მთავარი,სიახლეები

კლინიკა ქობულეთში: ზაალ მიქელაძე დივიდენდის სახით 300 000 ლარს ითხოვს – რას ამბობს დეპუტატი

15.11.2023 • 1944
კლინიკა ქობულეთში: ზაალ მიქელაძე დივიდენდის სახით 300 000 ლარს ითხოვს – რას ამბობს დეპუტატი

„ქობულეთის სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ და აქციების დაწყებას აანონსებენ.

განცხადებაში, რომელიც კლინიკის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, ზაალ მიქელაძე, რომელიც ამ ეტაპზე „ხალხის ძალაშია“, პირად გავლენებს იყენებს კლინიკის დასაზიანებლად.

„პირადი ინტერესების გამო კლინიკას დაადო ყადაღა, რის შედეგადაც შეგვეზღუდა საბანკო ანგარიშებზე წვდომა, კლინიკა ვერ აგრძელებს სრულყოფილად მუშაობას, თანამშრომლებზე ხელფასის გაცემას და მოსალოდნელია შეწყდეს სამედიცინო ცენტრის ფუნქციონირება.

ჩვენ ვაკმაყოფილებთ სახელმწიფო სტანდარტებს, ჩვენ ვემსახურებით ქობულეთის მოსახლეობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნებით, ჩვენ მიმდინარე პერიოდში ვმუშაობთ ISO სტანდარტის მინიჭებაზე, 2025 წლიდან კი კლინიკა მიიღებს საერთაშორისო აკრედიტაციას.

ვფიქრობთ, რომ პირდაპირ კორუფციას აქვს ადგილი. ის თავის თანამდებობას იყენებს ბოროტად და სასამართლოს ძალით სურს მიიღოს კლინიკიდან დივიდენდი – 300 000 ლარი, რაც ღიად აქვს მითითებული სარჩელში. ის ხომ ერთ-ერთი აქციონერია!

აქვე აღვნიშნავთ, რომ კლინიკა უახლოეს მომავალში არ განიხილავდა დივიდენდის განაწილებას აქციონერებზე, ვინაიდან ჯანდაცვის და რეგულირების მოთხოვნებს ვასრულებთ, რაც ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული! (გაკეთდა კლინიკის სრული რემონტი სტანდარტების შესაბამისად, განახლდა და შეიცვალა სამედიცინო აპარატურა და ინვენტარი.)

სს ქობულეთის სამედიცინო ცენტრის 190 თანამშრომელი და ქობულეთის მოსახლეობა ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ „ძველმა საავადმყოფომ“ ისევ გააგრძელოს ფუნქციონირება,“ – ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ქობულეთის სამედიცინო ცენტრი“ 2013 წლის 25 იანვარს დაფუძნებული სააქციო საზოგადოებაა. სამედიცინო ცენტრს 21 აქციონერი ჰყავს. აქციონერთა შორისაა საქართველოს პარლამენტის წევრი ზაალ მიქელაძეც. ზაალ მიქელაძე დეპუტატობამდე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი იყო.

„ბათუმელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ როდესაც მინისტრი გახდა, აქციები, რომელსაც კლინიკაში ის ფლობდა, შვილს, მარი მიქელაძეს გადაუფორმა.

„ეს არის ფინანსურ-სამართლებრივი დავა, რომელიც ვიღაცამ პოლიტიკურ სივრცეში გადმოიტანა. მესმის, რატომაც, ასეთ დროს ადმინისტრაცია უფრო ადვილად გაძვრება თემიდან, თუ თემაში ფარად იყენებს ექიმს და მედდას,“ – ასე ეხმაურება ზაალ მიქელაძე „ბათუმელებთან“ „ქობულეთის სამედიცინო ცენტრის“ განცხადებას.

ზაალ მიქელაძის თქმით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრობამდე წლების განმავლობაში ის მუშაობდა კლინიკაში, რომლის აქციონერიც იყო. მიქელაძე ამბობს, რომ აქციების ფლობის მიუხედავად, არასოდეს მიუღია დივიდენდი.

„როგორც იმ კლინიკიდან თქვენ არ მიგიღიათ ლარი, ისე არ მიმიღია მე არც მინისტრობამდე და არც შემდეგ, მიუხედავად იმდენი შრომისა და ჯაფისა. არსებობს ასეთი წესი – მოგება დივიდენდის სახით უნდა განაწილდეს. მაგრამ მე ჩემი დამოკიდებულება მქონდა – მთავარია ექიმები, მედდები მუშაობდნენ, ხელფასს იღებდნენ და არ ვკითხულობდი არც მე ამ თემას.

თუმცა მინისტრობის შემდეგ მე ეს ყველაფერი გადავულოცე ჩემს შვილს. მხოლოდ ერთხელ ვიყავი მაგ კლინიკაში. ყველა კლინიკაში დავდიოდი მაგ კლინიკის გარდა, რომ ვინმეს ეს თემა არ გამოეყენებინა – საკუთარ კლინიკაში დადის და იქ რაღაცას აკეთებსო.

როცა აღმოჩნდა, რომ კლინიკას ჰქონდა 100-ათასიანი მოგება, 200 – 500-ათასიანი, ჩემს შვილს ვუხსნიდი, რომ ეს თანხები კლინიკას სჭირდება ინვესტიციისთვის, განახლებისთვის და ა.შ. არ მოგვითხოვია დივიდენდი.

კოვიდის დროს კლინიკამ მუშაობა დაასრულა, როგორც მაქვს ინფორმაცია, სადღაც 3 400 000 ლარით,“ – ამბობს ზაალ მიქელაძე.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც კლინიკა მნიშვნელოვან მოგებაზე გავიდა, გადაწყვიტეს დივიდენდი მოეთხოვათ.

„ჩემმა შვილმა მკითხა – გასაგებია, ამ 3 მილიონ-ნახევრიდან დივიდენდის 5%-ს არ მაძლევენ, მაგრამ მეორე მხრივ, ამხელა თანხის მოგების გამო ჩვენ რამე პასუხისმგებლობა ხომ არ გვეკისრება, როგორც აქციონერებსო? სად მიდის ეს თანხაო?

მე ვუთხარი, არც შენ ხარ იურისტი, არც მე, ამიტომ ყველაზე ადვილი გზაა ადვოკატი, რომელიც ამ თემაში ჩახედულია, გადაეცი ადვოკატს და ის გაარკვევს ყველაფერს-მეთქი. შენ ხელი არაფერს მოაწერო, როგორც აქციონერმა. ეს ახალი ამბავი არაა, ორი წლის ისტორიაა, რაც ადვოკატები ამ თემას იკვლევენ.

სასამართლო არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და ახლა მიუღია გადაწყვეტილება: შედეგად რაღაც ნაწილი ამ თანხისა დაუყადაღა კლინიკას.

იმდენად პოლიტიკური აქცენტი აინტერესებს ვიღაცას, რომ ჩემს შვილს მიადგნენ, რომელიც 5.75 %-ს ფლობს. იქ სხვა აქციონერიც რომ ედავება, რომელიც 12%-ს ფლობს და კუთვნილ დივიდენდს ითხოვს, ეგ ამბავი დამალეს. რატომღაც მე მომაბეს ეს ყველაფერი.

რადგან მე პოლიტიკაში ვარ, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ „ამიტანონ სათაურში“. ამ დროს მე რა შუაში ვარ? მინისტრობის დროსაც კი არ დავდიოდი მანდ. წინასაარჩევნოდაც კი არ მივსულვარ, როცა ყველა ადამიანის ხმა გჭირდება. აბა, ჰკითხე ერთხელაც თუ ვყოფილვარ. ვერ გეტყვიან ამას,“ – ამბობს ზაალ მიქელაძე.

ზაალ მიქელაძე ირწმუნება, რომ სამედიცინო ცენტრს შეუძლია გასცეს ხელფასები, ყადაღის მიუხედავად.

„ექიმებისა და მედდებისთვის ხელფასის არ მიცემა დარღვევაა. თუ ასე გააგრძელებენ, სხვა სამსახურებსაც მივმართავ, რადგან არსებობს მინისტრის ბრძანება საათობრივი ხელფასის შესახებ, რომელსაც ვერავინ ვერ დაუბლოკავს და მათ შორის ვერც სასამართლო. მე ვისაც სჭირდებოდა ეს ინფორმაცია, მივაწოდე.

ერთი თვით მთლიანად გაუჩერეს თანხების მოძრაობა, მესმის, მაგრამ იმავდროულად სასამართლომ თქვა, რომ გონივრულია პროცენტის დაყადაღება. მინიმუმ 40% სჭირდება სახელფასოს, სადღაც 20% სჭირდება მედიკამენტს, 10% სჭირდება სხვა სახარჯ მასალას და ა.შ. ამ ნაწილს არ შეეხო.

ეს გადაწყვეტილება აქვს კლინიკას და ალბათ უმალავენ თანამშრომლებს. ალბათ 20-30%-ია დაყადაღებული. ესაა მოგების ნაწილის დაყადაღება და ეს ასე არასწორად გაიტანეს თანამშრომლებში,“ – ამბობს ზაალ მიქელაძე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ქობულეთის სამედიცინო ცენტრს“ დამატებით კითხვებზე პასუხების მისაღებად. კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ დღეს დაგეგმილია აქციონერთა კრება, სადაც მიიღება კონკრეტული გადაწყვეტილება და კლინიკის წარმომადგენლები კომენტარს მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: