მთავარი,სიახლეები

აშშ საქართველოს უკვე 6 მილიარდზე მეტი დოლარით დაეხმარა – ინტერვიუ USAID-ის მისიის დირექტორთან

22.11.2023 • 918
აშშ საქართველოს უკვე 6 მილიარდზე მეტი დოლარით დაეხმარა – ინტერვიუ USAID-ის მისიის დირექტორთან

„აშშ-ს მთავრობამ საქართველოში 30-ზე მეტი წლის განმავლობაში 6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დახარჯა მხარდაჭერისთვის, აქედან 2 მილიარდი დოლარი USAID-მა გამოყო. ჩვენ ამჟამად გვაქვს 40 პროექტი, რასაც საქართველოში ვახორციელებთ. წლიური ბიუჯეტი საქართველოში არის 75-დან 80 მილიონამდე აშშ დოლარი. ეს თანხა, რაც დავასახელეთ, არის ძალიან კარგი ინდიკატორი იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-სთვის საქართველოსთან პარტნიორობა“ – გვითხრა ინტერვიუს დროს ჯონ პენელმა, USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორმა.

როგორ დაეხმარება USAID-ი საქართველოს ამჯერად უკვე მოახლოებული არჩევნების წინ და ევროინტეგრაციის გზაზე? – „ბათუმელებმა“ ჯონ პენელთან, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს [USAID] კავკასიის მისიის დირექტორთან, ინტერვიუ ჩაწერა.

ჯონ პენელთან ინტერვიუ USAID-ის პროექტის მიერ „რევოლუციის მხარდაჭერის“ ბრალდებებზე საუბრით დავიწყეთ, რაც საქართველოს მთავრობამ ოქტომბერში გააჟღერა. „სამწუხაროა მსგავსი ბრალდებები,“ – აღნიშნა ჯონ პენელმა.

  • ბატონო ჯონ, იმის შესახებ, რომ USAID-ის მიერ საქართველოში „რევოლუციის მხარდაჭერაზე ბრალდებები ყალბია“ არაერთმა ამერიკელმა დიპლომატმა და მოხელემ განაცხადა. ვგულისხმობთ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ მორიგ სკანდალურ ბრალდებას USAID-ის შესახებ. ვვარაუდობთ, რომ თქვენი პოზიციაც იგივეა, რაც სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს. ჩვენ გვინდა გკითხოთ იმაზე, თუ შეხვდით ამ ბრალდებების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და რა უთხარით მათ ან მათგან რა მოისმინეთ?

აშშ-ის მთავრობა უკვე 30-ზე მეტი წელია, რაც საქართველოსთან, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობს, თანამშრომლობს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ხალხთან. 30-ზე მეტი წელია, რაც ამ პარტნიორობის ფარგლებში ამერიკის მთავრობამ 6 მილიარდზე მეტი აშშ დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს, აქედან 2 მლრდ უშუალოდ USAID-მა გამოყო.

ჩვენთვის ძალიან ღირებულია ეს პარტნიორობა საქართველოსთან.

რაც შეეხება ბრალდებებს, აშშ-ს ელჩმა და ამერიკის მთავრობის ოფიციალურმა პირებმა რამდენჯერმე უკვე განაცხადეს, რომ ეს ბრალდებები არის სრულიად ყალბი. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოში ყველა სამოქალაქო ორგანიზაციასთან, მათ ხელს ვუწყობთ ისეთი საკითხების ადვოკატირებაში, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის: ესაა ჯანდაცვა, განათლება და სხვა საკითხები.

სამწუხაროა მსგავსი ბრალდებები.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობასთან შეხვედრას, რა თქმა უნდა, ჩვენ შევხვდით საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შეხვდა ელჩიც და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით იმ ფაქტს, რომ მსგავსი ბრალდებები არის სრულიად ყალბი.

ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობას, მათ მხარდაჭერას.

ჩვენ ასევე ვთხოვეთ საქართველოს მთავრობას, რომ თუ იქნება ისეთი საკითხი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კითხვები, ეჭვის საფუძველი, ჯერ ჩვენთან გაარკვიონ ეს საკითხები. ჩვენ შევეცდებით, ვუპასუხოთ ამ შეკითხვებს.

  • შეგიძლიათ გვითხრათ, ვის ესაუბრეთ საქართველოს მთავრობაში ამ საკითხებზე და როგორი იყო მათი რეაქცია, მათი პასუხი? 

კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმ ფაქტს, რომ USAID-ი 30-ზე მეტი წელია, რაც მხარს უჭერს საქართველოს. ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვთანამშრომლობთ ყველა მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საქართველოში.

მინდა ხაზი გავუსვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წვლილს, რაც ქვეყნის განვითარებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია აშშ-სა და ევროპის ქვეყნებშიც. მათ სადამკვირვებლო ფუნქცია აქვთ და ე.წ. ვოჩდოგები არიან. სამოქალაქო საზოგადოებას რეალურად ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის დემოკრატიის განვითარებაში.

რაც შეეხება შეხვედრას საქართველოს მთავრობის წევრებთან, სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, კონკრეტულად ვისთან გაიმართა ეს შეხვედრები.

მე პირადად და აშშ-ს ელჩი შევხვდით მთავრობის საკმაოდ მაღალი რანგის წარმომადგენლებს და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით მათთან იმ ფაქტს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას. პირადი საუბრის დროს ასევე აღვნიშნეთ, რომ თუ რაიმე საეჭვო საკითხი იქნება, რაც კითხვას გააჩენს, კარგი იქნება, რომ ჯერ ჩვენთან ისაუბრონ ამ საკითხზე.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ USAID -ი და ამერიკის მთავრობა ყველაფერი, რასაც ვახორციელებთ, არის გამჭვირვალე – ეს იქნება ჩვენი შესყიდვები თუ პროგრამები. ყველა ინფორმაციას, რასაც ვაკეთებთ პროგრამებთან მიმართებით, დეტალურად ვუზიარებთ საქართველოს მთავრობას.

  • როგორი იყო საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების რეაქცია, მათი პასუხი, როცა თქვენ მათ ესაუბრეთ? 

სამწუხაროდ, ამ დეტალებს ვერ გეტყვით. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას ყველა დონეზე.

  • ამ მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება საუბრობს იმაზე, რომ USAID-ი „რევოლუციური სცენარისთვის“ ტრენინგებს ატარებს საქართველოში და სუს-ი ტრენინგების მონაწილე პირებს დაკითხვებზე იბარებს. ეს რა გზავნილია თქვენთვის? თქვენ კარგად იცნობთ რუსეთს, პოსტსაბჭოთა სივრცეს. რის მიღწევას ცდილობს, თქვენი დაკვირვებით, ამგვარი მიდგომით ხელისუფლება? ეს არის გზავნილი USAID-ისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუ ორივესთვის? 

სამწუხაროდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო პროცესზე მე ვერ ვისაუბრებ. მეც ის ინფორმაცია მაქვს, რაც საჯაროდ არის ცნობილი.

USAID-ის ყველა პროგრამა მიზანმიმართულია ერთ ფაქტორზე, რომ მხარი დავუჭიროთ, ხელი შევუწყოთ საქართველოს, იყოს წარმატებული, უსაფრთხო და დემოკრატიული ქვეყანა. ასევე, ხელი შევუწყოთ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირისკენ მიემართება, აპირებს, რომ გახდეს ევროკავშირის ოჯახის წევრი.

მინდა ხაზი გავუსვა კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ რეკომენდაციას, რაც ძალიან გვახარებს და ამაზე ვმუშაობთ, რომ ეს მიიღოს საქართველომ.

ჩვენ ვთანამშრომლობთ სამოქალაქო ორგანიზაციებთან იმიტომ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ ბათუმში არსებულ სამოქალაქო ორგანიზაციებთანაც ვთანამშრომლობთ, ისინი არიან სხვადასხვა პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი დამკვირვებლები.

  • როგორ აღიქვით საქართველოს ხელისუფლების განცხადებები „რევოლუციის მხარდაჭერაზე“? აღიქვით ეს, როგორც ზეწოლა? 

არ აღვიქვამთ ამას, როგორც ზეწოლას. ვეცდებით, ჩვენს პარტნიორებთან, თუ არსებობს რამე, რაც შესაძლოა იყოს განსახილველი, განვიხილოთ.

  • ეს იყო გაუგებრობა საქართველოს მთავრობის მხრიდან? რა შეიძლება ამას დაარქვათ? 

ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ საკითხზე პირად საუბრებში, დახურულ კარს მიღმა ვისაუბროთ. ჩვენი საქმიანობა საქართველოში არის სრულიად გამჭვირვალე. ჩვენ კარგი პარტნიორობა გვაკავშირებს საქართველოსთან და ჩვენი მთავარი მიზანია, დავეხმაროთ ხალხს, ქვეყანამ მიაღწიოს ევროინტეგრაციას.

როგორც აღვნიშნე, 30-ზე მეტი წელია მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პარტიას წარმოადგენს მთავრობა, იცვლებოდა ეს მთავრობა თუ არ იცვლებოდა. ჩვენ ყველა ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ მიუკერძოებლად, ჩვენი თანამშრომლობა არის სრულიად ნეიტრალური, ვართ სრულიად მიუკერძოებლები და არავის პრიორიტეტს არ ვანიჭებთ. ჩვენ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან ვთანამშრომლობთ, ვინც მზადაა, რომ ჩვენი მხარდაჭერა მიიღოს.

ვცდილობთ, შევქმნათ, რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა, რომ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს მოსახლეობასთან. ჩვენი თანამშრომლობის ამ ისტორიას თუ გადავხედავთ, ეს წლები თავისთავად მეტყველებს მხარდაჭერაზე, რასაც ჩვენ ვუწევთ საქართველოს.

რაც შეეხება ბრალდებებს, ვიტყოდი, რომ ის სრულიად ყალბია და არ წარმოადგენს სიმართლეს. ჩვენ ვრჩებით სანდო პარტნიორად, ვითანამშრომლებთ საქართველოსთან და განვაგრძობთ მის მხარდაჭერას.

  • ამ ბრალდებებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ USAID-ი საქართველოში განათლების სექტორს $14 მილიონით დააფინანსებს. პროექტი საქართველოს ხელისუფლებასთან და ასევე სხვადასხვა სექტორთან თანამშრომლობით განხორციელდება. მოგვიყევით ამ პროექტის შესახებ.

ეს არის ჩვენი ახალი პროგრამა: „განათლება მომავლისთვის“, რომელიც 5-წლიანია და 14 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება. ეს პროგრამა დაახლოებით 4 კვირის წინ გავხსენით საქართველოს მთავრობასთან ერთად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა იმიტომ, რომ რეალურად იგი ხელს შეუწყობს შესაძლებლობების განვითარებას, მათ შორის, თვითონ პედაგოგების შესაძლებლობების გაძლიერებას.

ამ პროგრამის ფარგლებში ვიმუშავებთ თვითონ სასწავლო პროგრამების შემუშავებაზე, რაც მოიცავს სკოლებისა და სკოლის მენეჯმენტის გაძლიერებას. განათლების სისტემაში უკვე გვაქვს თანამშრომლობის დიდი გამოცდილება და მხარს ვუჭერდით სკოლის გაძლიერებას როგორც დაწყებითი განათლების დონეზე, ისე საშუალო განათლების დონეზე. ასევე, განხორციელებული გვაქვს პროგრამები პროფესიული გადამზადების მიმართულებით, ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან.

  • წლებია თქვენ აქტიურად მხარს უჭერთ სასამართლოს გაძლიერებას საქართველოში. ევროკომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, საერთაშორისო კომისიამ შეაფასოს მოსამართლეთა კეთილსინდისიერება. რას ფიქრობთ ამ ინიციატივაზე, თქვენ თუ უჭერთ მხარს ე.წ. ვეტინგის პროცესს და რა შემთხვევაში შეიძლება იმუშაოს ამ მექანიზმმა საქართველოში?

კანონის და სამართლის უზენაესობას ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნებისმიერი ქვეყნის განვითარებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც USAID-სთვის, ასევე აშშ-ს მთავრობისთვის: აშშ-ს საელჩოში გვაქვს სამართლის დეპარტამენტი, ასევე აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი, ნარკოტიკების და კანონის აღსრულების დეპარტამენტები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერებას. ჩვენი მთავარი მიზანია გავაძლიეროთ საქართველოში კანონის უზენაესობა, რადგან კანონის უზენაესობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დემოკრატიის განვითარებასა და ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებაში. ამის შემდეგ ქვეყანას უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, იყოს წარმატებული და უსაფრთხო.

ახლა მოვდივარ ღონისძიებიდან – სამართლის უზენაესობის ფორუმი ჩატარდა ბათუმში და აქ შეიკრიბა კანონის უზენაესობაში ჩართული სხვადასხვა მხარე. ფორუმს ესწრებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ასევე ესწრებოდნენ საქალაქო სასამართლოების წარმომადგენლები, ადვოკატთა ასოციაცია, იურიდიული დახმარების სამსახური, უნივერსიტეტები და ყველა, ვინც ამ სფეროშია ჩართული. ეს არის ერთ-ერთი კარგი მაგალითი იმისა, როგორ ვუჭერთ მხარს კანონის უზენაესობის გაძლიერებას ქვეყანაში.

საქართველოში ასევე მოწვეული გვყავდა ამერიკელი მოსამართლეები, მოსამართლეები ევროპიდან, რომლებიც ზუსტად კანონის უზენაესობის გაძლიერების მიმართულებით უზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას მოსამართლეებს საქართველოში.

რაც შეეხება ევროინტეგრაციას, ეს მოიცავს სხვადასხვა რეკომენდაციის შესრულებას. როგორც ვიცით,კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელია, სხვადასხვა რეკომენდაცია განხორციელდეს. USAID-ი და აშშ-ს მთავრობა, სააგენტოები ასევე, რაც უკვე ჩამოვთვალე და რომლებიც მუშაობენ კანონის უზენაესობის მიმართულებით, განაგრძობენ საქართველოს მხარდაჭერას ამ მიმართულებით.

  • კონკრეტულად ვეტინგს დაუჭერთ მხარს, რომ საერთაშორისო კომისიამ შეაფასოს საქართველოში საკვანძო თანამდებობებზე მომუშავე მოსამართლეების კეთილსინდისიერება? 

სამწუხაროდ არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხთან დაკავშირებით, უნდა მივმართო ჩვენს ექსპერტებს, რომლებიც მუშაობენ კანონის უზენაესობის პროგრამაზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მართლმსაჯულების მხარდაჭერას, მთლიანად ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და ამ პროცესის გაძლიერებისთვის საქართველოში აშშ-ს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ძალიან დიდი წვლილი აქვს მართლმსაჯულების საკითხს.

  • აფხაზეთში ახალ რეგულაციაზე მუშაობენ, არ შეუშვან ის ორგანიზაციები, ვინც მათ ოკუპირებულად მიიჩნევს. მათ შორის USAID-ზეა საუბარი. ჩვენთვის ცნობილია, რომ არაერთ პროექტს უჭერს მხარს USAID-ი აფხაზეთში. რომ ჩამოთვალოთ პროექტები და რამდენი აქვს ორგანიზაციას დახარჯული აფხაზეთზე წლის განმავლობაში. ზოგადად, რას ფიქრობთ ამ აკრძალვებზე, რისი მომტანი იქნება ეგ აფხაზებისთვის?

ჩვენ გაეროს საშუალებით ვმუშაობთ აფხაზეთში სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის ჯანდაცვის სფერო, განათლება, მეწარმეობის მხარდაჭერა, გაცვლითი პროგრამები… ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მშვიდობის პროცესს, უნდა დავეხმაროთ ნდობის შექმნას და მის მხარდაჭერას.

უნდა ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს პროცესი. გაეროს საშუალებით ჩვენ ბევრს ვმუშაობთ იქ, რომ შესაძლებლობა მივცეთ და ხელი შევუწყოთ მშვიდობის შექმნას… მნიშვნელოვანია, ხალხს ერთმანეთის ესმოდეს.

ჩვენ გვაქვს ხუთწლიანი პროგრამა, რომლის ბიუჯეტიც არის 10 მლნ აშშ დოლარი. ყოველწლიური ბიუჯეტი გამოდის 2 მლნ აშშ დოლარი. ჩვენი მთავარი მიზანია ხალხთა შორის ნდობა გამყარდეს, ხელი შევუწყოთ დიალოგს, მშვიდობის პროცესს, ნდობის ჩამოყალიბებას და ვიმუშაოთ იმ საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც გამყოფ ხაზთან მცხოვრები, ისე – აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის.

  • უკვე ერთ წელზე ნაკლები დრო დარჩა არჩევნებამდე. არჩევნები რომ სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდეს, როგორ აპირებთ საქართველოს დახმარებას? 

USAID-ი საკმაოდ მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, ცესკოს ხელს ვუწყობთ და ვეხმარებით, რომ მოხდეს ამომრჩევლების განათლება. ამ შემთხვევაში, ეს აქტივობა მიმართულია იქითკენ, რომ ამომრჩეველმა შეძლოს ელექტრონული სისტემის გამოყენება, რაც საქართველოს დაახლოებით 90%-ს მოიცავს. მოსახლეობამ კარგად უნდა იცოდეს, როგორ შეიძლება ჩაერთოს არჩევნების დროს ხმის მიცემის პროცესში.

ასევე, ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების ჩამოსაყვანად. ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც ამ საკითხზე, მათ შორის – ეუთოს წარმომადგენლებთან და ევროკომისიასთან. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი.

  • დაწყებულია უკვე საარჩევნო გარემოზე დაკვირვება? კიდევ როგორ წარმოგიდგენიათ სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობა? 

გრძელვადიანი დამკვირვებლები ჯერ არ ჩამოსულან საქართველოში. ჩვენ მხარს ვუჭერთ პროცესს არჩევნებისთვის დამკვირვებლების ჩამოსაყვანად.

ასევე, მნიშვნელოვანია ამომრჩევლების განათლების მხარდაჭერა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩატარდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ევროკომისიამაც აღნიშნა, რომ არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად საჭიროა გარკვეული საკანონმდებლო რეფორმები. ჩვენ ამ საკითხებზეც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან.

მოვუწოდებდი მოსახლეობას, რომ აუცილებლად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ეს არის მოქალაქეების პასუხისმგებლობა, ჩაერთონ ამ პროცესში და დაიცვან საკუთარი ხმა.

  • რომ გვითხრათ, წელს რა პროექტებს ახორციელებს USAID-ი საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით? ასევე, რამდენია თანხა, რასაც USAID-ი წელს საქართველოში დახარჯავს?

აშშ-ს მთავრობამ საქართველოში 30-ზე მეტი წელია 6 მილიარდზე მეტი აშშ დოლარი დახარჯა მხარდაჭერისთვის, აქედან 2 მილიარდი დოლარი USAID-მა გამოყო. ჩვენ ამჟამად გვაქვს 40 პროექტი, რასაც საქართველოში ვახორციელებთ. ჩვენი წლიური ბიუჯეტი საქართველოში არის 75-დან 80 მილიონამდე აშშ დოლარი. ეს თანხა, რაც დავასახელეთ, არის ძალიან კარგი მაჩვენებელი იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-სთვის საქართველოსთან პარტნიორობა.

ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც საქართველოს მთავრობასთან, ისე კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ვთანამშრომლობთ ყველა დონის ხელისუფლებასთან: მთავრობასთან, საკანონმდებლო ხელისუფლებასთან და ყველა ამ პროექტში, რასაც ვახორციელებთ, განსაკუთრებული წვლილი აქვს საქართველოს მთავრობას, რადგან ისაა ჩვენი პარტნიორი როგორც მუნიციპალურ, ისე სახელმწიფო დონეზე. შესაბამისად, ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, კეთდება ძალიან მჭიდრო პარტნიორობით საქართველოს მთავრობასთან.

მნიშვნელოვანია, რომ USAID-ს და საქართველოს მთავრობას აქვს ორმხრივი შეთანხმება და ამ შეთანხმების საფუძველზე ყოველთვის ჩვენ საქართველოს მთავრობას ვაწვდით განახლებულ ინფორმაციას პროგრამებთან მიმართებით. ძლიერი პარტნიორობა, რაც გვაკავშირებს ქვეყანასთან, მოიცავს ამ აქტივობასაც: საქართველოს მთავრობას აქვს ინფორმაცია ყველა იმ პროგრამის შესახებ დეტალურად, რასაც ჩვენ ვახორციელებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: