განათლება,მთავარი,სიახლეები

ჩემს შვილს აუტიზმი აქვს და სკოლაში პერსონალური ასისტენტი სჭირდება – მშობელი

16.11.2023 • 1759
ჩემს შვილს აუტიზმი აქვს და სკოლაში პერსონალური ასისტენტი სჭირდება – მშობელი

ოთხი მშობელი, რომლებსაც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე შვილები ჰყავთ, პერსონალური ასისტენტის დანიშვნას ითხოვს.

ბავშვები ბათუმის მესამე საჯარო სკოლაში სწავლობენ. მშობლების განცხადებით, მულტიდისციპლინურმა ჯგუფმა მიიჩნია, რომ ბავშვებს ასისტენტი სჭირდება, თუმცა სკოლა ვერ უზრუნველყოფს ყველა ბავშვისთვის პერსონალური ასისტენტის დაქირავებას.

რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ სკოლამ ასისტენტი აიყვანა, რომელიც ჯგუფთან მუშაობს და ვერ სწვდება ყველა ბავშვის საჭიროებებს.

„ბათუმელები“ ერთ-ერთ მშობელს, ტატიანა გუსევას ესაუბრა, რომელიც მოგვიყვა, რატომ არის აუცილებელი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვისთვის პერსონალური ასისტენტის ყოლა.

„ჩვენ ბელარუსიდან ვართ. ლუკაშენკოს რეჟიმის გამო იძულებული ვიყავი ჩემი ქვეყანა დამეტოვებინა. მარტოხელა დედა ვარ და მყავს 8 წლის შვილი, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს.

ჯერ კიდევ მარტში დაგვიდგინა მულტიდისციპლინურმა ჯგუფმა, რომ ჩემს შვილს პერსონალური ასისტენტის საჭიროება აქვს, მივმართეთ სკოლასაც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სწავლის დაწყების დროსაც კი არ ჰყავდათ შერჩეული ასისტენტები.

15 სექტემბერი იყო, როცა სკოლის ადმინისტრაციაში მოვიკითხეთ ასისტენტის აყვანის საკითხი, მაგრამ გვითხრეს, ჩვენ ჯერ სპეცმასწავლებლებზეც კი არ გვაქვს კონკურსი გამოცხადებულიო. სწავლა რომ დაიწყო, იძულებული ვიყავი, შვებულება ამეღო და კლასში ჩემს შვილთან ერთად ვმჯდარიყავი“, – ამბობს ტატიანა გუსევა.

ის გვაჩვენებს ოფიციალურ მიმოწერებსაც აჭარის განათლების სამინისტროსთან, სადაც ოთხი მშობელი პერსონალურ ასისტენტს ითხოვს, სამინისტრო კი ბუნდოვან პასუხს სცემს და ასისტენტის სანაცვლოდ მშობლებს სსმ ბავშვების სტატისტიკას უგზავნის.

ამავე წერილიდან ირკვევა, რომ ბათუმის მესამე საჯარო სკოლაში 57 სსმ მოსწავლე სწავლობს, ხოლო აქედან 32 ბავშვს სჭირდება ასისტენტი.

მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის მიუხედავად, ვერც სკოლა და ვერც სამინისტრო ვერ უზრუნველყოფს ბავშვებისთვის პერსონალური ასისტენტის აყვანას.

ამავე წერილიდანაც ნათლად ჩანს, რომ სკოლებში კადრების დეფიციტია ამ მიმართულებით, რადგან სკოლას ენისა და მეტყველების ერთი სპეციალისტი ჰყავს, მაშინ, როცა ამის საჭიროება 16 ბავშვს აქვს სკოლაში.

განათლების სამინისტროს პასუხის მიხედვით, რომელიც მშობლებს გაუგზავნა, სკოლას საშტატო განრიგის მიხედვით 11 სსმ პირის ასისტენტი ჰყავს, მიმდინარე წელს კი 4 ასისტენტი ხელშეკრულებით აიყვანა. აქედან მხოლოდ ორია რუსული ენის მცოდნე.

„ბელარუსში ყოფნისას მე მიწევდა მემტკიცებინა სახელმწიფოსთვის, რომ ჩემს შვილს ასისტენტი სჭირდებოდა, აქ კი მარტივად დაწერა სახელმწიფომ დასკვნა, მაგრამ სამაგიეროდ, ასისტენტი არ დაგვინიშნა.

ბელარუსში ბრძოლა მოგვიწია, თუმცა ჩემი შვილი პირველი ბავშვი იყო, ვისაც პერსონალური ასისტენტი აუყვანეს“-გვითხრა ტატიანამ.

დედა ამბობს, რომ სკოლამ მშობლები არც ასისტენტების შერჩევის პროცესში ჩარია.

„ჯერ გვითხრეს, რომ ჩვენ მოგვეძებნა რუსულენოვანი ასისტენტები. მე აქტიური დედა ვარ, მოვიძიე, გავარკვიე, რომ თბილისში ასისტენტის ანაზღაურება 400 ლარი იყო.

შევარჩიე ასისტენტიც, მაგრამ ადმინისტრაციამ თქვა, რომ მას ჯგუფში უნდა ემუშავა და მხოლოდ ჩემს შვილს ვერ აუყვანდნენ. ეს ადამიანი კი ჯგუფთან მუშაობას არ დათანხმდა, თან ხელფასი 240 ლარი შესთავაზეს.

შემდეგ შეარჩიეს თავად, მაგრამ მშობლები არც კი ჩაგვაყენეს საქმის კურსში. ხომ უნდა გაეცნოთ ასისტენტი, ის მაინც ხომ უნდა ეკითხა მშობლებისთვის, აუტიზმის რა ფორმა ჰქონდათ ჩვენს შვილებს. მაგრამ ასე არ მოხდა, პირდაპირ კლასში დააყენეს ეს ასისტენტი ბავშვებს თავზე და ამან დააბნია ბავშვები“, – გვეუბნება ტატიანა გუსევა.

მისი თქმით, არსად არ არის გაწერილი, რა ევალება პერსონალურ ასისტენტს და რა პირობებით გაფორმდა ხელშეკრულება.

„ჩვენ გვითხრეს, რომ ასისტენტის მოვალეობაა, გაყვეს ბავშვს ტუალეტში, რომ ხელი არ შეყოს დენის წყაროში და არ გაიქცეს სადმე.

მე გავლილი მაქვს ტრენინგები და ვიცი, რაში უნდა დაეხმაროს რეალურად ასისტენტი ბავშვს, რომ მას ჩამოუყალიბოს სწორი სასწავლო ქცევა. გაკვეთილზე რომ დაჯდეს, მოუსმინოს, მიჰყვეს პედაგოგის ინსტრუქციას. თუ ბავშვი გაფანტულია და არ უსმენს პედაგოგს, დაეხმაროს მობილიზებაში. ნახოს, სწორად ასრულებს თუ არა ბავშვი მასწავლებლის ინსტრუქციას.

როცა ამის შესახებ ვსვამ კითხვებს, სკოლის ადმინისტრაცია არ გამოდის კონტაქტზე, არც კი გვისმენს. მხოლოდ ერთხელ მიპასუხეს და ისიც დისკრიმინაციულად – არა მარტო თქვენს ბავშვს, თქვენც გაქვთ კომუნიკაციებში დარღვევაო“, – გვეუბნება ტატიანა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ სკოლაში საკმარისი ასისტენტები არ არიან, ინციდენტიც მოხდა.

ერთ-ერთმა ბავშვმა ხელი ჰკრა მასწავლებელს, რომელიც დაეცა და ხელი მოიტეხა. ამის გამო გარკვეული პერიოდი სპეცმასწავლებელიც არ ჰყავდათ ბავშვებს.

„ეს ჩემი შვილის კლასში არ მომხდარა, მაგრამ მაინც.

ჩემი შვილი არ არის აგრესიული. კარგად ასრულებს დავალებებს. როგორც კი ჩამოვიდა, ძალიან მალე ისწავლა ქართული ანბანი, ქართულად უფრო კარგად კითხულობს, ვიდრე რუსულად. უბრალოდ, ქცევასა და მობილიზებაში სჭირდება დახმარება.

ასევე, წერის დროს, ზოგჯერ ხელი უვარდება და უნდა დაეხმაროს ასისტენტი. ამიტომ როცა სხვა ბავშვთანაც მუშაობს, მეორე ბავშვი ყურადღების მიღმა რჩება. ისეთი შემთხვევებიც არის, როცა ერთთან მუშაობს, მეორე ბავშვი დგება და დადის კლასში.

როგორ ჩაიარა დღემ, ხომ არ ჰქონდა არასასურველი ქცევა – ცხადია, გაკვეთილების ბოლოს ვეკითხებით ხოლმე მშობლები ასისტენტს. ჩვენ არ გვაქვს მასთან პრეტენზია, მისი ბრალი ხომ არ არის, რომ ორ ბავშვთან უწევს მუშაობა, მაგრამ ბოლო დროს ბევრს აღარ გვიყვებიან, რადგან პრეტენზიები გვაქვს ასისტენტის დამატებაზე.

ჩემი, როგორც დედის მიზანი, არის ის, რომ ჩემი შვილი მომავალში დამოუკიდებელი გახდეს. პირველი კლასი არის აგური, რომელზეც უნდა აიგოს ეს დამოუკიდებლობა. ამიტომ არის დაბალ კლასებში ასისტენტის ყოლა აუცილებელი, რომ ბავშვს დაეხმაროს ქცევის კორექტირებაში, გვერდიდან დააკვირდეს პროცესებს და შემდეგ უკვე, მაღალ საფეხურზე, ნელ-ნელა გავიდეს პროცესებიდან“, – ამბობს გუსევა.

მისი თქმით, სწორედ ამ დეტალებზე სურთ მშობლებს ადმინისტრაციასთან საუბარი, თუმცა წუხან, რომ ადმინისტრაცია კონფრონტაციის გზას ირჩევს და არა – თანამშრომლობის.

„ჩვენთან რატომ მოდიან მშობლები პრეტენზიით, თქვენ მოაგვარეთ ერთმანეთში ურთიერთობებიო – დამრიგებელს ეუბნებიან. გამოდის, კედელს ველაპარაკებით“, – ამბობს ტატიანა გუსევა.

„ბათუმელები“ მესამე საჯარო სკოლის დირექტორს იანა ჩადუნელს ესაუბრა და ჰკითხა, რატომ ვერ ხერხდება პერსონალური ასისტენტის აყვანა თითოეულ ბავშვზე, თუკი მულტიდისციპლინური გუნდი ამის საჭიროებას ხედავს?

იანა ჩადუნელის თქმით, სსმ ბავშვების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება და სკოლას ამისთვის არც ფინანსური რესურსი ჰყოფნის და არც ინფრასტრუქტურა უწყობს ხელს.

„თუ შარშან მყავდა 30 სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვი, წელს მყავს 56. აქედან 30 ბავშვს დასკვნაში უწერია „ინდივიდუალური ასისტენტი“.

რეალურად რომ შევხედოთ, როგორ უნდა მყავდეს მე 30 ასისტენტი? სად უნდა მოვათავსო ამდენი ასისტენტი, სად დავსვა, ეს გამოდის მთელი კლასი. სად უნდა განათავსონ, ვთქვათ, მათი პირადი ნივთები და ასე შემდეგ.

მეორე მხარეა ინფრასტრუქტურა. 34 საკლასო ოთახიდან 11 არის ნორმალური ზომის, დანარჩენი ძალიან პატარა კლასებია. ამიტომ, თუ კლასში სწავლობს, ვთქვათ, სამი აუტისტი ბავშვი და სამი ასისტენტიც შემოვიყვანე, ფიზიკურად ვეღარ დაეტევიან.

პრობლემაა ფინანსებიც. თუ მე 30 ასისტენტს უნდა გადავუხადო ხელფასი, ამის რესურსი არ გვაქვს“, – ამბობს ჩადუნელი.

მისი თქმით, 400 ლარი  ასისტენტს ეკუთვნის მთლიან განაკვეთზე მუშაობისას, ნახევარ განაკვეთზე კი – უფრო ნაკლები.

„11 ასისტენტი მყავს აყვანილი და მათ სკოლის შემოსავლებიდან ვუხდი თანხას, მაგრამ კიდევ მყავს 1900 მოსწავლე, გვაქვს კომუნალური გადასახადები და ამ ყველაფრისთვის აღარ გვრჩება სახსრები.

პრობლემაა ისიც, რომ პრეტენზიებს აცხადებს არაადგილობრივი მოსახლეობა.

ჩვენ ყველას კარს გავუღებთ, მაგრამ მათ ამდენი პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ, რადგან ვერ ვპოულობთ რუსულენოვან ასისტენტებს. ერთი ძლივს ვნახე, რადგან რუსული ენა დღეს პრაქტიკულად არავინ იცის. პრობლემაა რუსულენოვანი ფსიქოლოგიც. ესეც ძლივს ვნახეთ. ენისა და მეტყველების სპეციალისტი არ არის რუსულენოვანი, მაგრამ, ვფიქრობ, ეს არ უნდა იყოს პრობლემა, მაინც შეუძლია დაეხმაროს ბავშვს“, – ამბობს იანა ჩადუნელი.

როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა? – ვკითხეთ მას. დირექტორი ამბობს, რომ ამაზე კონკრეტულმა სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ.

„ორი კვირის წინ გვქონდა შეხვედრა სამინისტროში, მულტიდისციპლინური გუნდის წევრებიც იყვნენ თათბირზე და იმედი გვაქვს, სამომავლოდ რეალური გამოსავალი იქნება“, – ამბობს იანა ჩადუნელი.

8 წლის ვლადისლავი კი, როგორც ტატიანა ამბობს, ბათუმში თავს კარგად გრძნობს. მიეჩვია და რადგან აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს უჭირთ ახალ გარემოსთან ადვილად ადაპტირება, არ სურს, სხვა ქალაქში ან სხვა ქვეყანაში გადავიდეს.

ამბობს, რომ მისი საბოლოო გეგმები მის სამშობლოს უკავშირდება. იმედი აქვს, რომ ლუკაშენკოს რეჟიმი მალე დასრულდება და შეძლებენ ბელარუსში დაბრუნებას. მანამდე კი, სურს ბათუმში იცხოვროს შვილთან ერთად.

დევნილობამდე ტატიანა გუსევა მინსკთან ახლოს, სლუცკიში ცხოვრობდა. პროფესიით ჟურნალისტი და გამომცემელი რედაქტორია. მას შემდეგ, რაც ლუკაშენკოს რეჟიმმა დამოუკიდებელი მედიის დევნა დაიწყო, ტატიანა იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა.

„რეპრესიები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ბევრად ადრე დაიწყო.

მთელ ქვეყანაში გაგვითიშეს ინტერნეტი და ჩვენი გამოცემა დაბლოკეს.

ბოლოს ისეთ მასშტაბებს მიაღწია რეპრესიებმა, სახლიდან ვმუშაობდი, მაგრამ არ ვიცოდი, როდის მომაკითხავდნენ.

ეს ის პერიოდია, როცა მედიებში შედიოდნენ, მიჰქონდათ ტექნიკა, ყველაფერს ამსხვრევდნენ და აკავებდნენ ჟურნალისტებს.

რადგან მარტოხელა დედა ვარ, მეშინოდა, რომ თუ დამაკავებდნენ, ჩემი შვილი, რომელსაც სპეციალური საჭიროებები აქვს, შეიძლება ნათესავებისთვისაც კი არ გადაეცათ და სადმე თავშესაფარში გაეშვათ. ლუკაშენკოს რეჟიმი ხომ ჟურნალისტებს ყოველთვის შვილებით გვაშანტაჟებდა.

შემეძლო რომელიმე ევროპულ ქვეყანაში წასვლა, მაგრამ იმ დროს რკინიგზა ჩაკეტილი იყო, ლუკაშენკოს რეჟიმის გამო ევროპულმა ავიაკომპანიებმა ფრენები შეწყვიტეს. რადგან ბათუმში ნამყოფი ვიყავი მანამდე, ვისვენებდი და ძალიან მომწონდა, აქ ჩამოსვლა გადავწყვიტე.

არ ვაპირებდი ემიგრაციას, ვფიქრობდი, რომ ორი თვით დავრჩებოდი  საქართველოში და დავბრუნდებოდი უსაფრთხოდ, მაგრამ რეპრესიები არ მცირდებოდა, უფრო მზარდი ხდებოდა. ამიტომაც დავტოვეთ ქვეყანა“, – გვეუბნება ტატიანა გუსევა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: