მთავარი,სიახლეები

რამდენად გამოუვა ოპოზიციას „შეკრება“ და რას შეცვლის ეს? – ინტერვიუ

27.11.2023 • 697
რამდენად გამოუვა ოპოზიციას „შეკრება“ და რას შეცვლის ეს? – ინტერვიუ

„რაც გადაწყვეტს ამ არჩევნების საბოლოო შედეგს, ეს არის პრაგმატული სტრატეგია,“ – კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრანტი და ფსიქოლოგი დავით ჯინჭარაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოში ამომრჩეველი ბევრად კრიტიკული გახდა და მის პოლიტიკურ დაკვეთას ხშირად პოლიტიკოსები ვერ პასუხობენ.

დავით ჯინჭარაძის დაკვირვებით, ბოლო წლებში ამომრჩევლებს შორის ყველაზე ხალხმრავალი და კრიტიკულად განწყობილი ადამიანები – ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ ოპოზიცია ილაპარაკებს არა ზოგადად იმაზე, რომ ევროპა კარგია, არამედ როგორ აპირებს თავად ოპოზიცია ევროპული ტიპის სახელმწიფოს მოწყობას.

მეორე საკითხი ერთობაა – ამომრჩევლის ამ კატეგორიულ დაკვეთასაც ოპოზიცია ამ დრომდე არ იმჩნევს. რამდენიმე დღის წინ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ფეისბუქში დაწერა, რომ „შუა უნდა შეიკრიბოს“. ოპოზიციური ლიდერის ამ მოწოდებას ოპოზიციის ველზევე სხვადასხვაგვარი შეფასება მოჰყვა.

დავით ჯინჭარაძის დაკვირვებით, ამ ეტაპზე ნაკლებად ჩანს ოპოზიციის კონსოლიდაციის რესურსი. რას შეცვლის ოპოზიციის ერთობა და რატომ?  – „ბათუმელებმა“ დავით ჯინჭარაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრანტია, ფსიქოლოგი.

  • ბატონო დავით, მამუკა ხაზარაძის მოწოდებას „შუა უნდა შეიკრიბოს“ ოპოზიციაში სხვადასხვაგვარი რეაქცია მოჰყვა, თუმცა მკაფიოა საზოგადოების დაკვეთა ოპოზიციური ძალების გაერთიანებაზე. თქვენ რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ ამ გადასახედიდან ოპოზიციის კონსოლიდაცია? 

ყველა კვლევით ჩანს, რომ 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში, შუა მართლაც უნდა შეიკრიბოს. საკითხავია, რამდენად ცენტრად შეიკრიბება ოპოზიცია. არსებობდა თავის დროზე განცხადებები, ვინ ვისთან უნდა მისულიყო და ერთგვარი კონკურენცია არსებობს ამ ე.წ. შუაში მყოფ პარტიებში, მაგრამ მათემატიკურად სხვა გამოსავალი არ არსებობს – დამოუკიდებლად ასპარეზობით ძალიან ბევრი ხმა დაიკარგება.

ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი, ვინც ოპოზიციურად არის განწყობილი, ჩათვლის, რომ საკუთარი ხმის დაკარგვას, უმჯობესია, რომელიმე მსხვილ პარტიას დაუჭიროს მხარი: „ქართულ ოცნებას“, ენმ-ს ან გახარიას პარტიას, როგორც ეს ბოლო კვლევებით ჩანს…

  • კვლევებზე დაყრდნობით რამდენად შეიძლება დაინახოს ოპოზიციურმა პარტიამ იმის რისკი, რომ გაერთიანებით შესაძლოა მისი პოტენციური ამომრჩეველი დაიკარგოს, მაგალითად, ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებით? 

არსებობს ოპოზიციის ამომრჩევლებში ის კატეგორია, რომელიც ამბობს, რომ იმ პოლიტიკოსსაც კი არ მისცემს ხმას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, განიხილავენ კონკრეტულ პარტიებს „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებებს და ამას „ქართული ოცნების“ ნარატივიც უწყობს ხელს.

ამომრჩეველთა ეს ნაწილი ამბობს, რომ საჭიროა სუფთა ხალხი პოლიტიკაში, თორემ სხვაგვარად არაფერი შეიცვლება. ამ მოცემულობას იყენებს „ქართული ოცნებაც“, რომ აი, ეს ოპოზიციური პარტია რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებაა. ამის საპასუხოდ კი, ოპოზიციური პარტიებიც ერთმანეთის საპირისპირო განცხადებებს აკეთებენ.

„სუფთა ხალხის“ მოსვლა შეიძლება ითქვას, რომ არ არის მაინცდამაინც რეალისტური მოლოდინი, რადგან ერთი წელიც აღარ დარჩა არჩევნებამდე.

დღევანდელ კონტექსტში ოპოზიციური ერთობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უშუალოდ პოლიტიკური ძალები მოხვდნენ პარლამენტში, თუმცა იმისთვის, რომ ადამიანებმა ამ ოპოზიციურ ერთობას მისცეს ხმა, საჭიროა ოპოზიციას ჰქონდეს სტრატეგია.

სტრატეგიით და კონკრეტული გეგმით გადაწყდება ის, თუ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი რას იზამს. არარეალისტურია ვიფიქროთ, რომ იმდენი ახალი ძალა შემოვა პოლიტიკაში, ისინი შეცვლიან თითქოს პოლიტიკურ რეალობა. ამის აღიარება ჯობია და უნდა გადავიდეთ მომავალზე.

  • „ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა სხვა ოპოზიციური პარტიების ერთობა რამდენად შეიძლება გახდეს ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა? 

საინტერესო საკითხია. თუ მთავრობის შეკვრაზეა საუბარი, რთულად წარმოსადგენია ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხმების გარეშე იმ ტრაექტორიით, რაც დღეს ჩანს და რასაც აჩვენებს ბოლო კვლევები.

მართალია, ბოლო კვლევებით, ჯამურად ოპოზიციას მეტი ხმა აქვს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“, მაგრამ საკითხავია, ჯამურად მეტი ხმა რამდენად საკმარისია იმისთვის, რომ გადაითარგმნოს რეალურ მთავრობაში. ამისთვის აუცილებელია, ეს ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს.

ამ გაერთიანების მთავარი მიზანი ზუსტად ეს არის, რომ როცა ჩვენ გვაქვს, პირობითად, 10 პარტია, რომელსაც ცალ-ცალკე 4.5 % შეიძლება ჰქონდეს, ჯამურად ეს 45 % გამოდის. მარტივად დასანახია, როგორ იკარგება ეს 45 %, თუ ეს პარტიები არ გაერთიანდებიან და 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ.

დავით ჯინჭარაძე

არჩევნებამდე უნდა შეკავშირდნენ ეს მცირე პარტიები, ცალკე უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მეორე ოპოზიციური ცენტრი. ეს ოპოზიციური ძალები არჩევნების შემდეგ უნდა შეკავშირდნენ, მთავრობის დაკომპლექტების დროს.

თუ არჩევნებამდე გაერთიანდებიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ეს ხელს შეუწყობს იმ ნარატივის გაძლიერებას, რომ აი, ესენიც „ნაციონალური მოძრაობის“ გაგრძელება არიან და თქვენ გინდათ, „ნაციონალები“ დაბრუნდნენ მთავრობაში? არ არის გამორიცხული, მოსახლეობის რაღაც ნაწილმა მართლაც თქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება არ სურს და ამ მოტივით მთლიანად ოპოზიციურ გაერთიანებას არ მისცეს ხმა.

ბოლო კვლევებით დგინდება ორი რამ: „ქართულ ოცნებას“, როგორც ერთ პარტიას, აქვს მაღალი რეიტინგი, თუმცა ოპოზიციას აქვს ჯამურად მეტი ხმა. მეორე საკითხია ის, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არის პროევროპული და არათუ რუსეთთან დაკავშირება, არამედ რუსების უკონტროლო შემოსვლაც კი არ სურთ საქართველოში.

ეს არის ერთგვარი აცდენა პროევროპელ მოსახლეობასა და ოპოზიციური ამომრჩევლების რაოდენობას შორის, რადგან იგი პირდაპირპროპორციული არ არის. ჩემი აზრით, ეს ასეა იმიტომ, რომ ყველა, ვისაც სურს ევროპა, არ მიდის არჩევნებზე და მეორე მხრივ, მე, როგორც ერთმა ამომრჩეველმა, შეიძლება კი ვიცი, რომ „ქართული ოცნების“ შეცვლას არ აქვს ალტერნატივა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად მოვა კარგი მთავრობა, თუ ოცნება“ არ იქნება ხელისუფლებაში.

ეს არის მთავარი პრობლემა, რომ ევროინტეგრაცია რეალურად ნიშნავს კონკრეტულ ცვლილებებს. ეს შეიძლება ნიშნავდეს, მაგალითად, ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკის კონკრეტულ იდეას, გარემოს გაუმჯობესებას, ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც არ ჩანს.

ოპოზიციის შემთხვევაში ევროპული ინტეგრაცია არის დეკლარირებული, მაგრამ კონკრეტულად რა შეიცვლება ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საკმარისად არ იკვეთება.

მაგალითად, ეკონომიკურ საფუძვლებზე თუ ვიმსჯელებთ, დიდი განსხვავება ამ პარტიებს შორის არ არის. არის პარტია, რომელსაც რაღაც გამოკვეთილი პოზიცია აქვს, მაგრამ ბევრი საკითხია, რაზეც ვერ ვიტყვით, რომ ოპოზიცია რამე განსხვავებულ ხედვას გვთავაზობს. მოსახლეობის ნაწილი ლიბერალია, ნაწილი – კონსერვატორი, თუმცა ამ ყველაფრის იგნორირება ხდება.

  • გამოდის, ამომრჩევლის დაკვეთას ვერ ითვალისწინებს ოპოზიცია? 

ასე გამოდის, რადგან ამომრჩეველს აინტერესებს კონკრეტიკა.

არსებობს მოსახლეობის პოლიტიკურად აქტიური ნაწილი, რომელიც კარგად ჩახედულია პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა არსებობს მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც ადარდებს პრაგმატული საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, გადასახადები, სასამართლო, ეკონომიკური მოდელები, ის, რაც ყოველდღიურად მასზე აისახება…

დასავლურ პოლიტიკაში პოლიტიკური დებატის ნაწილია რიგითი, საყოფაცხოვრებო საკითხები, რაც იწვევს მოსახლეობის ნაწილის ამა თუ იმ პარტიის მხარდაჭერის გამოწვევას, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში კონკრეტული რეგიონი, სადაც მუდმივად მოსახლეობა „კონსერვატიულ პარტიას“ აძლევდა ხმას, ახლა არჩევნებს იგებენ ლეიბორისტები. ეს უკავშირდება ძირითადად ეკონომიკურ პოლიტიკას. საქართველოში კი, ასეთი პროცესები არ ხდება.

  • რა იკითხება ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების გზავნილებიდან ოპოზიციის ერთობაზე?

ბოლო დროს ისეთ პროცესებს ვხედავთ ერთი პარტიის შიგნით – დაპირისპირებებს, თუ ადრე მხოლოდ „ოცნების“ წინააღმდეგ იყო ოპოზიცია მიმართული, ახლა ერთმანეთს უპირისპირდებიან და ეს ცოტა დამაბნეველია, რადგან არ იქმნება ძლიერი ოპოზიციური პარტიის იმიჯი.

ამ მოცემულობაში ერთობის რესურსიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

  • თქვენი დაკვირვებით, ამას ვერ იაზრებენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში, მიაჩნიათ, რომ დამოუკიდებლად უკეთეს პოლიტიკურ შედეგს დადებენ, თუ ფარულ გარიგებებთან შეიძლება გვქონდეს საქმე? 

ოპოზიციურ პარტიებში ძირითადად აქვთ ის პოლიტიკური გამოცდილება და განათლება, რომ ზუსტად ხვდებოდნენ, რა არის მომგებიანი ახლა და რა – არა.

შეიძლება იყოს ფარული დაპირისპირება და დახურულ კარს მიღმა თამაშები, შეიძლება იყოს ეგოს ასპექტიც, როცა აქვთ პრეტენზია არა საერთო ოპოზიციის გამარჯვებაზე, არამედ საკუთარი პარტიის წინ წაწევაზე, რაც ცოტა არარეალისტურია იმიტომ, რომ ნული სავარძლის გაყოფა ვერ მოხდება.

  • ოპოზიციის განცხადებებში ხშირად ჟღერდება ის, რომ 2024 წლის არჩევნები იქნება წყალგამყოფი დასავლეთს და რუსული მოდელის სახელმწიფოს არჩევანს შორის. ოპოზიცია ცდილობს იმის წარმოჩენას, რომ „ოცნება“ რუსეთის ინტერესებს ატარებს და ამიტომაც მოსახლეობა ოპოზიციას აირჩევს, რადგან უმრავლესობა ირჩევს ევროპას. რა რისკს შეიცავს, თქვენი აზრით, ოპოზიციური ლიდერების ამგვარი პოზიციონირება? 

ეს ძალიან არასწორი პოზიციაა, რადგან ჩვენ ვიცით, რომ არათუ ზოგადი წყალგამყოფები, არამედ წინა არჩევნებში ბევრი ისეთი რამ ხდებოდა, როდესაც პრინციპში შეიძლებოდა დაგვენახა წყალგამყოფი რუსული ტიპის სახელმწიფოს და ევროპული ტიპის სახელმწიფოს შორის.

გვახსოვს „5 ივლისი“, „20 ივნისი“, სადაც დაპირისპირება რეალურად იყო დემოკრატიულ, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს იდეას და ავტორიტარული ტიპის სახელმწიფოს შორის.

თუმცა ეს მოვლენები არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ შეცვლილიყო ხელისუფლება. ოპოზიციის მხრიდან იმის მოლოდინი, რომ ახლა მოსახლეობა არჩევანს ოპოზიციის სასარგებლოდ გააკეთებს იმიტომ, რომ ის პროევროპელია, არ არის სწორი, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცი, რას გააკეთებს „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებამდე.

მეორე მხრივ კი, არსებობს პრაგმატული გათვლები: მოქალაქეებს, გარდა იმისა, რომ ადარდებთ ქვეყნის ტრაექტორია, საით მიდის, უამრავი ადამიანია, რომელსაც სურს იცოდეს, როგორ, რა გზებით შეიძლება გახდეს საქართველოს ევროპული მოწყობის სახელმწიფო.

როდესაც ადამიანების რეალური საჭიროებების იგნორირება ხდება ოპოზიციის მხრიდან, „ოცნება“ აჩვენებს იმას, რომ ლავირების უნარი გააჩნია: არც იქეთ ვარ, არც – აქეთ, კანდიდატის სტატუსიც მივიღე და ომიც არ გვაქვს. ისეთი დაძაბულია საერთაშორისო ვითარება: რუსეთ-უკრაინის ომი, ახლო აღმოსავლეთი და ასე შემდეგ, რომ ამ ვითარებაში არსებობენ ქვეყნები, რომლებიც მართლაც იქითაც თამაშობენ და აქეთაც, ინარჩუნებენ მშვიდობას და ეკონომიკურ ზრდას.

ჩემი აზრით, ზუსტად ამ ნარატივს გაჰყვება „ქართული ოცნება“.

  • ამის საპირწონე შეიძლება იყოს ოპოზიციის გაერთიანება და ერთიანი ხედვის წარმოდგენა?  

პირველ რიგში, ოპოზიცია არ უნდა შეჩერდეს იმაზე, რომ 2024 წლის არჩევნები არის არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის.

ოპოზიციამ უნდა აჩვენოს ამომრჩეველს, რატომ არის ოპოზიციური გაერთიანება ევროპული არჩევანი: ეს არის ფასადურად ევროპული არჩევანი, თუ სიღრმისეულია. სიღრმისეულობა კი გულისხმობს იმას, რომ ამომრჩეველს შესთავაზო ქვეყნის განვითარების ევროპული ტიპის მოდელი. ოპოზიციამ უნდა ახსნას, როგორ აპირებს განახორციელოს ევროპული ტიპის მართვა. საზოგადოება იზრდება და კრიტიკული ხდება.

ჩემი აზრით, რაც გადაწყვეტს ამ არჩევნების საბოლოო შედეგს, ეს არის პრაგმატული სტრატეგია.

„ქართულ ოცნებას“ ყოველ არჩევნებზე მინი-სტრატეგია მაინც ჰქონდა: მაგალითად, ვიღაცას ჩამოაწერეს ვალი, რაღაც ჯგუფს მისცეს მეტი უფლება… საჭიროა ისეთი სტრატეგია, რომელიც 2 და 3 %-იან ცდომილებას კი არა, მინიმუმ 10 %-იან სხვაობას გამოიწვევს ოპოზიციის და „ოცნების“ ხმებს შორის.

ამ ეტაპზე მხოლოდ ის ჩანს, რომ მეტი პროევროპული ამომრჩეველია საქართველოში, რომელსაც რუსეთი არ უნდა. ამ ადამიანებს არ სჭირდებათ იმის დარწმუნება, რომ აი, ევროპა კარგია. ამ ამომრჩევლებმა ეს ძალიან კარგად იციან. მათ სჭირდებათ კონკრეტული სტრატეგია. ამიტომაც, უნდა წავიდეს ოპოზიცია მინიმუმ ერთი ნაბიჯით წინ მაინც, ვიდრე „ქართული ოცნება“ მიდის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: