა ამერიკაში. მაშინ, როცა ირგვლივ ოჯახები შტატიდან შტატში მოგზაურობენ ერთმანეთთან შესახვედრად, Პატარა ნიუ იორკული ოთახის კედლებში ვეღარ ვატევ იმას, რამაც ამ მადლიერების დღემდე მომიყვანა. 

სულ ახლახან, 22 ნოემბერს, გიორგობის და მადლიერების დღესასწაულებს შორის პირველი ქირურგიული ოპერაცია გავიკეთე მანჰეტენზე. მეოთხე ხარისხის სმენადაქვეითებიდან სმენის აპარატის გარეშე ცხოვრებას ვუბრუნდები ნელ-ნელა, თავბრუსხვევებით, ერთმანეთთან ჩანაცვლებული საათის წიკწიკის, გულის ცემის, მატარებლის ხმაურის, დაგუბებების და უკვე წყლის წვეთების ხმის გაგონების შემდეგ ამერიკული გამოცდილებაზე, თურქულ თავგადასავალზე, გერმანულ იმედზე და ქართული დასაწყისზე შემიძლია წერა. 

  • ტკივილებით სავსე მოსამზადებელი დღეები

ცხადია, ჩემი ამერიკული თავგადასავალი ამერიკაში არ დაწყებულა. ეს გზა იყო ყველაზე შორეული, რთულად მისაღწევი და უკანასკნელიც იმ შესაძლებლობებს შორის, რაც გამაჩნდა.

როგორც უკვე ვახსენე, ამ გზამდე სხვადასხვა დროს თურქეთის და გერმანიის, ასევე საქართველოს სამედიცინო სფეროების ლაბირინთები გამოვიარე. დიაგნოზები სამივე ქვეყანაში განსხვავებული მქონდა. სმენა ქრებოდა, ტკივილები და შიში იმატებდა.

რწმენა უცვლელი იყო. საქმეშიც და ცხოვრებაშიც ჩემთვის შეუძლებელია დინებას გავყვე. არ ვიბრძოლო უკეთესისთვის, ბედნიერებისთვის, ცვლილებებისთვის, თავისუფლებისთვის.

თუ ამ გაურკვეველ მოცემულობას მივიღებდი, როგორი ადამიანი ვიქნებოდი? როგორი უფლებადამცველი? და გადავრჩებოდი თუ არა საერთოდ? მიუხედავად იმისა, რომ მოვიფიქრე ყველა საქმე, რასაც სმენის გაქრობის პირობებში წყნარად გავაკეთებდი. დავიწყე გრაფიკული დიზაინის თვითშესწავლა და სხვა… მე ვერ ვხვდებოდი დიაგნოზი იყო თუ არა განაჩენი. ვიცოდი, მხოლოდ ის, რომ გზა უნდა გამეგრძელებინა. 

ვცდილობდი, არავის არაფერი შეეტყო ჩემ ტკივილებზე – არც ოჯახის წევრებს, ბათუმში სტუმრობის სასიამოვნო თავგადასავლად ქცევას რომ ვამზადებდი, არც მეგობრებს, საერთო ამბებიდან რომ არ ჩამოვრჩენილიყავი, არც საქმიან პარტნიორებს საქმის შესრულება ჩემგან ათჯერ დიდ ძალისხმევას რომ მოითხოვდა.

სინამდვილეში კი, ცალ მხარეს აპარატის გათიშვისას ფეხი მერეოდა ხოლმე და დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა წონასწორობის შესანარჩუნებლად. ყოფილა შემთხვევა, რომ ელემენტის ფული შემომლევია ან მარაგი ამოწურულა და მიწევდა ცალი ყურით „კონცენტრირებულად“ სიარული.

ეს ყველაზე ცოტაა იმ მძიმე განცდებიდან, რაც სმენის დაქვეითებამ მომიტანა. ზუსტად, ამ და სხვა ტკივილებში აღმოვაჩინე ამერიკა, როგორც ბოლო გამოსავალი. 

არასოდეს დამავიწყდება ისეთი ლამაზი გაზაფხულის დღე იყო – იმ დღეს პირველად ვიტირე ქუჩაშიც – არიზონადან ნიუ-იორკში გადმოსაფრენი 600 დოლარი და სხვა სახარჯო თანხა ვერ ვიშოვე. შეიძლება, 100-ზე მეტ საადვოკატო საქმეს ვაწარმოებდი, მაგრამ არცერთი პროექტი დროულად არ იწყებოდა, ზოგი უარიც მივიღე და იმ დღეს საერთოდ არაფერი მქონდა, წინა თვის იპოთეკაც ვალით დავფარე. იმ ყველაზე ლამაზ და ყველაზე მძიმე დღეს მრცხვენოდა საკუთარი თავის, საკუთარი ოპტიმიზმის და უსუსურობის. 

მალე ყველაფერი შეიცვალა. გადავწყვიტე სახლიდან გამოსვლით და მისი დაგირავებით დამეწყო. 

მეორედაც ვიტირე სხვების თანდასწრებით, საოპერაციოში, როცა ბედნიერების ცრემლები თავად გამოჩნდნენ – მე ეს შევძელი და ჩვენ ეს შევძელით, ყველამ, ვინც საკუთარი თავისთვის მინიჭებული როლით მონაწილეობდა პროცესში.

ამერიკის სამედიცინო მიდგომების და მკურნალობის მეთოდების გამოძიება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მოვახერხე. ჩატბოტის უამრავი რეკომენდაციის გაცნობის შემდეგ, საკონსულტაციო დროც დავჯავშნე. შედარებით ხანგრძლივი პერიოდი შევარჩიე – გაზაფხულიდან 19 სექტემბრამდე ყველაფრის მოსწრება შეიძლებოდა. 

ბოლო წლები, ექიმები მაფრთხილებდნენ, რომ სმენის ნერვის დაზიანების გაუარესება დადებით და უარყოფით განცდებს თანაბრად შეიძლება გამოეწვია. ამიტომაც მიწევდა ჩემ სასამართლო პროცესებზე, ყველაზე შეურაცხმყოფელ და მძიმე ბრალდებებზე აპარატები ხანდახან მაინც გამომერთო… 

ვიცოდი ისიც, რომ დაღლილობას  და სტრესს ასევე შეეძლო წერტილი დაესვა ჩემი საადვოკატო საქმეებისთვის. მაგრამ სხვა შანსი აღარ რჩებოდა – წელს, მარტიდან სექტემბრამდე ვმუშაობდი დღეში 18 საათი მაინც. დილის 6 საათიდან მინიმუმ ღამის 12 საათამდე, უკანონო მოსმენებზე, პარლამენტიდან ჟურნალისტების გამოძევების საქმეებზე, მარტის აქციებისას დაშავებული ჟურნალისტების და ოპერატორების საქმეებზე, პარლამენტის კანონთან შეუსაბამო აკრედიტაციის წესის გასაჩივრების საქმეზე, ყოველდღიურად მინიმუმ 3 საათი ინგლისურის გაკვეთილზე და რა თქმა უნდა, ამერიკელი ექიმების რევიუების კითხვასაც ვასწრებდი. რის წაკითხვასაც ვერ ხერხდებოდა, ჩემი განსაკუთრებული მეგობარი აკეთებდა ამას და შემდეგ მიყვებოდა. 

ერთ დღესაც გავბედე და საჯაროდ დავწერე, რომ „გადარჩენისთვის სხვადასხვა დროს სხვადასხვა საჭიროება გვაქვს ხოლმე – მე რომ გადავრჩე, უფრო ზუსტად, საჯარო სიკეთეების მოტანა და აქტიურობა რომ შევძლო, სმენა უნდა შევინარჩუნო. გადაუდებელი სამედიცინო საჭიროებების გამო, მხოლოდ ერთი წლით, ვთმობ ჩემი თავის ნაწილს – ბინას ბათუმში დელფინარიუმის უკან, ზღვის პირას, ტბის პირას…

ხალხურ ენაზე რომ ვთქვა -26 000 დოლარად გირავდება ერთი ჩვეულებრივი არაჩვეულებრივი ბინა

პ.ს. ახლა არ ვაგირავებ/იპოთეკისთვის არ ვიმეტებ მხოლოდ სახლს, გადარჩენის შანსს ვეძებ

პ.ს.ს. დაინტერესებული პირი არ გირაობს მხოლოდ სახლს, გადარჩენის შანსს მიტოვებს

პ.ს.ს.ს. სახლში არ რჩებიან წიგნები“.

ამ პოსტის შემდეგ უამრავი ადამიანი მოვიდა და წავიდა ჩემი პატარა სახლის დასაგირავებლად, სანახავად, უარის სათქმელად. მოვიდა სამშენებლო კომპანიაც სამომავლო მოლაპარაკებებისთვის და ეს პროცესი გრძელდება.

პარალელურად, ისეთი ამაღელვებელი იყო, როცა ჩემი მეგობრების ნაწილის ფინანსური დახმარება მივიღე. თვითორგანიზებით თუ ჩემ ანგარიშზე გადმორიცხული თანხები, რომლის ოდენობა იწყებოდა 10 ლარიდან და ზევით, ერთმანეთზე უფრო სასიამოვნო და გადამრჩენელი გახდა. დღემდე შოკისმომგვრელად მოულოდნელი მეგობრის რუკების კოლექციის რეალიზაციის გადაწყვეტილებაა. ეს აუნაზღაურებელი მსხვერპლია, ყველაფერი სხვა რომ შევძლო, რუკების ხატვას ნამდვილად ვერ ვისწავლი… 

ვღელავდი ყველა ჩარიცხულ ლარზე და ახლიდან დაბადების ტოლი იყო ყველა თეთრი. ასე ბილეთების ხარჯი გადავფარე და დასაწყისის დასასრულიც დადგა  – 15 სექტემბერს საქართველოდან გამოვფრინდით. 

  • ამერიკული გამოცდილება

აქ ამერიკაში, ორი თვის მანძილზე მოვსინჯე უამრავი შესაძლებლობა ბრუკლინსა და მანჰეტენზე. საოცრად, საოცრად გამიმართლა ადამიანებში – საბოლოოდ, ნიუ იორკის დაზღვევამ კვლევების და ოპერაციის მხარდაჭერით ამერიკაში გადარჩენის შესაძლებლობა გააჩინა. მალევე დავრწმუნდი, რომ გვიან, მაგრამ ვიპოვიდი პასუხს. პროცესების პარალელურად განვითარებისთვის, მეგობრის პასუხისმგებლობებში ჩემი სატელეფონო ზარებიც შედიოდა. საქმე ისაა, რომ სახელიც საერთო გვქონდა და გამოწვევაც. ასე აღმოვაჩინეთ ექიმი ჯორჯი და მისი გუნდი.

სხვადასხვა ადმინისტრაციულ პოზიციაზე მომუშავე გამორჩეული კომპეტენციის ქირურგი, რომელიც თვითონაც ადვოკატივით დადის ოფისში და მისი თანაშემწეებიც ყველაზე სანდომიან მხარდაჭერას ასხივებენ.

ექიმ ჯორჯთან მოსახვედრად ყველაზე რთული გზა მისაღებია. ის ყველა პაციენტთან არ მუშაობს. საერთოდაც, რუბიკონივითაა ექიმი ჯორჯის მისაღები, თუ გადალახე, უკვე მიზანთან ხარ. რეგისტრაციისთვის ორი ვიზიტის და არაერთი ზარის შემდეგ, მიმღები დავარწმუნე, რომ უკან გზა აღარ არსებობდა ჩემთვის, საერთოდ არ ვაპირებდი ოფისიდან წასვლას რეგისტრაციის გარეშე და ასე დაიწყო ყველაზე დიდი თავგადასავალიც.

„რთულია, მაგრამ შესაძლებელია“, „93% შანსი“, „დაუყოვნებლივ ვიწყებთ“ – ამ ფრაზებს შორის, მოულოდნელად ექიმი წამოდგა და მხარზე ხელი დამადო – მითხრა, რომ სანერვიულო აღარაფერია და უკვე ვიპოვე პასუხი კითხვაზე.

მივხვდი,  მომავალი შეიცვლებოდა. 

რამდენიმე დღეში ჩანიშნა ოპერაცია, რათა შეგვეწყვიტა ნერვის დაზიანების პროცესი. შემდეგ იყო ხელახალი ანალიზები, კარდიოგრამა, დასკვნები. ხელახლა მოთავსება კაფსულში და ტვინის გამოკვლევები ხმებით და წითელი სინათლეებით უსაშველოდ გაგრძელდა. და ოპერაცია, რომელიც სულ 45 წუთი გაგრძელდა და სახლში იმავე დღეს გამომიშვეს.

ყველაზე დიდი სიურპრიზი – ოპერაციისთვის მოსამზადებელ სივრცეში 10-ზე მეტი ადამიანი ცალ-ცალკე შემოვიდა. ისინი მიხსნიდნენ საკუთარ ფუნქციებს ჩემ ქირურგიულ პროცედურაში. მიყვებოდნენ მათ მონაწილეობაზე და მაძლევდნენ შანსს გამომეკითხა დეტალები ჩემ მეგობართან ერთად. 

ბოლოს გამოჩნდა მთავარი ქირურგიც. ექიმ ჯორჯს აინტერესებდა, როგორ ვგრძნობდი თავს და რა კითხვები მქონდა. ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესის წინ უკვე აღარ მქონდა კითხვა. იმედი მაქვს, ამ პასუხითაც ნათელი გახდა მისთვის, რას ნიშნავს ადვოკატ პაციენტს არ ჰქონდეს კითხვა. ეს ნიშნავს უდიდეს ნდობას და ეს რეალურია.

მისი მაღალი ხარისხის პროფესიონალიზმი და ადამიანურობა უკვე დადასტურებული იყო ჩემთვის. 

საოპერაციოში მხოლოდ ის ვთქვი, რომ მარცხენა მხარე ჩემი „მარწმუნებლების ყურია“ და მარჯვენა, ანუ „მოსამართლის მხარე“, კიდევ დიდი გამოწვევაა. და რომ ისევ დავბრუნდებოდი ოპერაციისთვის.  

საოპერაციოში ჩაძინებამდე ყველა ამბავმა შემახსენა თავი, ყველა დარდმა და ყველა ტკივილმა, ყველა შიშმაც მოძებნა გზა – ჩემი სახელმწიფოსგან მიტოვების, 100 ლარიანი პენსიის თუ უმუსიკოდ ცხოვრების შიშმაც. შემდეგ კი დაიწყო ჩემი მადლიერების დღესასწაული.

  • თურქული თავგადასავალი 

ბოლო ვიზიტი თურქეთში თებერვალში მქონდა. მითხრეს, რომ ოპერაციის მხოლოდ 30% წარმატების შანსი იყო და რისკად არ ღირდა. დავაგვიანე და მომავალში აპარატებით უნდა მემართა პროცესი. და სულ ეს იქნებოდა. სრულად დავკარგავდი სმენას ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის მაშინაც, თუ ოდესმე მშობიარობას გადავწყვეტდი.

  • გერმანული იმედი

2019 წლის მაისში გერმანიაში სასწაულების გზით მოვხვდი, უკვე აჭარის ტელევიზიის იმპიჩმენტირებული დირექტორი „დოიჩეველე აკადემიის“ ქართული ბიუროს ხელმძღვანელმა საგრანტო პროექტიდან არ მომხსნა და ბონში ვიზიტის შანსად სმენის დიაგნოსტირებაც დაერთო.

ასეთი Რა მოხდა თქვენს ცხოვრებაში აპრილიდან მაისამდე? – მკითხა ექიმმა, რომელსაც ალბათ ვიზიტისთვის გაწერილი განრიგი არ ეყოფოდა ჩემი დევნის და პოლიტიკური ანგარიშსწორების დეტალების მოსასმენად. მით უფრო, რომ მაშინ არც ვიცოდი სასამართლო პროცესი ხუთი წლის შემდეგაც თუ არ დასრულდებოდა.

გერმანული იმედი, დაფის აპკების ცვლილების ოპერაციის დაგეგმვა იყო, რომლის ეტაპობრივი ქირურგიული ჩარევის ფასი ორი 40 000 ათასი ევრო იქნებოდა, გერმანიაში მინიმუმ რვა თვით ცხოვრების აუცილებლობით. ეს გეგმა იყო წარმოუდგენლად რთული და მძიმე. 

ამ ვიზიტის ფარგლებში ბონში ბეთჰოვენის მუზეუმიც ვნახე. ვნახე რკინის რქები და იარაღები, ბეთჰოვენს მეგობარი რომ უმზადებდა სმენის შესანარჩუნებლად და ამაოდ. მოვისმინე მისი ჩანაწერები, როგორ უფუნქციოდ ხედავდა თავის მომავალს და ფიქრობდა თვითმკვლელობაზე უმუსიკოდ დარჩენილი. იმ დღეს მეც შემეშინდა მუსიკის გარეშე ცხოვრების, ადამიანების ხმების გარეშე ცხოვრების შემეშინდა და არამარტო ამის. 

  • ქართული დასაწყისი

საქართველოში მკურნალობა წამლებით დაიწყო, „ბენევრონი“ – ამ წამლის სახელი არ დამავიწყდება და არც ამ და სხვა წამლებისგან გამოწვეული ღვიძლის ტკივილი. შემდეგ იყო აპარატების ყოველკვარტალური გასწორება. სიხშირეების მართვა. რაღაც ნემსებით მკურნალობა, რომ გაუარესება შეჩერებულიყო, მაგრამ ამაოდ.

სახის ნერვი, სმენის ნერვი, ტვინის დაზიანება, მოულოდნელი კრიზისი – ერთმანეთში ირეოდა ხოლმე უიმედო ფრაზები, შემდეგ კი უნდა დავლოდებოდი სრულ დაყრუებას, რომ გადაწყვეტილიყო ოპერაცია.

რაც იყო, იყო. ისიც მახსოვს, ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მიღებისას პერსონალმა რომ მითხრა, მოიცადე 100 ლარი ჯერ არ გეკუთვნის და სტატუსის მისაღებ 175 ლარს ტყუილად დახარჯავო, რომ ჯერ საკმარისად შრომისუუნარო არ ხარო…

ასე ყოფილა, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მისაღებად ექსპერტიზა ფასიანია. ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები საგადასახადო შემოსავლებსაც ვიხდით. მართლაც რაც იყო, იყო. 

ეს არასწორია. ზომიერად შეზღუდული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საჭიროებების შესახებ საქართველოში ცნობიერება უნდა გაიზარდოს, სახელმწიფო მხარდაჭერის სერვისები კი უნდა განვითარდეს. ჯანდაცვა ჯიპების ნაცვლად. ოდესმე ასე აღარ იქნება. 

  • აქ და ახლა

გახსოვთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი სინას მთაზე რომ წავიდა დეტოქსისთვის? მეც „სინას მთაზე“ აღმოვჩნდი, ოღონდ ეს სამედიცინო ქსელის დასახელებაა ამერიკაში. როგორც ჩანს, ჩემ შემთხვევაში ეფექტი ბევრად დადებითია.

აქ და ახლა, გიორგობის და მადლიერების დღესთან ერთად, არ არის შავი პარასკევი ჩემთვის. ამ დიდი გამძლეობისთვის საკუთარი თავი დასაჩუქრებას  და „ამაზონიდან“ პაწაწინა საჩუქრის გამოწერასაც კი ვერიდები. წინ ბევრი გამოწვევაა. სექტემბრის შემდეგ არცერთი პროექტი არ გაგრძელებულა, ჩემი შრომისუნარიანობა ჯერ არ აღდგენილა და ყველა სხვა სირთულეც წინ მელოდება. 

მაგრამ მთავარი სულ სხვაა. დღეს მთავარი მადლიერებაა. 

მინდა მადლობა ვუთხრა ადამიანებს, სამყაროს და ყველას, ვინც აქამდე მოსვლაში დამეხმარა. ვინც საქართველოში ბევრჯერ გადამარჩინა, ვინც მამხნევებდა და მაძლიერებდა, ვინც ამ დრომდე მწერდა, ვინც აქ ამერიკაში მეხმარებოდა და მეხმარება – საცხოვრებლისთვის და სწორი გზის სწავლებისთვის. მადლობა ყველა სიტყვისთვის, ყველა თეთრისთვის და ყველა იმედისთვის. 

განსაკუთრებული მადლობა ჩემ ოჯახს, აქ ნიუ იორკში კოლეჯში სწავლის დაფინანსებისთვის, რომელიც ჰაერზე საჭირო იყო ჩემთვის სამედიცინო თავგადასავლების პარალელურად გასაძლებად და ყურადღების ოდნავ გადასატანად.

მადლობა მინდა ვუთხრა მათაც, ვინც თავისი დრო და ფინანსები დაზოგა ჩემთან მიმართებაში, ვისაც დაავიწყდა, რომ მხარდაჭერა საკუთარი თავის დახმარებაა და ვთხოვო, დაუყოვნებლივ მიმოიხედოს გარშემო – როგორმე შეეშველოს მას, ვინც ამ წუთსაც იბრძვის თავის თავის და თავის თავში სამყაროს გადასარჩენად. ოდესმე სხვისი ბრძოლაც ჩვენი გამძლეობის გარანტია ხდება.

ამ სამყაროს ხელა მადლიერებით მინდა გავამხნეო ყველა, ვინც ტკივილს და უიმედობას ებრძვის თავად, ან ოჯახის წევრს თუ მეგობარს ამშვიდებს – არასოდეს შეწყვიტოთ მცდელობა. არასოდეს დანებდეთ. ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი. თქვენთვის საჭირო პასუხის ძიება გააგრძელეთ, უსასრულოდ გააგრძელეთ.

როგორც უფლებადამცველი ამ პროცესებშიც მივხვდი – დიაგნოზი ზუსტადაც განაჩენია. ის ცვლის ჩვენ რეალობას და მომავალს. მაგრამ განაჩენს არ შეუძლია გააფერმკრთალოს ჩვენი დამოკიდებულებები სიცოცხლის მიმართ. თანაც, ყველა განაჩენი გასაჩივრებას ექვემდებარება. ჯანმრთელობისთვის ბრძოლა უფლებებისთვის ბრძოლაა და პირიქით.

ახლა, როცა ონკანიდან წამოსული წყლის წვეთების ხმა უკვე დავითვალე და ჩემი მოულოდნელობებს სიხარულის კიდევ ერთი ნაკადი შეუერთდა. ექიმების რეკომენდაციის დაცვით გავაგრძელებ ცხოვრებას.

როგორც ამბობენ, ახალ მექანიზმს უნდა გავუფრთხილდე და მინიმუმ ერთი კვირა მყარი საკვები არ მივიღო. ჩემი მომვლელის – ძმის გამოგონება,  ცოცხალი, გახეხილი ხილის მიქსი მელოდება, შემდეგ წამლები და ისევ პროცედურები. იმედი მაქვს, ფოტოგრაფიის კურსსაც დავუბრუნდები. ამასობაში, თავბრუსხვევებიც მკრთალდება და იწყება რაღაც უფრო ახალი. საკუთარი თავიდან ხელახლა დაბადების მსგავსი. 

რადგან ისევ მადლიერების დღესასწაულია – ღმერთო დალოცე ამერიკა ამ დიდი სიკეთისთვის და ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის. როგორმე უნდა გახდეს ჩვენი ქვეყანა უკეთესი სამედიცინო სერვისების, ხარისხიანი დაზღვევის და ადამიანების ღირსეული ცხოვრების ადგილი. ეს აუცილებლად მოხდება. 

ახლა სასწაულების უფრო მეტად მჯერა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: