მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

კოჟრის სახლში მოშორება არ არის უსაფრთხო – ინტერვიუ პოდოლოგთან

23.11.2023 • 1918
კოჟრის სახლში მოშორება არ არის უსაფრთხო – ინტერვიუ პოდოლოგთან

კოჟრი კანის სქელი, გამაგრებული ფენაა, რომელიც ვითარდება, როგორც კანის თავდაცვის მექანიზმი ხანგრძლივი ზეწოლისგან. უმეტესად ჩნდება ტერფებსა და ფეხის თითებზე, რის ყველაზე ხშირი მიზეზიც ცუდად მორგებული ფეხსაცმელია. კლინიკა „კანის“ ექიმი-პოდოლოგი, ნიკა ძნელაძე ამბობს, რომ კოჟრის წარმოქმნის მიზეზი, შესაძლოა, ტერფის დარღვეული დგომაც იყოს, რაც მკურნალობის სხვაგვარ ტაქტიკას მოითხოვს. 

ექიმი-პოდოლოგი ამბობს, რომ კოჟრის თვითმკურნალობა სარისკოა, რადგან, შესაძლოა, გამოიწვიოს ინფექციები, რაც მტკივნეულია და სიარულს ართულებს. გარდა ამისა, არა ნამკურნალევი ან წარუმატებლად დამუშავებული კოჟრი ისევ გაიზრდება მანამ, სანამ მისი გაჩენის მთავარი მიზეზი არ აღმოიფხვრება.

სწორედ ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ ექიმი-პოდოლოგ ნიკა ძნელაძეს. 

  • რას წარმოადგენს კოჟრი, რა წარმონაქმნია ეს?

კანის გარქოვანებული და გაუხეშებული უბანი – კოჟრი, ვითარდება კანზე პერმანენტული დაჟეჟილობის, სრესის ან მუდმივი ზეწოლის შედეგად. 

ტერფის კოჟრი შეიძლება წარმოიქმნას ტერფის საყრდენ წერტილებზე ან ფეხსაცმლის შემხებლობის არეში, მათ შორის თითებზე [სადაც კანს პერმანენტულად ეხება ფეხსაცმელი] და თითებს შორისაც, როცა ტერფის დგომა დარღვეულია და თითები ერთმანეთთან არის ძალიან მჭიდროდ, ამან შეიძლება მექანიკური დაჟეჟილობის შედეგად გამოიწვიოს ე.წ. გარქოვანებული უბნები.

შესაძლოა, პაციენტს ჰქონდეს ბრტყელტერფიანობა, ან ტერფის დგომა იყოს დარღვეული.

ტერფის არასწორი დგომის გამო სიმძიმე არასწორად ნაწილდება მასზე, შემდეგ [ხანგრძლივი სრესის, დაჟეჟილობის ან მუდმივი ზეწოლის შედეგად] წარმოიქმნება კანის გარქოვანებული უბნები იმ საყრდენ წერტილებში, რითაც პაციენტი ეყრდნობა მიწას.

კოჟრი გამაგრებული ქსოვილია, რომელსაც გააჩნია ჰიპერკერატოზული ცენტრი, გარშემორტყმულია ანთებადი კანით და როგორც წესი, მტკივნეულია, განსაკუთრებით – ზეწოლისას. 

კოჟრის სხვა მიზეზებია:

  • მოჭერილი და ცუდად მორგებული ფეხსაცმელი;
  • ფიზიკური აქტივობა [სპორტული/სამსახურებრივი], რომელიც ხშირ და ძლიერ ზეწოლას ახდენს ფეხებზე;
  • ფეხსაცმლის ტარება წინდის გარეშე;
  • მძიმედ სიარული ფეხის შიდა ან გარე კიდეზე;
  • სახსრების დეფორმაცია.
  • როგორ ხდება კოჟრის მკურნალობა?

თავიდან ხდება კოჟრის ჰიპერკერატოზული ცენტრის დამუშავება, როგორც აპარატით, ისე კრიოდესტრუქციით (თხევადი აზოტით მოყინვა). აპარატით ჩვენ ვიღებთ გარქოვანებულ და გაუხეშებულ ქსოვილს და შემდგომ კრიოდესტრუქციით ვწვავთ ჰიპერკერატოზულ ცენტრს. 

თხევადი აზოტის გამოყენება ერთბაშად დიდი რაოდენობით არ შეიძლება, ამიტომ შესაძლოა საჭირო გახდეს განმეორებითი პროცედურები, ორი კვირის ინტერვალით. გააჩნია, რა ზომისაა კოჟრი, როგორ დავამუშავებთ მის ცენტრს.

გარდა ამისა, მკურნალობისთვის გამოიყენება შარდოვანას შემცველი დამარბილებელი და დამატენიანებელი კრემები. პოდოლოგიური დამუშავების შემდეგ ექიმი ნიშნავს 10-პროცენტიან, 25-პროცენტიან ან 50-პროცენტიან დამარბილებელ კრემს, რომელიც ატენიანებს გარქოვანებულ უბნებს, რათა ტკივილი მოიხსნას.

ასევე, ტერფის კოჟრის დროს პაციენტს ვაძლევთ რეკომენდაციას გამოიყენოს ორთოპედიული ან სუპინატორიანი საფენი.

ზოგჯერ, თითებს შორის განვითარებული კოჟრის შემთხვევაში, პაციენტს ვურჩევთ სილიკონის რგოლის გამოყენებას ან თითებს შორის ჩასაფენ სუპინატორს, რომ თითებს ნაკლები შემხებლობა ჰქონდეთ ერთმანეთთან.

  • რამდენად უსაფრთხოა კოჟრის მოშორება სახლის პირობებში?

არასწორმა დამუშავებამ შეიძლება უფრო გააღრმაოს კოჟრი, ვიდრე შეამციროს. 

ყველას არ აქვს მკურნალობის საშუალება და მესმის, მაგრამ კოჟრის თვითმკურნალობა არ არის ეფექტური. კოჟრის ჰიპერკერატოზული ცენტრის ამოღება, რასაც პაციენტები სახლის პირობებშიც აკეთებენ, არ არის საკმარისი მის მოსარჩენად, რადგან ის ისევ გაიზრდება. გარდა ამისა ხშირად, სახლში, სხვადასხვა სითხეში ირბილებენ გაღიზიანებულ კოჟრს და თავისით იჭრიან, რა დროსაც ტკივილიც ძლიერდება, გართულების რისკიც მატულობს, ფეხსაცმელსაც ვეღარ იცვამენ. ეს არ არის უსაფრთხო.

ზოგ შემთხვევაში შესაძლოა სხვა დიაგნოზში გადავიდეს ეს პრობლემა. მაგალითად, ტერფის კოჟრის თვითმკურნალობა განსაკუთრებით სახიფათოა დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის, რომლებთანაც მაღალი რისკია განვითარდეს სერიოზული პრობლემა.

მნიშვნელოვანია მკურნალობის მეთოდის სწორად შერჩევა და ხშირად რამდენიმე მეთოდის გამოყენება კომბინაციაში, რათა კოჟრი ხელახლა არ წარმოიქმნას. 

უნდა დავაკვირდეთ, შესაძლოა ტერფის დგომამ სრულად გამოასწოროს მდგომარეობა. შესაძლოა პაციენტისთვის საკმარისი იყოს მხოლოდ სუპინატორის ან ორთოპედიული საფენის გამოყენება, რომელიც უნდა დამზადდეს მხოლოდ მისთვის.

როცა პაციენტს ტერფზე აქვს კოჟრი, ტკივილისა და დისკომფორტის გამო ის გადაადგილების დროს ფეხს ადგამს არასწორად, სიმძიმე არასწორად ნაწილდება ტერფის სხვადასხვა წერტილზე, ამიტომ შესაძლოა კანის გარქოვანება ახალ ადგილზე დაიწყოს და გაჩნდეს ახალი კოჟრი. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი მკურნალობის დროულად დაწყება.

  • რა უნდა გავითვალისწინოთ ფეხსაცმლის შერჩევის დროს?

ფეხსაცმელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორად მინდა გაიგოს მკითხველმა, არ არის სავალდებულო ფეხსაცმელი იყოს ბრენდირებული, ჩვენ პირველ რიგში უნდა დავაკვირდეთ ტერფის დგომას, ხომ არ არის ძვალი გამოწეული და ამ ყველაფრის გათვალისწინებით შევარჩიოთ ფეხსაცმელი.

ფეხსაცმელი აუცილებლად უნდა იყოს კომფორტული. იმ შემთხვევაში, თუ თითები მჭიდროდ დგას ერთმანეთთან, ფეხსაცმლის წინა ცხვირი უნდა იყოს ფართო, ნაკლები შემხებლობა უნდა ჰქონდეს ფეხსაცმელსა და ქსოვილს ერთმანეთთან, რომ არ დაზიანდეს ქსოვილი და არ მივიღოთ გარქოვანებული, გაუხეშებული კანი.

ცუდად მორგებულმა ფეხსაცმელმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ქუსლის ჰიპერკერატოზი, ეს არის უკვე ქუსლის სიმშრალე, რომელიც გამოხატულია ქუსლის რკალზე.

განსაკუთრებით იმ პაციენტებმა, ვისაც დარღვეული აქვს ტერფის დგომა, თითები მჭიდროდ აქვთ ერთმანეთთან და მუდმივად ეხებიან ერთმანეთს, უნდა შეარჩიონ ფეხსაცმელი, რომელშიც, ასე ვთქვათ, „ფეხი სუნთქავს“.

___________________________________________

Cleveland Clinic-ის რეკომენდაციები:

  • ატარეთ ფეხსაცმელი, რომელსაც აქვს ფართო და მაღალი წინა ნაწილი. ფეხსაცმლის ყიდვა დაგეგმეთ დღის ბოლოს, როცა ფეხები ოდნავ შეშუპებულია.
  • თუ კოჟრი მტკივნეულია, დაიდეთ ცივი კომპრესი ტკივილისა და შეშუპების შესამცირებლად არა უმეტეს 10-20 წუთის განმავლობაში.
  • არასოდეს სცადოთ კოჟრის ამოჭრა ან სხვა ბასრი საგნით მოშორება.
  • ნუ ეცდებით კოჟრებისა თვითმკურნალობას, თუ გაქვთ დიაბეტი, გაქვთ ცუდი სისხლის მიმოქცევა, ხართ მიდრეკილი ინფექციებისკენ ან გაქვთ ნაზი კანი. ნაცვლად ამისა მიმართეთ ექიმს.
  • კოჟრის გაღიზიანებისგან დასაცავად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური დამცავი პლასტირი, რომლის ცენტრშიც განთავსებული სირბილე იცავს კოჟრს ზეწოლისგან და შესაბამისად, ამსუბუქებს ტკივილს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: