მთავარი,სიახლეები

როდის დაიწყებს მთავრობა ბინების გადაცემას „ოცნების ქალაქში“ – მშენებლობა „თითქმის დასრულდა“

21.11.2023 • 1055
როდის დაიწყებს მთავრობა ბინების გადაცემას „ოცნების ქალაქში“ – მშენებლობა „თითქმის დასრულდა“

„ოცნების ქალაქში“ სოციალური სახლების მშენებლობა, მშენებელი კომპანიის ინფორმაციით, ფაქტობრივად, დასრულებულია. თუმცა აჭარის მთვრობა ამ დრომდე არ აკონკრეტებს, როდის დაიწყებს ბინების გადაცემას.

დაპირების მოლოდინში მყოფი „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები დღეს ხელშეუხებლობისა და ბინის მიღების გარანტიების წერილობით გაფორმებას ისევ ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქ ამბობენ, რომ განაახლებენ აქციებს:

„ჩვენ უნდა გვქონდეს გარანტია, რომ ბინებს მივიღებთ, ამასთან, იმის გარანტიაც გვინდა, რომ იქ, სადაც ახლა ვართ, ბინების მიღებამდე ვიცხოვრებთ და არავინ შეგვეხება“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით აჭარის ხელისუფლება „გარანტიებთან“ დაკავშირებით მოქალაქეებს საბოლოო პასუხს მაქსიმუმ 10 დღის ვადაში გასცემს.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა სიაში 1740 ოჯახია, აქედან პირველ ეტაპზე ბინები 582 ოჯახს უნდა გადასცენ.

სოციალური სახლები „ოცნების ქალაქში“. 14.11.2023

„სამუშაოები დასრულებისკენ მიდის… დალაგების სამუშაოებია დაწყებული და თვის [ნოემბრის] ბოლოს, მაქსიმუმ დეკემბრის დასაწყისში იგეგმება, რომ სახლები ჩაბარდეს სამინისტროს“ – უთხრეს 20 ნოემბერს „ბათუმელებს“ მშენებელ კომპანია „დაგში“.

აჭარის მთავრობისგან [ასევე ფინანსთა და ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებიდან] „ბათუმელებმა“ ვერ მიიღო პასუხი კითხვებზე, თუ როდის იგეგმება „ოცნების ქალაქში“ სოციალური სახლების ჩაბარება და მცხოვრებლებზე ბინების გადაცემა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და „დაგს“ შორის სოციალური სახლების მშენებლობაზე ხელშეკრულება 2020 წლის 13 თებერვალს გაფორმდა 38 745 999 ლარზე.

ამ ხელშეკრულებაში 2023 წლის 17 ნოემბერს შეტანილი ცვლილების მიხედვით „ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 40 973 388 ლარს“.

მშენებლობა 2021 წლის 14 ივლისამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ხელშეკრულებაში რამდენჯერმე შევიდა ცვლილება.

2023 წლის 30 აგვისტოს შეთანხმების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „დაგის“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადა ამოიწურა 2022 წლის 8 ოქტომბერს. მხარეებს შორის სამუშაოების დასრულების ვადის ცვლილება არ განხორციელებულა. შპს „დაგის“ 2023 წლის 29 აგვისტოს წერილის თანახმად სამუშაოების დასრულება იგეგმება 2023 წლის 25 ოქტომბრამდე პერიოდში.“

2023 წლის 29 სექტემბერს კი სამინისტრო კომპანიას უგზავნის წერილს, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანიას ამ დროისთვის 1,3 მილიონი ლარის პირგასამტეხლო აქვს დაკისრებული: „გთხოვთ, დროულად შეასრულოთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და უზრუნველყოთ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევისთვის დარიცხული პირგასამტეხლოს – 1 399 249 ლარის გადახდა“.

ამ წერილის გაგზავნიდან მეოთხე დღეს სამინისტრომ კომპანიას გარკვეული სამუშაოებისთვის 1 477 723 ლარი გადაურიცხა. შესყიდვების პორტალის მიხედვით,  2023 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით, კომპანიისთვის სამინისტროდან ჯამში 36 915 686 ლარია გადარიცხული [სახელშეკრულებო ღირებულების 90%].

სოციალური სახლი „ოცნების ქალაქში“ / 14.11.2023

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებს საახალწლოდ, ანუ 2022 წლისთვის, ახალ ბინებში შესახლებას ქვეყნის პრემიერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წინასაარჩევნოდ, 2021 წლის აგვისტოში დაჰპირდნენ.

მოგვიანებით კი „ბათუმელებს“ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში უთხრეს, რომ მშენებლობა 2022 წლის პირველ კვარტალში დასრულდებოდა; რაც შეეხება ბინების გადაცემას, „კრიტერიუმებზე მუშაობა დასკვნით ეტაპზე“ იყო და ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ დაიწყებოდა ბინების გადაცემაც.

2022 წლის პირველი კვარტალის ბოლოს, ანუ აპრილში, არათუ მშენებლობა, აჭარის მთავრობას კრიტერიუმებზე მუშაობაც არ ჰქონდა დასრულებული.

ეს კრიტერიუმები მთავრობამ მაისის ბოლოს განსაზღვრა. მაშინ სოციალური სამართლიანობის ცენტრში განაცხადეს, რომ „დადგენილი კრიტერიუმების შინაარსი უამრავ კითხვას ბადებდა და მთავრობის მხრიდან შესაბამისი პასუხების გაცემა ან/და პროცესის მოდიფიცირება იყო საჭირო.

ივნისში კრიტერიუმები მთავრობამ დააზუსტა, თუმცა უპასუხოდ დარჩა მთავარი კითხვა – როდის ადასცემდნენ ბინებს.

2022 წლის აგვისტოში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მოგვწერეს, რომ „დღეისათვის დასკვნით ეტაპზეა 582 ბინის მშენებლობა, რაც [2022] წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც მოსახლეობისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემა მოხდება“.

მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა გასულ წელს არ დასრულდა, აჭარის მთავრობა დღემდე არ ასაჯაროებს ვის და როდის გადასცემს ბინებს სოციალურ სახლებში.

„ოცნების ქალაქში“ ფიქრობენ, რომ 582 ოჯახს ბინებს მხოლოდ წინასაარჩევნოდ გადასცემენ „მთავრობამ პიარი რომ გაიკეთოს“.

საგარანტიო ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით „ოცნების ქალაქში“ აქცია ბოლოს 2023 წლის 22 ოქტომბერს გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მაშინ ფრიდონ ხალვაშის გამზირი 2-3 წუთით გადაკეტეს, მეტის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა.

ამ თემაზე:

ვინ [ვერ] მიიღებს ბინას „ოცნების ქალაქში“ – აჭარის მთავრობამ კრიტერიუმები განსაზღვრა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: