განათლება,მთავარი,სიახლეები

გაგვარკვიონ რას ემატება, რამდენი ლარი და როდის? – ბათუმელი პედაგოგი ხელფასების მატებაზე

16.11.2023 • 10693
გაგვარკვიონ რას ემატება, რამდენი ლარი და როდის? – ბათუმელი პედაგოგი ხელფასების მატებაზე

ხელისუფლება მასწავლებლებს ხელფასის მატებას დაჰპირდა, თუმცა ამ განცხადებას ბევრი კითხვა და ბუნდოვანება მოაყოლა. ითქვა, რომ მომავალ წელს საშუალოდ, 500 ლარით გაიზრდება პედაგოგის ხელფასი, მაგრამ არავინ განმარტა, ზრდა დაიწყება 2024 წლის პირველი იანვრიდან თუ სექტემბრიდან.

როგორ გაიგეს სკოლებში ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება და ვის ემატება რეალურად ხელფასი? ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების მასწავლებელს, მინდია ფუტკარაძეს და ამავე სკოლის დირექტორს, მარიზა აბაშიძეს ესაუბრა.

„ისე როგორ უნდა თქვას ხელისუფლების წარმომადგენელმა რაღაც მასწავლებელზე, რომ მასწავლებელმა ვერ გაიგოს რა თქვა.

ხომ შეიძლება ისე თქვა, რომ გასაგები იყოს და აღარ მოუწიოს პედაგოგს სხვადასხვა ხერხით პასუხების ძიება?

ჩემი და ჩემი კოლეგების თხოვნაა ხელისუფლების მიმართ, რომ თუ რაიმეს ვიტყვით, აუცილებლად განმარტონ ნათლად და შემდეგ ეს დანაპირები შეასრულონ.

მაგალითად ითქვა, რომ საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება მასწავლებლის ხელფასი სრულ განაკვეთზე, ხომ? ახლა კითხვა, – სრული განაკვეთი რამდენია? იმიტომ, რომ მაგალითად დაწყებით საფეხურზე 13 საათზე გაიცემა დანამატი, მაღალ კლასებში 15 საათზე. სქემამდე, სრულ განაკვეთად ითვლებოდა 18 საათი და ეს ტერმინი ახლაც გამოიყენება.

გაურკვეველია რას ემატება თანხა – საბაზო ხელფასს ზრდიან, საათის ღირებულებას ზრდიან თუ სტატუსის დანამატი იზრდება?“ – ამბობს მინდია ფუტკარაძე.

მისი თქმით, როცა სქემის ფარგლებში მასწავლებლის ხელფასი იზრდებოდა, ყოველთვის ემატებოდა სტატუსის დანამატს და არა საბაზოს.

„ამიტომ მასწავლებლებს ჰქონდათ განცდა, რომ ეს იყო უსამართლობა, რადგან სკოლაში იყვნენ უსტატუსო მასწავლებლებიც და რჩებოდნენ სქემის გარეთ“, – ამბობს მინდია.

მისი აზრით, უნდა გაიზარდოს საბაზო ხელფასი და არა დანამატი.

მას ასევე ვკითხეთ, დაახლოებით რამდენი ლარი გამოდის მასწავლებლის ხელფასი, თუ ის არ მუშაობს სრულ განაკვეთზე. როგორც მინდია ფუტკარაძე გვეუბნება, ანაზღაურება ხდება საათების მიხედვით.

„საათის ღირებულება 30 ლარი გამოდის და თუ მასწავლებელს აქვს ვთქვათ რვა საათი, 240 ლარი იქნება მისი საბაზო ხელფასი. დანარჩენს დაემატება იმის მიხედვით, რა აკადემიური ხარისხი აქვს.

ამიტომ ისიც შეიძლება თუ საათის ღირებულება გაორმაგდება. მთავარია, გაგვარკვიონ რას ემატება, რამდენი ლარი ემატება და როდის ემატება“, – ამბობს მინდია ფუტკარაძე.

მისი თქმით, მასწავლებლის ხელფასების ზრდაზე საუბარი, რატომღაც ყოველთვის წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა, ამიტომ არ გამორიცხავს, რომ ამ შემთხვევაშიც ხელისუფლება ხელფასების საკითხს საარჩევნო კამპანიის ნაწილად აქცევს.

„ვფიქრობ, ამით იტესტება საზოგადოება, თუ როგორი რეაქციები ექნებათ პედაგოგებს და ამის მიხედვით იმოქმედებენ.

ჩვენგან რეკომენდაციები მიღებული აქვს სამინისტროს. პედაგოგები ვამბობთ, რომ საჭიროა საბაზო ხელფასის, სადამრიგებლო ხელფასის და სპეცმასწავლებლების ხელფასის გაზრდა. პერსონალურ ასისტენტს აქვს მინიმალური ხელფასი, ეს როგორ შეიძლება?

როცა თქვეს, რომ პარლამენტარების ხელფასი უნდა გაიზარდოს, ხომ გაწერეს დეტალურად, როდის და რამდენით ზრდიან, მაშინ რატომ არ შეიძლება ასევე ნათლად თქვან მასწავლებლის ხელფასებზეც?

ვითხოვთ, რომ გამოვიდეს განათლების მინისტრი და გააკეთოს მარტივი პრეზენტაცია – ამ დროს ამდენს ვამატებთ მასწავლებლის ხელფასს და მაშინ აღარ გაჩნდებათ პედაგოგებს ამდენი კითხვა“, – გვეუბნება მინდია ფუტკარაძე.

საბაზო ხელფასების გარდა, ასევე პედაგოგები პენსიის გაზრდასაც ითხოვენ.

„ძალიან ბევრი პენსიონერი მუშაობს სკოლაში და მათგან მსმენია, ღირსეული პენსია რომ მქონდეს, სკოლიდან წავიდოდი და გზას ახალგაზრდებს დავუთმობდიო. ვერ მიდის, რადგან 320 ლარი ექნება პენსია და ამით ვერ იარსებებს. მართლა უხერხულია, ადამიანმა 50 წელი იმუშაო სკოლაში, საშემოსავლო იხადო და ბოლოს 320 ლარით გაგიშვან პენსიაზე.

ამიტომ ეს საკითხიც უნდა დადგეს დღის წესრიგში.

თუ დაამატებენ საბაზისო ხელფასს, ეს ნიშნავს, რომ ყველას შეეხება ეს ზრდა და არა მხოლოდ სტატუსიანებს.

თუ ასე არ იქნება, უკიდურესი ფორმა იქნება ის, რომ გავიფიცებით მასწავლებლები და ეს იქნება ადეკვატური პასუხი იმ გადაწყვეტილებაზე, რასაც სექტემბრიდან ხელფასის მატებას ეძახის ხელისუფლება.

სექტემბრიდან მატება იქნება ზუსტად იმაზე ხაზგასმა, რომ „არჩევნებისთვის გიმატებ ხელფასს“.

გარდა ამისა, ახლა ორიენტაცია უკვე 500 ლარზე აღებული და უფრო ნაკლები თუ იქნება მატება, ესეც გამოიწვევს პროტესტს, რადგან ჩვენ აღარ ვართ მოსატყუებელი ხალხი, უკვე გავერთიანდით კიდეც, რაღაცნაირად იგრძნობა ეს ერთიანობა, რადგან მასწავლებლები ამაზე საუბრობენ აქტიურად. უკვე გაითავისეს, რომ ჩვენ არ ვართ წინასაარჩევნო რაღაც რესურსი, რომ მოგვიმადლიერებენ და ამით გავჩერდებით. ეს ასე აღარ იქნება.

არჩევნები იქნება თუ არა, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ პროტესტს, სანამ არ შესრულდება ხელისუფლების დაპირება“, – ამბობს მინდია ფუტკარაძე.

ხელფასების სავარაუდო მატების საკითხზე, „ბათუმელებმა“ მეორე საჯარო სკოლის დირექტორს, მარიზა აბაშიძესაც დაუსვა კითხვები.

მარიზა აბაშიძე

მისი თქმით, ამ ეტაპზე ხელთ არ აქვს რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, ბრძანება, რის საფუძველზეც იტყვის, რომ მასწავლებლის ხელფასი იზრდება.

„თეორიულად ვიცი, რომ იანვრიდან იზრდება ვაუჩერი. ვაუჩერის ოდენობის ზრდა, პირდაპირ წერია „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ და ვიცი, რომ ვაუჩერის ზრდა იწვევს მასწავლებლის ხელფასის ზრდას.

500 ლარით გაიზრდება თუ რამდენით, მე ამ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. გაიზრდება ვაუჩერი, გაიზრდება ხელფასი“, – გვეუბნება ის. თუმცა დასძენს, რომ ხელფასის მატების საკითხში, ამ ეტაპზე, ნამდვილად არსებობს ბუნდოვანება.

„ბუნდოვანია, რადგან მე არ მაქვს დოკუმენტი, ბრძანება და როგორ გიპასუხოთ ამაზე? პრინციპი, თუ ვის რამდენი ლარით გაეზრდება, ამას ვერ გეტყვით“, – ამბობს მარიზა აბაშიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: