მთავარი,სიახლეები

„ბოდიშს ვიხდი, რომ ხალხს ვაწუხებ“ – დედის ბრძოლა შვილის სიცოცხლისთვის

17.11.2023 • 1123
„ბოდიშს ვიხდი, რომ ხალხს ვაწუხებ“ – დედის ბრძოლა შვილის სიცოცხლისთვის

37 წლის თეონა ასლანიძე შვილის გადასარჩენად იბრძვის.

თეონა გვიყვება, რომ მისი 6 წლის შვილი, ომარიკო, 2019 წლიდან ებრძვის იმუნოდეფიციტს: „მეორე დიაგნოზს ვერ ვიგებთ. არ ვიცით, რატომ უზიანდება ნერვული სისტემა. ვითარდება თავის ტვინის ატროფია. შარშანდელთან შედარებით უფრო გაუარესებულია მდგომარეობა. ლანდად ხედავს, სმენითაც ასე.

ჯერჯერობით ვერ მივდივართ შედეგამდე. ვიბრძვით. ასეთი  პაციენტის მოვლა ძალიან რთულია და მიჭირს. მერიდება ხალხის შეწუხება, ძალიან მიდგანან გვერდში.

ვიყავით ისრაელში და სამწუხაროდ, იქაც ვერ მივაღწიეთ ვერანაირ შედეგს რომ აი, ბავშვს რაიმე დაუსტაბილურდეს და რაღაც შევაშველოთ. ერთადერთი ის არის, რომ პერიოდულად ვმკურნალობთ, როცა სიცხე აქვს“, – გვიყვება თეონა.

დედის თქმით, ომარიკოს ხშირად აწუხებს ნახველი თებერვალში გადატანილი კოვიდის შემდეგ, რის გამოც სჭირდება სანაცია.

მისი თმით, ომარიკოს სჭირდება გასტროსტომაც, რომლის ოთხ თვეში ერთხელ შეცვლა აუცილებელია: „საქართველოში აღარ შემოდის. თურქეთში ვყიდულობთ, 550 ლარს ვიხდით“.

თეონას თქმით, მის შვილს თვეში ერთხელ იმუნოგლობულინის მიღება სჭირდება, რასაც სახელმწიფო უფინანსებს, თუმცა სხვა მედიკამენტებისა და მოვლის საშუალების შეძენას დედა უკვე ვეღარ ახერხებს.

„შეიძლება თვეში 1000 ლარსაც გადავახტეთ, შეიძლება 2 000 ლარსაც, იმიტომ, რომ ეს სტერილური ბინტები, სანაციის მილები, გასტროსტომა… არ ვიცით რა დროს რა ანალიზი დაგვჭირდება. ახლა დეკემბერში გვჭირდება ძვლების სიმკვრივის შესამოწმებელი კვლევა, რაც 600 ლარამდე ჯდება. თვეში ერთხელ ვუტარებთ სრულ კვლევებს. ექიმები წინასწარ ვერ მეუბნებიან, როდის რა კვლევისა და ანალიზის გაკეთება შეიძლება გახდეს საჭირო. მივყვებით ომარიკოს მდგომარეობას და ვერ გავედით ბოლოში“, – გვიყვება თეონა.

დედა ამბობს, რომ მას საზოგადოების დახმარება სჭირდება, რათა შვილის ზუსტი დიაგნოზის დადგენა შეძლოს, გააუმჯობესოს მისი სიცოცხლის ხარისხი და ცოტათი მაინც შეამსუბუქოს მისი მოვლის პირობები: „ძალიან მადლობელი ვიქნები, თუ ვინმე დამიდგება გვერდში და ბოდიშს ვიხდი, ამდენჯერ რომ ვაწუხებ ხალხს“.

ჩვენ ახლა გვჭირდება თანხა, რომ ვუყიდოთ ომარიკოს ყველაფერი, რაც მას სჭირდება. საჭირო მედიკამენტების გრძელი სია გვაქვს: ეპილეფსიის, დაჭიმულობის, საშარდე ინფექციის…“

თეონას ორი შვილი ჰყავს. ბოლო ორი წელია ოჯახი თბილისში ცხოვრობს.

„ეს ომარიკოს მდგომარეობის გამო, რადგან ბათუმში ელემენტარული სიცხეც რომ მისცეს მას, ვერცერთი ექიმი ვერ გაუწევს პირველად დახმარებას. გადაუდებლად გვიწევდა თბილისში ჩამოსვლა და ბოლოს აქ ყოფნა ვარჩიეთ“ – ამბობს დედა.

ოჯახი თბილისში გარდაცვლილი მაზლის სახლში ცხოვრობს.  მამას ბათუმში უწევს ყოფნა, რადგან მუშაობს და მხოლოდ პერიოდულად ახერხებს ოჯახთან ჩასვლას, ამიტომ ომარიკოს მარტო თეონა უვლის.

ომარიკოსა და თეონას დღე ომარიკოს ვარჯიშით იწყება. დედის თქმით, ორ ცენტრში დადიან სავარჯიშოდ და ვარჯიშებს აგრძელებენ სახლშიც, რათა ბავშვს სხეულის მძლავრი დაჭიმულობა მოეხსნას. „ვარჯიშის დაწყების შემდეგ მართლა გვაქვს შედეგი და ახლა შედარებით ნაკლებად აწუხებს დაჭიმულობის დისკომფორტი“.

ომარიკო დეკემბერში გახდება 7 წლის. დედის ერთადერთი სურვილია, შვილს სიცოცხლე ნაკლები ტკივილით შეუნარჩუნოს.

_______________________________

თეონა ასლანიძის შვილის, 6 წლის ომარიკოს დახმარების მსურველებს თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე:

თბს ბანკი:

GE80TB7533045061100050

საქართველოს ბანკი:

GE98BG0000000316304600

მიმღები:  თეონა ასლანიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: