მთავარი,სიახლეები

სანამ მთებში ჩამოთოვს – ხულოში მცხოვრები ოჯახის სამზადისი ზამთრის წინ

16.11.2023 • 3132
სანამ მთებში ჩამოთოვს – ხულოში მცხოვრები ოჯახის სამზადისი ზამთრის წინ

მართალია, თბილი ნოემბერია, მაგრამ მაღალმთიან აჭარაში ამბობენ ხოლმე – „აჭარის თოვლი ცაში არ დარჩებაო“. ახლა ათასობით ოჯახი აჭარის მთის სოფლებში ზამთრის თოვლიანი დღეებისთვის ემზადება, როცა გზებზე გადაადგილება და საჭირო პროდუქტების შეძენა ჭირს.

ამ სტატიაში ხულოს სოფელ სხალთაში მცხოვრები 7-სულიანი ოჯახის ზამთრისთვის სამზადისზე მოგიყვებით, რომელიც, ოჯახის თქმით, 4 თვე გრძელდება.

36 წლის მზია და 44 წლის გელა ბარამიძეებს 4 შვილი ჰყავთ. მათგან სამი სკოლის მოსწავლეა, ერთი კი საბავშვო ბაღში დადის. ოჯახთან ერთად ცხოვრობს გელას 80 წლის დედა.

ბარამიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველია.

– როდის იწყებთ პროდუქტების მომარაგებას? – ვეკითხები.

– მაშინ დავიწყებთ, როცა ფული გვექნება. წელს, ალბათ, თვის ბოლოდან – დაუფიქრებლად პასუხობს კითხვას მზია.

მზია მიყვება, რომ გასულ წელთან შედარებით წელს კარტოფილის უკეთესი მოსავალი აიღეს, მაგრამ კარტოფილის ფასი ბაზარზე ძალიან დაბალია და ფიქრობენ, ცოტახანს კიდევ დაიცადონ. ოჯახს იმედი აქვს, რომ ფასი ოდნავ მაინც გაიზრდება. აქამდე ცოტ-ცოტა ნედლი და ხმელი ლობიო გაყიდეს.

მზია აღნიშნავს, რომ მათ მოსავალს იმდენი შემოსავალი არასდროს ჰქონია, რაც მათი შრომის საპირწონე იქნებოდა. ქალის თქმით, ხშირია ისეთი შემთხვევაც, როცა მთელი წლის მოსავალი ადგილზე უფუჭდებათ – „მაგალითად, ლობიო, შეიძლება დაჩიჩოს“.

„ზამთრის პროდუქტების მარაგის შევსება გვეწელება, დიდ დროს ვანდომებთ. როგორ არის იცით? ლობიო, კარტოფილი და ასეთი პროდუქტი ყოველთვის გვაქვს. ფქვილი, შაქარი, მარილი – გინდა არ გინდა, უნდა იყიდო, მაგრამ მანამდე ბავშვებს თბილად უნდა ჩააცვა. მათ რომ ჩავაცმევთ, თუ რამე დაგვრჩა, მერე შევიძენთ.

ზამთრის პროდუქტი ჯერ არ მოგვიმარაგებია. აქამდე ბავშვების საზამთრო ტანსაცმელს ვაგროვებდით. მათ უკვე თითქმის ყველაფერი აქვთ. ახლა პროდუქტების მომარაგებაზე ვართ გადართული. ალბათ ამ თვეში… როგორც ზამთარს სჭირდება, ყველაფერს ვერ მოვიტანთ. შესაძლოა, იქამდე გათოვდეს. ნაწილს ახლა შევიძენთ და ნაწილსაც იქითა თვის ბოლოს.

ჩვენთვის ვერაფრის შეძენას ვერ ვახერხებთ. ვცდილობთ, რომ არაფერი მოვაკლოთ ბავშვებს. როგორც საჭიროა, ისე ისედაც ვერ ვაცვამთ, მაგრამ ვცდილობთ, რომ საშუალოდ მაინც ჰქონდეთ, სწავლაში რომ ხელი არ შეეშალოთ.

ჩვენზე აღარც ვფიქრობთ. მე მყავს ნათესავები და ისინი მიგზავნიან. დედა, მამიდა მჩუქნიან. მე სულ სხვისი ტანსაცმლით ვარ, თორემ დიდი ხანია არაფერი შემიძენია. მინიმუმ 2-3 წელია.

ერთ სოციალურზე ვართ დამოკიდებული. ზამთრის გასატანად რამდენი ფქვილიც გვჭირდება, იმასაც ვერ ვყიდულობთ ერთდროულად. ორი ტომრის შეძენა შეგვიძლია ერთად.

ზამთარში გზები ყოველთვის შეიძლება ჩაიკეტოს. თანხა რომ გქონდეს, ყველაფერს იყიდი და მშვიდად იქნები. ახლაც ვიყიდდით და დავაწყობდით. რა მოუვა ფქვილს?!

სახელმწიფო სოციალურს რომ მაძლევს, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ეს რომ არ მქონდეს, სულ ჩავიძირები. ამას არ ამართმევდნენ, მომატებას აღარ ვჩივი“, – ამბობს მზია.

ბარამიძეების ოჯახს ზამთრის გასატანად 4-5 ტომარა ფქვილი სჭირდება.

დედამ კარგად იცის, რომ მნიშვნელოვანია შვილებს მრავალფეროვანი კვებითი რაციონი შესთავაზოს, მაგრამ ამ ეტაპზე ოჯახისთვის ეს ფინანსურად დაუძლეველი გამოწვევაა:

„ხორცის ყიდვას ვერასდროს ვახერხებთ. თუ ვინმემ აქ დაკლა პირუტყვი, შეიძლება ერთხელ, ორჯერ მოხვდეს ხორცი მაგიდაზე. მეზობელი საჩუქარს გაგვიკეთებს. კიდევ ყურბან ბაირამზე გვაქვს ხორცი“.

მზიას მთავარი საფიქრალი და ოცნებაა, მის შვილებს „ყველაფერი კარგად ჰქონდეთ“ და ჰქონდეთ ყველაფერი, რაც მათ კლასელებს, მეგობრებს ექნებათ.

„მინდა, სხვა ბავშვებისგან არ განსხვავდებოდნენ, თავს დაჩაგრულად არ გრძნობდნენ. მხოლოდ ამაზე ვოცნებობ. იმდენს ვაკეთებთ მე და ჩემი მეუღლე, რომ არ გამოირჩეოდნენ სხვებისგან“, – მეუბნება მზია.

ქალის თქმით, როგორც ყველა ბავშვს, მის შვილებსაც აქვთ საახალწლო სურვილები, მაგრამ მათი ახალი წელი „ნაკლებად ხალისიანია“.

„ეს ძალიან აკლიათ ჩემს შვილებს და ძალიან გული მწყდება, ამას რომ ვუყურებ. ბავშვები ანგარიშს უწევენ ჩვენს მდგომარეობას“.

მზიასგან ვიგებ, რომ ოჯახს ნაძვის ხე გასულ წლამდე არასდროს ჰქონია. შარშან გვაჩუქა მთავრობამო – მეუბნება მზია.

გელა ამბობს, რომ ოჯახმა, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები, ასაკოვანი ადამიანი ცხოვრობს, თადარიგი აუცილებლად უნდა დაიჭიროს და ზამთრისთვის ყველაფერი დროულად მოიმარაგოს, დაასწროს გზის ჩაკეტვას, მაგრამ ეს ძალიან რთულია, მით უფრო მაშინ, როცა – „გლეხის ნამუშევარს არანაირი ფასი არ აქვს და რაც ქალაქიდან ამოგვაქვს, ყველაფერი ძვირი ღირს“.

ბარამიძეების ოჯახს მანქანა არ აქვს და საზამთრო მარაგი სახლამდე სოფლის „მარშუტკით“ მიაქვთ.

„პური გინდა, შაქარი, ზეთი, მარილი, მაკარონი, ბრინჯი… ყველაფერს ვყიდულობთ, რადგან მცირეწლოვანი ბავშვები გვყავს.

იცით, ხომ?! ყველაფერი გაძვირდა: მგზავრობა, პროდუქტის ყიდვა, ამოტანა. ეს პრობლემები აქვს მოსახლეობას. ყველა მაგის გასაჭირში ვართ, მაგრამ რა უნდა ქნა? ოჯახი რომ ითხოვს, როგორ არ უნდა იყიდო რაიმე? რაღაც უნდა იღონო და ზამთრისთვის მოემზადო.

მაღალმთიან სოფელში რომ ცხოვრობ, გიჭირს – არ გიჭირს არ არის. ბავშვებს როგორ უნდა მიახვედრო, გაქვს თუ არ გაქვს?“ – კითხვას მიბრუნებს გელა.

კაცის თქმით, ხანგრძლივი ზამთრისთვის სამზადისს ბავშვებისთვის თბილი ტანსაცმლის შეგროვებით იმიტომაც იწყებენ, რომ ზაფხულში შედარებით იაფია ზამთრის ტანსაცმელი:

„ზამთარში ძვირია, ორმაგი და სამმაგი ფასი აქვს, ამიტომ, ძირითადად, ზაფხულში ვყიდულობთ. თითო ბავშვს თითო თვეში ვყიდულობთ რაღაცას და ასე, ნელ-ნელა ვუგროვებთ დაზამთრებამდე“.

ბარამიძეები პროდუქტების ყიდვას ხულოში ამჯობინებენ. გელას თქმით, მუნიციპალიტეტის ცენტრი მათთან ახლოსაა და პროდუქტების მარაგის მიტანა სახლამდე შედარებით იაფი უჯდებათ.

„თანაც, პროდუქტების ნაწილი ნისიად მოგვაქვს ხულოდან. ისეთ გამყიდველთან ვყიდულობთ ხულოში, რომელმაც იცის, სოციალური დახმარება რომ გვაქვს და ყოველი თვის ბოლოს შეგვიძლია ვალის გადახდა ნაწილ-ნაწილ. გვენდობა.

წამლებსაც წინასწარ ვიმარაგებთ. ვცდილობთ, რომ ყველაფერი გვქონდეს. მრავალშვილიანი ვართ, ასაკოვანი დედა მყავს, ყველაფერზე წინასწარ უნდა ვიფიქრო. ხშირად არის, რომ წამლები მეზობლებს არ აქვთ, ამიტომ აუცილებელია ჩვენ გვქონდეს მარაგში. ყოველთვის და ყველაფერში წინასწარი თადარიგის დაჭერა გვიწევს, რაც ძალიან ძნელია.

სოფელში გასავალი გაცილებით მეტია, ვიდრე შემოსავალი. ამის გათანაბრება შესაძლებელია, თუ გლეხის მოყვანილ მოსავალს შესაბამისი ფასი ექნება ბაზარზე. გლეხებმა ვიცით ჩვენი შრომის ფასი და ვიცით ისიც, რომ ჩვენი წვალება არაფრად ღირს“, – მითხრა გელამ.

კაცის თქმით, ადრე უფრო ბევრი საქონელი ჰყავდათ, მაგრამ ახლა მხოლოდ 2 ძროხა ჰყავთ და ოჯახისთვის საკმარის რძის პროდუქტებსაც ძლივს ამზადებენ.

გელას თქმით, ძროხის შენახვა ზარალია, თუ მისთვის ზამთარში თივა უნდა იყიდო. ოჯახი თივას ყოველთვის თავიანთ სათიბებზე აგროვებდა. ასეა ახლაც.

„ჩვენი შეგროვებული თივა რამდენ სულ პირუტყვსაც ეყოფა, იმდენს ვინახავთ ჩვენც. მახსოვს, ადრე ჩვენი სათიბებიდან 2 და 3 მანქანა თივა მომქონდა. ახლა ერთი მანქანა თივა გამოდის ან არ გამოდის. ძალიან იკლო მოსავალმა“, – მიყვება გელა.

იგი ამბობს, რომ ბოლო 3-4 წელია რთული ზამთარი აქვთ ხულოში. გზა ხშირად ხანგრძლივად იკეტება. კაცი იხსენებს შემთხვევებს, როცა 20 დღე, 1 თვე იყვნენ ჩაკეტილები დიდთოვლობისგან, რასაც თან ახლავს უშუქობა.

„გვქონია შემთხვევები, როცა თოვლმა სახლის სახურავები ჩატეხა. მეც ჩამიტეხა, მეზობლებსაც. ზამთარში ღამე გადაუღებლად ითოვა, შუქი არა… ზარალია. არ არის გამორიცხული, რომ თოვლმა წელსაც დაგვიზიანოს სახურავი“, – მეუბნება გელა.

მას იმედი აქვს, რომ სანამ ხულოს მთებში ჩამოთოვს, პროდუქტის ნაწილის მომარაგებას მოასწრებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: