მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა იწვევს ფილტვის ანთებას და რა სიმპტომებით შეგვიძლია მისი ამოცნობა

20.11.2023 • 2146
რა იწვევს ფილტვის ანთებას და რა სიმპტომებით შეგვიძლია მისი ამოცნობა

პნევმონია ფილტვის ქსოვილის მწვავე ანთებაა, რომლის გამომწვევი მიზეზი ბაქტერია, ვირუსი ან სოკოა. პნევმონიას შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი ან ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში მიმდინარეობა, რაც განსაკუთრებით სახიფათოა რისკჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის.

უშუალოდ ფილტვები პატარა ტომრებისგან, ალვეოლებისგან შედგება, რომლებიც სუნთქვისას ჰაერით ივსება, მაგრამ როდესაც ადამიანს აქვს პნევმონია, ალვეოლი ივსება სითხით, რაც სუნთქვას ამძიმებს და ზღუდავს ჟანგბადის მიღებას. 

,,ბათუმის სამედიცინო ცენტრის” თერაპევტი საბინა მეჯიდოვა ამბობს, რომ პნევმონია ის დაავადებაა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება ადეკვატური მკურნალობა, რათა პაციენტის მდგომარეობა არ დამძიმდეს.

  • რა იწვევს, როგორ ჩნდება პნევმონია?

პნევმონია არის მწვავე ინფექციური დაავადება, მწვავე პროცესი, რომელიც აზიანებს ფილტვის პარენქიმას [ქსოვილს]. ამ დაავადების ქრონიკული ფორმა არ არსებობს. 

პნევმონიას ძალიან ბევრი გამომწვევი აქვს, გენეზისის მიხედვით ის შეიძლება იყოს: ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი. დიფერენცირება მნიშვნელოვანია, რადგან ამის მიხედვით მკურნალობა განსხვავდება.

გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს ასპირაციული პნევმონია, ანუ საკვების გადაცდომის შედეგად, ასევე რეანიმაციულ პაციენტებში არსებობს ვენტილატორ-ასოცირებული პნევმონიაც, რომელიც განისაზღვრება, როგორც ენდოტრაქეალური ინტუბაციიდან 48-72 სთის შემდეგ განვითარებული პნევმონია.

  • რა სიმპტომები ახასიათებს ფილტვების ანთებას?

სიმპტომები დამოკიდებულია როგორც პაციენტის ასაკსა და საერთო ჯანმრთელობაზე, ასევე, პნევმონიის გამომწვევზე. თუ მიზეზია ატიპიური მიკროორგანიზმები, შეიძლება არასპეციფიკური სიმპტომებით დაიწყოს [როცა კლინიკური ნიშნები სხვა რესპირატორული დაავადებების მსგავსია], მაგალითად, გრიპის სიმპტომებით:

ესაა საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, რომელიც თანდათანობით ეწყება პაციენტს, ტემპერატურის მატება, უმადობა, სახსრებისა და კუნთების ტკივილი და ხველა.

ატიპიურ პნევმონიას რენტგენოლოგიურადაც აქვს არასპეციფიკური ნიშნები გამოხატული. 

მაგრამ თუ პნევმონიის მიზეზი არის ბაქტერია პნევმოკოკი, რომელიც მისი ყველაზე ხშირი გამომწვევია, მაშინ მას ჩვეულებრივ ახასიათებს მწვავე დასაწყისი: ცხელებით, შემცივნებით, ხველებით, ნახველის ჭარბი ამოღებით, შესაძლოა პაციენტს აღენიშნებოდეს დისკომფორტი ან ტკივილი გულმკერდის არეში ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის დროს.

MayoClinic – პნევმონიის სხვა სიმპტომებია: გულმკერდის ტკივილი სუნთქვისას ან ხველების დროს; დაბნეულობა ან მენტალური ცნობიერების ცვლილებები (+65 წლის ასაკის პაციენტებში); სხეულის ნორმალურზე დაბალი ტემპერატურა (+65 წლის ასაკის პაციენტებში); გულისრევა, ღებინება ან დიარეა; ჰაერის უკმარისობა.

  • რა გართულებები შეიძლება ჰქონდეს პნევმონიას?

პნევმონიას შეიძლება მოჰყვეს ისეთი გართულებები, როგორიცაა ფილტვის პარენქიმის ფიბროზული გადაგვარება ნაწიბურების ჩამოყალიბებით; სუნთქვის უკმარისობა; გამონაჟონი პლევრის ღრუში – მათ შორის ჩირქოვანი ხასიათის; ფილტვის აბსცესი; სეფსისი და ლეტალური გამოსავალიც კი.

  • ვინ არის ფილტვების ანთების რთულად მიმდინარეობის რისკჯგუფში?

რისკჯგუფში არიან ხანდაზმულები, ბავშვები, ორსულები, ადამიანები, რომელთაც აქვთ ბევრი ქრონიკული დაავადება, მათ შორის: შაქრიანი დიაბეტი, ონკოლოგიური ანამნეზი, გულის ქრონიკული უკმარისობა, აგრეთვე ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა, ტუბერკულოზგადატანილი ადამიანები და მწეველები.

პნევმონიისა და მისი გართულების საუკეთესო პრევენციაა პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და რისკისჯგუფის პაციენტებში – გრიპის ვაქცინაცია.

ჯანდაცვის სამინისტრო: პნევმონიისას ლეტალობა ძალიან დაბალია (1-3%), თუმცა 60 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში, სერიოზული თანმხლები პათოლოგიების არსებობისას (ფ.ქ.ო.დ., ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები, ალკოჰოლიზმი, შაქრიანი დიაბეტი, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ა.შ.), ასევე პნევმონიის მძიმედ მიმდინარეობისას (მულტილობალური ინფილტრაცია, მეორადი ბაქტერიემია, სუნთქვის სიხშირე>30/წთ, ჰიპოტენზია და თირკმლების მწვავე უკმარისობა), ლეტალობის მაჩვენებელი 15-30%-ს აღწევს. 

  • როგორია პნევმონიის მკურნალობა? 

პირველი რიგის მკურნალობა ამ დროს არის ანტიბიოტიკოთერაპია.

ამის პარალელურად, თუ პაციენტთან დაბალი სატურაციაა [ჟანგბადით გაჯერების მაჩვენებელი], რა თქმა უნდა, საჭიროა ჟანგბადის მიწოდება პაციენტისთვის.

თუ პაციენტი ვერ ახერხებს საკმარისი რაოდენობის სითხის მიღებას და ძალიან გამომშრალია, გახანგრძლივებული მაღალი ტემპერატურის ფონზე, შეიძლება დასჭირდეს ინტრავენური გადასხმების სახით დამატებითი ინფუზიები; პლუს ამას საჭიროა სიმპტომური მკურნალობა, რაც მოიცავს სიცხის დაწევას, კუნთების და სახსრების ტკივილს შემცირებას.

პნევმონია არ არის თვითგანკურნებადი დაავადება, ამიტომ პაციენტს სჭირდება ექიმის მეთვალყურეობა და მედიკამენტების დროული და სწორი მიღება.

_____________________________

რეკომენდაციები მათთვის, ვინც მკურნალობას შინ აგრძელებს:

  • დალიეთ ბევრი სითხე, განსაკუთრებით წყალი, რაც დაგეხმარებათ ფილტვებში ლორწოს შესუსტებაში.
  • აუცილებელია ექიმის მიერ დანიშნული ნებისმიერი მედიკამენტის კურსი გაიაროთ სრულად. თუ დროზე ადრე შეწყვეტთ მედიკამენტების მიღებას, თქვენს ფილტვებში შეიძლება დარჩეს ბაქტერიები, რომლებიც, შესაძლოა, გამრავლდეს და პნევმონია განმეორდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: