მთავარი,სიახლეები

ვის უფორმებენ საპროცესო შეთანხმებას 5 წუთში – ჯარიმების რაოდენობა გაიზარდა

14.11.2023 • 1916
ვის უფორმებენ საპროცესო შეთანხმებას 5 წუთში – ჯარიმების რაოდენობა გაიზარდა

სულ რაღაც 5 წუთი და რამდენიმე წამი დასჭირდა მოსამართლე ლევან გელოვანს ბრალდებულ ვიტალი ზოიძესთან საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად. ამ სხდომას დღეს, 2023 წლის 14 ნოემბერს დავესწარით, თუმცა სასამართლოებში ასობით ასეთი საქმეა, 5 წუთში რომ სრულდება.

მოსამართლეებამდე მისული საქმეების დაახლოებით 70 % საქართველოში საპროცესო შეთანხმებით სრულდება – როცა ბრალდებული წარდგენილ ბრალს აღიარებს და პროკურორი მასთან, სასამართლო განხილვის გარეშე, სასჯელზე თანხმდება. უფლებადამცველების შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ბოლო დროს საპროცესო შეთანხმებების გაფორმებისას იკვეთება, ეს სასამართლოს ფორმალური ჩართულობაა.

„სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, რამდენად სამართლიანად შედგა საპროცესო შეთანხმება მხარეებს შორის, 5 და 10 წუთში კი, ამის გარკვევა პრაქტიკულად შეუძლებელია,“ – გვიყვება, საია-ს ანალიტიკოსი, თამარ ბოჭორიშვილი და ნათქვამის დასტურად საია-ს მონიტორინგის დროს მიმდინარე წელს დაფიქსირებული ორი შემთხვევა მოჰყავს.

„მოსამართლის მხრიდან საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე ორი ბრალდებული წინასწარ გადახდილი ჯარიმის ქვითრით გამოცხადდა სასამართლოში. ეს აჩვენებს სასამართლოს როლს,“ – დასძენს იურისტი.

კიდევ ერთი დეტალი: ბოლო პერიოდში იზრდება იმ ჯარიმების რაოდენობა, რასაც ადამიანები საპროცესო შეთანხმების გაფორმების დროს სასჯელის სახით იხდიან.

  • რა გაარკვია მოსამართლემ 5 წუთში „შსს-ს ყოფილი თანამშრომლის საქმეზე“, ვიდრე მას საპროცესო შეთანხმებას დაუმტკიცებდა? 

ვიტალი ზოიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. მას გამოძიება ნასვამ მდგომარეობაში ავარიის ჩადენას ედავებოდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შსს-ს თანამშრომელი 2023 წლის 14 ივნისს ზებრა გადასასვლელზე  ორ ქვეითს დაეჯახა. მეორე დაშავებული გამოჯანმრთელდა. პროკურორი პაატა ცეცხლაძის თქმით, დაზარალებული დაეთანხმა ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.

ვიტალი ზოიძეს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5  და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, ალკოჰოლური სიმთვრალის ქვეშ. დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე.

საპროცესო შეთანხმებით კი, მსჯავრდებული ციხეში მხოლოდ წელიწად-ნახევარს გაატარებს. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ვიტალი ზოიძეს 4 წლით და 6 თვით შეუფარდეს თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წლით და 6 თვე პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდით, დანარჩენი 3 წელი კი, პირობითი მსჯავრია.

ვიტალი ზოიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხშირად წარმოადგენდა შსს-ს, მაგალითად, საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების ადმინისტრაციული დაკავების დროს. ვიტალი ზოიძე შსს-ს წარმოადგენდა „24 ოპოზიციონერის საქმეზეც“, როცა დეპუტატებსაც კი, პოლიციელებმა კარვები დაუშალეს, ჩამოართვეს, დააკავეს, შემდეგ კი უმტკიცებდნენ, რომ კანონი დაარღვიეს.

ბრალდებულ ვიტალი ზოიძის სასამართლო სხდომა, რომელიც 5 წუთს გაგრძელდა

„ადასტურებთ, რომ ნამდვილად ამაზე იყო შეთანხმება თქვენსა და ბრალდების მხარეს შორის?“ – გისოსებს მიღმა მყოფ შსს-ს ყოფილ თანამშრომელს მიმართა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ.

„დიახ“ – მაშინვე და ხმამაღლა მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა.

მოსამართლემ ბრალდებულს უფლებები გააცნო და კიდევ ერთხელ იკითხა:

„საბოლოო პასუხი რომ დააფიქსიროთ, ბატონო ვიტალი, დაამტკიცოს სასამართლომ საპროცესო შეთანხმება წარმოდგენილი პირობით, თუ არ დაამტკიცოს?“ – იკითხა მოსამართლემ.

„დაამტკიცოს,“ – ისევ პაუზის გარეშე მიმართა ბრალდებულმა მოსამართლეს, რომლის საბოლოო გადაწყვეტილებასაც ბრალდებულის ახლობლებით სავსე დარბაზში არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.

„მორჩა, შემდეგ ახალ წელს სახლში იქნება,“ – გაისმა ახლობლების ხმა, ვიდრე მოსამართლე დარბაზს დატოვებდა.

  • ადვოკატი: „საპროცესო შეთანხმებებზე დიდი კორუფციული წრე ტრიალებს“ 

„აჭარის პროკურატურაში საპროცესო შეთანხმებებზე დიდი კორუფციული წრე ტრიალებს,“ – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე. ადვოკატის მტკიცებით, პროკურატურა შერჩევით აფორმებს საპროცესო შეთანხმებებს.

ზაზა პაპიძე

ადვოკატი ასევე მიიჩნევს, რომ საქმე კორუფციასთან გვაქვს. ზაზა პაპიძემ ანალოგიური შინაარსის პოსტი 27 სექტემბერს ფეისბუქშიც გამოაქვეყნა.

„ორ დღეში დამიკავშირდნენ გენპროკურატურიდან და გამომკითხეს, დაიწყო მოკვლევა, მაგრამ შემდეგ რა რეაგირება მოჰყვა, არ ვიცი,“ – ამბობს ზაზა პაპიძე „ბათუმელებთან“.

ადვოკატს არ აქვს კონკრეტული მტკიცებულება კორუფციაზე, თუმცა გვაჩვენა ერთ-ერთი ბოლო საქმე, როცა მისი დაცვის ქვეშ მყოფს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმებაზე უარი უთხრა.

„პროკურატურა რატომ აკეთებს ყოფილ პროკურორებთან საპროცესო შეთანხმებებს და არ აკეთებს ჩვეულებრივ შემთხვევებში? აჭარის პროკურატურა არ არის ვინმეს ფულის საკეთებელი შპს. კორუფციული გარიგებებით მიმდინარეობს მოქალაქეების გატყავება, არაერთი მოქალაქე იყო ჩემთან უკვე მოსული, რომლებმაც მითხრეს, რომ თუ უნდათ საქმის დალაგება, მაშინ კონკრეტულ პიროვნებებთან, ყოფილ პროკურორებთან უნდა მივიდნენ და გადაიხადონ საკმაოდ სოლიდური თანხა, რის შემდეგაც მათ საპროცესო შეთანხმების საქმეს დაულაგებენ პროკურატურასთან, აჭარის პროკურატურაში ადეიშვილის დროინდელი სქემა ტრიალებს,“ – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.
  • უნდა გაუფორმდეს საპროცესო პედოფილებს? 

კანონის მიხედვით, ბრალის აღიარების მიუხედავად, პროკურორი არაა ვალდებული, ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმოს. არც მოსამართლეა ვალდებული, საპროცესო შეთანხმება დაამტკიცოს.

თუმცა პრაქტიკაში გვაქვს შემთხვევა, როცა პედოფილიაში, კონკრეტულად კი, 12 წლის ბავშვთან სქესობრივ კავშირში ბრალდებულ კაცს საპროცესო შეთანხმება 2021 წელს დაუმტკიცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ციცინო მოსიძემ.

ამ საქმის შესახებ „ბათუმელები“ 2023 წლის ივნისში წერდა. ამ საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბავშვზე სექსუალურ მოძალადეს არცერთი დღე არ გაუტარებია ციხეში.

„შეიძლება კანონით შეზღუდვები დავაწესოთ, როგორც, მაგალითად, არის განრიდებაზე პირობა, რომ წამების საქმეებს ეს არ ეხება.

საკანონმდებლო ცვლილებებამდე კი, მნიშვნელოვანია პრაქტიკა მიმდინარეობდეს სწორი მიმართულებით და ამ სამართლებრივ ნორმას არ იყენებდნენ ბავშვებისთვის საზიანოდ,“ – მიიჩნევს ანა თავხელიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი.

ეს ორგანიზაცია სხვა უფლებადამცავ ორგანიზაციებთან სამუშაო ჯგუფის წევრია, რომელიც წლებია ითხოვს ცვლილებებს კანონში, მათ შორის, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის კუთხით.

პარლამენტი კი ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად ვერ იცლის.

ანა თავხელიძე

„მაგალითად, ჩვენი მოთხოვნაა, რომ მთლიანად შეიცვალოს გაუპატიურების დეფინიცია. ჩვენ რასაც ვეძახით ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირს კანონის ენაზე, ეს წარმოადგენს გაუპატიურებას,“ – გვიყვება ანა თავხელიძე და 12 წლის გოგოს საქმეს იხსენებს, სადაც ასევე მოძალადეს ბრალის წარუდგინეს სსკ-ის 140-ე მუხლის შესაბამისად. ეს მუხლი გულისხმობს „სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში“.

იურისტი განმარტავს, რომ დაზარალებული ბავშვის თანხმობა, რასაც ეს მუხლი მოიაზრებს, ვერ იქნება ნამდვილი, ვინაიდან საქმე ეხება 16 წლამდე ბავშვს.

„ამ შემთხვევაში თანხმობის ნამდვილობას გამორიცხავს ასაკი, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით არის 16 წელი. 16 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ გაცემული თანხმობა არ შეიძლება იყოს ნამდვილი… თანხმობის არარსებობა უნდა გახდეს დამამძიმებელი გარემოება და საპროცესო შეთანხმების გამოყენება არ უნდა მოხდეს ბავშვზე სექსუალური ძალადობის საქმეებში.

თავისი არსით საპროცესო შეთანხმება გულისხმობს საშეღავათო ზომის გამოყენებას, პასუხისმგებლობის შემსუბუქებას. ეს ხშირ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, როგორც წამახალისებელი, განსაკუთრებით მაშინ, როცა სასჯელის სახით არ იყენებენ თავისუფლების აღკვეთას და გამოყენებულია პირობითი მსჯავრი. ფაქტობრივად დაუსჯელი რჩება მოძალადე,“ – წუხს ანა თავხელიძე.

„სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მკაცრი მიდგომა მსგავსი შემთხვევების მიმართ“ – ეს საია-ს ანალიტიკოსმა, თამარ ბოჭორიშვილმა გვითხრა. მისი აზრით, შესაძლოა, კანონში ამ კონკრეტულ შემთხვევებზე რეგულირება არ გვქონდეს, მაგრამ პროკურატურამ და მოსამართლეებმაც მკაცრი მიდგომა გვაჩვენონ.

„როგორც ვიცით, პროკურატურას აქვს შიდა გაიდლაინები, რეგულაციები, მაგალითად, საპროცესოს არასდროს აფორმებენ განზრახ მკვლელობის საქმეებზე, ასევე გაუპატიურებაზე, ეს არ არის კანონში გაწერილი, მაგრამ თითქმის სავალდებულო ხასიათი აქვს პროკურორებისთვის,“ – შენიშნავს თამარ ბოჭორიშვილი.

კანონის თანახმად, ვიდრე მოსამართლე საპროცესო შეთანხმებას დაამტკიცებს, იგი უნდა დარწმუნდეს, რომ

„ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება;  ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს…“

  • ჯარიმა წელს საშუალოდ 4746 ლარამდე გაიზარდა – კიდევ რა გამოჩნდა საიას მონიტორინგით? 

ჯარიმა, რომელსაც საპროცესო შეთანხმების დროს სასჯელის სახით ხშირად აკისრებენ მსჯავრდებულს, 2023 წელს საშუალოდ 4746 ლარამდე გაიზარდა, გასულ წელს კი, ეს მაჩვენებელი 3451 ლარი იყო.

ეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დაანგარიშებული ციფრებია. საიას 2023 წლის სასამართლო მონიტორინგის ანგარიში ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა ანალიტიკოსი წინასწარ რამდენიმე მიგნებას ექსკლუზიურად გვიზიარებს.

ანალიტიკოს თამარ ბოჭორიშვილს ეს მაჩვენებელი წინა ხელისუფლების მმართველობაში ყოფნის დროს ბოლო წლებს ახსენებს, როცა გაჩნდა განცდა, რომ საპროცესო შეთანხმებით და ჯარიმის გადახდით თავისუფლების ყიდვაა შესაძლებელი, ან „საპროცესოებით ბიუჯეტს ავსებენ“.

თამარ ბოჭორიშვილი

გაიზარდა საპროცესო შეთანხმებების გაფორმების მაჩვენებელიც. საია-ს ანგარიშების მიხედვით, თუ 2020 წელს სასამართლოში შესული საქმეების 63 % დასრულდა საპროცესო შეთანხმებით, 2021 წელს ეს ციფრი 64 %-მდე გაიზარდა, 2022 წელს – 68 %-მდე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით კი, 2023 წლის სექტემბერში, მაგალითად, სასამართლომდე მისულ საქმეებში 74 % [1013 პირი] საპროცესო შეთანხმებით დასრულდა [არსებითი განხილვით კი, დასრულდა საქმეების 26%].

2023 წლის აგვისტოში საპროცესო შეთანხმებით დასრულდა 890 პირის საქმე [78 %], ივლისში – 1082 პირის საქმე [72 %].

„გამოდის, რომ საქმეების 70 პროცენტი სრულდება საპროცესო შეთანხმებით და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აქ იყოს ადეკვატური სამართალწარმოება.

ხშირად პირიქით ხდება: ნოტარიულად აღიქვამენ სასამართლოს, რომ შეთანხმებას ყველა ვარიანტში დაამტკიცებს. ჩვენ რომ 2 შემთხვევას ვაფიქსირებთ, როცა წინასწარ გადახდილ ქვითრით მიდიან მოსამართლეებთან, ეს აჩვენებს იმას, პრაქტიკაში რამდენად გავრცელებულია ასეთი მიდგომა,“ – ამბობს თამარ ბოჭორიშვილი და გვიყვება იმასაც, რომ ამ ორ შემთხვევაში მხარეებმა საია-ს მონიტორი ვერ ამოიცნეს და სასამართლოს შემოსვლამდე მიმართა ადვოკატმა პროკურორს, ჯარიმა ნამდვილად გადაიხადა უკვე ბრალდებულმა, თუ გინდათ, ქვითარს თქვენც დაგიტოვებთო.

საია მონიტორინგს მხოლოდ თბილისის, ბათუმის და ქუთაისის სასამართლოებში აწარმოებს. თამარ ბოჭორიშვილის თქმით, ამ დრომდე, 2023 წელს მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მოსამართლემ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარი თქვა.

„მაინც ინდივიდუალურ მოსამართლეზეა დამოკიდებული. ზოგიერთი მოსამართლე ინტერესდება კონკრეტული გარემოებებით და 5 წუთში ვერ ასრულებს საპროცესო შეთანხმების განხილვას. ამ შემთხვევებში ბრალდებულებმა თქვეს, რომ ისინი არ აღიარებდნენ წარდგენილ ბრალს…“  – აღნიშნა თამარ ბოჭორიშვილმა „ბათუმელებთან“.

საია-ს დაკვირვებით, ყველაზე ხშირად საპროცესო შეთანხმება ფორმდება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე, ასევე ნარკოდანაშაულსა და მმართველობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე.

„ეს არ არის მხოლოდ ის, რომ სწრაფად დასრულდეს მართლმსაჯულება. ის, რაზეც შეთანხმდნენ მხარეები, სასამართლომ უნდა გასწიოს კონტროლი,“ – დასძინა საიას ანალიტიკოსმა, თამარ ბოჭორიშვილმა.

___

მთავარი ფოტო: ბრალდებულ ვიტალი ზოიძის სასამართლო სხდომა

___

„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: