განათლება,მთავარი,სიახლეები

მარტო ცარცით და დაფით 21-ე საუკუნის ბავშვებს ვერ გავზრდით – პედაგოგი

14.11.2023 • 10365
მარტო ცარცით და დაფით 21-ე საუკუნის ბავშვებს ვერ გავზრდით – პედაგოგი

„მარტო თეთრი ცარცით და შავი დაფით კონკურენტუნარიან ბავშვებს ვერ გავზრდით. საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია“ – ამბობს ინგლისურის მასწავლებელი ნანა გელაშვილი, რომელიც ხაშურის მესამე საჯარო სკოლაში ასწავლის.

ნანა გელაშვილი ფულბრაიტის მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამის ფარგლებში აშშ-ში იმყოფებოდა და ჩრდილოეთ კარონილის გრინსბოროს უნივერსიტეტში სასწავლო პროგრამა გაიარა. მას ასევე შესაძლებლობა ჰქონდა გასცნობოდა უცხოელი კოლეგების პროფესიულ გამოცდილებას და კარიერული განვითარების გზებს. „ბათუმელებთან“ საუბარში ის გვიყვება რა განასხვავებს ქართულ სკოლებს ამერიკულისგან და რა გამოწვევებზე წინაშე დგანან ქართველი პედაგოგები.

  • ქალბატონო ნანა, როგორია გაკვეთილები ამერიკულ სკოლაში, რით განსხვავდება ჩვენ საჯარო სკოლებში ჩატარებული გაკვეთილებისგან?

აშშ-გან განსხვავებით, ქართველ მოსწავლეებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ სწავლის ყველა საფეხურზე სავალდებულო საგნებთან ერთად მათთვის სასურველი საგნებიც აირჩიონ.

წიგნების ნაცვლად მოსწავლეებს ქრომბუქები აქვთ, რომელშიც ელექტრონული წიგნებია ჩატვირთული. კლასები ციფრული ტექნიკითაა აღჭურვილი და საგაკვეთილო პროცესს საინტერესოს და ეფექტურს ხდის.

ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენს საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია. განსაკუთრებით რეგიონის სკოლებში გვაქვს მოძველებული რესურსები, რაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ 21-ე საუკუნის უნარები განუვითარო მოსწავლეებს.

სწრაფი გლობალიზაციის პირობებში, მარტო თეთრი ცარცით და შავი დაფით ვერ შევძლებთ კონკურენტუნარიანი თაობების აღზრდას. ეს წარმოუდგენელია.

სრულიად განსხვავებული გარემო გხვდება აშშ-ის სკოლებში.

მეც მინდა მქონდეს კარგად აღჭურვილი საკლასო ოთახი, სადაც თავისუფლად შეძლებენ მოსწავლეები ციფრულ დაფასთან მუშაობას, მეც მინდა მოვასმენინო აუდიო მასალები გაკვეთილზე, გავუშვა ვიდეო… მაქვს სკოლაში პროექტორი, მაგრამ ამ პროექტორს ვიზიარებთ მთელი სკოლა, ეს არის წარმოუდგენელი.

  • მეთოდოლოგიური სიახლე რა იყო თქვენთვის?

თანამედროვე მიდგომები და მეთოდოლოგია ჩემთვის არ არის სიახლე, მაგრამ რესურსები, რომლებსაც მასწავლებლები ფლობდნენ აშშ-ს სკოლებში, ჩემთვის ხელმიუწვდომელია. სამწუხაროდ, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და არა მარტო ჩემთვის.

პრობლემაა ისიც, რომ მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინგლისურ ენას კვირაში ორი საათი ეთმობა მე-8 კლასის ზემოთ, რაც სრულიად არასაკმარისია.

არასწორად მიმაჩნია ეს გათვლა. ინგლისურს, როგორც საერთაშორისო ენას, მეტი საათი უნდა ეთმობოდეს. მაგალითად, აშშ-ში გაძლიერებულად სწავლობენ ესპანურ ენას. 5 საათი ეთმობა კვირაში, ჩვენთან კი ორი საათია. აბსურდია, ნამდვილად.

  • ეს ხომ არ არის იმის მიზეზი, რომ ბავშვებს კერძო ცენტრებში ან რეპეტიტორებთან უწევთ სიარული?

დიახ, რა თქმა უნდა.

ჩვენთან პრობლემაა ასევე მრავალრიცხოვანი კლასები, სადაც 30 მოსწავლე ირიცხება და 45 წუთში ფიზიკურად შეუძლებელია ამდენ მოსწავლესთან მუშაობა.

ამერიკის სკოლებში 20-25 ბავშვია კლასში და გარდა ამისა, ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ გაძლიერებულად ისწავლონ ის საგნები, რომელსაც აირჩევენ.

მაგალითად, თუ ბავშვს სამომავლოდ ტექნიკურ სფეროში სურს ცოდნის ამაღლება, მას დამატებით შეუძლია ფიზიკა-მათემატიკის და ქიმიის არჩევა.

  • როგორ ფიქრობთ, „ჰაისქულის“ მოდელი გაამართლებდა ჩვენს სისტემაში?

ჩემი აზრით კი. იმიტომ, რომ ბავშვს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს თუ რა პროფესია აირჩიოს მომავალში და რომელ ფაკულტეტზე ისწავლოს, თუ მივცემთ საშუალებას, რომ იმ კონკრეტულ საგნებში მოემზადოს, რაც მას სჭირდება უმაღლესში სწავლის დროს, ეს იქნება გამართლებული. ცალკე ფულის გადახდაც აღარ მოუწევთ რეპეტიტორში.

შეფასების სისტემაც განსხვავებულია ჩვენგან, რადგან ქართულ სკოლებში ქულები ყოველდღიურად იწერება, ამერიკულში კი კრედიტებს წერენ მასწავლებლები და შესაბამისად, მოსწავლე დაგროვილი კრედიტების საფუძველზე იღებს ქულას. უმაღლესი ქულების დაგროვების შემთხვევაში კი მოსწავლეს ხსნიან გამოცდიდან.

შესაბამისად, ბავშვები კარგად სწავლობენ, რომ წლის ბოლოს გამოცდა აღარ დაენიშნოთ.

  • რამდენი საათია ბავშვი სკოლაში და რა სერვისებს იღებს?

სწავლა იწყებოდა ცხრაზე და მთავრდებოდა 16:25 საათზე. შუალედში, 12:00 საათზე იწყებოდა ლანჩი. კარგი კვება აქვთ მოსწავლეებს შეთავაზებული, რომელიც საკმარისია, რომ დანაყრდნენ. სადღაც ნახევარი საათის შემდეგ ისევ გრძელდება საგაკვეთილო პროცესები.

  • მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე მინდა გკითხოთ. ვიცით, რომ ჩვენთან სქემა განსაზღვრავს პედაგოგის კარიერულ წინსვლას და ხელფასსაც. ამერიკაში რა გზას გადის მასწავლებელი, როგორია მისი შრომის ანაზღაურება და რა მოეთხოვება იქ კარგ მასწავლებელს?

აშშ-შიც ოთხი საფეხურით განისაზღვრება მასწავლებლის კარიერული წინსვლა. მასწავლებელი აბარებს ყველა საფეხურის გამოცდას, გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი, მაგრამ მასწავლებელს სტატუსი მუდმივად უნარჩუნდება.

მასწავლებლები იქაც გადიან ტრენინგებს, თვითშეფასების საფუძველზე ახდენს თავიანთი საჭიროებების კვლევას და ამის მიხედვით გეგმავენ, რომელ ტრენინგს გაივლიან, რა აკლიათ და რა უნარების განვითარება სჭირდებათ.

  • ჩვენთან გააუქმეს თვითშეფასება, როგორ ვიცი და როგორ ფიქრობთ, სწორი იყო ეს?

ჩვენთან ძალიან ვრცელი იყო თვითშეფასების კითხვარი, შესაძლებელი იყო უფრო ლაკონურად დაწერილიყო და რეალურ საჭიროებებზე ყოფილიყო გათვლილი.

ჩვენთან ყველაფერი ძალიან ცვალებადია და ეს ხშირი ცვალებადობა, ეს გაუთავებელი რეფორმები, ძალიან გვღლის.

გამოცდა ჩავაბარე, შემდეგ დავაგროვე კრედიტები და ამის საფუძველზე მომენიჭა სტატუსი. ახლა ამბობენ, რომ შესაძლოა, ეს ყველაფერი გაუქმდეს. აი, ეს იწვევს გადაღლას.

ეს კომპლექსური დავალებებიც კიდევ არაფრის მომცემია…

  • თქვენს ბევრ კოლეგას მოსწონს, შემოქმედებითობას ავითარებსო. თქვენ არ ეთანხმებით?

ბავშვები ვერ მუშაობენ, ფიზიკურად არ არის რესურსი. „მოამზადე პოსტერი“ რომ მიწერია დავალებაში, ბავშვს ხომ უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ იყიდოს ეს ფურცელი და შესაბამისი ნივთები, რომ წარმოადგინოს პოსტერი, არა?!

კლასში, სადაც 25 მოსწავლიდან 12 სოციალურად დაუცველია, ძალიან მიჭირს ასეთი დავალებების მიცემა მოსწავლისთვის, რომელიც მართლა კომპლექსურ და მრავალფეროვან შრომას მოითხოვს.

ვიდეო რგოლის, პოსტერის და პრეზენტაციების საშუალება რეალურად არ არის კლასში.

  • ხელისუფლება, რომ იძახის „ამდენი სკოლა გავარემონტე“, „ამდენი აღვჭურვე“ – ეს პოპულიზმია თუ რატომ ვერ ისახება სკოლებზე?

რა თქმა უნდა, პოპულიზმია, რადგან პირობები არ აქვთ მოსწავლეებს სკოლაში. არც სოციალურად დაუცველებისთვის, არც სსსმ ბავშვებისთვის არ არის შესაბამისი პირობები შექმნილი, ძნელია მასწავლებლისთვის ასეთ სიტუაციაში მუშაობა.

სამომავლოდ, აქტიურად ვაპირებ ჩემს უცხოელ კოლეგებთან ერთად საერთაშორისო პროექტების განხორციელებას, უკვე დავგეგმე რაღაც აქტივობები და იმედი მაქვს, ეს ყველაფერი წაადგება ჩემს მოსწავლეებს, ჩემს თემს და კარგ შედეგსაც დავდებთ.

  • ჩვენთან ბაზისური ხელფასი, როგორც ვიცით, ძალიან დაბალია და სტატუსის მიხედვით ეზრდება ანაზღაურება პედაგოგს. ამ პრინციპზე დგას აშშ-შიც სისტემაც?

ანაზღაურება იქაც მასწავლებლის მიღწევებზეა დამოკიდებული, ასევე – სტაჟზე. მაგრამ როცა მასწავლებელი გამოცდას ჩააბარებს და მიიღებს ლიცენზიას, შემდეგ უნარჩუნდება მას ეს სტატუსი. ჩვენთან კი მუდმივად გიწევს რაღაცის მტკიცება.

რაც შეეხება ანაზღაურებას, ზოგადად ხელფასის საკითხი კონფიდენციალურია, მაგრამ იმდენად გულახდილები იყვნენ მასწავლებლები საუბარში, ერთ-ერთმა, დაახლოებით 56 ათასი დოლარი მაქვს საშუალო წლიური შემოსავალიო – მითხრა.

მეც ვფიქრობ, რომ პედაგოგის ხელფასი უნდა გაიზარდოს. მინიმუმ 2 000 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს მასწავლებლის შემოსავალი.

იყოს გამოცდები, მივესალმები, მაგრამ ეს გაუთავებელი რეფორმები ძალიან დამღლელია. სულ რაღაც ცვლილების მოლოდინში ვართ – „ამან არ გაამართლა, ახლა ასე ვცადოთ“. შემოაქვთ სიახლეები, რომელიც ჯერ კიდევ არ არის კარგად გამოკვლეული, რაც იწვევს მუდმივ სტრესში ყოფნას. ერთ რაღაცაზე უნდა შეჯერდეს ყველა.

ასევე, აუცილებელია სკოლების აღჭურვა, რომ თანამედროვე გაკვეთილები ვატაროთ. დღეს, სასკოლო ოთახებში არსებული რესურსები მისახედია.

ჩემი აზრით, თუკი მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, არ იქნება მასწავლებლის სტატუსის ხშირი ცვლილება და მასწავლებლის მუშაობის ხარისხი შეფასდება მოსწავლეთა შედეგებით, ოლიმპიადებში, კონკურსებში, გაცვლით პროგრამებში წარმატებებით, ვფიქრობ, კარგი იქნება.

ჩემი რამდენიმე მოსწავლე ახლაც „ფლექსის“ პროგრამით იმყოფება აშშ-ში, ბევრი წარმატებული მოსწავლე მყავს და ვფიქრობ, ესეც კარგია მოტივაციაა პედაგოგისთვის.

ნანა გელაშვილი აშშ-ში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: