მთავარი,სიახლეები

ცესკო არქივის მოსაწყობად 11 მილიონ ლარს დახარჯავს

20.11.2023 • 611
ცესკო არქივის მოსაწყობად 11 მილიონ ლარს დახარჯავს

ცენტრალური საარჩევნო კომისია [ცესკო] 11 მილიონ ლარს დახარჯავს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში საარქივო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. შენობა ორსართულიანი იქნება და მშენებლობა 2024 წლის 26 აგვისტომდე უნდა დასრულდეს.

„ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, საარქივო/სასაწყობე ინფრასტრუქტურის მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე სადემონტაჟო/სამშენებლო/სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე“ ცესკომ ტენდერი 11 387 000 ლარით გამოაცხადა.

ტენდერს თან ახლავს გენგეგმა, საპროექტო მოცულობები და შენობის რენდერი.

ცესკოს არქივის შენობა / რენდერი ტენდერიდან

ტენდერში გამარჯვებულმა დეტალური პროექტი სამ ეტაპად უნდა მოამზადოს:

„პირველი ეტაპი – ხელშეკრულების ხელმოწერიდან 15 დღის ვადაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განმარტებითი ბარათი არსებული მდგომარეობის და საპროექტო წინადადების აღწერით, ობიექტის არქიტექტურული ნაწილის (გეგმები, ჭრილები, ფასადები, ფოტომონტაჟი) და გენერალური გეგმის ესკიზები – საჭიროების შემთხვევაში, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა (საჭიროების შემთხვევაში)…

მეორე ეტაპი – პირველი ეტაპის ჩაბარებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადაში, შემსყიდველის მიერ, პირველი ეტაპით განსაზღვრული დოკუმენტაციის დადასტურების საფუძველზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს 3 განმარტებითი ბარათი პროექტის დეტალური აღწერით, აგრეთვე სრული დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება სამშენებლო სამუშაოების ჩატარება…

მესამე ეტაპი – მეორე ეტაპის ჩაბარებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადაში, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საბოლოო ვარიანტის შემუშავების შემდეგ, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სრული დაექსპერტებული დოკუმენტაცია და შესაბამისი საექსპერტო დასკვნები (მხოლოდ დადებითი დასკვნების წარმოდგენის შემთხვევაში განხორციელდება დამკვეთის მიერ მიმდინარე ეტაპის მიღება/დადასტურება)…“

ცესკოს არქივის შენობის გენგეგმა / ფოტო ტენდერიდან

ტენდერის პირობის მიხედვით, „მომზადებულმა პროექტმა საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეძლოს შემდეგი ნებართვების მიღება და მიმწოდებელი ვალდებულია გასწიოს ყველა საჭირო სამუშაო (მათ შორის ფინანსური მხარეც), რაც სჭირდება შემდეგი ტიპის ნებართვების მიღებას:

  • სამშენებლო ნებართვა
  • საინჟინრო კომუნიკაციების ნებართვა (საჭიროების შემთხვევაში);
  • სახანძრო უსაფრთხოების ნებართვის მიღება; (შემდგომი ჩაბარებით შესაბამის სამსახურთან)
  • სხვა დამატებითი ნებართვები/შეთანხმებები რაც საჭიროა შენობის დანიშნულებისამებრ გამოყენებასთან (საჭიროების შემთხვევაში);

შემსრულებელმა უნდა განახორციელოს ასევე ობიექტის/ობიექტების ელ. მომარაგებისთვის საჭირო ყველა სამუშაო და გაწიოს შესაბამისი ხარჯები აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად (მათ შორის ობიექტის/ობიექტების ელ. მომარაგების ქსელზე დაერთება და შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ახალი აბონენტის რეგისტრაცია). ისევე როგორც ექსპლუატაციაში მიღება და მასთან დაკავშირებული ყველა ხარჯები და პროცედურა.

მშენებლობა თბილისში ორ საკადასტრო ერთეულზეა დაგეგმილი შემდეგ მისამართებზე – დავით აღმაშენებლის ხეივანი N136 და N138.

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 3 დეკემბერს დაიწყება და 8 დეკემბერს დასრულდება.

ცესკოს არქივის შენობა / რენდერი ტენდერიდან

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: