მთავარი,სიახლეები

შვილებმა, ოღონდ შენ დაბრუნდი და ჩვენ მივხედავთ ყველაფერსო – ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალი

21.11.2023 • 22341
შვილებმა, ოღონდ შენ დაბრუნდი და ჩვენ მივხედავთ ყველაფერსო – ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალი

„ნუნუ იტალიაშია, ნანა, აგერ, ჩვენს ზემოთ ცხოვრობს – საბერძნეთშია. თამილა ცხოიძე თურქეთშია, ბევრი, ბევრი ქალია სოფლიდან წასული.

მე ვისაც ვიცნობ უმეტესობა იტალიაშია. შორენა იტალიაშია, ლამარა… ბევრია რა“, – თამარ ტყემალაძე იმ მეზობლების სახელებს თვლის, რომლებიც მისი სოფლიდან, ხიდისთავიდან ემიგრაციაში წავიდნენ.

ყველა მათგანი ქალია.

ემიგრანტი იყო თამარიც. ხუთი წელი მუშაობდა თურქეთში, სტამბოლში, სადაც მოხუც ქალს უვლიდა.

თამარ ტყემალაძე თურქეთში სამუშაოდ 2017 წელს წავიდა, მაშინ, როცა მისი უფროსი შვილი სტუდენტი გახდა. სწავლის გადასახადი ოჯახისთვის, რომელიც თვიდან თვემდე თავს ძლივს ირჩენდა, მაღალი იყო. ამას ემატებოდა ბინის ქირა და თბილისში ცხოვრების ხარჯები.

უნდოდა შვილისთვის განათლება მიეცა, ოჯახს კი არანაირი შემოსავალი არ ჰქონდა.

„ჩემი წასვლის მთავარი მიზეზი იყო ეკონომიკური გაჭირვება. გადასახადებს ვერ ვიხდიდით, ძალიან გაგვიჭირდა. დედამთილი დაგვეღუპა მაგ პერიოდში. მეუღლე არ მუშაობდა. არც პენსია გვქონდა, არც რამე დახმარება, არც რამე შემოსავალი, ამიტომ წავედი.

თამარ ტყემალაძე

ძალიან რთულია იმის გახსენება, როგორ წავედი. ძალიან ემოციური იყო.

ჯერ უფროსმა გოგომ დაიწყო სწავლა. მერე მეორემაც ჩააბარა. 5 წელი მთელი ჩემი ხელფასი მათ განათლებაზე, კვებასა და ბინის ქირაზე მიდიოდა. სხვა ვერაფრის გაკეთება შევძელი. თუმცა მალევე დაიწყეს ჩემმა შვილებმა მუშაობა და მეხმარებოდნენ. ჩემი ქმარიც ბავშვებთან გადავიდა თბილისში. ყველა ცდილობდა ემუშავა, მაინც არაფერში გვყოფნიდა,“ – იხსენებს თამარ ტყემალაძე.

თამარის თქმით, ემიგრაციის გზა რამდენადაც რთული იყო, იმდენად მადლიერია იმ ადამიანების, ვინც მას ყველაზე მძიმე მომენტებში დაეხმარა.

„პატარა სათვისტომო აქვთ თურქეთში საქართველოდან სამუშაოდ წასულ ქალებს. ემიგრაციის პირველი სირთულე ჩემმა მეგობარმა გადამატანინა – ერთი თვე მასთან ვცხოვრობდი, შეხვედრებზე მისი სახლიდან დავდიოდი, სამსახური მაპოვნინა, ენის სწავლაში მეხმარებოდა. 14 წელია თურქეთში მუშაობს, მე წამოვედი და ის ისევ დარჩა. კარგი ხელფასი აქვს, კარგ ოჯახშია. ჯერ არ მოდის,“ – ამბობს თამარი.

ხუთწლიანი ემიგრაციის შემდეგ თამარი საკუთარ სახლში დაბრუნდა, ჩოხატაურში სოფელ ხიდისთავში.

„ხუთი წელი მიტოვებული გვქონდა სახლი. გავერანებული დაგვხვდა აქ ყველაფერი, მაგრამ ჩემი მეუღლეც გადმოვიდა თბილისიდან და ერთად დავიწყეთ მუშაობა.

ძალიან მინდოდა სახლი მომეწყო. ჯერ არ ვფიქრობდი წამოსვლას, მაგრამ ბავშვებმა მითხრეს ჩვენ გავაგრძელებთ, ჩვენ ვიზამთ ყველაფერს, ოღონდ შენ სახლში დაბრუნდიო.

დიდი თანხა უნდა ამ სახლის გარემონტებას, ბევრს ვშრომობდი, მაგრამ ყველაფერი ერთად ვერ გავაკეთე, მთელი ჩემი ფული ბავშვების სწავლაში მიდიოდა. ახლა კი შვილებმა მითხრეს, შენ ხომ გვასწავლე, ამ სახლს ჩვენ მოვაწყობთო,“ – ამბობს თამარ ტყემალაძე.

თამარი ამბობს, რომ მისი დაბრუნება იშვიათი გამონაკლისია. ახლა სოფლიდან ძირითადად მიდიან. გაურბიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონს, უპერსპექტივობას და უიმედობას.

თამრიკოს თქმით, მას გაუმართლა, რადგან მის მეზობლად საოჯახო სასტუმრო „სკიჯის სახლია“, სადაც თავად დამლაგებლად დასაქმდა, მისი მეუღლე კი – მებაღედ.

ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ, სწორედ „სკიჯის სახლი“ გახდა თამარის და მისი ოჯახის იმედი, რომ ემიგრაციაში დაბრუნება აღარ მოუწევდა.

„იმედი მაქვს, რომ თვის ბოლოს რაღაც შემოსავალი მექნება. დენის და გაზის ფულის გადახდა არ გამიჭირდება. ამ გადასახადზე ფიქრი რომ აღარ მიწევს, მშვიდად ვარ,“- ამბობს თამარი.

ემიგრაციიდან დაბრუნებულ თამარ ტყემალაძეს ვკითხეთ, როგორ ხედავს ის სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისათვის, რომ ადამიანებს ასეთი, ემოციურად მძიმე გადაწყვეტილების მიღება არ უწევდეთ.

„სამუშაო ადგილები უნდა შექმნას. სახლში წყალი რომ ჩამოგდის და ვერ დახურავ, იძულებული ხარ წახვიდე. აგერ, ჩემი მეზობელი წავიდა, რომ არ გაფუჭებულიყო ყველაფერი, ადგა და ემიგრაციაში წავიდა. არაფერი შემოსავალი აქ არ ჰქონდა.

თხილი გვაქვს სოფელში. წელს ერთი ვედროც ვერ ავკრიფე. არ მოვიდა მოსავალი. იმის იმედზე ვერ იქნები. ახალგაზრდები რომ არ წავიდნენ, საჭიროა ჰქონდეთ სამსახური. დასაქმების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ თავი გადაირჩინოს.

ემიგრაცია ძალიან გამიჭირდა. არაფრით არ მინდა უკან დაბრუნება.

მინდა, რომ ჩემს ქვეყანაში მქონდეს ისეთი სამსახური, რომლითაც შევძლებ ღირსეულად ვიცხოვრო,“ – ამბობს თამარ ტყემალაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: