მთავარი,სიახლეები

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა, გამოძიება დუმს – ენმ აჭარაში

17.11.2023 • 676
ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა, გამოძიება დუმს – ენმ აჭარაში

ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ, 24 ნოემბერს, ენმ-მ გაავრცელა  აუდიოფაილი, რომლის მიხედვითაც საკრებულოს წევრზე ზეწოლას ახორციელებდნენ და დამოუკიდებელ წევრობას სთხოვდნენ 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ.

დღემდე გამოძიებას ამ საქმეზე შედეგი არ დაუდია.

ორი წლის შემდეგ პარტიის ბათუმის ორგანიზაცია ისევ მართავს ბრიფინგს ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის გამოძიების მოთხოვნით.

ენმ- ის ბრიფინგი

„2 წელი გავიდა ნუგზარ ფუტკარაძის საეჭვო გარდაცვალებიდან, თუმცა დღემდე ოჯახი დაზარალებულადაც კი არ არის ცნობილი. გამოძიება არის დახურული და ოჯახის წევრებს არ აძლევენ საგამოძიებო მასალებზე წვდომის შესაძლებლობას, რაც უფრო ამძაფრებს ეჭვებს მის გარდაცვალებაში ხელისუფლების მონაწილეობის შესახებ“, – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა ბრიფინგზე.

ნუგზარ ფუტკარაძე ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი იყო ენმ-დან. მის გარდაცვალებამდე ოპოზიციას ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ჰქონდა. ენმ-ს ინფორმაციით, ჩანაწერის მიხედვით, ნუგზარ ფუტკარაძეს 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ დავით რიჟვაძის დავალებით [თორნიკე რიჟვაძის მამა] ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე. ეს პირები ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში მუშაობდნენ.

დღეს, 17 ნოემბერს, ენმ-მ განცხადება პროკურატურასთან გააკეთა და მოთხოვნები რამდენიმე პუნქტად გააჟღერა. ენმ ითხოვს პროკურატურამ დაუყოვნებლივ ცნოს დაზარალებულად ოჯახის წევრები, რომ მიეცეთ გამოძიების მასალებზე წვდომის შესაძლებლობა, ასევე ჩაატაროს ობიექტური გამოძიება.

ელგუჯა ბაგრატიონმა გამოძიების მიმდინარეობით დაინტერესება არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსაც სთხოვა.

როდის დაიწყებს მუშაობას ბათუმის ახალი მერი და საკრებულო?

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: