მთავარი,სიახლეები

რიკოთზე მეწყრული ფერდის გასამაგრებლად ბიუჯეტიდან 63,9 მილიონი ლარი დაიხარჯება

15.11.2023 • 929
რიკოთზე მეწყრული ფერდის გასამაგრებლად ბიუჯეტიდან 63,9 მილიონი ლარი დაიხარჯება

რიკოთზე, იმ ადგილის გასამაგრებლად, რის გამოც ჯერ გზა ჩაკეტეს, შემდეგ კი მოძრაობის სპეციალური რეჟიმი იყო დაწესებული, 64 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.

„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრის მიმდებარედ პოტენციური მეწყრული ფერდის სტაბილიზაციის ღონისძიებების“ ჩატარებაზე ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 63 908 792 ლარია.

სატენდერო განაცხადს თან ახლავს 2023 წელს მომზადებული საინჟინრო საპროექტო ანგარიში და ტექნიკური დავალება, რომლის მიხედვითაც უნდა შესრულდეს სამუშაოები.

პირობის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოები დეპარტამენტის წერილობითი დავალების გაცემიდან 6 თვეში უნდა დაასრულოს.

ამასთან, ის ვალდებულია „სამუშაოები აწარმოოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, მაქსიმალურად უწყვეტ რეჟიმში, ტექნოლოგიური მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყველა შესაძლო სამშენებლო მოედნის ორგანიზებით.“

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 13 დეკემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.

რიკოთზე მოძრაობა 2023 წლის 30 მარტს აიკრძალა. მიზეზად გზების დეპარტამენტმა „თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე, არსებულ საავტომობილო გზასთან სიახლოვეს მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროება“ დაასახელა. მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე გადაერთო.

გზის ჩაკეტვიდან დაახლოებით 2 კვირაში გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ რიკოთზე პრობლემური იყო ორი მონაკვეთი – გზის 114-ე და 149-ე კილომეტრი.

„149-ე კილომეტრთან არაფერი ჩამოსულა, მაგრამ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ბზარები გაჩნდა. ამიტომ დავკეტეთ, შევისწავლეთ, მივიღეთ შესაბამისი რეკომენდაციები, გადმოვწიეთ გზა, ე.წ. დამაგროვებელი, გავაკეთეთ ბუფერული ზონა, რაიმეს ჩამოსვლის შემთხვევაში საფრთხე რომ არ შექმნილიყო, და უკვე შემდგომ გავხსენით მოძრაობა“, – განაცხადა მაშინ გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა.

მოძრაობა კი რიკოთზე სპეციალური რეჟიმით განახლდა.

„ბათუმელები“ ახალ ტენდერთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტს დღესაც დაუკავშირდა.

გვაინტერესებდა, რატომ გახდა საჭირო ცალკე 63,9 მილიონი ლარის გამოყოფა ბიუჯეტიდან და ტენდერის გამოცხადება, როცა რიკოთზე ახალი ავტობანის მასშტაბური მშენებლობა მიმდინარეობს? უნდა ყოფილიყო თუ არა შესწავლილი ფერდობი თავის დროზე და სხვა საკითხები, თუმცა დეპარტამენტში გვითხრეს, რომ ინფორმაცია წერილობით, ოფიციალურად უნდა გამოვითხოვოთ.

„149-ე კილომეტრზე მეწყერი არ ჩამოსულა. ეს არის ძველ გზასთან 200 მეტრში [ძველ გვირაბთან ახლოს]. დეპარტამენტის თანამშრომლებმა თავად აღმოაჩინეს აქ პრობლემები და ამიტომ იყო შეზღუდული მოძრაობა გაზაფხულზე.

შემდეგ მონიტორინგმა მოგვცა საშუალება, მოძრაობის გარკვეული რეჟიმი დაგვეწესებინა. რაც შეეხება ტენდერს, ეს ალბათ არის კვლევის შედეგად გამოვლენილი საჭიროება და ინფორმაცია ოფიციალურად უნდა გამოითხოვოთ“, – გვითხრეს დღეს, 2023 წლის 15 ნოემბერს, საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

აღსანიშნავია, რომ რიკოთზე, იგივე 149-ე კილომეტრზე პრობლემა გასულ, 2022 წელსაც შეიქმნა და მოძრაობაც ჩაიკეტა. მაშინ „მიწა-კლდის შვავის“ ჩამოსვლა დეპარტამენტმა „ახალი ავტობანის მშენებლობას“ დაუკავშირა.

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრზე [ახალი ავტობანის მშენებლობის ფარგლებში] ჩამოვიდა მიწა-კლდის შვავი, რის გამოც, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.“ – ეწერა საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2022 წლის 9 ივნისის განცხადებაში.

„მონაკვეთზე ფერდის ჩამოშლა დაფიქსირდა წვიმის სეზონზე 2023 წლის გაზაფხულის დასაწყისში. წაცურების და ჩამოშლის ტენდენცია ასევე ადვილად შეინიშნება ფერდობზე ბზარების გამრავლებით. ბზარებზე დაკვირვება იწარმოებს ფერდობის მთელ ზედაპირზე, რომელიც გავრცელდა ფერდობზე ზემოთ მაგისტრალის საბაზო ღერძიდან დაახლოებით 200 მ მანძილზე…

GPS-ის ფუნქციით აღჭურვილი ფოტოკამერის საშუალებით ტერიტორიის შეფასების საწყის ეტაპზე დაფიქსირდა და აღიბეჭდა თითოეული ბზარი, რომლებიც ზუსტად იქნა გამოკვლეული ბუნებრივი რელიეფის ტოპოგრაფიული გამოკვლევის დროს. მეწყრის ხელახალი გააქტიურებული ნაწილის ფართობი მოდის დაახლოებით 150 მ სიგანის არეალში მოკლე ხეობებს შორის. დაკვირვებული ახალი ბზარები მეორდება და მიჰყვება ძველი მეწყრის ისტორიული ბზარების/დეფორმაციების განლაგებას.

ფერდობზე დაკვირვებული ბზარების სიგანის, ორიენტაციის, მასშტაბისა და ინტენსივობის გათვალისწინებით ვასკვნით, რომ ძველი მეწყრის მთლიანი ტანი ამ მონაკვეთზე ხელახლა გააქტიურდა…“ – აღნიშნულია საინჟინრო საპროექტო ანგარიშში.

ბზარი პოტენციურ მეწყერზე /რიკოთი, გზის 149-ე კილომეტრთან/ ფოტო ტენდერიდან

2023 წლის 13 მარტს რიკოთზე ავტობანის მშენებლობისას ფერდის ზედაპირი უბისა-შორაპნის მონაკვეთზეც ჩამოიშალა. გზების დეპარტამენტში მომხდარი მეწყრულ პროცესებს დაუკავშირეს, თუმცა აღნიშნეს, რომ როგორც პროექტის დაწყებამდე, ასევე მისი მიმდინარეობისას, ყველა საჭირო კვლევა უწყებამ ჩაატარა.

რაც შეეხება 13 მარტის ინციდენტს, გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული ზედაპირი, რამაც დააზიანა გარე ბეტონის სექცია.

მოგვიანებით, დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ „რიკოთის ყველა დასრულებული მონაკვეთი იქნება უსაფრთხო“.

რიკოთზე 28 ოქტომბერს მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა. ხევი-შორაპნის 4-ზოლიანი მონაკვეთი 65 ხიდსა და 38 გვირაბს მოიცავს.

გზის ამ მონაკვეთის გახსნის შემდეგ კი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ „რიკოთის მონაკვეთის პროექტირებისას ჩატარდა მასშტაბური გეოლოგიური სამუშაოები. პროექტირების დროს კონსტრუქციული და ფერდების მდგრადობის გაანგარიშებები გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი მარაგით…“

________________

მთავარი ფოტო არქივიდან: რიკოთის უღელტეხილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: