მთავარი,რეკლამა,სიახლეები

წელს დიდაჭარის სკოლის მოსამზადებელი ცენტრის ყველა აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

27.11.2023 • 6312
წელს დიდაჭარის სკოლის მოსამზადებელი ცენტრის ყველა აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

ია წულუკიძე სოფელ დიდაჭარიდანაა, მან წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე ჩააბარა, რისთვისაც ერთი წლის განმავლობაში ემზადებოდა მისსავე სოფელში გახსნილ აბიტურიენტთა მოსამზადებელ ცენტრში უფასოდ.

ია ამბობს, რომ გასულ წლებში მის სოფელში მცხოვრებ აბიტურიენტებს უჭირდათ რეპეტიტორებთან სიარული, რადგან ხულოში ზამთრობით დიდი თოვლი მოდის, ხოლო მოსწავლეებს ხანდახან სხვა სოფელში უწევდათ წასვლა რეპეტიტორთან:

„მოსამზადებელ ცენტრში ყველა საგანი იყო თავმოყრილი და თან აქვე, შენს სოფელში. ეს დიდი შეღავათი იყო დიდაჭარასა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის“ – ამბობს ია, რომელიც ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია.

„აჭარისწყალი ჯორჯიას” მიერ დაფინანსებული მოსამზადებელი კურსი დიდაჭარაში. ინგლისური ენის გაკვეთილი.

ია კომპიუტერული მეცნიერებებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ონლაინ პროგრამირების შესახებ დაიწყო ლექციების მოსმენა. მიაჩნია, რომ ტექნოლოგიები თანამედროვე ეპოქაში გადამწყვეტ როლს თამაშობს:

„ხშირად ონლაინ ჩვენი უფლებები ირღვევა და უსაფრთხოებაც არაა დაცული, დაინტერესებული ვარ სამომავლოდ ვიმუშაო უსაფრთხოების გარანტიებზე ქსელში. ძალიან ხშირად იპარავენ მომხმარებელთა საბანკო ანგარიშებს და ძარცვავენ მათ, ბევრ ვინმეს მიუწვდება ხელი ჩვენს პირად ინფორმაციაზე, სხვადასხვა ტიპის მასალაზე, რაც ჩვენთანაა დაკავშირებული, ამიტომ უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია.

სწავლა ახლახან დავიწყე. სხვა მიმართულებაც ბევრია კომპიუტერულ მეცნიერებებში და დაკვირვების ეტაპზე ვარ, არ ვიცი კიდევ რა ინტერესები მექნება. ერთი კი ვიცი, რომ ამ პროფესიაში მინდა რაც შეიძლება მეტი გავიგო და განვვითარდე“ – ამბობს ია წულუკიძე.

სოფელ დიდაჭარაში მოსამზადებელი კურსი ყველა აბიტურიენტისთვის დააფინანსა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“. მოსამზადებელ ცენტრში დიდაჭარაში მცხოვრები აბიტურიენტების გარდა მიმდებარე სოფლებიდანაც დადიან.

ბაჩი შავაძეც დიდაჭარის აბიტურიენტთა მოსამზადებელ ცენტრში ემზადებოდა ეროვნული გამოცდებისთვის და ახლა ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტია.

ბაჩი გვეუბნება, რომ ბევრ ოჯახს ხულოში არ აქვს შესაძლებლობა, მიამზადოს ყველა საგნის რეპეტიტორთან აბიტურიენტი, ამიტომ დიდაჭარის მოსამზადებელმა ცენტრმა ოჯახებს ტვირთი შეუმსუბუქა:

„მე ქართულში, მათემატიკასა და ინგლისურში ვემზადებოდი. ახლა საზღვაო მექანიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ, მომწონს ეს პროფესია, ენებსაც კარგად ვსწავლობ, რადგან უცხოელ მეზღვაურებთან მომიწევს კომუნიკაცია. საქართველოში მაღალანაზღაურებად სამსახურს რთულად იპოვი, მეზღვაურებს კი კარგი ხელფასი აქვთ, თან მექანიკა ძალიან მომწონს, ეს ორი რამ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი, როცა პროფესიას ვირჩევდი.

გემთმექანიკოსობა რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა, მაგრამ საინტერესო. ჩემი მიზნისთვის რომ მიმეღწია, ძალიან დამეხმარა აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი. თუ განაგრძობს არსებობას ეს ცენტრი, ბევრ ახალგაზრდას შეუწყობს ხელს ხულოში“ – ამბობს ბაჩი.

დიდაჭარის აბიტურიენტთა მოსამზადებელ ცენტრში აბიტურიენტები საგაკვეთილო პროცესის შემდეგ ემზადებიან რეპეტიტორებთან ისტორიაში, ბიოლოგიაში, უცხო ენაში, ქართულსა და მათემატიკაში – საჭიროებების მიხედვით.

ცენტრის კურსდამთავრებული ინდირა ირემაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სტუდენტი პირველ საუნივერსიტეტო წელს ზოგად მედიცინას შეისწავლის, სამომავლოდ კი რადიოლოგიისა და ენდოკრინოლოგიის შესწავლას გეგმავს.

ინდირას ყოველთვის აინტერესებდა ადამიანის აგებულება, თუ რას წარმოვადგენთ, როგორც ბიოლოგიური არსებები და ამიტომ გადაწყვიტა პროფესიად ექცია ეს ინტერესი:

„ჩვენს სოფელში, ირემაძეებში, სამედიცინო ამბულატორია გვაქვს, ექთანიც გვყავს, რომელიც სოფლის მცხოვრებლებს ეხმარება. თუმცა სოფელში არ არის აფთიაქი. ვისურვებდი ხალხს შეეძლოს საკუთარ სოფელში იყიდოს ყველა წამალი, რაც დასჭირდება და ამისთვის ხულოს ცენტრში სიარული არ იყოს აუცილებელი. სოფელშივე გავხსნიდი აფთიაქს, თუ შესაძლებლობა მომეცემოდა“ – ამბობს ინდირა.

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ გვეუბნებიან, რომ მათთვის მნიშვნელოვანია მთაში მცხოვრებ ყველა მოსწავლეს, მიუხედავად მათი სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობისა, ჰქონდეს საშუალება მიიღოს უმაღლესი განათლება.

„აჭარისწყალი ჯორჯიას” მიერ დაფინანსებული მოსამზადებელი კურსი დიდაჭარაში. ინგლისური ენის გაკვეთილი.

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ ჯერ კიდევ ჰესის მშენებლობისას, დაბა შუახევში, დაბა ხულოში, სოფელ დიდაჭარასა და ღურტაში გახსნა ინგლისური ენის მოსამზადებელი ცენტრები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. კომპანიამ დაასაქმა ინგლისური ენის ადგილობრივი პედაგოგები და 2 წლის განმავლობაში 212-მა მოსწავლემ გაიარა ეს კურსები უფასოდ.

კომპანია ასევე უზრუნველყოფდა სახელმძღვანელოებითა და სხვა სასწავლო მასალებით მოსწავლეებს. იმ პერიოდში ყველა მოსწავლემ გადალახა საგამოცდო ბარიერი და ინგლისურ ენაში არცერთი მოსწავლე არ ჩაჭრილა.

შარშან დიდაჭარის სკოლის ადმინისტრაციამ და მოსახლეობამ კომპანიას მიმართა თხოვნით, რომ გაეხსნათ ერთიანი ეროვნული გამოცდების მოსამზადებელი ცენტრი.

აბიტურიენტების მომზადება  საკმაოდ დიდი ფინანსური ტვირთია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. უფასო ცენტრის საშუალებით კი იზოგება ადგილობრივების მატერიალური რესურსი და ახალგაზრდებს მთიანი სოფლების დატოვება აღარ უწევთ, რადგან უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად ქალაქში ჩამოსვლა და მომზადება აღარ სჭირდებათ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: