მთავარი,სიახლეები

„აზვირთებული, უსახლკარო და მშიერი ხალხი წაგლეკავთ“ – აქცია ბათუმში

16.11.2023 • 1287
„აზვირთებული, უსახლკარო და მშიერი ხალხი წაგლეკავთ“ – აქცია ბათუმში

„ხელისუფლებას ამას ვეტყოდი, რომ სტატუსი მაინც  მოგვანიჭონ და ჭერი. ევროპა ამიტომ გვინდა, რომ უსახლკაროდ და უპატრონოდ არ დავიხოცოთ, პატარა ქვეყანა ვართ, ამდენი უსახლკარო რატომ უნდა ვიყოთ?“ – კითხულობს თინა ანთაძე, რომელსაც ბათუმში, საპროტესტო მსვლელობის დროს გამოველაპარაკეთ.

მსვლელობა ვარდების სკვერიდან დაიწყო, სადაც დღეს, 16 ნოემბერს, უსახლკარო ადამიანები შეიკრიბნენ. მეორე წელია ყოველი კვირის ხუთშაბათს უსახლკარო ადამიანები ბათუმის მერიასთან იკრიბებიან და ხელისუფლების, მათ შორის, ბათუმის მთავრობის ყურადღებას ითხოვენ, თუმცა ბათუმის მერიიდან არც დღეს გამოუხედავს ვინმეს აქციაზე.

„აზვირთებული, უსახლკარო და მშიერი ხალხი წაგლეკავთ. ჩვენ დასაკარგი აღარაფერი გვაქვს,“ – მხოლოდ ერთი ტრანსპარანტი ამ გზავნილით მოუმზადებიათ აქციის მონაწილეებს და წითლად შეუღებავთ. ტრანსპარანტი ერთ ქალს უჭირავს ხელში და მსვლელობას წინ მიუძღვის. თავის გაქნევით მანიშნებს, არაფრის თქმა არ მინდაო.

უსახლკაროებმა ამჯერად საპროტესტო მსვლელობა ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე მოაწყვეს და, პირველ რიგში, სამართლებრივად უსახლკაროებისთვის სტატუსის მინიჭება მოითხოვეს.

უსახლკაროების საპროტესტო მსვლელობა ბათუმში

„ისე ყურადღებას ვინმე არ გვაქცევს, მერიამ თქვენთვის არანაირი პროგრამა არ გვაქვსო,“ – ამბობს გულნარა კახიძე. აქციის მონაწილეები აჭარის უმაღლეს საბჭოსთან შეიკრიბნენ მოთხოვნით, რომ დეპუტატებმა უსახლკარო ადამიანებს პარლამენტში უშუამდგომლონ.

„ბათუმის მერიიდან ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ, შემდეგ მივმართეთ პარლამენტს,“ – გვიყვება მერაბ ბლადაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი და მოძრაობის „ფუხარას ხმა“ დამფუძნებელი. ის უსახლკაროების აქციების ორგანიზატორია.

„პარლამენტმა უარი გვითხრა ჩვენ ლობისტად იურისტ ზაალ სარაჯიშვილის დარეგისტრირებაზე, რომელსაც შეეძლო ემუშავა კანონპროექტზე.

პარლამენტში გვიპასუხეს, რომ ჩვენ თავად უნდა მოვამზადოთ კანონპროექტი, მაგრამ ექნებათ შენიშვნები, წლობით გაიწელება ეს პროცესი. ამიტომაც, გვინდა, აჭარის უმაღლესი საბჭო ჩაერთოს ამ პროცესში…

როცა იქნება უსახლკაროს სამართლებრივი სტატუსი, შემდეგ ხელისუფლება იძულებული იქნება, მათთვის შექმნას პროგრამები, აუშენოს კორპუსი,“ – გვითხრა მერაბ ბლადაძემ.

აქციის მონაწილეებმა საპროტესტო  მსვლელობა აჭარის უმაღლეს საბჭოსთან დაასრულეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე აქციის რამდენიმე მონაწილეს დახურულ კარს მიღმა შეხვდა.

„დავინტერესდები ამ თემითო, ინფორმაციის ნაკლებობა აქვთ,“ – უთხრა შეხვედრიდან გამოსულმა მერაბ ბლადაძემ აქციის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ კონკრეტულად ჯერ ვერაფერზე შეთანხმდნენ. უსახლკარო ადამიანებმა მორიგი შეხვედრა ისევ ხუთშაბათს დააანონსეს, ამჯერად აჭარის უმაღლესი საბჭოს წინ მდებარე სკვერში.

აქციის მონაწილეების სოციალურად დაუცველი ადამიანები არიან, რომლებიც წლებია, სხვადასხვა მიზეზით ნაქირავებ ბინებში ცხოვრობენ. მათი დიდი ნაწილი არც „იაფი სახლის“ პროგრამას აკმაყოფილებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათთვის ცალკე პროგრამაა საჭირო.

„ნაქირავებშიც ვეღარ ვართ, რუსების შემოსვლის შემდეგ ისე გაორმაგდა ბინების ფასები, მე ახლაც ახლობელთან ვარ შეკედლებული,“ – გვითხრა უმაღლესი საბჭოს წინ თინა გოგიტიძემ და შემდეგ მოგვიყვა, ბოლო რვა წელია ნაქირავებში რომ ცხოვრობდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი, დიასახლისს უთქვამს, რუსები უფრო ძვირს მიხდიან, 500 ლარის ნაცვლად 1000 ლარი უნდა გადამიხადოთო.

„ვერ გადავიხადეთ, ჩემი შვილი გამოასახლეს ბინიდან,“ – ასრულებს თინა გოგიტიძე.

„25 წელი ქირით ვცხოვრობთ. ახალშენში გვაქვს ახლა ნაქირავები და თვეში 350 ლარს ვიხდით. ვეღარ ვიხდი ბოლო თვეებია, წამლების ფული აღარ მრჩება,“ – გვეუბნება თამარ ვაშაყმაძე. ის მეუღლესთან ერთად გამოვიდა აქციაზე.

თამარი ამბობს, რომ პირველი ჯგუფის შშმ პირის სტატუსი აქვს, მხედველობის შეზღუდვა და სხვადასხვა დაავადება აწუხებს, მის მეუღლეს კი, სიმსივნე.

„აი, ჩემი ოპერაციის ხარჯი, რომელსაც ვერ ვიკეთებ. თვალზე მაქვს გასაკეთებელი ოპერაცია, რაც 1235 ლარი ჯდება ჯამში, მიფინანსებენ და ჩემი გადასახდელია 251 ლარი, სად ვნახო ეს ფული?

ჯამში ჩვენი შემოსავალი არის ეს: ჩემი 340 ლარი და მეუღლის 295 ლარი.

ჩვენი გოგო თბილისშია დაოჯახებული, ისიც ნაქირავებში, ბიჭი კი, ოჯახიდან წავიდა, მისი ცოლ-შვილია ქუთაისში, ოროთახიან ბინაში, ჩვენ იქ ვეღარ დავეტეოდით… ბათუმში გვქონდა ბინა და გავყიდეთ, როცა ძალიან გაგვიჭირდა.

ჩვენ არ ვითხოვთ ბინის ჩუქებას, გვაყიდინონ ბინა. რასაც ქირაში ვიხდით წლობით, იმ თანხით ვიყიდით,“ – ამბობს თამარ ვაშაყმაძე.

თამარ ვაშაყმაძე და თამაზ კოპინაძე

„ჩემი სახლი მეწყერსაშიში ზონაშია. ხულოში, სოფელ გეგელიძეებში ვცხოვრობთ,“ – გვიყვება თინა ანთაძე. – „რამდენი წელია ვიცით, რომ საშიშია იქ ცხოვრება, გეოლოგებმა გვითხრეს, საფრთხეაო, მაგრამ არ ჩანს ვინმე პატრონი.

ბინას გიქირავებთო, მაგრამ არც მაგის ფულს გვაძლევენ. მერე თქვეს, რომ 40 ათას ლარს მოგცემთო, მაგიც არ მოუციათ, მაგრამ რა უნდა ვიყიდო ამ ფასად? მათ იყიდიან სახლს ამ ფასად?

შვიდსულიანი ოჯახი ვართ. ავდექი და ბავშვები მაინც აღარ გავაჩერე სახლში. ბათუმში ნაქირავებში არ არიან, მაგრამ ახლობელთანაც რამდენ ხანს უნდა იყვნენ?“

თინა ანთაძე

„მკერდზე რომ მაქვს გაკრული ფოტო, ეს ჩემი შვილია, წელიწად-ნახევრის წინ დამეღუპა,“ – გვითხრა ალი ბეჟანიძემ, ის ეტლით მოსარგებლეა.

ალი ბეჟანიძე

ალი გვიყვება, რომ წლებია მეუღლესთან ერთად სურსათის მაღაზიაში მუშაობს, წლების წინ კი, ბათუმში საკუთარი ბინის გაყიდვა მოუხდა:

„ბელარუსში შვილისთვის გული უნდა გადაგვენერგა, დაგვიფინანსეს ყველაფერი, მაგრამ დავრბოდით იქეთ-აქეთ. ნაქირავებში 600 ლარს ვიხდი ახლა. შვილიშვილები პატარები არიან, დედა ბავშვებს უყურებს. მე და ჩემი ცოლის ნაშოვნი ფული კი ქირაში მიდის, გამოსავალს ვეღარ ვხედავთ,“ – ამბობს ალი ბეჟანიძე.

უსახლკაროები აჭარის უმაღლეს საბჭოსთან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: