განათლება,მთავარი,სიახლეები

ის, რომ შეფასება გაუქმდა, ასე არ არის – შეიცვალა თუ არა სინამდვილეში ესგ?

23.11.2023 • 9906
ის, რომ შეფასება გაუქმდა, ასე არ არის – შეიცვალა თუ არა სინამდვილეში ესგ?

განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შეიტანა. ვებგვერდზე გამოაქვეყნა პუნქტების ჩამონათვალიც, სადაც წერია, რომ სკოლები თავისუფლდებიან გარკვეული ვალდებულებებისგან. არის თუ არა ეს ცვლილებები რეალურად სიახლე, რას ეთანხმებიან სკოლები და რას არა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის  №15 საჯარო სკოლის დირექტორს, ნინო მოდებაძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო ნინო, როცა სამინისტრო წერს, რომ სკოლებში გაუქმდა განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტები, როგორიცაა მაგალითად საკლასო, საშინაო დავალება და შემაჯამებელი სამუშაო, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეები საშინაო დავალებებს აღარ დაწერენ?  

არა. აქ საუბარია იმაზე, რომ სისტემა აღარ გვავალებს ეს კომპონენტი გვქონდეს. სისტემა ამბობს, რომ თუ სკოლა მიიჩნევს საჭიროდ ამ კომპონენტების გამოყენებას, შეუძლია გამოიყენოს ან ჩაანაცვლოს სხვა კომპონენტით. მაგრამ გამოყენების ვალდებულება არ გვაქვს.

  • თუ მოსწავლე არ დაწერს დავალებას, მასწავლებელს შეუძლია ამის გამო უსაყვედუროს თუ არა?

ვერ ექნება მოსწავლეს ეს პრეტენზიები და გეტყვით რატომ, ყველა ეს ცვლილება, რომელიც გაიწერა ეროვნულ სასწავლო გეგმაში (ესგ), სკოლის საჭიროებაზე და ინტერესებზე იქნება მორგებული. შესაბამისად, მოსწავლეს წინასწარ ეცოდინება რაში ფასდება, რატომ და როგორ.

  • სამინისტრო ამბობს, რომ ორიგინალური შეფასების სისტემები და პრინციპები სკოლამ უნდა მოიფიქროს, ამაზე რას ფიქრობთ?

ამ „ორგანულობაში“ არ იგულისხმება ის, რომ სკოლა რაღაც სასწაულს მოიფიქრებს  და რაიმე უცნაურ კომპონენტს ჩადებს. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი სკოლა (ყველა თუ არა), მაინც დაიტოვებს საშინაო დავალებას ან სხვა რომელიმე კომპონენტს.

  • ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ „ახლებურად ჩამოყალიბდა ესგ-ს მიზნები“, აქ რა შეიცვალა არსებითი, გაჩნდა რაიმე ვალდებულება, რაც აქამდე არ ყოფილა?

რა თქმა უნდა, რაღაც ცვლილებები არის, მაგრამ როცა ვიღაცები წერენ სოციალურ ქსელებში, რომ „შეფასება აღარ იქნება“, ეს არ არის სწორი. შეფასება იქნება, უბრალოდ, შეფასების კრიტერიუმები თავად სკოლას შეუძლია შეარჩიოს.

ახალია ის, რომ საგნობრივი საკითხები სკოლას შეუძლია თვითონ დაალაგოს და ისე ასწავლოს.

  • კერძო სკოლებს უფლება მიეცათ, განსაზღვრონ არა კლასის, არამედ საფეხურის დაძლევის ბარიერი, იგივე უფლება გაქვთ საჯარო სკოლებსაც?

იგივე უფლება ჩვენ არ გვაქვს და რატომ მოხდა ამის კლასიფიცირება ასე, არ ვიცი. მე მიმაჩნია, რომ მოსწავლემ წელი უნდა დაძლიოს. თუმცა, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა საუბრობს იმაზე, რომ შედეგი იქნება საფეხურის ბოლოს.

შესაბამისად, ამ საფეხურის განმავლობაში მოსწავლეს აქვს საშუალება, რომ საფეხურისთვის განკუთვნილი მინიმალური ცოდნა აითვისოს და ბარიერი დაძლიოს.

თუკი მოსწავლე ვერ მოახერხებს მაგალითად მეშვიდე კლასი დაძლიოს, ამისთვის არსებობს რემედიაციის პროგრამა, რომ მოსწავლეს დაეხმაროს ამ ეტაპისთვის განსაზღვრული ცოდნის ათვისებაში.

რემედიაციის დანერგვა ვალდებულებაა.

თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ შედეგი უნდა დაიდოს საფეხურის ბოლოს, მაშინ დაძლევაც უნდა მოხდეს საფეხურის ბოლოს. ამ საკითხზე ბოლომდე არ ვართ ჩამოყალიბებული ჩვენ სკოლაში, რადგან არ ვიცით ეს სისტემა მისცემს თუ არა მოსწავლეს უფრო მეტს საშუალებას დაძლიოს საფეხური, ამიტომ სიმართლე გითხრათ, მეც მიჭირს ამის ზუსტი შეფასება.

  • თუკი ამ სისტემით იმუშავეს სკოლა, მაშინ წლის ბოლოს არ ეყოლება „კლასი ვერ დაძლია“ სტატუსის მქონე მოსწავლეები და, შესაბამისად, მათ ვერც კლასში ჩატოვებს.

დიახ, კლასში ვერ ჩატოვებს სკოლა მოსწავლეს. თუ საფეხურს ვერ დაძლევს, მაშინ ალბათ კი.

ვფიქრობ, სკოლამ ის უნდა განსაზღვროს, რატომ ვერ დაძლია მოსწავლემ სასწავლო პროგრამა. იმიტომ, რომ აქვს სპეციალური საჭიროება (აქ არ იგულისხმება მხოლოდ ფიზიკური და მენტალური დარღვევა), თუ აქვს მაგალითად რთული სოციალური პირობები. რა უშლის ბავშვს სწავლაში ხელს, ეს უნდა განისაზღვროს და თუ დადგინდა სპეციალური საჭიროება, მაშინ თავისთავად ბავშვს უნდა შესთავაზოს სკოლამ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.

  • გყავთ ასეთი მოსწავლეები სკოლაში, ვინც ვერ დაძლია კლასი და რა იყო ამის მიზეზი. აქამდე თუ სთავაზობდით ინდივიდუალურ გეგმას?

დიახ, გვყოლია ასეთი ბავშვები და მიზეზი ძირითადად უკავშირდება გაცდენებს, რადგან გაცდენა თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ბავშვი ვერ ესწრება საგაკვეთილო პროცესს და ვერ იღებს სასკოლო მომსახურებას.

  • რატომ აცდენენ, მოტივაცია არ აქვთ?

სხვადასხვა მიზეზებია. მაგალითად,  „ჩაეძინა“, „სიცივე იყო“, „შეეზარა წამოსვლა“, „რატომღაც აპროტესტებს და არ მოდის“ და არის მსგავსი მიზეზები.

ძალიან ხშირად არის ასეთი შემთხვევებიც, როცა მშობელი დაკავებულია, მიდის სამსახურში და მხედველობიდან რჩება ის ფაქტი, მართლა გავიდა ბავშვი სახლიდან თუ არა, სანამ არ შეატყობინებს დამრიგებელი, რომ არ მოვიდა სკოლაში.

ვფიქრობ, მშობლების მეტი პასუხისმგებლობაა მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში, მარტო სკოლას არ უნდა მოეთხოვოს პასუხი.

როცა ბავშვს აქვს ხშირი გაცდენები, ეს არ უნდა დარეგულირდეს მხოლოდ ექსტერნატის გამოცდებით, აუცილებლად უნდა გაირკვეს მიზეზები, რატომ აცდენს ბავშვი სკოლას.

გვქონია ისეთი შემთხვევებიც, როცა სოციალური სამსახურისთვის მიგვიმართავს  და მათი დახმარებით მოგვიყვანია ბავშვი სკოლაში, მაგრამ იმ გაცდენილ პერიოდს ვერ ანაზღაურებდა ბავშვი.

ამ საკითხის მიმართ მშობლის აზროვნება და მიდგომებიც შეიცვალა, რადგან აქამდე ბევრი მშობელი ამბობდა უარს რემედიაციის პროგრამაზე. ახლა მეტი გაგებით ეკიდებიან.

  • რემედიაციის პერიოდი რამხელაა?

თუკი რაიმე არ შეიცვალა, ეს არის მოკლევადიანი პროგრამა.

რემედიაცია გულისხმობს, რომ მოსწავლის წარმატებაში, სირთულეების დაძლევაში ჩართული უნდა იყოს, როგორც მასწავლებელი, ასევე სკოლის ადმინისტრაცია და მშობელი. მშობელს ძალიან დიდი როლი აქვს ამ პროცესში, რადგან რემედიაციაში მშობლის სურვილის გარეშე ვერ ჩართავ ბავშვს.

თუმცა აქაც უნდა მოხდეს დიფერენცირება, კონკრეტულად რომელ საკითხებში ჩამორჩა ბავშვი და იმ საკითხის დალევას რა პროცესიც სჭირდება, ის პერიოდი დაეთმობა რემედიაციას.

  • ერთ-ერთი მტკივნეული თემა სკოლებში საათების განაწილების საკითხია. ამ ჩანაწერების მიხედვით, სკოლებს თავად შეუძლიათ განსაზღვრონ სასკოლო საათობრივი ბადე. იყო კომენტარები, რომ ეს გამოიწვევს უსიამოვნებებს, რადგან შესაძლოა უსამართლოდ გადანაწილდეს საათები. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

სკოლებს საათობრივ ბადეში მოგვცეს თავისუფლება და ეს არ ეხება საათობრივ დატვირთვას. ასეთი ცვლილება მე არ მინახავს, ყოველ შემთხვევაში.

საათობრივ ბადეში 25%-იანი ცვლილების უფლება სკოლას აქამდეც ჰქონდა, ოღონდ იყო გარკვეული შეზღუდვები. მაგალითად ის, რომ დაწყებით საფეხურზე ეს არ უნდა მომხდარიყო სახელოვნებო საგნების და სპორტის ხარჯზე, ახლა კი ეს შეზღუდვები მოიხსნა.

თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ფურცელზე არ უნდა დარჩეს და რეალურად უნდა იმუშაოს.

უნდა იმსჯელოს ამაზე სკოლამ, პედაგოგიური საბჭო ამტკიცებს სასწავლო გეგმას და სასკოლო-სასწავლო გეგმის შემადგენელი ნაწილია საათობრივი ბადეც. შესაბამისად, ყველა ადამიანს შეუძლია თავისი პოზიცია დაიცვას, ოღონდ ეს უნდა იყოს არგუმენტირებული.

თუ რომელიმე პედაგოგი ფიქრობს, რომ ადმინისტრაცია უსამართლოდ იქცევა, ხმა უნდა ამოიღოს. „მე ასე მინდა, მე ისე“, ასე ვერ იქნება, არგუმენტები სჭირდება ყველაფერს.

  • საათობრივი ბადეში თავისუფლება რას გულისხმობს?

ეს ჩანაწერი სკოლას აძლევს უფლებას, რომ, მაგალითად, თუ აქამდე სპორტი ისწავლებოდა სამი საათი, შეიძლება გახდეს ორი საათი, ან ითქვას, რომ მათემატიკა 4 საათი ისწავლებოდეს და არა 5 საათი.

მასწავლებლები სულ ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ, მაგალითად, ერთ კლასში მათ საგანში ძალიან ბევრი საკითხი იყო ერთად მოყრილი, მეორე საფეხურზე კი ძალიან ცოტა საკითხია. ეს ცვლილებები მასწავლებელს აძლევს უფლებას თავად გადაანაწილოს საკითხები და ასწავლოს ასაკის შესაბამისად.

არ იქნება მარტივი ეს პროცესი, თუმცა მასწავლებელს ამიერიდან ვეღარ ექნება პრეტენზია იმაზე, რომ მე მეხუთე კლასში მინდოდა ეს საკითხი მესწავლებინა და არა ახლა. ყველაფერს თვითონ დაალაგებს.

  • სამინისტრო წერს, რომ ახლებურად ჩამოყალიბდა ესგ-ს მიზნები. აქ რა სიახლეა?

ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ძირეული ცვლილებაა, უბრალოდ, ახალ ჩანაწერში უფრო დაკონკრეტებულია მაგალითად ის, რა უნდა შეძლოს მოსწავლემ.

არის თუ არა აქ რაიმე სადაო საკითხი, ვერ გეტყვით, რადგან ამაზე ჯერ არ მიმსჯელია კოლეგებთან და ამას უახლოეს დღეებში გავაკეთებთ.

  • სწავლა-სწავლების პრინციპები განისაზღვრაო ამბობს სამინისტრო, ეს აქამდე არ იყო განსაზღვრული?

კი იყო განსაზღვრული და ახლაც, რაც არის გაწერილი, უმეტესი წინა ვერსიიდან არის დატოვებული. უბრალოდ, დამატებულია რამდენიმე საკითხი. მაგალითად, „მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის შეძენა“, რომელიც გულისხმობს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

მთელი კურსი აღებულია იმაზე, თუ რატომ სწავლობს ამას ბავშვი. სად გამოიყენებს ამ ცოდნას და როგორ გამოიყენებს, ესაა მთავარი პრინციპი.

  • კიდევ ერთი ჩანაწერი ასეთია: „მკაფიოდ გამოიკვეთა, თუ რას გულისხმობს მოსწავლეზე ორიენტირებული სიღრმისეული სწავლება“. რით გამოიკვეთა, შეგიძლიათ გვითხრათ?

სიმართლე გითხრათ, ასეთი ჩანაწერი მე ვერ ვნახე, მაგრამ აი ის, რომ შემოვიდა რემედიაციის პროგრამა და სავალდებულო გახდა, ის, რომ შეფასების სისტემა უნდა მოერგოს მოსწავლის საჭიროებებს, სასწავლო პროგრამაც ასევე იქნება მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული, ეს ყველაფერი ერთად, ქმნის ამ სიახლეებს.

საუბარია იმაზე, რომ ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური სასკოლო გეგმა, მორგებული სკოლის სპეციფიკაზე, საჭიროებაზე, მიღწევებზე და ასე შემდეგ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: