განათლება,მთავარი,სიახლეები

ჩვენი მოთხოვნაა, ყველა პედაგოგს ხელფასი მოემატოს თანაბრად – მასწავლებელი

18.11.2023 • 18722
ჩვენი მოთხოვნაა, ყველა პედაგოგს ხელფასი მოემატოს თანაბრად – მასწავლებელი

„დასრულდეს გაურკვევლობა და საბაზო ანაზღაურების მატება აისახოს 2024 წლის იანვრიდან“ – ამ მოთხოვნით, მასწავლებლები ხელმოწერებს აგროვებენ. მომზადდა პეტიციაც, რომელსაც ამ დროისთვის ორი ათსზე მეტი პედაგოგი აწერს ხელს.

ხელისუფლების მიერ მასწავლებელთა ხელფასების მატების თემაზე „ბათუმელები“ ერთ-ერთ პედაგოგს თამარ ცანავას ესაუბრა, რომელმაც განათლების სამინისტროში 400-ზე მეტი მასწავლებლის ხელმოწერა შეიტანა იმ მოთხოვნით, რომ პედაგოგებს ხელფასები გაეზარდოთ თანაბრად და 2024 წლის იანვრიდან.

„გუშინ შევიტანეთ სამინისტროში ხელმოწერები, რომელიც მუნიციპალიტეტებიდანაც მოგვაწოდეს. ვაგროვებთ იმიტომ, რომ ხელფასის მატება დაიწყოს არა სექტემბრიდან, როგორც ეს ფინანსთა მინისტრმა თქვა, არამედ იანვრიდან, რისი მოლოდინიც გვქონდა“-ამბობს თამარ ცანავა.

მისი თქმით, სამინისტროში ხელმოწერების შეტანის დღეს, მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი ეზოში შეხვდათ, რომელსაც კიდევ ერთხელ სთხოვეს გასაგებ ენაზე აეხსნათ პედაგოგებისთვის თუ რა პრინციპით აპირებენ ხელფასის ზრდას და როდის.

„ნუ აკეთებთ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს, ნუ გვაბნევთ მეთქი. „ძალიან მინდა, რომ ეს ამბავი გამოვიდეს იანვრიდან“ – ყველა შეხვედრაზე ასე ამბობდა განათლების მინისტრი და რადგან ასეთი განწყობა იყო, ჩვენც გვქონდა მოლოდინი რომ ხელფასები ახალი წლიდან გაიზრდებოდა.

როგორც ჩანს, საბაზისო ხელფასის მატებაზეა საუბარი მხოლოდ, თუმცა კიდევ ერთი საკითხია, რომ სადამრიგებლოც საბაზისოზეა მიბმული და არავინ ამბობს, დამრიგებლის ხელფასიც მოიმატებს თუ არა.

ამბობებ, რომ ხელფასი მოემატება სრულ განაკვეთზე მყოფ პედაგოგებს და ჩვენ დანამატს ხან 15 საათზე ვიღებთ, ხან 13 საათზე. შესაბამისად, ესეც ბუნდოვანია“-ამბობს ცანავა.

როგორც გვეუბნება, ორი-სამი დღის წინაც დარეკა განათლების სამინისტროში და დასვა კითხვები ამ საკითხზე, თუმცა უპასუხეს, რომ მინისტრი უახლოეს მომავალში გააკეთებს პრეზენტაციას.

„მანამდე პრემიერი იძახდა ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე, „მინისტრი ერთ კვირაში გააკეთებს პრეზენტაციას“, ოქტომბერი იყო მაშინ და უკვე უნდა ჰქონოდა ეს პრეზენტაცია წესით. შემდეგ მითხრეს – „უახლოეს დღეებში“, ახლა ვიღაცამ თქვა კიდევ, რომ 15 დეკემბერსო და ამათი „უახლოესი მომავალი“ არ ვიცი როდის იქნება.

როგორც ჩანს წელავენ ამ პროცესებს და სინჯავენ ნიადაგს, გაუვათ თუ არა. ის 160 მილიონი, რომელიც დააანონსეს, როგორც ჩანს 4 თვეზე აქვთ გაანგარიშებული და ამიტომ ახსენა ფინანსთა მინისტრმა 2024-2025 სასწავლო წელი.

და კიდევ, როცა იძახიან, 57 ათასი მასწავლებელია საქართველოშიო, ეს ყველა საჯარო სკოლის მასწავლებელი არ არის, ზოგი კერძო სკოლაშია და ზუსტად ხომ უნდა დაიანგარიშონ რამდენი მასწავლებელი ჰყავთ“-გვეუბნება თამარ ცანავა.

მისი აზრით, თუ ყველა პედაგოგს არ გაეზრდება ხელფასი, ეს სერიოზულ უკმაყოფილებას გამოიწვევს.

„მაშინ სასწაული ამბავი ატყდება, რადგან 18 საათი საქართველოში ბევრ მასწავლებელს არ აქვს.

გარდა ამისა, ზოგან ღარიბაშვილი ამბობს „500-600-700 ლარით ემატება მასწავლებელს ხელფასი“, მერე თქვა 500-მდე, მერე ფინანსთა მინისტრმა თქვა, 1900 ლარი გახდებაო და გადაასწრებს მინიმალურ ოდენობასო.

ჯერ ერთი, 500 ლარი როგორ დაემატება, ამ ხუთასს საშემოსავლო და საპენსიო არ აკლდება? და დღესაც, როცა ამბობენ, რომ მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1500 ლარია, გულისხმობენ დარიცხულს და არა ხელზე ასაღებს.

მართლა დავიღალეთ რა, ჩემი თავი მგონია (ბევრს ჰგონია ასე), წინასაარჩევნო რაღაც მანიპულირების საგანი.

სექტემბერში რატომ გადაწიეს ხელფასების მატება, გაგვახსენებენ, რომ ოქტომბერში არჩევნებია? არც ჩვენ გვავიწყდება რომ არჩევნებია ოქტომბერში და მოვიხდით როგორმე მოქალაქეობრივ ვალს, მაგრამ მასწავლებლების გარდა სხვა არავინ ჰყავთ მე მგონი ამომრჩეველი.

კიდევ იმით მანიპულირებენ, რომ ბევრი მასწავლებელი დასაქმებული ჰყავთ კოორდინატორებად და მუნიციპალიტეტებში სერიოზულად მუშაობს პროფკავშირები ამ პედაგოგებზე. გამოჭერილი ჰყავთ და ისინიც ემორჩილებიან ბრმად.

როგორ შეიძლება მასწავლებელი ვერ ხვდებოდეს, რომ შენი გადასახადებით ვიღაც ცხოვრობს და შენ ამაში კიდევ უწყობ ხელს.

ახლა სად არის პროფკავშირი, რატომ არ ითხოვს ხელფასების მატებას?

კრიტიკულად განწყობილ მასწავლებლებს ლანძღავენ, მეც შემომივარდებიან ხოლმე ფეისბუქზე, რეალურად კი არაფერს აკეთებენ პედაგოგებისთვის.

მე რატომ უნდა მიწევდეს სამინისტროსთან მისვლა და ხელმოწერების მიტანა, ვიღაცას რატომ უნდა უწევდეს პეტიციის გაკეთება, როცა პროფკავშირი არსებობს? რატომ არ იცავს ჩვენს უფლებებს და არ გვიდგას გვერდში.

ახლახანს ქობულეთის ერთმა სკოლამ მთლიანად დატოვა პროფკავშირი და ასე შემოეცლებათ ეს ხალხი ბოლოს“-ამბობს თამარი.

მისი თქმით, განათლების სამინისტრო ცდილობს კრიტიკულად განწყობილი პედაგოგები არ მოხვდნენ მედიაში.

„ნახეთ, პარალელურად რა ხდება? გადაცემებში მიმსვლელ მასწავლებლებს ურეკავენ სამინისტროდან და ეუბნებიან, -„სქემაზე არ ილაპარაკოთ“. მართლა სირცხვილია ეს.

ზუსტად ვიცი, ოთხშაბათს მიდის ერთი ადამიანი გადაცემაში და უკვე დარეკილი აქვთ მასთან. პირდაპირ გააფრთხილეს, რომ სქემაზე ცუდი არაფერი თქვა.

წინა გადაცემაში, როცა მე ბერიკა შუკაკიძეს დავუპირისპირდი ეთერში როგორც ჩანს აღარ უნდათ მსგავსი ლაფსუსი გაეპაროთ“-ამბობს თამარი.

ხელფასების მატების გარდა, სამინისტრომ ეროვნულ სასწავლო გეგმის ცვლილებაც დააანონსა. თუმცა რისი შეცვლა სურს და რატომ, არც ამაზე უსაუბრია პედაგოგებთან.

„აქამდე სად იყვნენ? მაინც და მაინც წინა საარჩევნოდ რატომ ახსენდებათ, რომ ყველაფერი შესაცვლელია. რამდენი ხანი გაუვათ ეს ყველაფერი…

კიდევ ვაზუსტებ, რომ ჩვენი მოთხოვნაა, ყველა პედაგოგს მოემატოს ხელფასი თანაბრად. ისე არა, რომ ზოგს 100 ლარი დაემატოს და მერე პიარში ჩაიწეროს ეს ხელისუფლებამ.

ერთი პატარა ნაპერწკალია საჭირო და თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდა, მართლა დაიწყება შეუქცევადი პროცესები და ყველა თუ არა, სკოლების 60 პროცენტი მართლა გაიფიცება.

ვნახოთ, არჩევნებამდე დიდი დროა და ჩვენც მოვიფიქრებთ რამეს“-ამბობს თამარ ცანავა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: