მთავარი,სიახლეები

„მთავრობას ვთხოვეთ, ჯერ ჩვენთან გაარკვიონ“ – USAID-მისიის უფროსი „რევოლუციის მხარდაჭერაზე“

21.11.2023 • 705
„მთავრობას ვთხოვეთ, ჯერ ჩვენთან გაარკვიონ“ – USAID-მისიის უფროსი „რევოლუციის მხარდაჭერაზე“

„ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს მთავრობას, რომ თუ იქნება საკითხი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კითხვები, ეჭვის საფუძველი, ჯერ ჩვენთან გაარკვიონ ეს,“ – გვითხრა USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორმა, ჯონ პანელმა, როცა მას ვკითხეთ, საქართველოს მთავრობის ბრალდებაზე იმის შესახებ, რომ თითქოს USAID-ის პროგრამის ფარგლებში საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ.

ჯონ პანელი არ ასახელებს, ვის შეხვდა საქართველოს მთავრობაში, თუმცა ამბობს, რომ ის აშშ-ს ელჩთან ერთად საქართველოს მთავრობაში „საკმაოდ მაღალი რანგის წარმომადგენლებს“ ესაუბრა ამ თემაზე.

„ბათუმელები“ ჯონ პანელს, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს [USAID] კავკასიის მისიის დირექტორს, ამ თემაზე ესაუბრა. მასთან ვრცელ ინტერვიუს მიმდინარე საკითხებზე „ბათუმელები“ მალე შემოგთავაზებთ.

  • ბატონო ჯონ, ის, რომ USAID-ის მიერ საქართველოში „რევოლუციის მხარდაჭერაზე ბრალდებები ყალბია“, არაერთმა ამერიკელმა დიპლომატმა და მოხელემ განაცხადა.  ვგულისხმობთ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ მორიგ სკანდალურ ბრალდებას USAID-ის შესახებ. თუ შეხვდით ამ ბრალდებების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და რა უთხარით ან მათგან რა მოისმინეთ?

აშშ-ის მთავრობა უკვე 30-ზე მეტი წელია, რაც საქართველოსთან, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობს, თანამშრომლობს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ხალხთან. 30-ზე მეტი წელია, რაც ამ პარტნიორობის ფარგლებში ამერიკის მთავრობამ 6 მილიარდზე მეტი აშშ დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს, აქედან 2 მლრდ უშუალოდ USAID-მა გამოყო.

ჩვენთვის ძალიან ღირებულია ეს პარტნიორობა საქართველოსთან.

რაც შეეხება ბრალდებებს, აშშ-ს ელჩმა და ამერიკის მთავრობის ოფიციალურმა პირებმა რამდენჯერმე უკვე განაცხადეს, რომ ეს ბრალდებები არის სრულიად ყალბი. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოში ყველა სამოქალაქო ორგანიზაციასთან, მათ ხელს ვუწყობთ ისეთი საკითხების ადვოკატირებაში, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის: ესაა ჯანდაცვა, განათლება და სხვა საკითხები.

სამწუხაროა მსგავსი ბრალდებები.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობასთან შეხვედრას, რა თქმა უნდა, ჩვენ შევხვდით საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შეხვდა ელჩიც და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით იმ ფაქტს, რომ მსგავსი ბრალდებები არის სრულიად ყალბი.

ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობას, მათ მხარდაჭერას.

ჩვენ ასევე ვთხოვეთ საქართველოს მთავრობას, რომ თუ იქნება ისეთი საკითხი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კითხვები, ეჭვის საფუძველი, ჯერ ჩვენთან გაარკვიონ ეს საკითხები. ჩვენ შევეცდებით, ვუპასუხოთ ამ შეკითხვებს.

  • შეგიძლიათ გვითხრათ, ვის ესაუბრეთ საქართველოს მთავრობაში ამ საკითხებზე და როგორი იყო მათი რეაქცია, მათი პასუხი? 

კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმ ფაქტს, რომ USAID-ი 30-ზე მეტი წელია, რაც მხარს უჭერს საქართველოს. ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვთანამშრომლობთ ყველა მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საქართველოში.

მინდა ხაზი გავუსვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წვლილს, რაც ქვეყნის განვითარებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია აშშ-სა და ევროპის ქვეყნებშიც. მათ სადამკვირვებლო ფუნქცია აქვთ და ე.წ. ვოჩდოგები არიან. სამოქალაქო საზოგადოებას რეალურად ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის დემოკრატიის განვითარებაში.

რაც შეეხება შეხვედრას საქართველოს მთავრობის წევრებთან: სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, კონკრეტულად ვისთან გაიმართა ეს შეხვედრები.

მე პირადად და აშშ-ს ელჩი შევხვდით მთავრობის საკმაოდ მაღალი რანგის წარმომადგენლებს და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით მათთან იმ ფაქტს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას. პირადი საუბრის დროს ასევე აღვნიშნეთ, რომ თუ რაიმე საეჭვო საკითხი იქნება, რაც კითხვას გააჩენს, კარგი იქნება, რომ ჯერ ჩვენთან ისაუბრონ ამ საკითხზე.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ USAID -ი და ამერიკის მთავრობა ყველაფერი, რასაც ვახორციელებთ, არის გამჭვირვალე – ეს იქნება ჩვენი შესყიდვები თუ პროგრამები. ყველა ინფორმაციას, რასაც ვაკეთებთ პროგრამებთან მიმართებით, დეტალურად ვუზიარებთ საქართველოს მთავრობას.

  • როგორი იყო საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების რეაქცია, მათი პასუხი, როცა თქვენ მათ ესაუბრეთ? 

სამწუხაროდ, ამ დეტალებს ვერ გეტყვით. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას ყველა დონეზე.

  • ამ მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება საუბრობს იმაზე, რომ USAID-ი „რევოლუციური სცენარისთვის“ ტრენინგებს ატარებს საქართველოში და სუს-ი ტრენინგების მონაწილე პირებს დაკითხვებზე იბარებს. ეს რა გზავნილია თქვენთვის? თქვენ კარგად იცნობთ რუსეთს, პოსტსაბჭოთა სივრცეს. რის მიღწევას ცდილობს, თქვენი დაკვირვებით, ამგვარი მიდგომით ხელისუფლება? ეს არის გზავნილი USAID-ისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუ ორივესთვის? 

სამწუხაროდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო პროცესზე მე ვერ ვისაუბრებ. მეც ის ინფორმაცია მაქვს, რაც საჯაროდ არის ცნობილი.

USAID-ის ყველა პროგრამა მიზანმიმართულია ერთ ფაქტორზე, რომ მხარი დავუჭიროთ, ხელი შევუწყოთ საქართველოს, იყოს წარმატებული, უსაფრთხო და დემოკრატიული ქვეყანა. ასევე, ხელი შევუწყოთ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირისკენ მიემართება, აპირებს, რომ გახდეს ევროკავშირის ოჯახის წევრი.

მინდა ხაზი გავუსვა კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ რეკომენდაციას, რაც ძალიან გვახარებს და ამაზე ვმუშაობთ, რომ ეს მიიღოს საქართველომ.

ჩვენ ვთანამშრომლობთ სამოქალაქო ორგანიზაციებთან იმიტომ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ ბათუმში არსებულ სამოქალაქო ორგანიზაციებთანაც ვთანამშრომლობთ, ისინი არიან სხვადასხვა პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი დამკვირვებლები.

  • როგორ აღიქვით საქართველოს ხელისუფლების განცხადებები „რევოლუციის მხარდაჭერაზე“? აღიქვით ეს როგორც ზეწოლა? 

არ აღვიქვამთ ამას, როგორც ზეწოლას. ვეცდებით, ჩვენს პარტნიორებთან, თუ არსებობს რამე, რაც შესაძლოა იყოს განსახილველი საკითხი, განვიხილოთ.

  • ეს იყო გაუგებრობა საქართველოს მთავრობის მხრიდან? რა შეიძლება ამას დაარქვათ? 

ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ საკითხზე პირად საუბრებში, დახურულ კარს მიღმა ვისაუბროთ. ჩვენი საქმიანობა საქართველოში არის სრულიად გამჭვირვალე. ჩვენ კარგი პარტნიორობა გვაკავშირებს საქართველოსთან და ჩვენი მთავარი მიზანია, დავეხმაროთ ხალხს, ქვეყანამ მიაღწიოს ევროინტეგრაციას.

როგორც აღვნიშნე, 30-ზე მეტი წელია მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პარტიას წარმოადგენს მთავრობა, იცვლებოდა ეს მთავრობა თუ არ იცვლებოდა. ჩვენ ყველა ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ მიუკერძოებლად, ჩვენი თანამშრომლობა არის სრულიად ნეიტრალური, ვართ სრულიად მიუკერძოებლები და არავის პრიორიტეტს არ ვანიჭებთ. ჩვენ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან ვთანამშრომლობთ, ვინც მზადაა, რომ ჩვენი მხარდაჭერა მიიღოს.

ვცდილობთ, შევქმნათ, რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა, რომ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს მოსახლეობასთან. ჩვენი თანამშრომლობის ამ ისტორიას თუ გადავხედავთ, ეს წლები თავისთავად მეტყველებს მხარდაჭერაზე, რასაც ჩვენ ვუწევთ საქართველოს.

რაც შეეხება ბრალდებებს, ვიტყოდი, რომ ის სრულიად ყალბია და არ წარმოადგენს სიმართლეს. ჩვენ ვრჩებით სანდო პარტნიორად, ვითანამშრომლებთ საქართველოსთან და განვაგრძობთ მის მხარდაჭერას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: