მთავარი,სიახლეები

113 მილიონი 9 თვეში – აუთვისებელი თანხა აჭარის ბიუჯეტში

19.11.2023 • 807
113 მილიონი 9 თვეში – აუთვისებელი თანხა აჭარის ბიუჯეტში

სახელმწიფო აუდიტი მიიჩნევს, რომ აჭარის მთავრობა გარკვეულ შემთხვევებში პროგრამებსა და ქვეპროგრამებს ჭარბი ოდენობის რესურსით გეგმავს, რაც წლის განმავლობაში ბიუჯეტში ნაშთის დაგროვებას უწყობს ხელს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ათვისების დაბალი მაჩვენებელიც არის.

უწყებამ შეფასება აჭარის უმაღლეს საბჭოს უკვე გადაუგზავნა.

აუდიტის განმარტებით, 2023 წლის ბიუჯეტის ცხრა თვის შესრულების ანგარიში გვაჩვენებს, რომ 9 თვის დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებით, 7 პროგრამა და 16 ქვეპროგრამა 50%-ზე დაბალი ათვისებით ხასიათდება.

ამის გათვალისწინებით აუდიტი აჭარის მთავრობას ურჩევს ყურადღება მიაქციოს ფინანსური რესურსის დროულ ათვისებას იმისთვის, რომ საბიუჯეტო თანხების დიდი ნაწილი წლის ბოლო თვეში არ დაიხარჯოს, ასევე არ გაიზარდოს გადასახდელების გეგმის შეუსრულებლობის გამო ნაშთი:

„2023 წლის 9 თვის ათვისების მაჩვენებელი წლიური გეგმის 53.5%-ს, ხოლო 9 თვის დაზუსტებული გეგმის 77.4%-ს [321 მილიონ 530 100 ლარს] შეადგენს. შემოსულობებისა და გადასახდელების შესრულების აღნიშნული ტენდენციების პირობებში, 2023 წლის 9 თვის განმავლობაში რესპუბლიკური ბიუჯეტის ნაშთი 67 მილიონ 618 900 ლარით გაიზარდა და სექტემბრის ბოლოს 113 მილიონ 325 100 ლარი შეადგინა“, – განმარტავს აუდიტი.

2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით შემოსულობები – 512 მილიონ 549 400 ლარით, ხოლო გადასახდელები 535 მილიონ 549 400 ლარით განისაზღვრა. ივლისში, მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით ბიუჯეტში  შევიდა ცვლილება, რომლითაც შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 560 მილიონ 189 400 ლარამდე [9.3%-ით], გადასახდელების კი 600 მილიონ 589 400 ლარამდე [12.1%-ით] გაიზარდა.

აუდიტის განმარტებით, 2023 წლის 9 თვის მდგომარეობით ბიუჯეტში ფაქტობრივად მობილიზებულმა შემოსულობებმა 389 მილიონ 149 000 ლარი, ხოლო გადასახდელებმა 321 მილიონ530 100 ლარი შეადგინა.

როგორც შემოსულობების, ასევე გადასახდელების შესრულების მაჩვენებელი წლიურ გეგმასთან მიმართებით წინა ორი წლის მონაცემებს აჭარბებს. კერძოდ, 9 თვეში რესპუბლიკურ ბიუჯეტში მობილიზებულია წლიური გეგმით განსაზღვრული შემოსულობების 69.5% და გადასახდელების 53.5%, ხოლო 9 თვის გეგმით განსაზღვრული შემოსულობების 97.8% და გადასახდელების 77.4%.

შემოსულობებისა და გადასახდელების შესრულების აღნიშნული ტენდენციების პირობებში, 2023 წლის 9 თვის განმავლობაში რესპუბლიკური ბიუჯეტის ნაშთი 67 მილიონ 618 900 ლარით გაიზარდა და სექტემბრის ბოლოს 113 მილიონ 325 100 ლარი შეადგინა.

ბიუჯეტის ნაშთის ზრდის პარალელურად ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების ნაშთის დინამიკა 2023 წლის 9 თვეში ძირითადად ზრდადი ტენდენციით ხასიათდებოდა და ამ პერიოდში 38 მილიონი ლარიდან 107 მილიონამდე გაიზარდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: