მთავარი,სიახლეები

მთავრობა ბიუჯეტის დაგეგმვისას ბოლო წლების ტენდენციებს არ ითვალისწინებს – აუდიტი

19.11.2023 • 649
მთავრობა ბიუჯეტის დაგეგმვისას ბოლო წლების ტენდენციებს არ ითვალისწინებს – აუდიტი

აჭარის მთავრობა, განსაკუთრებით არაფინანსური აქტივებიდან მისაღებ შემოსულობებს, ბოლო წლების ტენდენციების საფუძველზე არ განსაზღვრავს. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩამორჩენა 2023 წლის ბოლოსაც დაფიქსირდა და 2022 წლის ბოლოსაც.

არაფინანსური აქტივებიდან მიღებული შემოსავალი იგივეა, რაც სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან მიღებული შემოსავალი.

სახელმწიფო აუდიტი გასულ წელსაც მიუთითებდა და მიმდინარე წლის ბიუჯეტის 9 თვის ანგარიშის შესწავლის საფუძველზეც აფრთხილებს მთავრობას, არ გაბეროს ციფრები და პროგნოზი ანალიზის საფუძველზე გააკეთოს.

„საპროგნოზო მაჩვენებლები განისაზღვროს არსებული რესურსების, ბოლო წლების ტენდენციებისა და მოსალოდნელი პროგნოზების ანალიზის საფუძველზე.“ – წერს აუდიტი.

მიუხედავად ამ გაფრთხილებისა, 2024 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი ვარიანტით ირკვევა, რომ მთავრობა ამ გაფრთხილების გათვალისწინებას არ გეგმავს.

ბიუჯეტის პირველი ვარიანტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უმაღლეს საბჭოს უკვე წარუდგინა. პროცედურის მიხედვით, დეპუტატებმა პროექტი შენიშვნებით უნდა დაუბრუნონ მთავრობას, კორექტირებულ ვარიანტს კი დაამტკიცებენ.

2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტით არაფინანსური აქტივების კლების მუხლით მისაღები შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 93 მილიონი ლარით  განსაზღვრეს, რაც 12 მილიონ 584 300 ლარით  [15.6%-ით] აღემატება 2023 წლის გეგმურ მაჩვენებელს, 2.7-ჯერ – 2022 წლის ფაქტს და 4.2-ჯერ − 2021 წლის ფაქტს.

„აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 10 თვეში არაფინანსური აქტივების კლების მუხლიდან რესპუბლიკურ ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 18 მილიონ 539 500 ლარი, რაც წლიური გეგმის 23.1%-ია. გამომდინარე იქიდან, რომ საპრივატიზებო აქტივების მოცულობა ბოლო პერიოდში არსებითად არ შეცვლილა, არაფინანსური აქტივების კლებით მისაღები შემოსულობების ასეთი მოცულობით დაგეგმვა მეტ დასაბუთებას საჭიროებს.“ – წერს აუდიტი.

ანგარიშის მიხედვით, უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, 2023 წლის 9 თვის მდგომარეობით, ამ კომპონენტში მობილიზებულია 17 მილიონ 749 400 ლარი. ეს წლიური გეგმის 22.1%, ხოლო 9 თვის დაზუსტებული გეგმის – 32.7%-ია.

მთავრობის ანგარიშში განმარტებულია, რომ ქონების პრივატიზების მიზნით გამოცხადებული აუქციონები, არაერთგზის არ შედგა, რის გამოც საანგარიშო პერიოდში ვერ მოხერხდა რიგი ქონების პრივატიზება.

აუდიტი 2022 წლის ბოლოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე წერდა:

მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოს არაფინანსური აქტივების კლების ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმური მაჩვენებელი არ შესრულდეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, არაფინანსური აქტივების კლების საპროგნოზო მაჩვენებლები განისაზღვროს არსებული რესურსების, ბოლო წლების ტენდენციებისა და მოსალოდნელი პროგნოზების ანალიზის საფუძველზე.

ამ მხრივ, იდენტური მდგომარეობაა ბათუმის ბიუჯეტშიც. 2023 წლის ბიუჯეტის 10 თვის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის 10 თვის განმავლობაში არაფინანსური აქტივების კლებიდან მიღებული შემოსულობა 7 მილიონ 241 000 ლარია, რაც გეგმის 55.7%-ია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: