მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

თამარის დასახლებიდან ბონის ბაზრამდე ავტობუსის დანიშვნას ითხოვენ

18.11.2023 • 2310
თამარის დასახლებიდან ბონის ბაზრამდე ავტობუსის დანიშვნას ითხოვენ

„ბენზედან ბონის მიმართულებით ფარეხში, ბაზარში ვერ დავდივართ, საქალაქო ავტობუსი აღარ დადის. ადრე დადიოდა 2 ნომერი და შემდეგ მოხსნეს. შეწუხებული ვართ, ორჯერ იქეთ და ორჯერ აქეთ უნდა შეიცვალო ტრანსპორტი ბაზარში რომ წახვიდე და მოხვიდე. ზამთარში ვწვალობთ განსაკუთრებით“, – მოგვწერეს მოქალაქეებმა „ბათუმელებს“.

მოქალაქეები იმასაც გვწერენ, რომ ახალი მარშრუტის დანიშვნის თხოვნით ბათუმის მერიასაც მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

„ბათუმელები“ მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ახალი მარშრუტის დანიშვნის საშუალება ამ ეტაპზე „ავტოტრანსპორტს“ არ აქვს.

„თამარის დასახლებაში, რასაც ითხოვენ, საჭიროა ახალი ხაზის/მარშრუტის გახსნა, თუმცა, ამ ეტაპზე ამის საშუალება „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ არ აქვს. არც დამატებით ავტობუსები გვაქვს. რაც გვაქვს, ყველა საკრებულოს მიერ დამტკიცებული მარშრუტით მოძრაობს და ვერ შევცვლით“, – გვითხრეს „ავტოტრანსპორტში“.

რაც შეეხება 2 ნომერს, „ავტოტრანსპორტში“ ამბობენ, რომ თამარის დასახლებაში N2 ავტობუსი წლების წინ მართლაც დადიოდა, თუმცა, რამდენიმე თვით და ეს იყო დაკავშირებული გზების რეაბილიტაციასთან:

„რადგან გარკვეული ქუჩები გადაკეტილი იყო, ავტობუსები გადადიოდნენ თამარის დასახლებაში. ეს დროებითი მარშრუტი იყო და როგორც კი გზები გაიხსნა, დავაბრუნეთ ძირითად მარშრუტზე.“

ამასთან, „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ აცხადებენ, რომ მუშაობენ და დაგეგმილია ავტობუსების პარკის განახლება/ გაფართოება. თუმცა კონკრეტულ ვადებზე დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ აქვთ „სამომავლოდ კი, ეგ მიმართულებაც [თამარის დასახლება – ბონი/აგრარული ბაზარი] განიხილება“.


https://batumelebi.netgazeti.ge/news/502421/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: