განათლება,მთავარი,სიახლეები

კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები მიატოვა ოჯახმა და სახელმწიფომაც – პედაგოგი

21.11.2023 • 8462
კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები მიატოვა ოჯახმა და სახელმწიფომაც – პედაგოგი

„მთავარი პრობლემა იწყება ოჯახიდან. ვისთანაც შეხება მქონია, ოჯახისგან მიტოვებული ბავშვები არიან და გარკვეულწილად, სახელმწიფოსგანაც“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მენტორი მასწავლებელი კახა გალდავა. ის 7 წელი სამტრედიის მე-15 საჯარო სკოლაში მუშაობდა, სადაც კანონთან კონფლიქტში მყოფი და ე.წ. რთული ქცევის ბავშვები სწავლობდნენ.

პედაგოგის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბავშვებზე სხვადასხვა დაწესებულებას აქვს პასუხისმგებლობა აღებული, ისინი მაინც დაკარგულ ბავშვებად მიიჩნევიანნ, რადგან მათი სოციალიზაცია სათანადოდ ვერ ხერხდება.

ბოლო, 2023 წლის მონაცემებით, 2010-2022 წლებში განრიდებაში [არასრულწლოვანის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ფორმა] მოხვდა 4 156 არასრულწლოვანი. პროკურატურის მონაცემებით, 2022 წელს, წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია 18-იდან 21 წლამდე ასაკის კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რიცხვი.

2022 წელს 585 არასრულწლოვანი იყო კანონთან კონფლიქტში. აქედან 47 გოგოა. „ბათუმელებისთვის“ უცნობია, მათგან რამდენ მოზარდს ჰქონდა პრობლემები ოჯახში, რაც, შესაძლოა, მათი კანონთან კონფლიქტის მიზეზი გამხდარიყო.

პედაგოგი კახა გალდავა „ბათუმელებთან“ საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს. მისი ყოფილი მოსწავლეები სწორედ კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები იყვნენ. 

„სამტრედიის სკოლას, რომელიც ყველაზე მეტად ახერხებდა ამ ბავშვებთან მუშაობას და ეხმარებოდა მათ როგორც ფსიქო-სოციალური უნარების განვითარებაში, ასევე პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში, რეფერირების წესი შეუწყდა, ბავშვები კი დღის ცენტრებში გადამისამართდნენ.

ბავშვს უნდა ჰქონდეს ყველაფერი. უნდა ჰქონდეს ბავშვობა და ის ფაქტი, რომ ბავშვები რჩებიან ქუჩაში, საჭმლის გარეშე, მეურვის გარეშე, ეს გარემოება მათ უბიძგებს არა მარტო რთული ქცევისკენ, არამედ, თუნდაც ქურდობისკენ“ – ამბობს კახა გალდავა.

მისი აზრით, იმაზე, რომ ბავშვი ხდება რთული ქცევის, პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მშობელს, ასევე მასწავლებელს და სკოლას, საზოგადოებას და პირველ რიგში – სახელმწიფოს.

„მშობელს იმიტომ, რომ ხშირად მამა არის მოძალადე და სცემს ბავშვს, ან დედა ცხოვრობს მოზარდისთვის არასასურველი ცხოვრებით და ამის გამო გარბის ბავშვი ოჯახიდან, ან ხვდება, რომ ის არასასურველია მშობლისთვის ჯერ კიდევ დაბადებამდე. მერე ტოვებენ ბავშვთა სახლში და ბავშვს უწევს მძიმე გზის გავლა.

როცა მოზარდი განიცდის მშობლისგან დისტანცირებას, ოჯახური სითბოსა და სიმყუდროვის მიღმა რჩება, ჩვენ რაც არ უნდა შევეცადოთ, ეს ტრავმა მაინც რჩება მასში“- ამბობს კახა გალდავა და ერთ ისტორიას გვიყვება, რაც ნათლად აჩვენებს ოჯახისგან უარყოფის სიმძაფრეს.

„ერთ-ერთ რეგიონში ჩავიყვანე მოსწავლე, რომლის მეურვეებიც იყვნენ ძმა და რძალი. როცა დაგვინახა ძმამ, მითხრა – რა ჯანდაბად მინდოდა ეს ახლა, აქ რომ ჩამომიყვანეო.

წარმოიდგინეთ, ვსაუბრობთ 14 წლის ბავშვზე, რომელიც ძმისთვის არის არასასურველი და როგორ ფიქრობთ, 18 წლის რომ გახდება ეს ბავშვი, მერე იქნება ოჯახისთვის სასურველი?“ – ამბობს პედაგოგი.

ის ჩვენთან საუბარში კიდევ ერთი ბავშვის ისტორიას იხსენებს, რომელიც არც კი იცნობდა ოჯახის წევრებს.

„ეს ბავშვი მეუბნებოდა, არ დარჩენილა საქართველოში დაწესებულება, სადაც არ ვიყავიო. ერთადერთი კითხვა მაწუხებს, მინდა დედაჩემი ვნახო, გავიცნო და ვკითხო – რა დავაშავე რომ გამაჩინე, მე ასეთი ბედი არ დამიმსახურებიაო. წარმოუდგენელია, რომ ასეთი ბავშვები გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, თუ მათთან არ მოხდა მუდმივი მუშაობა და მათი ფსიქო-ემოციური რეაბილიტაცია“ – ამბობს კახა გალდავა.

მისი თქმით, ბავშვები არ იბადებიან რთული ქცევით, ამას აყალიბებს საზოგადოება და ამაზე მეტყველებს სწორედ ის შვიდწლიანი პრაქტიკა, რომელიც მან ბავშვებთან გაატარა.

ბავშვები ქუჩაში. ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელების“ არქივი

რატომ სკოლა? – სკოლა იმიტომ, რომ ხშირად საჯარო სკოლებში არასწორად ხდება ჩარევა, მანდატურზე გადაცემა ბავშვის და შემდეგ იწყება დამატებითი სირთულეები. ყველა ბავშვის სპეციალურ სკოლაში მოხვედრა იყო საზოგადოების არასწორი, არაადეკვატური ჩარევის შედეგი.

დღეს ჩვენ სკოლებში ვსაუბრობთ ემპათიურ სწავლებაზე, სოციალური თუ ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერაზე და სწორედ ის არის თანაგანცდა, როცა მოსწავლე ხედავს, რომ მისი ტკივილი გაიზიარე.

სწორი ჩარევა ყოველთვის იძლევა სასურველ შედეგს, მაგრამ ბავშვობის ტრავმების და ფსიქოლოგიური ზიანის კომპენსირება მაინც ვერ ხერხდება და რჩება ამ ბავშვებში“ – გვეუბნება პედაგოგი.

მისი თქმით, მშობლებსა თუ მასწავლებლებს ხშირად გვგონია, რომ კარგად გვესმის ბავშვის საჭიროებები, თუმცა რეალურად ეს ასე არ არის.

„აუცილებელია, ჯერ მოხდეს ბავშვის რეალური საჭიროებების იდენტიფიცირება, რომ შემდეგ სწორად ვიმოქმედოთ. თუ ეს არ მოხერხდა, აუცილებლად გაგვექცევა ხელიდან ბერკეტი და მივიღებთ იმ არასასურველ შედეგს, რასაც ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება შემდეგ, რომ გამოსწორდეს“- ამბობს კახა გალდავა.

მისი აზრით, ბავშვი, რომელიც ქუჩაში რჩება მშობლის, მეურვის გარეშე, ეტაპობრივად შეიძლება გახდეს დანაშაულისკენ მიდრეკილი, თუ არ მოხდება ისეთ ორგანიზაციაში, რომელიც ასი პროცენტით აიღებს მასზე პასუხისმგებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის სპეციალიზებული სკოლების არსებობას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, კახა გალდავა მიიჩნევს, რომ მსგავსი დაწესებულების არსებობა მოცემულ მდგომარეობაში გამოსავალია: 

„ის დღის ცენტრები, რომლებიც არსებობს საქართველოში და სადაც იმყოფებიან თუნდაც ჩვენი ყოფილი სკოლიდან გადამისამართებული ბავშვები, ვერ ასრულებენ ბოლომდე პასუხისმგებლობას და ამიტომ გამოდიან ეს ბავშვები ისევ ქუჩაში.

სკოლა, რომელიც გააუქმეს, ნამდვილად არ იყო რაღაც სპეცდაწესებულება, როგორც შეფუთეს. ეს იყო ჩვეულებრივი საჯარო სკოლა, ოღონდ ბევრად უკეთესი პირობებით.

ბავშვები ცხოვრობდნენ კომფორტულ გარემოში, ჰქონდათ ოთხჯერადი კვება, ტანსაცმელი-ფეხსაცმელი და ყველა საჭირო ნივთი, რაც კი სჭირდება ბავშვს და მოზარდს.

ამ წლების განმავლობაში ჩვენ, იქ მყოფი პედაგოგები, ყველაფერს ვაკეთებდით, ძალიან ბევრს ვმუშაობდით იმისთვის, რომ ამ ბავშვებს მომავალი ჰქონოდათ.

სკოლის დირექტორი ცდილობდა პროფესიულ განათლებაში ჩაერთო ეს ბავშვები, რომ აქედან წასვლის შემდეგ არ დაკარგულიყვნენ და თავიანთი ადგილი ეპოვათ ცხოვრებაში.

როგორც ჩანს, იქ, სადაც ეს ბავშვები გადაიყვანეს, არ აქვთ სათანადო პირობები, რადგან აქედან წასვლის შემდეგ ორი ადამიანი ციხეში მოხვდა“ – გვეუბნება კახა გალდავა.

მისი აზრით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა ის, რომ რაღაც მეტი გააკეთოს რთული ქცევისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების დასახმარებლად. კახა მიიჩნევს, რომ საჯარო სკოლის პარალელურად საჭიროა სპეციალური სკოლის არსებობაც, სადაც ეს ბავშვები მიიღებენ პროფესიულ განათლებას და დაწესებულებიდან გასვლის შემდეგ არ დაეკარგებათ ფუნქცია.

„ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანების სტიგმატიზაცია. თუ ადამიანმა 15 წლის ასაკში რაღაც შეცდომა დაუშვა, ფიქრობენ, რომ ის ვერ იქნება რაიმე საქმეში კომპეტენტური და სასურველი რომელიმე სამსახურში.

გასაგებია, რომ ნდობის ფაქტორი დაბალია, მაგრამ ნდობას იწვევს ურთიერთობა.

საზოგადოებამ უნდა იფიქროს, რომ რაც უფრო მეტად გულგრილია ასეთი ტიპის ბავშვებისადმი, მით უფრო უარეს შედეგს მიიღებს ხვალ, რადგან კრიმინალის შექმნაში თითოეული ჩვენგანი ვიღებთ მონაწილეობას“ – მიიჩნევს კახა გალდავა.

მისი თქმით, ეს მრავალმხრივი საკითხია, ამიტომ ამ ბავშვებმა დამოუკიდებლად რომ გააგრძელონ ცხოვრება, მათ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო და საზოგადოება.

„მე ვფიქრობ, რომ გადარჩნენ ის ბავშვები, რომლებიც თავის დროზე მოხვდნენ ჩვენთან, სამტრედიის სკოლაში. რამდენიმე მათგანს აქვს თავისი საქმე, რა თქმა უნდა, ჩვენ დავეხმარეთ სოციალური უნარების გამომუშავებაში და ამისთვის ჩვენმა გუნდმა მართლა ძალიან ბევრი იშრომა. მოდიოდნენ ბავშვები, რომლებმაც წერა-კითხვა, ანგარიში არ იცოდნენ, ჰიგიენის ნორმებს ვერ იცავდნენ და ჩვენ დავეხმარეთ ამ უნარების განვითარებაში.

არიან ახალგაზრდები, რომლებიც მიმტანებად მუშაობენ, სალონში არიან დასაქმებული, სამრეცხაოში. ვინც ოჯახი შექმნა, ვიცით, რომ კარგი მამაა და სწორედ ის სკოლა დაეხმარა მათ, რომ არ დაკარგულიყვნენ ცხოვრებაში.

მაგრამ როცა ბავშვს უშვებ დაწესებულებიდან ქუჩაში და მას არ ჰყავს ადამიანი, ვისაც თავს შეაფარებს, როგორ ფიქრობთ, რას იზამს ასეთ დროს ის? ქუჩაში გავა, რა თქმა უნდა. საკვების მოპოვებისთვის ბრძოლა როცა მიდის, ის აუცილებლად გადადგამს რაიმე საბედისწერო ნაბიჯს“- მიიჩნევს პედაგოგი. 

კახა გალდავა ახლა იმ ბავშვების ისტორიებს აგროვებს, ვინც უარყოფილი იყო ოჯახისა და საზოგადოების მიერ. „ხმა, რომელიც ჭაობში ჩაიკარგა“, – ასე ჰქვია მის წიგნს, რომელიც გამოსაქვეყნებლად მზადდება.

„იმ სკოლის გვერდით, სადაც ვმუშაობდი, ჭაობი იყო და სულ ბაყაყების ყიყინი ისმოდა.

მქონდა განცდა, რომ ასეთ ჭაობში ჩაიკარგა იმ ბავშვების ხმა, რომლებიც დარჩნენ ოჯახისა და მზრუნველობის გარეშე. ამ ბავშვების ხმა დაახშო საზოგადოების უარყოფამ.

ამ ისტორიებში მინდა დაინახოს საზოგადოებამ, რომ ყველა ბავშვის ცხოვრება, რომლებიც იქ სწავლობდნენ, მათი მოქმედების შედეგია. ყველა ბავშვი, ვინც ცხოვრობს ქუჩაში, ეს არის ყველას წილი პასუხისმგებლობა – დედის, მამის, მეზობლის, მეგობრის, „ვითომ ვერ ვხედავ“ ხალხის, რომელსაც ჰგონია, რომ თუ ის არის ჯანსაღ გარემოში და მისი შვილი იზრდება ჯანსაღად, ეს საკმარისია საზოგადოების განვითარებისთვის“- ამბობს კახა გალდავა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: