მთავარი,სიახლეები

ბავშვებს 100 ლარი უნდა დაემატოთ, 600 ლარი სოცდაუცველ ოჯახებს – ენმ 2024 წლის ბიუჯეტზე

18.11.2023 • 1077
ბავშვებს 100 ლარი უნდა დაემატოთ, 600 ლარი სოცდაუცველ ოჯახებს – ენმ 2024 წლის ბიუჯეტზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მმართველ პარტიას 2024 წლისთვის, ალტერნატიულ სოციალურ პოლიტიკას სთავაზობენ.

„ბათუმელებთან საუბარში უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან ანთაძე ამბობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები უკვე გადაუგზავნეს მმართველ პარტიას და სურვილის შემთხვევაში, მზად არიან ჩაერთონ დეტალების განხილვაში.

„ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ სამ სფეროზე, – სოციალური სფერო, სოფლის მეურნეობა და განათლება.

ყველა კვლევის მიხედვით რაც კი ჩატარებულა, ადამიანების მთავარი გამოწვევა ამ ქვეყანაში სიღარიბე და უმუშევრობაა და ეს ორივე საკითხი დაკავშირებულია ასევე განათლებასთან.

სოციალურ სფეროში, ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ, ღარიბი ოჯახების გაძლიერებას ფინანსურად.

მაგალითად, 70 ათას ქულამდე სოციალურად დაუცველ ბავშვებს, აჭარის ბიუჯეტიდან უნდა გამოეყოს 100 ლარი თვეში, რომელიც განკუთვნილი იქნება კვებისა და მედიკამენტებისთვის.

დღეს ასეთი ბავშვები 200 ლარს იღებენ ცენტრალური ბიუჯებიდან და ასი ლარიც აჭარის ბიუჯეტიდან შეგვიძლია დავუმატოთ.

აჭარაში 147 ათასი სოციალურად დაუცველი ოჯახია, რაც მოსახლეობის 40 პროცენტია ლამის და ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ოჯახების ფინანსურად გაძლიერება, რომ სიღარიბიდან ამოვიდნენ.

ვფიქრობთ, რომ 0-იდან 30 ათას ქულამდე ოჯახებს, რომლებიც სიღატაკის ზღვარზე არიან, 600-ლარიანი დახმარება უნდა დაენიშნოთ თვეში, 57 ათას ქულამდე ოჯახებს 500-ლარიანი დახმარება და ასეთია სადღაც, 3 853 ოჯახი. ხოლო 70 ათას ქულამდე ოჯახებს (1654 ოჯახი), 400-ლარიანი დახმარება“-ამბობს ლევან ანთაძე.

მისი თქმით, დღეს არსებული დასაქმების პროგრამა ვერ ფარავს სოციალურად დაუცველ ყველა ოჯახს და ადამიანების დიდი ნაწილი კვლავ სიღარიბეშია.

„ეს ე.წ დასაქმების პროგრამა, სინამდვილეში არც არის დასაქმება, რადგან ეს ადამიანები არც კი დადიან სამუშაოზე, ზედაპირულად აქვთ დავალებები მიცემული და ფაქტობრივად, მაინც სოციალური დახმარება გამოდის. თანაც, ყველა სოცდაუცველი არ არის ამ პროგრამაში ჩართული და პრობლემა მაინც რჩება“-ამბობს ანთაძე.

მხოლოდ თანხის დანიშვნა, როგორ გამოიყვანს ოჯახებს სიღარიბიდან თუ სამუშაო ადგილები არ შეიქმნა? – ვეკითხებით მას.

მისი აზრით, ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი ფორმა მაინც ფინანსური დახმარებაა და ამას აჩვენებს სხვადასხვა კვლევები.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ლევან ანთაძე ამბობს, რომ კვლევის მიხედვით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დიდი ნაწილი მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ცხოვრობენ მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში უამრავი თანხები იხარჯება ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით.

„2012 წლის შემდეგ, მარტო აჭარის ბიუჯეტიდან 173 მილიონი ლარია დახარჯული, მაგრამ სტატისტიკის მიხედვით, სოფლის მეურნეობის ყველა დარგში გვაქვს კლება. ანუ ჩვენ ფულს ვიხდით რაში, რომ შევამციროთ სოფლის მეურნეობის წარმოება?

ამიტომ, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ისეთი დარგების განვითარება, რომელიც რეალურ შედეგს მოიტანს. მაგალითად მეფუტკრეობის, მეთევზეობის დაფინანსება და ეკოლოგიური პროდუქტის წარმოება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ევროკავშირის ქვეყნებში არ გვაქვს თაფლზე კვოტა დაწესებული, მეწარმეები მაინც ვერ ახერხებენ თაფლის გატანას, რადგან პრობლემაა ლაბორატორიული კვლევების წარმოება, რომ მოიპოვონ  ფიტო-ვეტერინარული სერტიფიკატი და გაიტანონ ევროკავშირის ბაზარზე თაფლი.

სწორედ ამაში უნდა შეუწყოს სახელმწიფოს მეწარმეებს ხელი. პირველ ეტაპზე სამი მილიონი ლარის გამოყოფას მივიჩნევთ ჩვენ, ასევე სტარტაპერების მხარდაჭერას, რომლებიც ადგილზე აწარმოებენ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს და აქ შემოსული ტურისტი მოიხმარს ამ პროდუქტს“-ამბობს ლევან ანთაძე.

განათლების მიმართულებას რაც შეეხება, ანთაძის თქმით, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს  სასკოლო კვება პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით და ამის შესაძლებლობა აჭარის ბიუჯეტში არსებობს.

„23 ათასი მოსწავლეა ჩვენთან პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით და მათ სასკოლო გამოკვებას 13 მილიონ 662 ათასი ლარი დასჭირდება.

ბავშვთა კვების ბევრნაირი ფორმა არსებობს დღეს მსოფლიო პრაქტიკაში, მათ შორის არის ლანჩბოქსები და პირველ ეტაპზე, შესაძლებელია ეს ლანჩბოქსები აწარმოოს თუნდაც იგივე მუნიციპალურმა სასადილოებმა, რომელიც თითქმის ყველა მინიციპალიტეტშია.

მთავარია შემუშავდეს სწორი მენიუ და მიეწოდოს ბავშვებს. შემდეგ კი ვიზრუნოთ სასკოლო ინფრასტრუტურაზეც, რომ სკოლებში მოხდეს საკვების დამზადება.

ასევე გვაქვს წინადადება, რომ სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სახელმწიფომ გამოყოს სუბსიდირება 500 ლარის ფარგლებში, სტუდენტის საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის, რადგან დღეს სჭირდებათ ამ ადამიანებს დახმარება.

პირველ ეტაპზე, 1 მლნ ლარი იქნება ამისთვის საჭირო.  “-ამბობს ლევან ანთაძე.

მისი აზრით, ამ პროექტების განხორციელება აჭარის 2024 წლის ბიუჯეტის პარამეტრებით სავსებით შესაძლებელია, რადგან დღეს არსებული სურათით, აჭარის ბიუჯეტში 113 მლნ ლარია აუთვისებელი და აქედან 67 მლნ ლარი მიმდინარე წლის ბიუჯეტიდანაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: