ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„ბენზეს ხიდს“ გააფართოებენ – მის რეაბილიტაციაში ახლახან 1,8 მილიონი დაიხარჯა

01.12.2023 • 6155
„ბენზეს ხიდს“ გააფართოებენ – მის რეაბილიტაციაში ახლახან 1,8 მილიონი დაიხარჯა

ბათუმში, თამარის დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყალზე მდებარე ხიდის გაფართოებაა დაგეგმილი. ამ ხიდის სარეაბილიტაციოდ 2020-22 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,8 მილიონი დაიხარჯა. რეაბილიტაციის შედეგად „ბენზეს ხიდის“ სავალი ნაწილი დაავიწროვეს და ხიდს მძღოლებმა „ძაბრი“  შეარქვეს – აქ ავტომანქანების მუდმივი საცობის გამო.

ხიდის გაფართოებისთვის ამჯერად ფული ბათუმის ბიუჯეტიდან დაიხარჯება, თუმცა რამდენი, ჯერ მერიაში არ ამბობენ – უნდა მომზადდეს ხელახალი პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, დადგინდება სავარაუდო თანხის ოდენობა, რომელიც შემდეგ ტენდერში დაზუსტდება.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნული ხიდის გაფართოება 2024 წლისთვის აქვთ დაგეგმილი.

მძღოლების თქმით, რეაბილიტირებული ხიდი დღეს მანქანებს იმ ინტენსივობით, როგორც ადრე, ვეღარ ატარებს.

რეაბილიტირებული „ბენზეს ხიდი“/„ძაბრი“. თვალსაჩინოებისთვის –  წითელი ხაზებით ნაჩვენებია გზის სავალი ნაწილის სიგანე, რომელიც ხიდთან ვიწროვდება

„ბენზეს ძაბრ ხიდზე გვინდა გესაუბროთ. იმავენაირი ხიდი იყო ზუგდიდშიც, გაფართოვეს, 2-ზოლიანის ნაცვლად გადაკეთდა 4-ზოლიანად, რის საშუალებასაც ჩვენი ე.წ. ბენზეს ხიდი იძლევა. მოვითხოვთ ხიდის გაფართოებას. დავიღალეთ ამ საცობებით… ელემენტარულად, თუნდაც ტროტუარების ხარჯზე მოახდინონ ხიდის გაფართოება და გაივლის 4 მანქანა ერთდროულად“ – მოგვწერა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

„ბათუმელებმა“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ოფიციალურად 14 ნოემბერს მიმართა. დეპარტამენტისგან პასუხს რამდენიმე კითხვაზე ვითხოვდით, მათ შორის:

  • რატომ შემცირდა ხიდის სავალი ნაწილის სიგანე 10,4 მეტრიდან [ორთავე ზოლი ჯამში] 8 მეტრამდე?
  • გათვალისწინებული იყო თუ არა სარეაბილიტაციო პროექტის შედგენისას ამ მონაკვეთში არსებული ინტენსიური მოძრაობა და ხიდის დავიწროების ზეგავლენა ავტოტრანსპორტის საცობზე?
  • განიხილებოდა თუ არა აღნიშნული ხიდის 4-ზოლიანად გადაკეთება? – თუ კი, რატომ არ გადაწყდა დადებითად?
  • განიხილება თუ არა დღეს აღნიშნული ხიდის ნაცვლად 4-ზოლიანი ახალი ხიდის მშენებლობა, ან არსებულის გადაკეთება?[ამის საშუალება ამ ადგილზე არის, ვინაიდან რეაბილიტაციის დროს გვერდით დროებითი ხიდიც ფუნქციონირებდა.]

„ბენზეს ხიდი“ დღეს. ფოტოზე ჩანს, როგორ ვიწროვდება გზის სავალი ნაწილი ხიდზე / 1.12.2023 / ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხიდი მდინარე ყოროლისწყალზე აშენებულია და ექსპლუატაციაში მიღებულია 1961 წლიდან და ის „გაანგარიშებული იყო საქართველოში 50-იან წლებში მოქმედი სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებულ საავტომობილო დროებით დატვირთვებზე, რომელიც საკმარისი იყო იმ დროს არსებული ავტოპარკის გასატარებლად“.

დეპარტამენტი ასევე გვწერს, რომ „ხიდის გაბარიტი ითვალისწინებდა ავტოტრანსპორტის ორი რიგის მოძრაობას (ორ სამოძრაო ზოლს), ამასთან, ხიდთან მისასვლელი გზაც არის ორზოლიანი“.

„აღსანიშნავია, რომ ხიდის მალის ნაშენები და ბურჯები გაანგარიშებული იყო ზემოთ ხსენებულ დატვირთვებზე, ხოლო ხიდის ტროტუარების გაბარიტი საკმარისი იყო იმ დროს არსებული ფეხით მოსიარულეთა ინტენსივობის გასატარებლად.

ხიდის არსებული სავალი ნაწილის გაბარიტი იყო 10.4 მეტრი და იგი იმთავითვე ვერ უზრუნველყოფდა ტრანსპორტის ოთხზოლიანი მოძრაობის გატარებას [ქალაქის პირობებში 60 კმ/სთ დასაშვები მაქსიმალური სიჩქარის შემთხვევაში ხიდის სავალი ნაწილის გაბარიტის სიდიდე უნდა იყოს მინიმუმ 14 მეტრი დღეს მოქმედი სტანდარტების მიხედვით]“ – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.

თუმცა, დეპარტამენტი არ გვპასუხობს კითხვაზე – განიხილებოდა თუ არა ხიდის გაფართოება ან 4-ზოლიანად გადაკეთება? პირიქით, დეპარტამენტი გვწერს, რომ არსებული სავალი ნაწილი/გაბარიტი შემცირდა „დღეს მოქმედი საქართველოს ეროვნული სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად“.

გზის სავალი ნაწილი, რომელიც ხიდზე ვიწროვდება / „ბენზეს ხიდი“ / 1.12.2023

დეპარტამენტის პასუხიდან ასევე ირკვევა, რომ ჩატარებული „სარეკონსტრუქციო სამუშაოების“ მთავარი მიზანი „სახიდე გადასასვლელზე არსებული დაზიანებების გათვალისწინებით, არსებულ ბურჯებზე მუდმივი დატვირთვების შემცირება და მათი კონსტრუქციის გაძლიერება-დაცვა“ იყო.

„ამგვარად, ხიდის გაბარიტი მიღებულ იქნა შემდეგი ზომებით: 2X4.0+2 X2.0, სადაც სავალი ნაწილი მიღებულია ქალაქში არსებული დასაშვები სიჩქარის 60 კმ/სთ-ში 3.25 მ, ხოლო უსაფრთხოების ზოლი 0.75 მ. ამავე დროს გაიზარდა თვალამრიდების სიმაღლე 0.75 მ-მდე. ამგვარად, ხიდზე მოძრაობის ინტენსივობა არ შემცირებულა და ხიდის გამტარუნარიანობა იგივე დარჩა (ორზოლიანი)“ – გვწერს გზების დეპარტამენტი.

ანუ, გზების დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ მოძრაობის ინტენსივობის მხრივ მდგომარეობა არ გაუარესებულა და ხიდზე, რომელსაც 1,8 მილიონი ლარი დაახარჯეს, გამტარუნარიანობის კუთხით არც არაფერი შეცვლილა.

„ბენზეს ხიდი“ / 1.12.2023

აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია: გასაგებია, რომ „ქალაქში არსებული დასაშვები სიჩქარის“ მიხედვით შეამცირეს ხიდის ისედაც არასაკმარისი გაბარიტები, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ გზა, რომელზეც ეს ხიდია, ქალაქში ერთადერთი შემოსასვლელ-გასასვლელია და აქვეა ტრანზიტული მოძრაობაც. ეს უზარმაზარი დატვირთვა გზაზე კი, ხიდის რეაბილიტაციის დროს გათვალისწინებული არ ყოფილა.

ამასთან, ეს გზა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაა, ბუნებრივია თავის „ბენზეს ხიდიანად“ და არ არის უბრალოდ „საქალაქო გზა“.

ავტოტრანსპორტის ნაკადები არა, მაგრამ ფეხით მოსიარულეთა და ტურისტული ნაკადები გავითვალისწინეთო – გვწერს დეპარტამენტი და ხიდზე მანქანების სავალი ნაწილის ხარჯზე ტროტუარები გავზარდეთო.

„ამასთან, ტროტუარების გაბარიტებთან დაკავშირებით, გადაწყდა მათი ზომის გაზრდა, ვინაიდან საგრძნობლად გაიზარდა ქალაქის მოსახლეობა და რაც მთავარია ტურისტული ნაკადები (ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით)“ – გვწერს გზების დეპარტამენტი.

ხიდზე, რომლის რეაბილიტაცია 20 თვის წინ დასრულდა [მიღება-ჩაბარების აქტი 2022 წლის მარტშია დამტკიცებული], გაზრდილ ტროტუარებზე წყალი დგას:

გაფართოებული ტროტუარი ხიდზე, რომელზეც წყალი დგას / 1.12.2023

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ასევე ვწერდით, რომ აღნიშნულ ხიდთან ხშირად არის საცობი, რომ საცობია მთლიანად ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან ამ ხიდამდე [თამარის დასახლებამდე] მონაკვეთში [როგორც ჩაქვის, ასევე ბათუმის მიმართულებით].

აქედან გამომდინარე, გვაინტერესებდა შესწავლილი აქვს თუ არა აღნიშნული პრობლემა დეპარტამენტს? რა არის მიზეზი? არსებობს თუ არა ბათუმის შემოსასვლელში საცობის პრობლემის მოგვარების ხედვა-გეგმა-ან კონცეფცია? – კონკრეტულად რაში ხედავს დეპარტამენტი გამოსავალს?

„ბენზეს ხიდი“ / 1.12.2023

„ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში 2022 წლის 18 ივლისს შეტანილი ცვლილების თანახმად, თქვენს განცხადებაში მითითებული საავტომობილო გზის მონაკვეთი [მათ შორის ხიდი] აღარ ირიცხება დეპარტამენტის ბალანსზე“ – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან.

გვირაბიდან „ბენზემდე“ მონაკვეთში გზაზე მუდმივი საცობების გამო, ზემოთ აღნიშნული კითხვებით მერიის სამმართველოსაც მივმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ პასუხებს წერილობით მოგვაწვდიან.

განახლება: მერიის სამმართველოდან 7 დეკემბერს წერილობით მივიღეთ, ის რომ „ბენზეს“ ხიდს გააფართოებენ:

მერიის სამმართველოდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილი წერილიდან

რეაბილიტირებული ბენზეს ხიდი [მარცხნივ წითელი ხაზებით ნაჩვენებია გზის და ხიდის სავალი ნაწილის სიგანე] / 1.12.2023

თამარის ხიდის რეაბილიტაციაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ტენდერი 2020 წელს 2 357 195 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიისთვის კი, შესყიდვების პორტალის მიხედვით, 1 836 100 ლარია ჯამში გადარიცხული.

ტენდერის დეტალები შეგიძლიათ ნახოთ „ბათუმელების“ ამ სტატიაში:

ბათუმის შემოსასვლელში ხიდის რემონტის გამო ტრანსპორტი დროებით ნაგებობაზე იმოძრავებს

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: