მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორია ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ნიშნები ბავშვებში – ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან

27.11.2023 • 3642
როგორია ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ნიშნები ბავშვებში – ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან

ნაადრევი პუბერტატი ნიშნავს სქესობრივ მომწიფებას, რომელიც ჩვეულებრივზე ბევრად ადრე იწყება. „მედცენტრის“ ბავშვთა ენდოკრინოლოგი, ლია კაკაურიძე ამბობს, რომ მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნაადრევი პუბერტატის ნიშნების ცოდნა.

  • ქალბატონო ლია, რას ნიშნავს ნაადრევი პუბერტატი?

პუბერტატი არის სქესობრივი მომწიფება გარდატეხის ასაკში, ეს ინდივიდუალურია ყველასთან და შესაძლოა ვარირებდეს გარკვეული ასაკის ფარგლებში. ნორმის ფარგლებში გოგონებში პუბერტატი იწყება 9-11 წლიდან და გრძელდება 15-17 წლამდე, ბიჭებში უფრო გვიან იწყება, 11-12 წლის ასაკში და შესაბამისად, მთავრდება უფრო გვიან – 16-17 წლის ასაკში.

ამ ვადებზე უფრო ადრე დაწყებული სქესობრივი მომწიფება უკვე მიიჩნევა ნაადრევად. 

  • როგორია ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ნიშნები?

სიმპტომებს წარმოადგენს მეორადი სასქესო ნიშნების განვითარება. გოგონებში ეს ნიშნებია თმიანობა, სხეულის ფორმების შეცვლა – მკერდის გაზრდა და მენარქე ანუ პირველი მენსტრუაცია. ბიჭებში მეორადი სასქესო ნიშნების განვითარების ნიშნებია: თმიანობა [თავიდან სახეზე, ზოგჯერ – მკერდზეც], ხმის დაბოხება და კუნთოვანი მასის მატება.

MayoClinic: ნაადრევი პუბერტატის სხვა ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: აკნეს, ზრდასრულებისთვის დამახასიათებელი სხეულის სუნსა და ზრდის ტემპს. გოგონებთან ეს ნიშნები შეიძლება იყოს: მკერდის ზრდა, მენსტრუაცია, თმიანობა ბოქვენისა და იღლიის მიდამოში. ნაადრევი პუბერტატის ნიშნები ცალკეულად ბიჭებში მოიცავს: ხმის დაბოხებას, თმის ზრდას სახეზე, ბოქვენისა და იღლიის მიდამოში, სასქესო ორგანოს ზრდას ზომაში და კუნთობრივი მასის ზრდას.

  • რამდენად გამოხატულია ოფლიანობა ამ დროს?

დიახ, ოფლიანობის მომატება შესაძლოა აღინიშნებოდეს ნაადრევი პუბერტატის დროს, მაგრამ ვთვლი, რომ სუნი მაინც უფრო დაკავშირებულია იმ საკვებთან, რასაც ბავშვი მიირთმევს, უშუალოდ სუნი დამახასიათებელი სიმპტომი არ არის ნაადრევი პუბერტატისთვის. 

ოფლიანობა შეიძლება მომატებული იყოს იმ შემთხვევაში, თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია არის მომატებული და ამის ფონზე არის ნაადრევი სქესობრივი განვითარება.

ოფლიანობის ნიშანი ასევე შეიძლება იყოს D ვიტამინის ნაკლებობაც და ეს ძალიან ხშირია. 

ამიტომ საჭიროა გამოკვლევა და შევსება დანაკლისის. უნდა აღვნიშნოთ, რომ განსაკუთრებით პუბერტატულ და პოსტპუბერტატულ პერიოდში მოზარდის ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების საჭიროება იზრდება.

  • რამ შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი პუბერტატი?

რა თქმა უნდა, როცა ნაადრევი მომწიფების ნიშნებით მოგვმართავს მშობელი და მოჰყავს ბავშვი, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა გამოკვლევების და პირველ რიგში ვიწყებთ ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევით, ხომ არ არის მისი ფუნქცია არის მომატებული, შეიძლება ამან გამოიწვიოს ნაადრევი განვითარება.

მეორე არის ჰიპოთალამუს – ჰიპოფიზური სისტემის რაიმე პათოლოგია. ეს არის თავის ტვინის ფუძის ქვემოთ არსებული ორი პატარა ჯირკვალი.

ვიკვლევთ ზრდის ჰორმონს, სასქესო ჰორმონს [საკვერცხეებში გამომუშავდება ესტროგენი, სათესლე ჯირკვლებში კი – ტესტოსტერონი]. გარდა ამისა, ხდება ჰიპოფიზის მაგნიტორეზონანსული გამოკვლევა, რომ დავადგინოთ, ხომ არ ფიქსირდება რაიმე პათოლოგიური ცვლილება. ეს შეიძლება იყოს სიმსივნე, შეიძლება იყოს რაიმე ნეიროინფექციის გადატანის შემდეგი მოვლენები და შეიძლება იყოს გადატანილი სტრესის შედეგადაც.

მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს თირკმელზედა ჯირკვალი, კერძოდ, მისი პათოლოგიები.

ზოგჯერ [სასქესო ჰორმონების ნაადრევად წარმოქმნის დაწყების] მიზეზი ადგილობრივი პრობლემაა. როცა არის რომელიმე სასქესო ორგანოს პათოლოგია, მაგალითად, ბიჭებში ხშირად არის კრიპტორქიზმი, როდესაც ერთი ან ორი სათესლე ჯირკვალი სათესლე პარკში სათანადოდ ან საერთოდ არ არის ჩამოსული. თუ ეს დროულად არ იქნა დიაგნოსტირებული და დროულად არ ჩატარდა ოპერაციული მკურნალობა, სათესლე ჯირკვალი დიდხანს რჩება მუცლის ღრუში და სითბოში გადაგვარდება, ესეც იწვევს ჰორმონალურ მოშლას.

გოგონებთან შეიძლება იყოს საკვერცხის პოლიკისტოზი.

  • როგორია და რამდენად ეფექტურია მკურნალობა?

როცა დიაგნოზს დავსვამთ, მკურნალობა შესაბამისი მედიკამენტით, რა თქმა უნდა, ეფექტურია. ცხადია, დიდი მნიშვნელობა აქვს დროულ დიაგნოსტირებას. მკურნალობა ძირითადად მედიკამენტურია, ეს არის ჰორმონალური პრეპარატები.

მენსტრუაციის ნაადრევად მოსვლის შემდეგ ფერხდება სიმაღლეში ზრდა, ფიზიკური განვითარება და ხშირად მოზარდი რჩება დაბალი ტანის, ამიტომ მკურნალობის პროცესში ვმართავთ ბავშვთა გინეკოლოგიასაც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: