მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

რატომ ვლაპარაკობთ მენსტრუაციაზე კოდური სიტყვებით – სტიგმები, როგორც სარეველა

22.11.2023 • 1043
რატომ ვლაპარაკობთ მენსტრუაციაზე კოდური სიტყვებით – სტიგმები, როგორც სარეველა

მენსტრუაციის პერიოდი მაქვს. ეს ის დროა, როცა მთელი თვის განმავლობაში დაზოგილი ენერგია მეცლება, ჩემი მგრძნობელობა ცამდე ადის და მუშტების ბრახუნს იწყებს კიდევ უფრო შორს წასვლის წყურვილით. ხშირად მინდა მენსტრუალური მოვლენების ერთმანეთთან ჯახაჯუხზე ბევრი ვისაუბრო, ყველაფერი გამოვუშვა და ამ გზით ვცადო დამშვიდება, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ საკუთარ თავთან მაქვს ხანგრძლივი მონოლოგები, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ამ თემაზე „ენაზე კბილის დაჭერას“ დღემდე გვიკვეთავს.

ძალიან დიდხანს მეგონა თავი ვაშლი, მსხალი, ატამი, ბია თუ სხვა ხილი, რომელსაც თვეში ერთხელ მატლები ამოსდიოდა პირიდან.

მენსტრუაციასთან დაკავშირებულ სტიგმებსა და დისკრიმინაციას სარეველა ბალახივით ვხვდებით ყველგან.

მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ მე და ჩემს თანატოლებს, ჩვენზე უმცროსებსა თუ უფროსებს, ახლაც „გვტენიან“ აზრს, რომ მენსტრუაცია გვბილწავს. ამ დროს არ უნდა შევეხოთ ხეებს – დავალპობთ, არ უნდა მოვრწყოთ ყვავილები – დავაჭკნობთ, არ უნდა გავიდეთ ყანაში – უნაყოფოს გავხდით.

ჩემთვის მიუთითებიათ ისიც, რომ მენსტრუაციისას ტანსაცმლის ხშირი გამოცვლისგან თავი შემეკავებინა. ერთი წყვილი ტანსაცმლის შერჩევას მირჩევდნენ, რომელსაც მხოლოდ ამ პერიოდში ჩავიცვამდი, ისე, როგორც ჭუჭყიანი საქმის კეთებისას იქცევიან ადამიანები. უთქვამთ, რომ ამ დროს მხოლოდ რეცხვა ვერ ასუფთავებს სამოსს.

აჭარის მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებმა 40 წლამდე ქალმა, ნანამ (სახელი შეცვლილია, მან ანონიმურობა არჩია) ამოიოხრა და მითხრა, ჰიგიენური საფენების შემცვლელი ნაჭრების დატყობას ფეხის მოტეხა აჯობებსო.

ჰო, სქელი და უხეში ნაჭრები ტანსაცმელში მარტივი შესამჩნევია.

ნანას ამ ნათქვამმა ჩემი კლასელი გამახსენა – დედამისს უთქვამს, სათანადოდ თუ ვერ მალავ, ოთახიდან არ გამოხვიდეო. იმ მომენტში ჩემს კლასელს საკუთარი თავი ეზიზღებოდა. ბოლოს წამოიყვირა, ასეთი მოუქნელი რატომ ვარო და კლასიდან გავარდა.

სოფლად მცხოვრებ უამრავ გოგონას და ქალს არასდროს გამოუყენებია მენსტრუალური ჭიქა, ტამპონი ან საფენი. ამ და სხვა ჰიგიენურ ნივთებს მაღალმთიანი სოფლების ვერც ერთ მაღაზიაში ვერ ნახავთ.

„საფენები არასდროს გვქონია. მხოლოდ ნაჭრები იყო. სად უნდა გვენახა საფენი სოფელში? საფენი პირველად 40 წლის ასაკში გამოვიყენე, როცა ჩემი უფროსი გოგო სტუდენტი გახდა და მიყიდა. საერთოდ, მაშინ გავიგე საფენების და მათი გამოყენების შესახებ“, – უხერხულად, ნაწყვეტ-ნაწყვეტ მითხრა ნანამ, გრძელი პაუზის შემდეგ კი დასძინა – „ჩემმა გოგომაც მაშინ მოიხმარა საფენი პირველად. ჰო, არც ჩემმა შვილებმა იცოდნენ საფენებზე. 3 გოგო მყავს“.

ძალიან ბევრი კითხვა აქვს ნანას. სოფელში ქალებს საკმარისი ფულიც რომ ჰქონდეთ მათთვის და მათი შვილებისთვის საფენების შესაძენად, სად უნდა იყიდონ? ნანა უახლოეს ადგილად, სადაც საფენების ყიდვაა შესაძლებელი, მუნიციპალიტეტის ცენტრს ასახელებს. მისი სოფელი კი იქიდან მინიმუმ ერთი საათის სავალ გზაზეა ავტომობილით.

„იმ კომპლექსებით ვარ გაზრდილი, რომ მენსტრუაციაზე საუბარი დღემდე უკიდურესი სირცხვილი მგონია. არავისთვის შეგეძლო ამის შესახებ გეთქვა, რადგან მიუღებელ თემად ითვლებოდა. პირველად აგიხსნიდა დედა, რა როგორ უნდა გაგეკეთებინა და მორჩა. მას შემდეგ ეს თემა სამუდამოდ იხურებოდა. ყოველთვიურად საგულდაგულოდ დამალული და მიჩქმალული უნდა ყოფილიყო. ვერავინ უნდა მიმხვდარიყო, ისე უნდა „მოსულიყო“ და „წასულიყო“.

მენსტრუალური პერიოდის შესახებ დღემდე კოდური სიტყვებით ვსაუბრობთ თანატოლი მეზობელი ქალები; გვასწავლეს, რომ დედამთილთან, ბიცოლასთან, დეიდასთან თუ სხვა ასაკის უფროს ქალთანაც დაუშვებელია ამაზე ხმის ამოღება,“ –ჰყვება ნანა.

მასთან საუბრისას გავიგე, რომ თუ საქმე კარგად არ წარიმართება და ამ ამბავთან რაიმე, თუნდაც უმნიშვნელო შეხება ექნებოდა მენსტრუაციის პერიოდში მყოფ ქალს, „ჯოხი აუცილებლად მასზე გადატყდებოდა“, რაც საკუთარ თავზეც უწვნევია.

„აქ მენსტრუაციის საგულდაგულო დამალვა დღემდე ქალის ღირსებად ითვლება. ნაჭრები ტანსაცმელში მარტივად შესამჩნევია. ამ დროს ცოტა გრძელი და ფართო რაღაცები უნდა ჩაიცვა“.

ბოლო წლებია, ნანა შვილების ნაყიდ ჰიგიენურ საფენებს იყენებს, მაგრამ უამრავ ქალს იცნობს, რომლებსაც ამის საშუალება არც ერთხელ მიეცათ. ამ ქალების ბედი ყოველ მზიან დღეს ტანზე შემშრალ სველ სარეცხს ჰგავს, მაშინ, როცა სარეცხის თოკი სახლის უკანა ეზოში ორ ხეს შორის ქანაობს.

საუბრის დასაწყისში ნანა არ იყენებდა სიტყვას „მენსტრუაცია“. ანონიმურობის მიუხედავად, „კოდური სიტყვებით“ მესაუბრებოდა მეც. ბოლო კითხვის შემდეგ კი გაიმეორა, „ჰო, მენსტრუაცია, – და ხანმოკლე შეყოვნების შემდეგ მკითხა, – არადა, რა უბოროტო სიტყვაა, არა?!“

______________________

მოსაზრება მომზადებულია ,,თანასწორობის მოძრაობის“ პროექტის ფარგლებში – „ქალების სიღარიბე და მენსტრუალური ჯანმრთელობა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: