ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ავტობანი – რა მეთოდით გაიყვანენ 7,6 კმ სიგრძის გვირაბს ახალსოფლიდან სარფამდე

23.11.2023 • 14752
ავტობანი – რა მეთოდით გაიყვანენ 7,6 კმ სიგრძის გვირაბს ახალსოფლიდან სარფამდე

ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობის ფარგლებში დაგეგმილია 7,6 კილომეტრი სიგრძის გვირაბის გაყვანა, რომელიც სოფელ ახალსოფელში დაიწყება და სოფელ სარფში ზღვის სანაპიროსთან [ჩანჩქერთან], ბათუმი-სარფის არსებულ გზასთან გამოვა.

დოკუმენტების მიხედვით, „პროექტის ეს ვარიანტი მინიმალურ შეხებაშია დასახლებულ უბნებთან, თუმცა გარკვეული განსახლება მაინც იქნება საჭირო“.

„ახალი ავტობანი იწყება ბათუმში, ეკონომიკურ ზონაში, მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე. ამის შემდეგ გზა კვეთს მდინარე ჭოროხს [დაგეგმილია ხიდის გადება]. შემდეგ გზა შედის ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფლის დასახლებასა და საკარმიდამო ნაკვეთებში. აქვე იგეგმება გვირაბის შესასვლელი პორტალის მოწყობა. გამოსასვლელი პორტალის მოწყობა კი, იგეგმება სარფთან, ზღვისკენ მიქცეული კლდოვანი ფერდობის კალთაზე. ამ ადგილას გზა უერთდება ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ გზატკეცილს. გვირაბის თავზე, მთის მასივზე ასევე წარმოდგენილია სოფლის ტიპის დასახლებები და საკარმიდამო ნაკვეთები. ამ ტერიტორიებს ზემოქმედება არ ეხებათ“, – აღნიშნულია პროექტში.

გვირაბის შესასვლელი [ახალსოფელი] და გამოსასვლელი [სარფი] პორტალის ადგილები. ასევე დამხმარე გვირაბის მოსაწყობი ადგილები [ზედა ჭარნალი] / ფოტოები სკოპინგის ანგარიშიდან

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მომზადებული სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, საპროექტო გვირაბის სავალი ნაწილის სიგანე 7,5 მეტრი, ხოლო სიმაღლე 5 მეტრი იქნება.

გზის საფრად გვირაბში შერჩეულია ბეტონი, „რადგან ბეტონი ხანძრის შემთხვევაში ბოლს არ წარმოქმნის“. ავარიული გასასვლელები განთავსდება ყოველ 300 მეტრში. გვირაბის გაყვანა დაგეგმილია ბურღვა-აფეთქებითი მეთოდის გამოყენებით.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სკოპინგის დასკვნაში აღნიშნულია, რომ „დაგეგმილია საპროექტო ტერიტორიამდე მისასვლელი გვირაბის მოწყობაც, რომლის შესახებ ინფორმაცია სკოპინგის ანგარიშში წარმოდგენილი არ არის.“

გზების დეპარტამენტმა ამ ეტაპზე ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობა-ექსპლუატაციასთან დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] ანგარიში უნდა მოამზადოს.

„გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იქნეს დეტალური ინფორმაცია მისასვლელი გვირაბის ადგილმდებარეობის, მშენებლობის მეთოდის, ფიზიკური მახასიათებლების და ტექნიკური პარამეტრების შესახებ. ასევე, შეფასებული უნდა იქნეს მისასვლელი გვირაბის მშენებლობის შედეგად გარემოს კომპონენტებზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე და სოციალურ გარემოზე ზემოქმედება“, – აღნიშნულია სკოპინგის დასკვნაში.

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, კვარიათი-სარფის ზონის ზოგიერთ უბანზე შესაძლებელია არსებობდეს მეწყრული, ღვარცოფული პროცესების და ქვათაცვენის თვალსაზრისით საშუალო სენსიტიურობის მონაკვეთებიც.

აქედან გამომდინარე, გარემოს ეროვნული სააგენტო გზების დეპარტამენტს ავალებს, რომ გზშ-ს ანგარიშის მომზადებისას „დეტალურად იქნეს შესწავლილი საპროექტო ტერიტორიის გეოლოგიური, გეოდინამიკური და გეომორფოლოგიური პირობები, ასევე შესაბამისი კვლევების საფუძველზე, სათანადოდ უნდა იქნეს დასაბუთებული გასატარებელი საინჟინრო ღონისძიებები და მათი ეფექტურობა. ამასთან, ყურადღება უნდა გამახვილდეს სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას საშიში გეოდინამიკური პროცესების გააქტიურებაზე და შესაბამისი პრევენციული/შემარბილებელი ღონისძიებების გატარებაზე.“

„წინასწარი შეფასებით, სამშენებლო სამუშაოების [ხიდების და გვირაბების მშენებლობის ჩათვლით] ხანგრძლივობა, ეტაპების მიხედვით 48+24 თვე იქნება. ამ პერიოდში დატვირთული სატვირთო მანქანების რეისების რაოდენობა, ჯამში, მიახლოებით 139 ათასი იქნება… მანქანების გადაადგილებისას ხმაურის და ემისიების გარკვეულწილად შემცირება შესაძლებელი იქნება სტანდარტული შემარბილებელი ღონისძიებების გატარებით.“ – აღნიშნულია სკოპინგის ანგარიშში

გზშ-ს ანგარიშში კი, დეპარტამენტმა აუცილებლად უნდა შეიტანოს ინფორმაცია:

  • „გვირაბის მშენებლობისთვის შერჩეული მეთოდის შესახებ სათანადო დასაბუთებით. განსაკუთრებით ყურადღება უნდა გამახვილდეს სენსიტიურ ადგილებში ვიბრაციით და ხმაურით გამოწვეული ზემოქმედებების იდენტიფიცირებაზე, შეფასებაზე და ეფექტური შემარბილებელი ღონისძიებების გატარებაზე;
  • გვირაბის გაყვანის ფარგლებში ასაფეთქებელი ნივთიერებების ტრანსპორტირების, დასაწყობებისა და გამოყენების პირობების შესახებ;
  • დეტალური გეგმა ბურღვა-აფეთქებების სამუშაოების განხორციელების სიხშირის და დღის მონაკვეთის შესახებ [აღნიშნული მეთოდის გამოყენების შემთხვევაში]. მათ შორის, აფეთქებითი სამუშაოების ჩატარების დროის შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია;
  • დაზუსტებული ინფორმაცია გვირაბის პორტალებთან დამაკავშირებელი მონაკვეთების/მისასვლელების მშენებლობის შესახებ, საპროექტო პარამეტრების, მშენებლობის გეგმისა და მოსალოდნელი ზემოქმედების მითითებით;
  • გვირაბის სიახლოვეს სახანძრო-სატუმბი სადგურისა და წყლის რეზერვუარის მოწყობის საჭიროების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია [წყალმომარაგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაციის მითითებით] და სხვ.“.

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, გვირაბის გაყვანის სამუშაოები ჩატარდება ADECO-RS მეთოდით. დაგეგმილია ასევე: ფუჭი ქანების დასაწყობება გარემოსდაცვის უწყებასთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე, შეთანხმებული პროექტის შესაბამისად; გვირაბის კომუნიკაციებით აღჭურვა-განათება, ვენტილაცია, სხვ. სავალი ნაწილის საფარის მოწყობა; მარკირება.

სამუშაოს დაწყებამდე მოხდება კონკრეტულ მონაკვეთზე მიწის შესყიდვის და განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად განსახლება-კომპენსაციის საკითხების დაზუსტება, ეტაპობრივად დაიწყება შესყიდვა-კომპენსაციის პროცესი.“

გზების დეპარტამენტის განმარტებით, „გვირაბის გაყვანის ADECO-RS მეთოდი [ახალი იტალიური მეთოდი NITM] შემუშავებულია კომპანია Rocksoil SPA-ს მიერ. მეთოდის პრინციპი ემყარება სანგრევი შუბლის ზონის სტაბილურობის კავშირს დეფორმაციულ პროცესებთან.

ტრადიციული მიდგომებისგან განსხვავებით, მეთოდი მოიცავს როგორც კედლების, ასევე სანგრევი შუბლის გამაგრებას. გამონამუშევრის „დასაარმატურებლად“ გამოიყენება სხვადასხვა ტიპის დროებითი სამაგრი ელემენტები, რომელიც ამაგრებს გამონამუშევართან მდებარე გრუნტის მასივს და ამცირებს დეფორმაციებს მიმდებარე მთის მასივში.

ამის შედეგად მეთოდი საშუალებას იძლევა მოხდეს გამონამუშევრის დამუშავება გვირაბის მთლიან კვეთზე, რაც ამარტივებს გვირაბის გაყვანის სამუშაოების ტექნოლოგიურ ციკლს.

გვირაბის მთლიანი კვეთის გახსნისას შესაძლებელი ხდება გრუნტის დამუშავების შემდეგ დროებითი გამაგრების სრულად და მყისვე აგება. დროებითი გამაგრების კონსტრუქცია იღებს თავის თავზე გვირაბის „ზემოთ“ მდებარე გრუნტის/ქანების წნევას, რაც ამცირებს გრუნტის დეფორმაციებს.“

 

 

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, გვირაბიდან გამოტანილი მასალის განსათავსებელი და ბანაკის [საჭიროების შემთხვევაში] მოსაწყობად შერჩეულია სავარაუდო ტერიტორიები [ნაჩვენებია ქვემოთ ფოტოზე თეთრი ფერით – NN1,2,3,4]:

ამ ტერიტორიების შერჩევა-დაზუსტებას შემდგომში მშენებელი კონტრაქტორი უზრუნველყოფს. ამასთან, საპროექტო გათვლებით ავტობანის მშენებლობისთვის შესაძლებელი იქნება ამ მასალის მიახლოებით 42% (ფაზა 1) და 6% (ფაზა 2) გამოყენება.

„გვირაბიდან გამოტანილი მასალის სანაყაროზე მუდმივად განთავსების ერთ-ერთ ალტერნატივას მდ. ჭოროხის სანაპიროს წარეცხვის პროცესის შესამცირებლად გამოყენება განიხილება. მდინარის კალაპოტის გასწვრივ შერჩეულ უბნებზე მასალის განთავსების და მდინარის მიერ ნატანის გადანაწილების შედეგად შესაძლებელია ნაპირის ეროზიის შემცირებაში გარკვეული წვლილის შეტანა.

ადგილობრივი მმართველობის გადაწყვეტილებით გამოტანილი მასალის ნაწილი ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას საპროექტო ზონაში შერჩეული ტერიტორიების პროფილირებისთვის. ამ გზით შესაძლებელი იქნება მასალის სასარგებლო გამოყენება და მუდმივი სანაყაროების შექმნის საჭიროების თავიდან აცილება.“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

ბათუმი [ჭოროხი]-სარფის ახალი ავტობანი ბათუმის შემოვლითი გზის გაგრძელება იქნება. ახალი გზა ბათუმის ეკონომიკურ ზონაში დაიწყება, სადაც დაგეგმილია სპეციალური კვანძის მოწყობა [საბაჟოსკენ, ბათუმის აეროპორტისკენ და გონიოსკენ ავტობანის სწრაფად დასაკავშირებლად].

„კვანძის საშუალებით უზრუნველყოფილი იქნება ბათუმის შემოვლითი გზიდან საბაჟოსკენ სატრანსპორტო ნაკადის გატარება. სარფიდან საბაჟოსკენ მოძრავი ტრანსპორტი ისარგებლებს არსებული E70 გზით ბათუმის შესვლის გარეშე. კვანძი განტვირთავს ბათუმი-ახალციხის გზას.“ – აღნიშნულია პროექტში.

კვანძი მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე, ბათუმის ეკონომიკურ ზონაში, სადაც ახალი ავტობანი ბათუმის გზას შეუერთდება / ფოტო სკოპინგის ანგარიშიდან.

გარემოს ეროვნული სააგენტო სკოპინგის დასკვნაში მიუთითებს, რომ გზების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი „კვანძის ტექნიკური პარამეტრების შესახებ ინფორმაცია გზშ-ის ეტაპზე საჭიროებს დაზუსტებას და დეტალურ განხილვას“.

აღნიშნული კვანძიდან ახალი გზა სარფის მიმართულებით გაგრძელდება ხიდზე, რომელიც მდინარე ჭოროხზე უნდა აშენდეს.

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, მდ. ჭოროხზე მოსაწყობი ხიდი შედგება 23 მალისგან, ხიდის ნაფენი დაეყრდნობა 22 ბურჯს; ხიდები იქნება ორზოლიანი;  ბურჯების სიმაღლე 10-12 მეტრომდე და ხიდს ზედაპირული წყლის ობიექტთან შემხებლობა არ ექნება.

თუმცა, სკოპინგის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეს „საკითხი დაზუსტებული უნდა იქნეს გზშ-ის ანგარიშში, რადგან shp ფაილების მიხედვით, საპროექტო ხიდის ბურჯები ხვდება მდინარე ჭოროხში.“

ფოტო სკოპინგის ანგარიშიდან

გზშ-ის ანგარიშში ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს დეტალური კვლევები საპროექტო ზონაში არსებული იქთიოფაუნისა და წყალზე დამოკიდებული სახეობების შესახებ, შეფასებული და განხილული უნდა იქნეს მათზე პროექტის განხორციელების შედეგად მოსალოდნელი ზემოქმედება და ასევე წარმოდგენილი იქნეს შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები, ეფექტურობის მითითებით.

„ასევე აღსანიშნავია, რომ მდინარე ჭოროხის დელტა წარმოადგენს გადამფრენ ფრინველთათვის მაღალი კონსერვაციული ღირებულების ადგილს, შესაბამისად გზშ-ის ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ორნითოფაუნის წარმომადგენლებზე მოსალოდნელ ზემოქმედებებზე.“ – აღნიშნულია სააგენტოს დასკვნაში.

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, ზოგადად, პროექტი ორ ფაზად განხორციელება:

  • პირველ ფაზაზე მოწყობილი გზა იქნება ორზოლიანი;
  • მეორე ფაზაზე მას დაემატება დამატებითი ორი ზოლის მომსახურებისთვის საჭირო „პარალელური“ ინფრასტრუქტურა.

აღსანიშნავია, რომ გზების დეპარტამენტის მიერ შერჩეული პროექტის მიხედვით, „გვირაბის სამხრეთი პორტალის ზონაში გვირაბის ბოლოდან სარფის საზღვრამდე გზის მონაკვეთი ზღვის ნაპირის გასწვრივ გაივლის.

გვირაბიდან გამოსული ახალი მაგისტრალის ადგილობრივ გზასთან შეერთების [დაახლოებით 200 მეტრ] მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილიდან სანაპირო ზოლამდე მანძილი კი 20 მეტრომდეა, ხოლო სიმაღლე, მიწის ზედაპირიდან 13 მეტრი.

„ამ უბანზე შემოთავაზებული გადაწყვეტა გულისხმობს ნაბურღ-ნატენი ხიმინჯების, რკინაბეტონის სამაგრი კედლის და ქვაყრილის მოწყობას. ამასთან, დაგეგმილია ბათიმეტრიული კვლევის ჩატარება ნაპირიდან 50მ-მდე ზოლში – საკვლევი ტერიტორიის ფართობი 6 ჰექტარი. დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება გზშ-ში“, – აღნიშნულია სკოპინგის ანგარიშში.

აქ, გვირაბის პორტალების ზონაში, კვარიათიდან შემოსასვლელი პანდუსის შემადგენლობაში 60მ სიგრძის ხიდის მოწყობაცაა დაგეგმილი.

ამ ადგილიდან კი, ახალი ავტობანის დაახლოებით 1,2 კილომეტრი მონაკვეთი სარფამდე, დღეს არსებულ გზას დაემთხვევა.

სარფის ზონაში საბაჟო-გამშვები პუნქტის მახლობლად დაგეგმილია ასევე „ტერიტორიის მოწესრიგება“ [სავარაუდო სქემა ნახეთ ქვემოთ]:

სარფის საბაჟოს მიმდებარე ტერიტორია

ბათუმი-სარფის ავტობანის პროექტის ეს ვარიანტი, რომლის მიხედვითაც გზების დეპარტამენტი ახალი ავტომაგისტრალის აშენებას გეგმავს, სარფში გამართულ შეხვედრაზე დაიწუნეს.

მოსახლეობა ფიქრობს, რომ ამ კონკრეტული პროექტის განხორციელებით დაიკარგება სარფის პლაჟი, რაც „უარყოფითად იმოქმედებს სარფის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და, ზოგადად, მის პერსპექტივაზე“. ამიტომ მათთვის სხვა ალტერნატიული პროექტია უფრო მისაღები.

„დაზუსტებას საჭიროებს პროექტის განხორციელებით მოსალოდნელი ზემოქმედება ტურიზმის სექტორზე და რეგიონის ტურისტულ განვითარებაზე.“ – ავალებს გზების დეპარტამენტს გარემოს სააგენტო.

ამ თემაზე ვრცლად: 

https://batumelebi.netgazeti.ge/news/505260/

ჭოროხი-სარფის ახალი მაგისტრალის პროექტირების დასრულება თავიდან 2017 წლის მაისამდე იგეგმებოდა, ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულება კი – 2020 წლის გაზაფხულზე, თუმცა დღეს დეტალური პროექტიც არ არის მზად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: