მთავარი,სიახლეები

რა იცვლება ტურისტული გიდებისთვის ტურიზმის ახალი კანონით

13.11.2023 • 914
რა იცვლება ტურისტული გიდებისთვის ტურიზმის ახალი კანონით

ტურიზმში დასაქმებულ ყველა ტურისტულ გიდს მოუწევს რეგისტრაცია ეკონომიკურ რეესტრში. ალპური გიდების სერტიფიცირება იქნება სავალდებულო, კულტურული გიდების სერტიფიცირება კი ნებაყოფლობითი – ეს არის ცვლილებების არასრული ჩამონათვალი, რომელიც ტურიზმის შესახებ ახალი კანონით არის დაგეგმილი.

სექტორში მომუშავეები ამბობენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მათთან შეთანხმების და მათი ჩართულობის გარეშე ხდება. თუმცა ამ არგუმენტებს არ იზიარებენ საკანონმდებლო ინიციატივის მხარდამჭერები.

ნატა კვაჭანტირაძე საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენელია. ის 10 ნოემბერს ვრცელი პრეზენტაციით წარსდგა ბათუმში გამართულ ტურიზმის ფესტივალ – „ტურისტერზე“ და ტურიზმის ახალი კანონის შესახებ ისაუბრა.

კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას, ნატა კვაჭანტირაძე ამბობს, რომ ყოველგვარი რეგულაციის უგულებელყოფამ ჩამოაყალიბა ტურიზმის განვითარების მანკიერი მხარე, რომელიც თანამედროვე საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე ხელს უშლის საქართველოს ტურიზმის სექტორის პოზიციონირებას.

კერძოდ, ამჟამად სექტორში ხარისხის მართვის აუცილებლობა არ არსებობს და გვაქვს ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდა აღურიცხავი ტურისტული მომსახურების ხარჯზე.

„მეორე კომპონენტი განსაკუთრებით მწვავედ გამოჩნდა, როდესაც პანდემიის დროს კომპენსაციის მოთხოვნით უამრავი არარეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი გამოჩნდა, რომელთაც საკუთარი საქმიანობის დადასტურება არ შეეძლოთ,“ – თქვა ნატა კვაჭანტირაძემ.

ცვლილებების მხარდამჭერთა თქმით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს საკანონმდებლო დაახლოებას. შესაბამისად, სავალდებულო გახდა ტურისტული საქმიანობის მიმართულებით არსებული დირექტივების ინტეგრირება ეროვნულ კანონმდებლობაში.

„ეს კანონი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ბიზნესები, რომლებიც ორიენტირებულები არიან იყვნენ მდგრადები და წარმატებულები, ტურიზმის კანონის საშუალებით, შეძლებენ უფრო მეტად ორიენტირებულები იყვნენ მომხმარებელზე და ბიზნესის სწორ მართვაზე.

სწორედ ამას გვკარნახობს ევროდირექტივა, რომლის ფონზეც მოხდა ადაპტირება იმ ახალი რეგულაციების, რომლებიც მომავალში იქნება მიღებული“, – თქვა ნატა კვაჭანტირაძემ თავის გამოსვლაში ტურიზმის ფესტივალ „ტურისტერზე“.

როგორ შეეხება ახალი კანონი ტურისტულ გიდებს, ვკითხეთ ნატა კვაჭანტირაძეს ფესტივალზე გამოსვლის შემდეგ.

„ორი ტიპის მიმართულება დარეგულირდება კანონით – ეს არის ალპური გამყოლი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს სერტიფიცირებული იმისათვის, რომ ჩვენ დავიცვათ მომხმარებლის უფლებები. ალპური გიდი ემსახურება საფრთხის შემცველ მიმართულებას, როგორიცაა გადაადგილება მთაში, ტყეში, ალპურ ზონაში. გიდი, რომელიც ემსახურება ასეთი მიმართულებით მომხმარებელს, უნდა იყოს აუცილებლად სერტიფიცირებული. იცნობდეს ყველა იმ მარშრუტს, სადაც ატარებს მომხმარებელს, იმისთვის, რომ მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.

მეორე ნაწილი შეეხება კულტურულ გიდებს. იმ შემთხვევაში, თუ გიდი კომპანიაშია დასაქმებულია, არ არის სავალდებულო იყოს სერტიფიცირებული.

ზოგადად, კულტურული გიდის სერტიფიცირება არის ნებაყოფლობითი, მაგრამ იმისთვის, რომ ეკონომიკურ რეესტრში მოხვდეს, გიდი უნდა იყოს ბეიჯით წარმოდგენილი. ბეიჯის არსებობა კი იმის დამადასტურებელია, რომ ის არის კულტურული გიდი.

როგორც კულტურულ გიდს, მას ექნება უფლება უფასოდ შევიდეს მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებზე და ისარგებლოს სახელმწიფოს მხრიდან დაშვებული ყველა ბენეფიტით, რაც შეიძლება ეკონომიკური რეესტრში აღრიცხულ გიდს ჰქონდეს,“ – განმარტავს ნატა კვაჭანტირაძე.

ნატა კვაჭანტირაძე

კითხვაზე, ეკონომიკურ რეესტრში აღრიცხვა რატომ არის აუცილებელი და რა სარგებლობას მოუტანს ეს გიდს, ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენელი პასუხობს:

„კოვიდის პერიოდში, როდესაც გიდებისთვის სახელმწიფოს მხრიდან დახმარების საკითხი დადგა, აღმოჩნდა, რომ აღურიცხავი გიდები არსებობდნენ, რომლებიც ვერ ადასტურებდნენ, რომ იყვნენ გიდები, ამ საქმიანობით იყვნენ დაკავებული.

ეკონომიკური რეესტრი მისცემს თვითდასაქმებულებს იმის საშუალებას, რომ იყოს აღრიცხული, როგორც ეკონომიკური ჭრილში მომუშავე ინდივიდი, რომელიც მიიღებს გარკვეულ სარგებელს სახელმწიფოსგან, იმ ბენეფიტებს რაც მომავალში იქნება დაშვებული მსგავსი ტიპის საქმიანობისთვის,“ – თქვა ნატა კვაჭანტირაძემ.

ტურისტული სერვისის, Budget Friendly Tours Georgia-იას ელჩი, იოსებ სვიანიძე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ბეიჯის გამცემი ორგანოს კომპეტენციას.

„ბეიჯის გამცემის კომპეტენციას არ ვეთანხმები. ესაა ჩემი მთავარი შენიშვნა. სტრუქტურა, რომელიც გასცემს ბეიჯს, ჩემი აზრით, თვითონ არ აქვს ნდობა და კომპეტენცია, რომ ის სწორად გასცემს ამ სერტიფიკატს.

კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ ამასაც – „კერძო სექტორს ვესაუბრები“. მგონია კერძო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელს შეკრებენ და ამბობენ – „ვესაუბრებით“. მაგრამ „ეს კერძო სექტორი“ რამდენად სწორადაა შერჩეული, ეგეც კითხვის ნიშნის ქვეშაა.

რაც შეიძლება ნაკლები რეგულაცია სჭირდება ტურიზმის სფეროს: მომხმარებელი თვითონ დაარეგულირებს, რომელი იმსახურებს ბაზარზე ყოფნას და რომელი არ იმსახურებს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ იოსებ სვიანიძემ მას შემდეგ, რაც „ტურისტერზე“ ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლის გამოსვლას მოუსმინა.

სულ სხვა საკითხი ადარდებს აჭარაში მომუშავე ტურისტული კომპანია „იოტა ტურის“ ხელმძღვანელს, იოლანტა კეს-ოღლის და ტურისტული კომპანია „არგო“ ტურის მენეჯერს, ზაურ ჩხაიძეს.

რეგიონში მოქმედი ორი დიდი კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ თუკი ახალ კანონს მიღებენ, აუცილებელია ამ კანონში განსაზღვრული იყოს, ვის შეეძლება საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული გიდობის გაწევა. რადგან საქართველოს მოქალაქე გიდებს არც ევროპაში და არც თურქეთში, დიდ ტურისტულ ობიექტებზე არ აქვთ საშუალება გიდობა გაწიონ.

„ჩვენ ვართ ორიენტირებული ხარისხზე. ხარისხი რას ნიშნავს? – კარგი ტრანსპორტირება, კარგი კულტურული გიდის მომსახურება.

ვერც ევროპაში, ვერც თურქეთში ქართველი გიდი გიდობას ლეგალურად ვერ წევს. მაგალითად, კაბადოკიის ტურს ქართველი გიდი ვერ ჩაატარებს. თურქ გიდს ვუხდით ფულს. ვერც ევროპაში. ვფიქრობ, ასე უნდა იყოს აქაც.

ჩვენი მოთხოვნაა, რომ გიდობას ვინც გასწევს, ის იყოს საქართველოს მოქალაქე და სერტიფიცირებული. ეს სერტიფიცირებაც სხვანაირად უნდა იყოს. უნდა ისწავლონ სპეციალურად ამ განხრით. ევროპაში სამი-ოთხი წელი სწავლობენ, მერე იღებენ სერტიფიკატს ან ლიცენზიას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ტურისტული კომპანია „იოტა ტურის“ წარმომადგენელმა.

„კრიტიკა ყოველ რეფორმას ახლავს თან. შესაბამისად, ბიზნესის ნებისმიერი კითხვა ვალიდურია და გასაგები, რადგანაც პროცესში ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა ჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა მიმართულების ასოციაცია იყო ჯგუფებში წარმოდგენილი, მუშა პროცესში ინფორმაციის მიღმა დარჩა ძალიან ბევრი ბიზნეს-სუბიექტი,“ – ნაწილობრივ იზიარებს სექტორიდან წამოსულ კრიტიკას ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენელი ნატა კვაჭანტირაძე.

მისი თქმით, ტურიზმის შესახებ ახალი კანონის მიღება მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: