მთავარი,სიახლეები

განზრახ მკვლელობის მცდელობა – ბრალდებული 27 წლისაა

04.07.2016 • 1231
განზრახ მკვლელობის მცდელობა – ბრალდებული 27 წლისაა

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს 27 წლის გ.ჯ.-ს საქმეს. მას განზრახ მკვლელობის ჩადენის მცდელობაში ედება ბრალი. გამოძიების ვერსიით, 9 მარტს ახალგაზრდებს კონფლიქტი სასტუმრო „ლეო გრანდის“ ღამის კლუბში მოუხდათ, რომლის შემდეგაც ბრალდებულმა დანით მძიმედ დაჭრა რ.წ. დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

„კითხეთ თუ არა თავად დაზარალებულს, ვინ დაარტყა დანა?“ – შეკითხვა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ უბნის ინსპექტორს, თენგიზ კვირკველიას დაუსვა, რომელიც დღეს სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა. მოწმემ ადვოკატს უთხრა, რომ მას დაზარალებულისთვის არ უკითხავს, ვინ მიაყენა ჭრილობა და „სანდო წყაროსგან“ მიღებულ ინფორმაციას დაეყრდნო. დღესვე მოწმის სახით ის დეტექტივ-გამომძიებლები დაიკითხნენ, რომლებმაც ამ საქმეზე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

ადვოკატი დავით ჯაფარიძე ყურადღებას პროცედურულ დარღვევაზე ამახვილებს – ამოცნობის ოქმში ამოსაცნობი პირების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები მითითებული არ არის: „ეს კანონის დარღვევაა. ამოცნობის ოქმში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული პირადი ნომრები. დეტექტივ-გამომძიებელმა ჩემს შეკითხვას – რატომ არ შეავსო ოქმი სწორად –  არ უპასუხა“.

შემდეგ სასამართლო სხდომაზე ის ახალგაზრდები დაიკითხებიან, ვინც ბრალდებული ამოიცნეს და ისინიც, ვინც ღამის კლუბში 9 მარტის საღამოს იმყოფებოდნენ. ჩვენებას სასამართლოს მისცემს თავად დაზარალებულიც, თუმცა მან გამომძიებლებს უკვე უთხრა, რომ არ იცის, ვინ მიაყენა ჭრილობა. ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოში მოწმეები იტყვიან, რომ მათზე ზეწოლა განხორციელდა: „ბრალდებულისთვის უცნობია ვინ გამოიყენა დანა. მოწმეები აიძულეს, რომ ხელი ბრალდებულისთვის დაედოთ, თითქოს მან გამოიყენა დანა. იმედი მაქვს, ისინი ამას სასამართლოს დაუდასტურებენ“ – გვითხრა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ.

გამოძიებას სასამართლოსთვის ჯერ არ წარმოუდგენია ექსპერტიზის დასკვნები. ექსპერტიზა დანაზე აღმოჩენილ თითის ანაბეჭდს ჩაუტარდება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ახალგაზრდა მამაკაცს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: