მთავარი,სიახლეები

ხულო-ზარზმის გზაზე მთავრობა კონტრაქტის შეწყვეტას გეგმავს – რას წერს აუდიტი

17.11.2023 • 1462
ხულო-ზარზმის გზაზე მთავრობა კონტრაქტის შეწყვეტას გეგმავს – რას წერს აუდიტი

„ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების შესრულების დაბალი ტემპისა და სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო, იგეგმება კონტრაქტის შეწყვეტა და სამუშაოების ბიუჯეტიდან დაფინანსება.“ – აღნიშნულია აუდიტის დასკვნეში, რომელიც 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს ეხება.

სახელმწიფო ბიუჯეტის პირველ ვარიანტთან დაკავშირებით კი, აუდიტი წერდა, რომ ხულო-ზარზმის გზის პროექტი ერთ-ერთი იყო იმ პროექტებიდან, სადაც გათვალისწინებული დაფინანსების ათვისება დაბალია [2023 წლის საწყისი გეგმა 40 მილიონი ლარი, 9 თვის გეგმა 24 მილიონი ლარი, ათვისება 35%.].

ხულო-ზარზმის გზას კომპანია „სინოჰიდრო“ აშენებს და სამუშაოები ნაწილობრივ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ნაწილობრივ კი ქუვეითის ფონდის კრედიტით ფინანსდება.

სამუშაოები 2 ლოტად მიმდინარეობს: პირველი: ხულო-გოდერძის უღელტეხილი – სახელშეკრულებო ღირებულებაა 57 177 829 ლარი. დაფინანსებულია არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის (KFAED) მიერ და მეორე: გოდერძის უღელტეხილი-ზარზმა – პროექტის ღირებულებაა 38 511 473 ლარი. აღნიშნული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

„ტემპი რომ დაბალია, ეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმაც აღნიშნა პარლამენტში. ზოგადად, არაერთ კომპანიას უკვე მიეცა გაფრთხილება, თუმცა, ხულო-ზარზმის პროექტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტაზე საუბარი არ არის“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

2024 წლის ბიუჯეტის პროექტში ხულო-ზარზმის გზისთვის 61 მილიონი ლარია გაწერილი. გზების დეპარტამენტს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, აქედან რამდენი იქნება ქუვეითის ფონდისგან მიღებული კრედიტი, მაგრამ კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ.

„ახალ ბიუჯეტში გაწერილი არის 61 მილიონი ლარი იმისთვის, რომ თუ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა და თუ საჭიროება დადგა, ეს პროექტი ყველა შემთხვევაში დასრულდეს 2024 წელს საბიუჯეტო სახსრებით. ანუ, მოხდება ისე თუ ასე, პროექტი მომავალ წელს უნდა დასრულდეს.

ამ მომენტისთვის კი, ნამდვილად არ განიხილება, რომ არსებულ კონტრაქტორთან შევწყვიტოთ ურთიერთობა, გამოვაცხადოთ [ტენდერი] სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით და გადავცეთ ეს საქმე სხვას. მითუმეტეს, საერთაშორისო დაფინანსების ხელშეკრულებაა და ამ ხელშეკრულების არსებობასაც და შეწყვეტასაც თავისი, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტებისგან განსხვავებული წესი აქვს“ – გვითხრეს გზების დეპარტამენტში.

გზების დეპარტამენტს ისიც ვკითხეთ, რატომ დაწერა დასკვნაში აუდიტმა რომ „იგეგმება კონტრაქტის შეწყვეტა“. დეპარტამენტში კი გვითხრეს, რომ „აუდიტი ეხება მთლიანად ბიუჯეტის პროექტს… დავუშვათ მოხდა რაღაცა და ამ ხალხმა [„სინოჰიდრომ“] ვერ დაამთავრა სამუშაოები, იქნება რაღაც თანხა ჩადებული [ბიუჯეტში] იმისთვის, რომ საქმე აღარ გაიწელოს“.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, დასკვნა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით მოამზადეს.

„ბათუმელები“ განმარტებისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა სამინისტროდან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

არის კიდევ ერთი დეტალი.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტით  ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციისთვის საჭირო მთლიანი თანხა, ჯამში 172 მილიონ 24 ათას 300 ლარი იყო გაწერილი.

ბიუჯეტის პროექტის მეორე ვარიანტით კი, პროექტის მთლიანი თანხა 21 მილიონი ლარით არის შემცირებული და 151 მილიონ 24 ათას 300 ლარია.

აქედან, 2022 წლის ჩათვლით ათვისებულია 71 024 300 ლარი, მიმდინარე 2023 წელს უნდა დაიხარჯოს 19 მილიონი ლარი [ნაცვლად 40 მილიონისა, რაც პირველ ვარიანტში იყო მითითებული], 2024 წელს კი – 61 მილიონი ლარი.

ფინანსთა სამინისტროდან განმარტებას ამ საკითხზეც ველოდებით.

ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციაზე 2018 წელს ტენდერში გამარჯვებულად გზების დეპარტამენტმა კომპანია „ტოდინი“ გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა და ტენდერები ხელახლა გამოაცხადა.

ხულო-ზარზმის გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის [დაბა ხულოდან დიდაჭარის კაშხალთან მისვლამდე მონაკვეთში] რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება კომპანია „მამისონთან“ 14,6 მილიონ ლარზე იყო გაფორმებული.

„სინოჰიდრო“ კი, გამარჯვებულად  ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ხელახალ ტენდერებში გამოავლინეს [ორივე ლოტზე – დიდაჭარის კაშხალიდან ზარზმამდე მონაკვეთი].

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/495260/

 

მთავარი ფოტო: ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია / ფოტო ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: