მთავარი,სიახლეები

2024 წლის ბათუმის ბიუჯეტი „იაფი სახლის“ გარეშე – რას აკლდება და რას ემატება დაფინანასება

17.11.2023 • 892
2024 წლის ბათუმის ბიუჯეტი „იაფი სახლის“ გარეშე – რას აკლდება და რას ემატება დაფინანასება

ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი 365 მილიონი იქნება, მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი მერიის საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურმა საკრებულოში განსახილველად უკვე გადააგზავნა. შეიძლება ითქვას, რომ ბიუჯეტში ახალი პროექტი არ არის. ძირითადად აკლდება ან ემატება თანხები მიმდინარე პროექტებს.

  • ხელფასები იზრდება

ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, იზრდება ბათუმის მერიის, მასზე დაქვემდებარებული უწყებებისა და საკრებულოს დაფინანსება, მათ შორის შრომის ანაზღაურების ნაწილში. ხელფასებისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 4 მილიონ 892 700 ლარი იყო, მომავალ წელს 5 მილიონ 619 100 ლარი იქნება.

ხელფასების გრაფაში მატება რესპუბლიკურ ბიუჯეტშიც ფიქსირდება. როგორც მთავრობაში განმარტეს, ეს ის 10 პროცენტიანია მატებაა, რასაც პრემიერი საჯარო მოხელეებს დაჰპირდა.

  • ინფრასტრუქტურა

პროექტის მიხედვით, მცირდება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროგრამის დაფინანსება, გასულ წელს 170 მილიონი იყო, მომავალი წლის ბიუჯეტის მიხედვით კი 164 მილიონია. ამ თანხიდან 53 მილიონი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას უნდა მოხმარდეს, გასულ წელს გზების რეაბილიტაციისთვის 67 მილიონი იყო გათვალისწინებული. ამ დაფინანსებაში შედის გარე განათების ქსელისა და ტროტუარების მოვლა-პატრონობაც.

7 მილიონი ლარი ემატება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის პროგრამას, 46 მილიონ 703 500 ლარია გათვალისწინებული ბინათმშენებლობისა და ავარიული შენობების რეაბილიტაციისთვის.

იზრდება და 34 მილიონ 374 600 ლარი იქნება საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაფინანსება.

ეს პროგრამა მოიცავს ბათუმში ე.წ. შანხაის დასახლებაში სოციალური სახლის მშენებლობას. ასევე, ავარიული სახლების დემონტაჟის, მშენებლობის და გამაგრება-რეაბილიტაციის დაფინანსებას, საჭიროების შესაბამისად.

პროექტში არ იძებნება ინფორმაცია იაფი სახლის შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ დაფინანსება გათვალისწინებული არ არის. მერიის საფინანსო საბიუჯეტო პოლიტიკის სამსახურის უფროსის, ედნარ ნატარიძის განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ პროგრამა შეწყვეტილია:

„რაც შეეხება იაფ სახლს, ამ ეტაპზე ბიუჯეტში დაფინანსება არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროგრამა შეწყვეტილია. აქ რამდენიმე  მომენტია გასათვალისწინებელი, როგორიცაა ადგილის მოძიება, საპროექტო – სახართააღრიცხვო დოკუმენტების მომზადება და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არ გამორიცხავს რომ წლის განმავლობაში ცვლილების შემდეგ დაფინანსდეს პროგრამა“.

თითქმის რვა მილიონით იზრდება და 24 მილიონ 988 900 ლარი იქნება საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა. აქედან 9 მილიონი ლარი კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციას მოხმარდება.

მცირდება მერის სარეზერვო ფონდი, გასულ წელს მერს 3 მილიონის განკარგვა შეეძლო, მომავალი წლის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდში მხოლოდ 2 მილიონი გაითვალისწინეს.

ნახევარ მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 4 მილიონ 335 400 ლარი იქნება კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი. აქედან 1 693 400 ლარი ფოლკლორის ხელშეწყობას უნდა მოხმარდეს.

მერია ამცირებს კულტურული მემკვიდრეობის პროგრამის დაფინანსებას. მიმდინარე წელს 2 მილიონზე მეტი იყო, მომავალ წელს ამ პროგრამისთვის 850 300 ლარი გაითვალისწინეს. პროგრამა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და კულტურის ობიექტების რეაბილიტაციას აფინანსებს.

მცირედით მცირდება ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა.

ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 2 მილიონით იზრდება და 27 მილიონ 264 600 ლარი იქნება.

200 000 ლარი დაამატეს და 1 მილიონ 691 000 ლარი იქნება მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფა.

სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა მილიონი ლარით იზრდება.

სასესხო ვალდებულების დაფარვის მიზნით, ბიუჯეტში 41 მილიონი ლარი გაითვალისწინეს. ამ თანხით მერიამ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მიღებული სესხებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) მიღებული სესხის მომსახურება უნდა უზრუნველყოს.

ა(ა)იპ – საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დაფინანსება მომავალ წელს 41 მილიონ 987 800 ლარი იქნება. ეს ააიპი ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებს მართავს.

მერიამ მომავალი წლის ბიუჯეტში – „თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება“ – მილიონი ლარი გაითვალისწინა. მერიის განმარტებით, ეს თანხა მონაწილეობითი ბიუჯეტის დასაგეგმად სჭირდება. ბიუჯეტის განმარტებით ბარათში წერენ:

„მონაწილეობითი ბიუჯეტი, როგორც თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის ალტერნატიული მექანიზმი, წარმოადგენს  ბათუმის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესის ნაწილს, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეთა უშუალო მონაწილეობით მუშავდება და განისაზღვრება ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი პროექტები.“

მერია განმარტავს ასევე, რომ მონაწილეობითი ბიუჯეტი სპეციალურ პლატფორმაზე უნდა დაიგეგმოს:

„მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესი ხორციელდება ბათუმის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით. საჯარო ხმის მიცემის საფუძველზე გამოვლენილი საპროექტო განაცხადი, რომელმაც ხმის მიცემის პროცედურის საფუძველზე დააგროვა ყველაზე მეტი ხმა დაფინანსდება ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით.

პროგრამის ფარგლებში  შერჩეულ პროექტებს დააფინანსებენ.

ედნარ ნატარიძის განმარტებით, ეს არ არის ახალი პროექტი და იგივეა რაც „შენი იდეა ბათუმს“, რომლის ფარგლებშიც გამოკითხვის შედეგად შერჩეულ პროექტებს ვაფინანსებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: